"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

მოდის, ნატოს სამიტი მოდის!

პეტრიაშვილი2 (4)

11-12 ივლისს ლიეტუვის დედაქალაქი ვილნიუსი უმასპინძლებს ნატოს სამიტს. პროცესები ისე დინამიკურად ვითარდება, რომ მაღალი ალბათობით ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე იქნება სამიტზეც და, დიდი იმედი მაქვს, მის გამართვამდეც.

ვინ რას ელოდება ვილნიუსის სამიტისგან? თვითონ ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების ოსლოში გამართული არაოფიციალური შეხვედრის შედეგების თაობაზე ნატოს მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სამიტის მთავარი თემა იქნება შეკავება და თავდაცვა, რაც პირველ რიგში ნიშნავს ალიანსის თავდაცვისუნარიანობისთვის ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმაზე შეთანხმებას. უფრო კონკრეტულად კი ალიანსის წევრები შეეცდებიან, შეათანხმონ თავდაცვაში ინვესტირების ახალი მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, მინიმუმ უკვე არსებული 2%-იანი ვალდებულების აუცილებელი შესრულებით.

ცხადია, ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება უკრაინა. არავის აქვს მოლოდინი, მათ შორის არც ოფიციალურ კიევში, რომ ვილნიუსში ნატო მიიღებს გადაწყვეტილებას უკრაინის ნატოში გაწევრიანების თაობაზე. იმავე ნატოს პრესრელიზში შეგვიძლია ამოვიკითხოთ, რომ ნატო მუშაობს უკრაინისთვის ახალ შეთავაზებებზე, კერძოდ მრავალწლიან, ძალიან ძლიერ სამხედრო დახმარების პაკეტზე. როგორც დიპლომატები, ექსპერტები და პოლიტიკოსები ვარაუდობენ, მაღალი ალბათობით, ვილნიუსის სამიტზე ოფიციალურად გამოცხადდება უკრაინისთვის ფ-16-ების გადაცემის საკითხი; ამას დაემატება ახალი რაოდენობით „პატრიოტის“ ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, აგრეთვე, ჩემი ვარაუდით, გამოცხადდება უკრაინისთვის ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი „ატაკამსის“ ტიპის რაკეტების გადაცემის გადაწყვეტილება და ამ ყველაფერთან ერთად იქნება შეიარაღების უწყვეტად მიწოდების ვალდებულებაც.

გარდა ამისა, უკრაინას, სავარაუდოდ, შესთავაზებენ არსებული ნატო-უკრაინის კომისიის დონის ამაღლებას ნატო-უკრაინის საბჭომდე. ეს კონკრეტული შეთავაზება არც თქვენთვის და არც ჩემთვის ბევრი არაფრის მთქმელია (მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ჩვენგანს კარგად ესმის ინსტიტუციური ურთიერთობის დონის ამაღლების მნიშვნელობა) და მით უმეტეს სულაც არ არის განსაკუთრებული სიხარულის საფუძველი რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში მყოფი უკრაინისთვის. მავანნი კი იტყოდნენ: „განა ეს ცოტაა?“ არა, ცოტა ნამდვილად არ არის, მაგრამ უკრაინელებს აქვთ ყველა მორალური უფლება, მოითხოვონ უფრო მეტი. ასეც აკეთებენ.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოლდოვაში გამართულ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის რიგით მეორე სამიტზე ევროპულ კავშირში ინტეგრაციასთან ერთად ხაზგასმით ისაუბრა ნატოში გაწევრიანების თაობაზე კონკრეტული გადაწყვეტილებების ვილნიუსის სამიტზე მიღების მნიშვნელობაზე და არმიღების შედეგად გამოწვეული იმედგაცრუების საფრთხეზე. როგორც ჩანს, უკრაინელები ბოლომდე იბრძოლებენ, რომ ვილნიუსში ძალიან კონკრეტული, ვადებში გაწერილი და ქმედებებში ასახული გადაწყვეტილებები მიიღონ. ძალიან საინტერესო იყო უკრაინის პრეზიდენტის მიერ ამერიკული გამოცემა უოლ-სტრიტ-ჯორნალისთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული მინიშნება ნატოს სამიტთან დაკავშირებით. „თუ არ იქნება ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილებები, ჩვენ იქ არაფერი გვესაქმება“, – გამომწვევად ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი. მე ძალიან კარგად მესმის მისი. თუ ვთანხმდებით, და, როგორც ჩანს, უმრავლესობა ვთანხმდებით, რომ უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის; თუ ვთანხმდებით, და უამრავი განცხადება არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ ვთანხმდებით, რომ უკრაინის კუთვნილი ადგილი ნატოშია; თუ ვთანხმდებით, რომ 1994 წელს ბუდაპეშტის მემორანდუმით გაცემული უსაფრთხოების გარანტიების ფასი, როგორც დიდი ბისმარკი იტყოდა, იმ ფურცელზე ნაკლები იყო, რომელზეც ის დაიბეჭდა, მაშინ უკრაინის პრეზიდენტის საკმაოდ ხისტი განცხადება ჩემში, და არა მხოლოდ ჩემში, სრულ ემპათიას და მხარდაჭერას იწვევს.

ვილნიუსის სამიტამდე ჯერ კიდევ არის დრო. წესით, მანამდე ბევრი მნიშვნელოვანი რამ უნდა მოხდეს უშუალოდ ბრძოლის ველზე. არავის ჰგონია გულუბრყვილოდ, რომ 11-12 ივლისისთვის უკრაინელების კონტრშეტევა ისეთი შთამბეჭდავი იქნება, რომ ყველაფერს დაასრულებს. თუმცა როგორც აშშ-ის დაზვერვის ყოფილი დირექტორი და აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სამხედრო, გენერალი დევიდ პეტრეუსი აცხადებს, უკრაინელების კონტრშეტევა მართლაც ძალიან შთამბეჭდავი იქნება. რამდენად შესაძლებელია, რომ მან ზეგავლენა მოახდინოს ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებზე, მიიღონ არსებითი გადაწყვეტილება? ნუ გავუსწრებთ ორთქლმავალს. ვნახოთ, როდის და როგორ წარიმართება კონტრიერიში. იმედია, წარმატებით, მაგრამ პოლიტიკურ სიბრტყეში უკრაინა ნატოში გაწევრიანების მიმართულებით პროაქტიული ნაბიჯების გადადგმას დიპლომატიური ბრძოლის ველზეც განაგრძობს, თანაც ძალიან კონკრეტული და ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიმართულებებით. სრულად ვიზიარებ, რომ ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, იმავე მაპის, როგორც სავალდებულო ეტაპის გამოტოვების შემდეგ, ომში მყოფი უკრაინისთვის, რომელმაც საოცარი სამხედრო უნარები გამოავლინა ამ 16 თვეში, სავსებით სამართლიანია მოთხოვნა, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმამ უკრაინის შემთხვევაში ასევე დაკარგოს სავალდებულოს სტატუსი. აქაც სრული მხარდაჭერა და მადლიერება უკრაინას. ეს გადაწყვეტილება, თუკი ასეთი იქნა მიღებული, საქართველოსთვისაც ძალიან ამოკლებს ნატოში გაწევრიანების გზას. რადგან საქართველოს შევეხეთ და მადლიერებას, არ შემიძლია, არ გავუსვა ხაზი პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, რომ ევროპაში ვერ დაისადგურებს მშვიდობა, ვიდრე უკრაინა, საქართველო და მოლდოვა არ გახდებიან ნატოს წევრები. როგორ მინდოდა, რომ ამას საქართველოს შეთანხმებული პოზიციის გახმიანებაც მოჰყოლოდა, მაგრამ… ამაზე სხვა დროს, ვილნიუსის სამიტის მერე.

მოესწრება თუ არა შვედეთის ნატოში გაწევრიანება ვილნიუსის სამიტამდე? თურქეთის ხელმეორედ არჩეულმა პრეზიდენტმა ერდოღანმა უწყის. შესაძლოა, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც იცის, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციას პირადად დაესწრო და იმედიც გამოთქვა, რომ შვედეთის საკითხიც მალე გადაწყდება. იმედიანად არიან ვაშინგტონშიც. თავად პრეზიდენტი ბაიდენი და მისი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საკმაოდ ოპტიმისტურად არიან განწყობილი. მათ განცხადებებში მინიშნებები კეთდება თურქეთისთვის ამერიკული ფ-16-ების მიყიდვის გადაწყვეტილებაზე. იქვე ხაზგასმით აღინიშნება, რომ ეს ორი საკითხი პირდაპირ კავშირში არ არის, მაგრამ აქ ბავშვიც არავინ არის. ვნახოთ. ტექნიკური თვალსაზრისით, სავსებით მოსწრებადია, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრი დაესწროს ნატოს სამიტს, როგორც ალიანსის 32-ე წევრი ქვეყნის ლიდერი.

დაბოლოს, არაფერი ისმის ნატოს ახალი გენერალური მდივნის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ლიეტუველ მეგობრებს დიდი იმედი აქვთ, რომ შვედეთის ნატოს წევრობასთან ერთად სამიტზე ახალი გენერალური მდივნის გადაწყვეტილებაც გამოცხადდება. მესმის მათი. ყველა ქვეყანას სურს, რომ მის დედაქალაქთან იყოს ახალი ისტორიული გადაწყვეტილებები დაკავშირებული. წარმატებებს ვუსურვებ ლიეტუვას, ნატოს ახალ გენერალურ მდივანს და მადლობას ვუხდი ისტორიაში შესულ ბატონ იენს სტოლტენბერგს.

გააზიარე