"მიმოვიხილავ ეკონომიკურ საკითხებს, კერძოდ კი - საყოველთაო საბაზისო შემოსავალს. ვარ IE University-ს პოლიტიკის, სამართლისა და ეკონომიკის ბაკალავრი."

რა ვუშველოთ სახელმწიფო შემწეობის მიმღებთა სტიგმატიზაციას?

არონია.- new

სახელმწიფო შემწეობის ტრადიციულ სისტემებს, როგორც წესი, ორი ნეგატიური მხარე აქვს: ერთი მხრივ, ასეთ პროგრამებში ჩართვა ძალიან რთულია, ხოლო მეორე მხრივ, ისინი დახმარების მიმღებების მიმართ სტიგმას აჩენენ. სანამ თითოეულ მათგანს დეტალურად მიმოვიხილავ, ორიოდე სიტყვა ეფექტიანობაზეც უნდა ვთქვა. ამა თუ იმ სოციალური პროგრამის შეფასებისას მისი გამოყენებითობის მაჩვენებელი უნდა შევაფასოთ, ან მარტივად – უნდა გავარკვიოთ, სოციალურ პროგრამაში პოტენციურ ბენეფიციართა რა ნაწილია ჩართული. მკვლევართა ჯგუფმა OECD-ის წევრი სახელმწიფოებისგან  მიღებული ინფორმაცია შეისწავლა და დაადგინა, რომ გამოყენებითობის მაჩვენებელი საშუალოდ 40%-სა და 80%-ს შორის მერყეობს, მაგრამ ზოგჯერ იმდენად დაბალია, რომ მხოლოდ 32%-ს შეადგენს.[1] France Stratégie-ს ინფორმაციით, საფრანგეთში მიზნობრივი მინიმალური შემოსავლით პოტენციურ ბენეფიციართა მხოლოდ ნახევარი სარგებლობს.[2]

საქმე სოციალურ დახმარებაზე რომ მიდგება, სტიგმა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ანტიგმირად გვევლინება. სტიგმა, საკუთარი არსით, უმცირესობის ხვედრია, რაც საზოგადოებაში მის შესახებ ცნობადობის ამაღლებას კიდევ უფრო ართულებს. ის ერთგვარი „სპილოა ოთახში“ – ვიცით რომ არსებობს, მაგრამ არ ვიმჩნევთ. მოდი, განვმარტოთ. სოციალური სტიგმა სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის დისკრიმინაცია (პირდაპირიცა და ირიბიც) მისი გარკვეული ნიშან-თვისებისა თუ ქმედების (როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი) გამო. მარტივად: საზოგადოებაში, რომელშიც, როგორც წესი, პურის ფულს ადამიანები საკუთარი შრომით შოულობენ, ნეგატიურ კონტექსტში განიხილავენ ადამიანებს, ვინც სახელმწიფო შემწეობის ამარა ცხოვრობს. სინამდვილეში კი  სოციალური სტიგმა იმდენად დამამცირებელია, რომ ბევრ ბენეფიციარს ურჩევნია, ღარიბად დარჩეს, ვიდრე სახელმწიფო შემწეობას დათანხმდეს.[3] ამას გარდა, სტიგმა იმდენად დამაკნინებელია, რომ სოციალურ პროგრამებში მონაწილეობას ადამიანები ანონიმურ გამოკითხვებშიც კი მალავენ.[4]

სხვა ყველაფერთან ერთად, ტრადიციულ სოციალურ პროგრამებში ჩართვა, როგორც წესი, ძალიან რთულია, რადგან ამისთვის მკაცრი პირობების დაკმაყოფილებაა საჭირო. შემწეობის მსურველს, სულ მცირე, საცხოვრებელი მისამართი და ინტერნეტთან წვდომა უნდა ჰქონდეს. მათ, ვინც ბიუროკრატიას თავს მოაბამს და მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, სახლში სოციალური მუშაკები ესტუმრებიან მისი სახლისა და ქონების აღსაწერად. ინგლისელი ფილოსოფოსი ბრაიან ბერი წერდა, რომ ხშირად, სახელმწიფო შემწეობის პოტენციური ბენეფიციარები „საზოგადოების ყველაზე ნაკლებად განათლებულ ფენას წარმოადგენენ – მათ შორის სასირცხვილოდ ბევრმა წერა-კითხვაც კი არ იცის“ და რომ „ბევრი მათგანი ორ სამსახურსა და ბავშვების აღზრდას ერთდროულად ეჭიდება და სულ არ სცალია შემწეობის შესახებ ინფორმაცია მოიძიოს და ჩახლართული ფორმები ავსოს“.[5] გარდა ამისა, შემწეობის მიღებისა და არმიღების საკითხს გარკვეული ორგანო წყვეტს, რაც, სულ მცირე, კლიენტილიზმისა და თვითნებობის ეჭვებს აჩენს.[6]

ამ ორი ფრიად მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება საყოველთაო საბაზისო შემოსავალს შეუძლია. ის, რაც მას სახელმწიფო შემწეობის ტრადიციული პროგრამებისგან გამოარჩევს, მისი საყოველთაობაა. ის არ არის მიმართული მხოლოდ და მხოლოდ ღარიბებზე, უმუშევრებზე, უკურნებელი სენით დასნეულებულებზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე და არც უსახლკაროებსა თუ საზოგადოებისაგან სხვაგვარად გარიყულ ადამიანებზე. საყოველთაო საბაზისო შემოსავალი გადაეცემა ყველას. მარტივად: სოციალური სტიგმა აზრს დაკარგავს, რადგან საზოგადოება აღარ დაიყოფა შემწეობის მიმღებებად და შემწეობის გამცემებად – არაფერია დასაძრახი იმ დახმარებაში, რომელსაც უკლებლივ ყველა იღებს.[7][8]

საყოველთაობას არა მხოლოდ სოციალური სტიგმის აღმოფხვრა შეუძლია, არამედ ამ პროგრამებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული, მათ შორის ინფორმირების, მონიტორინგისა და სადამსჯელო ზომების მიღების ხარჯების შემცირებაც შეუძლია. თუმცა ადმინისტრაციული დანახარჯი საყოველთაო საბაზისო შემოსავლის პროგრამასაც ხომ აქვს? კი და შეიძლება ის გაიზარდოც კიდეც, თუმცა ავტომატური ელექტრონული გადარიცხვების წყალობით, ჯამური ადმინისტრაციული დანახარჯი ნაკლები იქნება, ვიდრე მიზნობრივი სისტემის შემთხვევაში.[9] მსოფლიო ბანკის მკვლევრებიც ასე ფიქრობენ და მეტიც, მათი აზრით, დროთა განმავლობაში, სახელმწიფო შემწეობის საყოველთაობა არაერთ ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ სიკეთეს შექმნის – ადამიანები გაძლიერდებიან, ნაკლებს ინერვიულებენ და უკიდურესი სიდუხჭირის ნიადაგზე სასოწარკვეთილ ნაბიჯებს აღარ გადადგამენ.[10] პენსილვანიისა და ჰარვარდის უნივერსიტეტების მკვლევრები კი ამბობენ, რომ საყოველთაო საბაზისო შემოსავლის პროგრამა იქნება არა მხოლოდ უფრო პოპულარული, არამედ უფრო სტაბილურიც.[11]

ეს სტატია მეტაფორით უნდა დავასრულო, რომელსაც საყოველთაო საბაზისო შემოსავლის წამყვანი მკლევარი, ფილიპ ვან პარაისი გვთავაზობს: „[მინიმალური შემოსავლის მიზნობრივი პროგრამა] ის უსაფრთხოების ბადეა, რომელშიც ვერ ხვდებიან ის ადამიანები, რომელთათვის ეს ბადე არსებობს, მაგრამ იხლართებიან ისეთები, რომელთაც იქ არაფერი ესაქმებათ; ხოლო [საყოველთაო საბაზისო შემოსავალი] ის ფუნდამენტია, რომელზეც მყარად დგომა ყველას შეუძლია“.[12] მართლაც რომ, საყოველთაო საბაზისო შემოსავალს შეუძლია აღმოფხვრას სახელმწიფო შემწეობის მიღებით გამოწვეული სოციალური სტიგმა და გაამარტივოს ის ბიუროკრატიული აპარატი, რომელიც (და ხშირად,  რომლებიც) ტრადიციული სოციალური პოლიტიკის საჭეს მართავენ.

 

წყაროები:

[1] Hernanz, V., Malherbert, F., & Pellizzari, M. (2004). Take-up of Welfare Benefits in OECD Countries: A Review of the Evidence. OECD. doi:10.1787/525815265414, (pg. 11-12).

[2] Stratégie. (2014). Quelle France dans 10 ans ? Repères pour 2025. Paris: Commissariat Général à la Stratégie et à la Prospective. Retrieved from https://www.strategie.gouv.fr/publications/france-10-ans-reperes-2025

[3] იხ. პირველი წყარო (გვ. 16-17).

[4] R. (1983). An Economic Model of Welfare Stigma. American Economic Review, 1023-135. Retrieved from https://web-b-ebscohost-com.ie.idm.oclc.org/ehost/pdfviewer/pdfviewer?vid=1&sid=a5fab022-43de-4898-b3ad-8bdd7e244d67%40sessionmgr102

[5] Barry, B. (2005). Why Social Justice Matters. New York: Wiley, (pg. 210-211).

[6] van Parijs, P., & Vanderborght, Y. (2019). Basic Income: A Radical Proposal for a Free Society and a Sane Economy. Cambridge, Massachusetts: Harvard University Press, (pg. 18).

[7] იხ. მეექვსე წყარო.

[8] Bidadanure, J. U. (2019, March 5). The Political Theory of Universal Basic Income. The Annual Review of Political Science, 22, 481-501. doi:https://doi.org/10.1146/annurev-polisci-050317-070954, (pg. 485).

[9] იხ. მეექვსე წყარო.

[10] Gentilini, U., Grosh, M., Rigolini, J., & Yemtsov, R. (2020). Exploring Universal Basic Income. In U. Gentilini, M. Grosh, J. Rigolini, & R. Yemtsov, Exploring Universal Basic Income: A Guide to Navigating Concepts, Evidence and Practices. Washington, DC: World Bank. doi:10.1596/978-1-4648-1458-7, (pg. 5).

[11] Gelbach, J., & Pritchett, L. (2002). Is More for the Poor Less for the Poor? The Politics of Means-Tested Targeting. The B.E. Journal of Economic Analysis & Policy, 2(1), 1-28. Retrieved from https://econpapers.repec.org/article/bpjbejeap/v_3atopics.2_3ay_3a2002_3ai_3a1_3an_3a6.htm

[12] იხ. მეექვსე წყარო (გვ. 20).

გააზიარე