ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი.

ქართული მატრიცა - ანუ როგორ დავიხსნათ თავი სატელევიზიო მარწუხებისგან

ზაზა ბიბილაშვილის ბლოგი

ოპოზიციის ბოლო ნაკადის პარლამენტში  შესვლის შემდეგ, რომელიც დროში გაწელილ ბანალურ მასკარადად იქცა მოსალოდნელზე სევდიანი ფინალით, ტელევიზიებმა ყურადღება საპარლამენტო ბატალიებზე გადაიტანეს. კარგი ადამიანები მარტივად წამოეგნენ ამ სატყუარას, უმალ დაივიწყეს ბოლო თვეების ისტორია (მეხსიერება ხომ ჩვენი ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა) და ნებიერად შეჰყვნენ მედიას ვირტუალურ თამაშში.

თუმცა ვიდრე მთავარ თემას ჩავუღრმავდებით, მოდი, პარლამენტში შესვლის საკითხი ამოვწუროთ, თავისი „აბა, სხვა რა გზა ჰქონდათ“ არგუმენტით.

პირდაპირ ვთქვათ – ყველა საკუთარი ფეხით მიდის იმ მდგომარეობამდე, როცა სხვა გზა აღარ რჩება: საკუთარი ქმედებებითა თუ უმოქმედობით, არათანმიმდევრული რიტორიკით, სამარცხვინო საარჩევნო სიებით, წინასწარ განწირული ალიანსებით, ამომრჩეველთან კავშირის გაწყვეტითა და ამომრჩევლის შეურაცხმყოფელი კულუარული პოლიტიკით.

ცალკე საკითხია საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის სრული ჩამოშლა. ხშირად გვესმის, რომ არჩევნები არჩევნების დღეს კი არა, მანამდე ყალბდება, მაგრამ რა გააკეთა ოპოზიციამ, რომ წინასწარი გაყალბების შესახებ ინფორმაცია უცხოელი მეგობრებისთვის მიეწოდებინა, რათა ბოიკოტი მათთვის მისაღები თუ არა, გასაგები მაინც ყოფილიყო? რა გაკეთდა, რომ ვინმე დაინტერესებულიყო საარჩევნო შავი ბუღალტერიით, რომელიც ასიათასობით უხილავი ხმის ჯადოსნური სკივრია „ოცნებისთვის“? თუ არჩევნები გაყალბდა, რატომ არ დაიგზავნა მეგობარ დედაქალაქებში შესაბამისი ინფორმაცია? ხოლო თუ არ გაყალბებულა (ან ამის მტკიცებულებები ვიღაცამ ვერ ან არ შეაგროვა), მაშინ რაღას აწვალებდნენ ამომრჩეველს? ის მაინც ვიკითხოთ, რა მოხდა სინამდვილეში: მტკიცებულებები არ შეგროვდა? თუ შეგროვდა, მაგრამ განადგურდა, როგორც 2016-ში? თუ შეგროვდა კიდეც, უცხოელებსაც წარედგინა, მაგრამ მათ მაინც არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარება მოითხოვეს? აშკარაა, რომ არც ერთ სცენარში ოპოზიცია სახარბიელოდ არ გამოიყურება და „სხვა გზის არქონაშიც“ ლომის წილი თავად მას მიუძღვის.

მაგრამ დავუბრუნდეთ მთავარ სათქმელს. ახლა, როცა ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოშია, ხალხის რჩეულთა „საპარლამენტო მოღვაწეობის“ არსი დეპუტატებს შორის უსაგნო კინკლაობამდე და ქუჩურ შელაპარაკებამდეა დასული. მაყურებელი დაძაბული ელის, ვის დარჩება ბოლო სიტყვა, ვინ უფრო ენაწყლიანად გალანძღავს ოპონენტს ან ვინ უფრო მძიმე ცოდვას წამოაძახებს ყოფილ – და, დიდი ალბათობით, მომავალ – თანაგუნდელს.

შინაარსი? – ნული. შედეგიც ნული. ქარავანი მიდის, ამათ მიღმა და ამათ მიუხედავად. უყურებ და გრძნობ, რომ იმ ბუნაგში ყველა ყველასთან მართალია: წულუკიანი – ელისაშვილთან, ელისაშვილი – ბესელიასთან, ბესელია – ზარდიაშვილთან, ზარდიაშვილი – მეგრელიშვილთან, მეგრელიშვილი – ხაბარელთან, ხაბარელი – სანიკიძესთან და ა.შ. მიუხედავად ამისა, ტელევიზია ისე ეიფორიულად აშუქებს ამ ზეუმნიშვნელო კაფიობას, გეგონება ფსოუზე ქართული დროშა აღგვემართოს:

„ანზორი მექოთნიშვილი პარლამენტში უკვე(!) მივიდა“.

„ანზორი მექოთნიშვილს პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვას არ აძლევს“.

„ანზორი მექოთნიშვილსა და ენრიკო ფუტკარაძეს შორის შელაპარაკება მოხდა“.

„მექოთნიშვილის გამოსვლისას ჯვებენავამ სხდომათა დარბაზი დატოვა“.

დაუჯერებელია, მაგრამ მედია ასეთ ამბებს სრული სერიოზულობით გვიდებს მათლაფაზე, ხოლო ჩვენ ვჭამთ და დამატებასაც ვითხოვთ. ადეკვატური და ინფორმირებული ადამიანებიც კი მარტივად ეგებიან ხაფანგში, როცა მექოთნიშვილებისა და ჯვებენავების კინკლაობას საკუთარ დროს, ყურადღებასა და ემოციებს უთმობენ.

ქარიშხალი ჭიქაში?

აურზაური არაფრის გამო?

გორე ატ უმა?

თუ აბსურდის თეატრი, რომელშიც პოლიტიკისა და მედიის მუშაკები საკუთარი როლების შესანარჩუნებლად გვაცხოვრებენ?

…ოდესღაც გარი ლინეკერმა თქვა, ფეხბურთი მარტივი თამაშია, სადაც 22 კაცი 90 წუთის განმავლობაში ერთ ბურთს დასდევს, ბოლოს კი გერმანელები იმარჯვებენო (სიტყვამ მოიტანა და, წარმატებები გერმანიას ამ ევროპის ჩემპიონატზე და არგადარჩენა მეორე ნორდ სტრიმს, ბოდიშის მოხდით ყველასთან!). თანამედროვე ქართული პოლიტიკა ის ჭაობია, რომელშიც მრავალჯერ ზნე- და ბედნაცვალი პოლიტიკის მუშაკები ერთმანეთს ტალახის სროლაში ეჯიბრებიან, ბოლოს კი იმარჯვებს ივანიშვილი – მიუხედავად იმისა, თუ ვინ ვის აჯობა ქუჩურ ბაზარში, გორსალობასა თუ პოლიტიკური სხეულით ვაჭრობაში.

ამ ფონზე, პოლიტიკის მუშაკები და მათი ზემდგომი მედიასაშუალებები გვიქმნიან დუღილის იმიტაციას, გნებავთ, ბრძოლის ილუზიას – განცდას, რომ რაღაც ხდება და ეს რაღაც რატომღაც ძალიან მნიშვნელოვანია. ტელევიზიები ძერწავენ ცრუ გმირებს. ძერწავენ არაფრისგან და არაფრის საფუძველზე, კამერებისა და მიკროფონების მუდმივი მიშვერით. აცოცხლებენ დიდი ხნის წინ გახრწნილ პოლიტიკურ გვამებს. რაც მთავარია, ამას აკეთებენ არა პოლიტიკური – თუნდაც ვიწროპარტიული – არამედ კერძო მოტივაციით. პარალელურად, ხდება ნამდვილად მნიშვნელოვანი თემების მიჩქმალვა (ემანდ ვინმემ ისეთი კითხვა არ დასვას ეთერში, რომელიც სისტემაში „გლიჩს“ გამოავლენს და კოხტად შეკოწიწებულ ვირტუალურ რეალობას დაანგრევს).

სულ რამდენიმე წლის წინ, „ტელევიზორს არ ვუყურებ“ უხერხული პოლიტიკური განაცხადი და ლატენტური ორმოცდაერთიანელობის დეკლარაცია იყო. ტელევიზორის გამორთვით ეს ადამიანები თავს იცავდნენ არასასურველი ინფორმაციისგან და გაურბოდნენ საკუთარი როლის გაცნობიერებას რუსული სიბნელის ჩამოდგომაში. მაგრამ დღეს ადამიანები ინფორმაციას ტელევიზიებიდან თითქმის აღარ იღებენ. ტელევიზია განწყობების გენერატორად, ზომბირების საშუალებად, ერთგვარ ნარკოტიკულ იარაღად ქცეულა, რომელსაც კონკრეტული პირები და ინტერესჯგუფები პირადი ძალაუფლებისა და გავლენების შესანარჩუნებლად იყენებენ. ჩვენ კი, ვინც სატელევიზიო ყუთების საინფორმაციო ბადით ვცხოვრობთ, ნებსით თუ უნებლიეთ ხელს ვუწყობთ მათ ამაში. თითქოს კომპიუტერულ თამაშში აღმოვჩნიდთ, რომელსაც ვერ ვწყდებით. თავიდან თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. ახლა კი თამაში გვაკონტროლებს ჩვენ და გვავიწყებს, რომ ეს ბრძოლები და ემოციები სპეციალურად ჩვენთვის შექმნილ ვირტუალურ სამყაროშია გამომწყვდეული.

დღეს ტელევიზორს არ უყურებს ის, ვინც დასკვნები უკვე გამოიტანა და ვისაც მაგალითების ყურება დროისა და ნერვების ფუჭ ხარჯვად ესახება. ის, ვისაც არ სურს, ჭკვიანი პროპაგანდისტების მანიპულირების ობიექტად იქცეს. ვისთვისაც მოსაბეზრებელი და უინტერესოა კომპრომეტირებული პოლიტ- და მედიამუშაკების ყოვლისმცოდნეობის სმენა – მათი, ვისი სახეც არჩევნების შემდგომმა პერიოდმა საბოლოოდ გააშიშვლა.

მაგრამ ამ სიშიშვლის მიღმა გამოჩენილ მიზნებსა და მოტივებზე დიდხანს რომ არ ვიფიქროთ, ახალი ბრძოლის იმიტაციაა საჭირო. უნდა დაგვარწმუნონ, რომ „ახლა ამის დრო არაა“ და რომ ოლიგარქის მიერ გამართულ მორიგ „არჩევნებში“ შედეგი განსხვავებული იქნება – მიუხედავად იმისა, რომ არავინ არაფერს – საერთოდ არაფერს! – ცვლის. როცა არავინ აღიარებს, აანალიზებს და ასწორებს ყველაზე აშკარა შეცდომებსაც კი და როცა ყველა ფაქტი და ლოგიკა საწინააღმდეგოზე მეტყველებს.

მოვა შემოდგომა და ამომრჩეველი კიდევ ერთხელ დარჩება მოტყუებულ-იმედგაცრუებული, სამაგიეროდ, პოლიტიკისა და მედიის მუშაკები მორიგ ორიოდ წელს მოიგებენ თავისთვის.

თუ არ მოგწონს, უკეთესი გააკეთეო, გვეტყვიან ისე, თითქოს არ იცოდნენ, რომ უკეთესს დიდი რესურსი სჭირდება, რომელიც, ამ ეტაპზე მაინც, კეთილსინდისიერად (ანუ დიდი ბრძოლის დამაზიანებელი მორალური კომპრომისების გარეშე) არ იშოვება.

მაშ, როგორ გავთავისუფლდეთ სატელევიზიო მარწუხებისგან? როგორ დავამარცხოთ ტელედამოკიდებულება, რომელიც არაფრისგან გვიქმნის პოლიტიკური ცხოვრების ილუზიას და სატელევიზიო სპექტაკლებში გაჰყავს ჩვენი სიცოცხლის ძვირფასი წლები?

გამოსავალი ერთია – უარი ვთქვათ თავსმოხვეულ თამაშზე. დავლიოთ „წითელი აბი“, რომელიც თვალს აგვიხელს. ჩავეხსნათ სისტემას, რომელიც გიგანტურ „მატრიცაში“ გვაცხოვრებს და რომელიც ჩვენი მიძინებული ენერგიით საზრდოობს. მოკლედ:

გამოვრთოთ ეკრანი და დავიბრუნოთ თავისუფლება.

გააზიარე