"მიმოვიხილავ ეკონომიკურ საკითხებს, კერძოდ კი - საყოველთაო საბაზისო შემოსავალს. ვარ IE University-ს პოლიტიკის, სამართლისა და ეკონომიკის ბაკალავრი."

„მონოპოლიდან“ - საყოველთაო საბაზისო შემოსავლამდე?

გიორგი არონია - ბლოგი

სამაგიდო თამაში „მონოპოლი“ ალბათ ყველას გვითამაშია. თუ გახსოვთ, სათამაშო დაფის ერთ-ერთი კუთხის გავლისას – იმის, რომლიდანაც თამაში იწყება – ბანკი მოთამაშეებს ორას „მონოპოლი-დოლარს“ გადასცემს. ეს ტრანზაქცია, რომელსაც „მონოპოლის“ წესების თანახმად ხელფასი ეწოდება – თამაშის განუყოფელი ნაწილია. ეს ხელფასი ინდივიდუალური, საყოველთაო და უპირობოა: ის ეძლევა თითოეულ მოთამაშეს, მიუხედავად მის მიერ დაგროვებული სათამაშო ქონებისა და ყოველგვარი დამატებითი პირობის გარეშე. სათამაშო ხელფასი რიგდება ნაღდი ფულის სახით, სათამაშო ბარათებისა თუ სახლების საპირწონედ, და ირიცხება პერიოდულად, რაც სტაბილურობის, პროგნოზირებისა და გამჭვირვალობის წინაპირობაა.

ნებისმიერი სხვა თამაშის მსგავსად, „მონოპოლიც“ სამყაროს გამარტივებული მოდელია. „მონოპოლის“ ხელფასი სხვა არაფერია, თუ არა საყოველთაო საბაზისო შემოსავალი – სოციალური გადანაწილების ყამირის გამტეხი სისტემა, რომელმაც ბოლო წლებში მსოფლიოს გარშემო სახელი გაითქვა. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო საბაზისო შემოსავლის სოციალურ პოლიტიკად გარდაქმნის ხედვები გასხვავდება დროის, ქვეყნებისა და იდეოლოგიების მიხედვით, მისი ყოვლისმომცველი განმარტება ხუთ ძირითად პრინციპს ეფუძნება: საყოველთაო საბაზისო შემოსავალი არის საყოველთაო – ეკუთვნის ყველას და არა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს; უპირობო – ყველანაირი წინაპირობისა თუ სანქციის გარეშე; ინდივიდუალური და არა ოჯახისაკენ მიმართული; გაიცემა პერიოდულად და ნაღდი ფულის სახით და არა ვაუჩერებით თუ კონკრეტული პროდუქტებით.

დღეს, საყოველთაო საბაზისო შემოსავალი ყველას პირზე აკერია. 2020 წლისათვის, ამ თემას ას ოცდაექვსი წიგნი მიუძღვნეს, ანუ საშუალოდ, თვეში ერთი წიგნი. ამათგან, ოთხმოცდათერთმეტი უკანასკნელ ათ წელიწადში დაიწერა.[1] კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ 2017 წელს, „ნიუ-იორკ თაიმზის“ ავტორებმა ტერმინი „საყოველთაო საბაზისო შემოსავალი“ ოცდაათჯერ გამოიყენეს და იგივე შედეგი 2018 წლის პირველ ნახევარში გაიმეორეს. ცნობისთვის, ჟურნალისტებს ეს ტერმინი 2014 წლამდე საერთოდ არ უხსენებიათ, ხოლო მეტად ფართო გაგების მქონე „საბაზისო შემოსავალი“ 1945-2014 წლებში მხოლოდ ორჯერ ახსენეს.[2] ამ საკითხმა მეც დამაინტერესა და მცირე კვლევის ჩასატარებლად Google Trends-ს მივმართე: საყოველთაო საბაზისო შემოსავლის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა 2016 წლის შემდეგ და პიკს 2020 წლის მარტში მიაღწია – ახალი კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღის დროს.

წყარო: Google Trends. ძებნის პარამეტრები შერჩეულია ავტორის მიერ.

ცხადია, ინტერესს ქმედებაც მოჰყვა. ბოლო წლებში გამოქვეყნდა უამრავი აკადემიური ნაშრომი, გაჩნდა რამდენიმე პოლიტიკური შემოთავაზება, ჩატარდა ბევრი ექსპერიმენტი და ჩაეშვა და დაიგეგმა არაერთი საპილოტე პროგრამა. პოლიტიკოსები არამხოლოდ ფიქრობენ საყოველთაო საბაზისო შემოსავალზე, არამედ მას პოლიტიკური დღის წესრიგის დაგეგმარების დროსაც იყენებენ. აი, მაგალითად, ენდრიუ იანგი, აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან, ამომრჩევლებს ყოველთვიურად ათას დოლარს ჰპირდებოდა.[3] მსგავსი იდეის გარშემო ააგო მისი საარჩევნო კამპანია ფრანგმა ბენუა ჰამონმა, 2017 წელს. იმავე წელს, სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, საყოველთაო საბაზისო შემოსავლის აუცილებლობას რვა საპრეზიდენტო კანდიდატიდან შვიდმა დაუჭირა მხარი.[4] ერთი წლით ადრე, შვეიცარიაში საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა იმის გამოსარკვევად, უჭერდა თუ არა მოსახლეობა მხარს ასეთი პროგრამის შემოღებას. პოლიტიკური მოღვაწეების გარდა, საყოველთაო საბაზისო შემოსავალს მხარს ბიზნეს სამყაროს, პოპულარული კულტურის და რელიგიური წრეების წარმომადგენლებიც უჭერენ, მათ შორის „ტესლას“ და „Space X”-ის დამფუძნებელი ილონ მასკი, „მეგანგაშე“ ედვარდ სნოუდენი და რომის პაპი ფრანცისკე.

საყოველთაო საბაზისო შემოსავალს მხარს უჭერენ როგორც მემარცხენეები, ასევე – მემარჯვენეები, თუმცა სხვადასხვა არგუმენტების საფუძველზე. მემარცხენეებისთვის საყოველთაო საბაზისო შემოსავალი უფრო სამართლიანი სოციალური პროგრამაა, ხოლო მემარჯვენეებისთვის დიდი და არაეფექტური სოციალური სახელმწიფოს ჯანმრთელი ალტერნატივაა. ამას გარდა, საყოველთაო საბაზისო შემოსავალი განიხილება, როგორც დახმარების ხელი იმ ადამიანებისთვის, რომელთა სამსახური ტექნოლოგიურ განვითარებასა და ავტომატიზაციას ემსხვერპლა.

საყოველთაო საბაზისო შემოსავალი პოლიტიკური და ეკონომიკური დისკუსიის უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მსოფლიოს აკადემიურ და პოპულარულ წრეებში მისი ფართო გავრცელების მიუხედავად, საქართველოში არც თუ ისე ცნობილია. ყოველკვირეული ბლოგების ეს სერია სწორედ ამ მოთხოვნას პასუხობს.

 

ლიტერატურა:

[1] Gentilini, U., Grosh, M., & Yemtsov, R. (2020). The Idea of Universal Basic Income. In U. Gentilini, M. Grosh, J. Rigolini, & R. Yemtsov, Exploring Universal Basic Income: A Guide to Navigating Concepts, Evidence and Practices. Washington, DC: World Bank.

[2] Hoynes, H. W., & Rothstein, J. (2019). Universal Basic Income in the US and Advanced Countries. Cambridge, Massachussets: National Bureau of Economic Research.

[3] Yang, A. (2018). The War on Normal People: The Truth About America’s Dissapearing Jobs and Why Universal Basic Income is Our Future. New York: Hachette Books.

[4] Kim, K.-W., & Choi, S. R. (2017). An Introductory Study on the Expected Issues and Policy Feasibility of Basic Income System. Social Economy & Policy Studies, 101-133.

გააზიარე