სპორტის სამართლის სპეციალისტი, Transfermark-ის ექსპერტი

ფეხბურთის განვითარების პროგრამა - ფუჭი ხარჯები

რატი ახალია 2

საქართველო საფეხბუთო ქვეყნადაა აღიარებული. ეს სტატუსი ქვეყნის ცნობადობას ზრდის. თუმცა არანაკლებ სარგებლის მომტანი იქნებოდა მისი საფეხბუთო ბიზნესში გამოყენება. საქართველოში ფეხბურთის კლუბს ბიზნესსაქმიანობად ნაკლებად განიხილავენ. ეს კი მაშინ, როდესაც ევროპისა და ამერიკის კონტინენტზე ფეხბურთი მოგებიანი საქმიანობაა.

საქართველოში საფეხბუთო კლუბების უმეტესობის მიზანი საბიუჯეტო რესურსის ათვისებაა. როგორც ნებისმიერ სხვა ინდუსტრიაში, ფეხბუთშიც სუბსიდიები საბაზრო სტიმულებს თრგუნავს და საბიუჯეტო რესურსების მიმღებს მასზე უფრო და უფრო მეტად დამოკიდებულს ხდის. ასეთი პროგრამიდან მისი შემოღების პირველ ხუთწლიან პერიოდში (2016-21 წლები) 211.1 მლნ ლარი დაიხარჯა, ხოლო 2022 წლიდან ახალი ხუთწლიანი პროგრამა დამტკიცდა. ამ დრომდე კი 272 მლნ ლარია დახარჯული.

საბიუჯეტო პროგრამის პრიორიტეტების ჩამონათვალი გრძელი და მრავალფეროვანია, რომლის მიზანი ფეხბუთის განვითარებაა. ვინაიდან საბიუჯეტო სუბსიდიის მიმღები ეროვნულ ჩემპიონატებში მოასპარეზე პროფესიული საფეხბურთო გუნდებია, განვითარებაც საკლუბო ფეხბურთის მდგომარეობით უნდა შეფასდეს.

უშუალოდ ფეხბურთის განვითარების საბიუჯეტო პროგრამამდე ადგილობრივი კლუბების უმეტესობა მუნიციპალიტეტების საკუთრება იყო. ისინი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან იღებდნენ სუბსიდიებს.ამ პერიოდში ეროვნულ საფეხბურთო შეჯიბრებას ხშირად „გუბერნატორების ჩემპიონატს“ უწოდებდნენ, რადგან კლუბის რესურსები და, შესაბამისად, სატურნირო მდგომარეობა იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რა დოზით „უყვარდა” რეგიონის მაღალჩინოსანს სპორტის ეს სახეობა. ამდენად, კლუბის სპორტული პოზიცია დიდწილად ადგილობრივი ჩინოვნიკის პოლიტიკურ პოზიციაზე იყო დამოკიდებული.

საბიუჯეტო პროგრამის ამოქმედებამ ასეთი პრაქტიკა გააქრო და კლუბების პრივატიზაციის სტიმული გააჩინა. 2016 წლიდან მოყოლებული ათამდე საფეხბურთო კლუბი მუნიციპალურიდან კერძო საკუთრებაში გადავიდა. თუმცა პროგრამის შესაფასებლად ეს ვერ გამოდგება. მნიშვნელობა არა კომპანიის საკუთრების სახეს, არამედ მესაკუთრის სტიმულს გააჩნია. როგორც წესი, კომპანიის მფლობელის ინტერესი მოგების მიღებაა. შესაბამისად, მას ხარჯების მინიმიზაციითა და უკეთესი პროდუქტის შექმნით უფრო მეტი შემოსავლის მიღების სტიმული აქვს. თუმცა სუბსიდიების პირობებში ასეთი მოტივები ქრება, რადგან ბიუჯეტიდან უფრო მეტი შემოსავლის მიღებას უკეთესი პროდუქტის შექმნა არ სჭირდება.

ფეხბურთის განვითარების პროგრამის შეფასება კი უპრიანია მისი მიზნიდან გამომდინარე, მაკრო- და მიკროდონეზე მიღწეული შედეგებით.

მაკროდონეზე განვითარების უმთავრესი ინდიკატორი საკლუბო ფეხბურთის რეიტინგში ქვეყნის პოზიციაა და აღნიშნული მიკროდონეზე მიღწეულ წარმატებას მთლიანობაში ასახავს.

გრაფიკი 1: უეფას წევრი ქვეყნების ჩემპიონატების რეიტინგი (ბოლოდან პოზიცია)

წყარო: uefa.com

საბიუჯეტო პროგრამის ამოქმედებამდე საქართველო უეფას წევრი ქვეყნების ჩემპიონატების რეიტინგში 36-ე პოზიციით ბოლოდან მე-19 ადგილს იკავებდა. 2024 წლის მდგომარეობით რეიტინგში საქართველო 46-ე საფეხურზეა, რაც ბოლოდან მე-9 პოზიციაა. ამდენად, ფეხბურთის განვითარების საბიუჯეტო პროგრამიდან კლუბების დაფინანსების დაწყების შემდეგ, იმ ჩემპიონატის რეიტინგი, სადაც ეს კლუბები მონაწილეობენ, გაუარესდა. საქართველოს პოზიციის დაქვეითების მიზეზი ქართული კლუბების ევროტურნირებზე შედეგების გაუარესებაა.

მიკროდონეზე კი საბიუჯეტო პროგრამის ეფექტიანობის შეფასება სხვა ინდიკატორების საშუალებითაც შეიძლება. წარმატების ასეთი საზომი კლუბების ფინანსური მაჩვენებლებია. პროგრამის შეფასებისთვის ამგვარი მიდგომა, მით უმეტეს, იმ ფონზე, რელევანტურია, როცა დროებითმა საბიუჯეტო დახმარებამ კლუბების ფინანსური სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს.

რთულად წარმოსადგენია მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული კლუბის წარმატებულ ბიზნესად ქცევა, მაგრამ საქართველოში არც პრივატიზაცია აღმოჩნდა მდგომარეობის გაუმჯობესების საფუძველი. ბოლო პერიოდის უეფას ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე პერიოდში ეროვნულ ლიგაში (რანგით უმაღლესი ლიგა – ავტ.) შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ორი ახერხებს იყოს ფინანსურად წარმატებული.

ზოგადად, საფეხბურთო ბიზნესში შემოსავლის მიღების რამდენიმე არხია: უეფას ორგანიზებულ ტურნირებში მონაწილეობა, ფეხბურთელების ტრანსფერები, ბილეთები, სატელევიზიო უფლებები, საგულშემატკივრო აქსესუარები, სარეკლამო შემოსავლები და სხვა. თუმცა ჩამოთვლილთაგან ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში მოასპარეზე კლუბებისთვის შემოსავლის ორი ძირითადი წყარო ტრანსფერები და ევროტურნირებია.

ბოლო წლებში ევროტურნირებზე ქარათული კლუბების ასპარეზობა წარუმატებელია. უფრო მეტიც, ადრეულ პერიოდთან შედარებით გაუარესებულიც კი. საფეხბურთო კლუბები არცთუ ხშირად ახერხებენ ერთი ან ორი საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვას. ასეთი ეტაპების გავლასთან ერთად პროგრესულად იზრდება ტურნირიდან მისაღები თანხა. თუმცა ევროტურნირზე ქართული გუნდების მიღწეულ სპორტულ არასახარბიელო შედეგებზე გამომუშავებული სარგებელი არსებით გავლენას ვერ ახდენს მათ ფინანსურ მდგომარეობაზე.

პროგრამის ამოქმედების შემდეგ არც სატრანსფერო შემოსავლების კუთხით შეცვლილა მდგომარეობა.

გრაფიკი 2: ადგილობრივი საფეხბუთო კლუბების გამორჩეული ტრანსფერები (ათასი ევრო)

წყარო: Transfermarkt

ამ პერიოდში განხორციელებული ტრანსფერების უმეტესობა ტრადიციულად „თბილისის დინამოდან“ არის, რომელსაც ფეხბუთის განვითარების პროგრამამდეც მსგავსი მდგომარეობა ჰქონდა. იგივე შეიძლება ითქვას კლუბ „იბერია 1999-ის“ შემთხვევაშიც, რომელიც დაარსებიდან კერძო საკუთრებაშია. ორივე კლუბის სატრანსფერო წარმატება დაკავშირებულია მათ საფეხბურთო აკადემიასთან, რომელიც საბიუჯეტო პროგრამის შექმნამდე დიდი ხნით ადრე, კერძო ინვესტიციებით შეიქმნა და არსებობდა. „კოლხეთი 1913-დან“ და „ბათუმის დინამოდან“ გაყიდული ფეხბურთელებიც ამ აკადემიებს უკავშირდებიან. ბათუმური კლუბიდან გაყიდული ირაკლი აზაროვი „თბილისის დინამოს“ აღზრდილია, მეორე ზღვისპირა ქალაქის – ფოთის „კოლხეთი 1913-დან“ გასხვისებული გიორგი კვერნაძე კი – „იბერია 1999-ის“.

სატრანსფერო შემოსავლების კუთხით გამონაკლისი „დილა გორია“, რომელმაც მოახერხა საფეხბუთო კლუბის აკადემის გარეშე მოგებიანად ქცევა და შენარჩუნება. „იბერია 1999“-ისა და „თბილისის დინამოსგან“ განსხვავებით, მათ რეალურად არ გააჩნიათ საფეხბუთო აკადემია, რომელიც რანგით უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდს შემდეგში გასხვისების პერსპექტივის მქონე ფეხბურთელებს მიაწვდის. თუმცა ეს მათი ბიზნესისთვის შემაფერხებელი ფაქტორი არ აღმოჩნდა. ამ კლუბმა მოახერხა სხვადასხვა ქვეყნიდან მინიმალური დანახარჯებით საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელების მოზიდვა და შემდეგ მათი სარფიანად გასხვისება. საგულისხმოა ისიც, რომ „დილა გორი“ ერთადერთი კლუბია, რომელსაც უცხოური კაპიტალი ფლობს (ამ კაპიტალის მფლობელებს წარმატებული სკაუტინგის გამოცდილება აქვთ)

მსგავსს ვერ ვიტყვით სხვა დანარჩენ ქართულ კლუბებზე. მათ უკვე ათი წელია, მნიშვნელოვანი ტრანსფერი არ განუხორციელებიათ, რომელიც კლუბის ფინანსურ ანგარიშში თვალსაჩინო იქნებოდა. მათი ძირითადი ორიენტირი ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება და საბიუჯეტო პროგრამიდან თანხის ათვისებაა. ამ მიზნის მისაღწევად კი საკმარისია გამოცდილი, მაგრამ უპერსპექტივო ფეხბუთელებით გუნდის დაკომპლექტება. ასეთი ფეხბურთელი კი მაღალი უკუგების აქტივი ვერ იქნება, რადგან მომავალში გასხვისება თითქმის შეუძლებელია. ამგვარი სტიმულებითა და მიდგომით კი წარმოუდგენელია საკლუბო ფეხბურთის განვითარება, როგორც სპორტული თვალსაზრისითი, ასევე ფინანსური კუთხით.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთის განვითარების პროგრამა არაფექტიანია, რასაც ადგილობრივი კლუბების სპორტული და ფინანსური პოზიციები ადასტურებს. ასეთ პირობებში პროგრამის მორიგ ჯერზე გახანგრძლივება გადასახადის გადამხდელთა ფულის საკლუბო ფეხბურთის განვითარების კუთხით უსარგებლო, მაგრამ ადამიანთა მცირე ჯგუფისთვის სასარგებლო ხარჯვის გაგრძელებაა.

გააზიარე