ირაკლი ლაითაძე

ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.

ფილანთროკაპიტალიზმი - ქველმოქმედების საბაზრო სახე

ფილანთროკაპიტალიზმი – ქველმოქმედების საბაზრო სახე

I have always regarded it as a religious duty to
get all I could honorably and to give all I could.

John D. Rockefeller

მე ყოველთვის თითქმის რელიგიურ ვალდებულად ვთვლიდი,
ღირსეულად მომეპოვებინა ყველაფერი, რისი მოპოვებაც შემეძლო
და გამეცა ყველაფერი, რისი გაცემაც შემეძლო.

ჯონ დ. როკფელერი

 

This, fundamentally, is philanthrocapitalism in action:
introducing policies that help concentrate wealth
in the upper echelons of society in the hope that
the wealthy will donate to the financially strapped rest.

Linsey McGoey

ფუნდამენტურად, ფილანთროკაპიტალიზმი მოქმედებაში
ეს არის: ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც ხელს უწყობს
საზოგადოების ზედა ფენებში სიმდიდრის კონცენტრაციას
იმის იმედით, რომ მდიდრები შემდეგ  ქველმოქმედებას
საზოგადოების გაღარიბებულ ნაწილს ფინანსურად დაეხმარებიან.

ლინსი მაკგოი

 

ირონიულია, რომ საბაზრო ეკონომიკა, რომელიც ხშირად წარმოდგენილია როგორც გლობალური ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების გადაწყვეტის მექანიზმი, ბევრი ეკონომისტის მოსაზრებით, ზუსტად ამ პრობლემების წარმოშობის მიზეზია. თუმცა მოდი, მივყვეთ თანამიმდევრობით.

დღეს გლობალურად ზემდიდარი ადამიანების გარკვეული ჯგუფის აზრით, ზემოხსნებული პრობლემის გადაწყვეტის მექანიზმი ფილანთროკაპიტალიზმია. ფილანთროკაპიტალიზმი განსხვავდება ტრადიციული ფილანთროპიისგან იმით, რომ ის არის საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე, მოგებაზე ორიენტირებული ფილანთროპია, რომელიც იმართება როგორც ბიზნესპროექტი.

რამდენიმე წლის წინ აშშ-ის 40-მდე უმდიდრესმა ადამიანმა დადო პირობა, რომ თავიანთი სიმდიდრის დიდ ნაწილს დაუთმობენ მსოფლიოს ყველაზე მტკივნეული საკითხების მოგვარებას. ამ ინიციატივას ჰქვია „Giving Pledge” (https://givingpledge.org) მასში მონაწილეობენ ბიზნესის ისეთი საკულტო ფიგურები, როგორებიც არიან უორენ ბაფეტი, ბილ გეიტსი, მარკ ცუკერბერგი, ჯეფ როტშილდი, მაიკლ ბლუმბერგი, ელონ მასკი, რიჩარდ ბრენსონი, ჰენშენგ ნიუ, ნეტ სიმონსი, რობერტ სმიტი და ა.შ., ასევე პრინცი ალვალედ ბინ ტალალ ბინ აბდულაზიზ ალ საუდი. მაგალითისთვის ჩამოვთვლი იმ კომპანიების მხოლოდ ნაწილს, რომელთა მეწილეები და/ან მმართველობა (მენეჯმენტი) Pledge Initiative-ში მონაწილეობს: Hilton Hotels-ი, Oracle-ი, Ebay, The Carlyle Group-ი, Blacstone Group-ი და ა.შ. მიმდინარე წლის ივნისისთვის ხსენებულ ინიციატივაში ჩართულია 236 ზემდიდარი ადამიანი 28 ქვეყნიდან. ეს ხალხი პოზიციონირებს როგორც გლობალური პრობლემების გადამჭრელები. სწორედ მათი რწმენაა, რომ გლობალურ პრობლემებს მოევლება საბაზრო ეკონომიკის ძალებით, ინოვაციური ბიზნესპრაქტიკებით და ანტრეპრენიორული მიდგომებით. სწორედ აქ იწყება წინააღმდეგობრივი მოვლენა: ზუსტად ამ საბაზრო ეკონომიკის ძალებით, ინოვაციური ბიზნესპრაქტიკებით და ანტრეპრენიორული მიდგომებით მსოფლიოში მუდმივი პერიოდულობით ხდება ფინანსური კრიზისები, რომელთა შედეგებია მილიონობით ადამიანის გაღარიბება და მათი საცხოვრებელი პირობების გაუარესება. გარდა ამისა, ფინანსური კრიზისების დასრულების შემდეგ იზრდება ქონებრივი სხვაობა მდიდრებსა და ღარიბებს შორის, როგორც ქვეყნებს შორის, ასევე ერთი ქვეყნის რეგიონებსა და მოსახლეობის ფენებს შორის. დღეს მსოფლიო მოსახლეობის 1% ფლობს უფრო მეტ სიმდიდრეს, ვიდრე ქვედა 50%. მცირე გადახვევა: ქონებრივი უთანასწორობის ფუნდამენტურ მიზეზს კარგად ხსნის ფრანგი ეკონომისტი, Thomas Piketty (ტომას პიკეტი) თავის ბესტსელერში Capital in Twenty-First Centrury („კაპიტალი ოცდამეერთე საუკუნეში“). პიკეტი ამტკიცებს, რომ კაპიტალზე დაბრუნების კოეფიციენტი მუდმივად მეტია ეკონომიკური ზრდის კოეფიციენტზე და ეს მოვლენა ზრდიდა ქონებრივ უთანასწორობას წარსულში, ზრდის ახლაც და გარანტირებულად გაზრდის მომავალშიც. New York Times-ის ყოფილი ჟურნალისტი, Anand Giridharadas (ანანდ გირიდჰარადასი) თავის ბესტსელერში, “Winner Take All“ („ყველაფერი გამარჯვებულისაა“) წერს: “[…] it (American elite) is […] by the cold logic of numbers, among the more predatory in history.” (ცივი რიცხვების ლოგიკით, იგი (ამერიკული ელიტა) ყველაზე მტაცებლურთა შორისაა ისტორიაში).

ფილანთროკაპიტალიზმი ეყრდნობა იმ მსოფლგაგებას, რომლის თანახმადაც კაპიტალიზმის მექანიზმები – იმ დროს, როდესაც საქმე ეხება არა მარტო ეკონომიკურ, არამედ ადამიანის პროგრესს – აღმატებულია სხვა სახის (განსაკუთრებით სახელმწიფო) მექანიზმებზე და რომ ძირითადად ბაზარი ან ბაზრის მოთამაშეები არიან ან უნდა იყვნენ კარგი საზოგადოების შემქმნელები. ამავე დროს, არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრება: ფილანთროკაპიტალიზმის პროცესში ხდება საჯარო საქონლისა და მომსახურების შექმნისა და მათი გადანაწილების პასუხისმგებლობის გადატანა დემოკრატიული ინსტიტუტებიდან ზემდიდარ ადამიანების ჯგუფზე, ხოლო ზემოხსენებულ საქონელსა და მომსახურებას უშუალოდ შექმნიან და გადაანაწილებენ გენერალური და ფინანსური დირექტორები. ასეთ დროს სამიზნე ჯგუფების შერჩევა ხდება მულტიმილიარდერების მიერ და ეს გადაწყვეტილება ამ ხალხის პირადი შეხედულებაა და არა საზოგადოების დაკვეთა. ასეთ სიტუაციაში აგრეთვე არ არსებობს საქმიანობის გამჭვირვალობის არც ის დონე და არც ის ვალდებულება, რაც ტრადიციულად ახასიათებს საჯარო საქონლისა და მომსახურების შექმნას. ამჟამად ისეთი მდგომარეობაა, რომ აღარც კი განიხილება, კომპანიები უნდა ატარებდნენ თუ არა კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობის (კსპ) პოლიტიკას, დაკავებულები უნდა იყვნენ თუ არა ქველმოქმედებით, თუ მისდევდნენ მხოლოდ ბიზნესინტერესს. პასუხი: დიახ, კომპანიები უნდა ატარებდნენ კსპ-ს და უნდა იყვნენ ჩაბმულები ქველმოქმედებაში (ყოველივე ეს ფრიად დაამწუხრებდა დიდ ეკონომისტს, ნობელიატ მილტონ ფრიდმანს, რომლისთვის კსპ ტაბუ იყო). დღეს ზემდიდართა მიერ ფილანთროპია ხშირად განიხილება იმ შესაძლო ინსტრუმენტად, რომელიც გამოსადეგი იქნება იმ პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემის გაძლიერებისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანთა მცირე ჯგუფს, იშოვოს იმ რაოდენობის ფული, რომლის რაოდენობაც უხერხულობის გამომწვევიც კი შეიძლება იყოს.

მიუხედავად საბაზრო ეკონომიკის ბევრი ხარვეზისა, ის მაინც რჩება ყველაზე ეფექტიან ეკონომიკურ სისტემად იმათ შორის, რაც კი კაცობრიობას მანამდე გაუვლია. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა ერთხელ თქვა  დემოკრატიაზე: “Democracy is the worst form of government – except for all the others that have been tried.” (დემოკრატია მმართველობის ყველაზე უარესი ფორმაა, იმათ გარდა, რომლებიც უკვე ვცადეთ). მგონი, ამ ნათქვამში იოლად შეგვიძლია სიტყვა „დემოკრატია“ შევცვალოთ სიტყვით „საბაზრო ეკონომიკა“. მართლაც, საბაზრო ეკონომიკაზე უკეთესი ეკონომიკური სისტემა ადამიანებს ჯერ არ გამოუგონიათ.

გააზიარე