რატომ გაღარიბდა ვენესუელა?

ვენე 2

1950-იანი წლებიდან 1980-იანი წლების დასაწყისამდე ვენესუელა მდიდარი ქვეყანა იყო. 1970-იან წლებში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავლით უსწრებდა იაპონიას, ისრაელს, ესპანეთს, საბერძნეთს, კვიპროსსა და სხვა დღემდე მდიდარ ქვეყნებს. დღეს კი ვენესუელა ღარიბი ქვეყანაა. აფრიკისა და აზიის ღარიბი ქვეყნების დონეზეა. 2024 წელს, მსყიდველობითი პარიტეტის (PPP) მიხედვით, ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 8,500 დოლარი იყო, რაც საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელზე 4-ჯერ ნაკლებია. ეს კიდევ უფრო გასაკვირია იმ ფონზე, რომ მსოფლიოში ყველაზე მეტი ნავთობის მარაგი ვენესუელას აქვს – 18 ტრილიონი აშშ დოლარის.

1920-იანი წლებიდან ვენესუელა ნავთობის მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორი გახდა, რაც ქვეყნის შემოსავალს სწრაფად ზრდიდა. 1970-იან წლებში, როდესაც „სანავთობო შოკების“ გამო მსოფლიოში ნავთობი მნიშვნელოვნად გაძვირდა, ვენესუელის ეკონომიკამ და მისმა მთავრობის ბიუჯეტმა დიდად იხეირა. 1980-იან წლების დასაწყისში ნავთობზე ფასები შემცირდა, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა, თუმცა ვენესუელის ეკონომიკა სტაბილურობას ინარჩუნებდა.

საინტერესოა ისიც, რომ 1998 წლამდე ვენესუელა დემოკრატიული სახელმწიფო იყო, რაც მე-20 საუკუნის სამხრეთ ამერიკაში იშვიათობას წარმოადგენდა.

რადგან შემოსავლის ძირითადი წყარო ნავთობი იყო, ვენესუელაში ეკონომიკის სხვა დარგები არ განვითარდა, თითქოს, ამის საჭიროება არ იდგა. ვენესუელა ბევრს ხარჯავდა სოციალურ პროგრამებზე და მოსახლეობაც კმაყოფილი იყო.

სიტუაციამ გაუარესება დაიწყო 1999 წლიდან, როდესაც ქვეყნის სათავეში სოციალისტური პარტიის ლიდერი უგო ჩავესი მოვიდა. მან პრეზიდენტობის პირველივე ვადაში ვენესუელაში დიქტატურა დაამყარა და პრეზიდენტის თანამდებობა სიკვდილის ბოლომდე, 2013 წლამდე შეინარჩუნა.

უგო ჩავესმა გაზარდა სოციალური პროგრამების დაფინანსება, დაიწყო ფასების კონტროლი, განახორციელა რამდენიმე დიდი კერძო საწარმოს ნაციონალიზაცია. ყველაფერ ამას შედეგად ინვესტორების გასვლა მოჰყვა. ამასთან ერთად, უგო ჩავესის მთავრობა დიდ კორუფციაში ჩაეფლო. თუმცა, რადგან 2000-იან წლებში (2008 წლამდე) ნავთობის ფასები სწრაფად იზრდებოდა, ვენესუელის ეკონომიკა და პოლიტიკა სტაბილურობას ინარჩუნებდა.

2008-2009 წლების მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ნავთობის ფასი 70%-ით შეამცირა, რამაც ვენესუელის ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა. რადგან უგო ჩავესის დიქტატურა „ნავთობდოლარებს“ ეფუძნებოდა, მოსახლეობის კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვა ძველებურად განაგრძო. შედეგად, ბიუჯერის დეფიციტი (მშპ-ის 9%-მდე) და მთავრობის ვალი გაიზარდა. დეფიციტს ჭარბი ფულის ბეჭდვით აფინანსებდნენ, რამაც ქვეყანაში მაღალი ინფლაცია (წლიურად 50%-მდე) გამოიწვია. კრიმინალი და კორუფცია კიდევ უფრო გაიზარდა.

სიტუაცია მეტად გაუარესდა უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ. ჩავესი მისმა თანაპარტიელმა ნიკოლას მადურომ ჩაანაცვლა, რომელიც დღემდე მართავს ვენესუელას. ვენესუელის ოპოზიციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების აზრით, მადურომ არჩევნები გაყალბებით მოიგო, რის გამოც ქვეყანაში საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო. ამის შედეგად ვენესუელას ბევრ დასავლურ ქვეყანასთან, განსაკუთრებით – აშშ-თან, ურთიერთობა კიდევ უფრო გაუფუჭდა, რასაც შედეგად ინდივიდუალური და ეკონომიკური სანქციები მოჰყვა.

2015 წლამდე ვენესუელა დღეში საშუალოდ 2.5 მლნ ბარელ ნავთობს აწარმოებდა (200 მლნ დოლარის), რაც 0.5 მლნ ბარელამდე შემცირდა. მადურომაც მცდარი ეკონომიკური გზა აირჩია – ჭარბი ფულის ბეჭდვა. შედეგად, ჰიპერინფლაცია დაიწყო. მაგალითად, 2018 წელს ფასები 130,000 პროცენტით გაიზარდა. ამ წელს ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 30% იყო. მთავრობის ვალი მშპ-ის 200%-ს გადასცდა, როცა 2007 წელს 26% იყო.

2018 წელს მადურომ ისევ გაყალბებული არჩევნებით მოიგო, საპროტესტო აქციები დაჭერებით და მკვლელობებით ჩაახშო, მილიონობით ადამიანმა ვენესუელა დატოვა. აშშ-მა ვენესუელას სანქციები დაუმძიმა.

ყველაფერ ამის შედეგად, 2014-2019 წლებში ვენესუელის ეკონომიკა 75%-ით შემცირდა. ასეთი დიდი ვარდნა 21-ე საუკუნეში მხოლოდ ერაყსა და ლიბიაში იყო ომების გამო.

2020 წელს პანდემიამ ვენესუელის ეკონომიკა კიდევ 30%-ით შეამცირა. 2021 წლიდან კი მცირედით, 4 წელიწადში 15%-ით გაიზარდა, რამაც პანდემიის ზიანიც კი ვერ გადაფარა.

ვენესუელამ მაღალ ბიუჯეტის დეფიციტს და ინფლაციას თავი დღემდე ვერ დააღწია. ბოლო 12 წელიწადში ქვეყნის მოსახლეობა 15%-ით შემცირდა. პოლიტიკურად, ვენესუელა რუსეთის მოკავშირედ რჩება და მსოფლიოს იმ 5 ქვეყანაში შედის, რომლებსაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აქვთ აღიარებული.

ვენესუელის გამოცდილება აჩვენებს, რომ ქვეყანა შესაძლოა ბევრმა ნავთობმაც ვერ გაამდიდროს, თუ ქვეყნის მმართველები დიქტატურაში, პოპულიზმსა და კორუფციაში ჩაეფლობიან.

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა

თუ გსურს გახდე საქართველოს ბანკის სტიპენდიატი, დაესწარი ონლაინ ვებინარს და გაიგე მეტი როგორ მოიპოვო სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 21 უნივერსიტეტში