ზურაბ ჭიაბერაშვილი ქართველი პოლიტიკოსი, დიპლომატი და პუბლიცისტია. ის ასევე გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

როგორ ამოვიცნოთ კაგებეს აგენტი საკუთარ თავში

როგორ ამოვიცნოთ კაგებეს აგენტი საკუთარ თავში

რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლის ზრდის პარალელურად, კავკასიის ამ პატარა ქვეყანაში სტალინის ძეგლების მომრავლებამ ბუნებრივად დაბადა აზრი, რომ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს ჩვენსავე ქვეყანაში საკმარისი დასაყრდენი ჰყავს. რაც უნდა გულმოდგინებით ვეძებოთ კატა ბნელ ოთახში, იგი მაინც მოუხელთებელი დარჩება, თუ არ გავაცნობიერეთ, რომ ძალიან ხშირად ჩვენვე ვასრულებთ იმ როლს, რასაც ყველაზე გამოცდილი რეზიდენტიც კი ვერ შეასრულებდა. მიზეზი ძვალსა და რბილში გამჯდარი „საბჭოთა ცნობიერებაა“ თავისი „რუსული არგუმენტებით“, რომლებიც დღესაც არ კარგავს ძალას.

ჩემი მიზანი სწორედ რუსული პროპაგანდის მიერ დანერგილი სტერეოტიპების კლასიფიკაცია და ანალიზია. არ არსებობს ჩვენი საზოგადოების ერთი წევრიც კი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ მოეყვანოს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი „რუსული არგუმენტი“. ამიტომ სანამ გარშემო მიმოვიხედავდეთ, ჯერ ის გავაცნობიეროთ, თავად თითოეული ჩვენგანი რამდენად ვართ თავისუფალი ამ სტერეოტიპებისაგან.

უკვე აქ უნდა გავაკეთოთ ერთი ძირითადი აღნიშვნა: ზოგიერთი სტერეოტიპი (მათ შორის, პირველ რიგში, ერთმორწმუნეობის) გაცილებით ადრე ჩამოყალიბდა, სანამ საბჭოთა კავშირი შეიქმნებოდა. მაგრამ ამჟამად ჩვენ თითოეული მათგანის გენეზისი კი არ გვაინტერესებს, არამედ ის, რამდენად ახდენს იგი გავლენას ჩვენს ცნობიერებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

ის, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ყოველდღიურობაზე ახდენს გავლენას, მხოლოდ პოლიტიკურ ფაქტებში არ გამოიხატება. „რუსული ჩამრთველი გაქვთ?“, „მოსკოვის შოკოლადი მაინც სხვა იყო“, „ჩვენს გზებზე 07 ჯობია“… – გაიხსენეთ ეს ყოველდღიური ფრაზები და მიხვდებით, რატომ უნდა ენერგეტიკის მინისტრს მაინცდამაინც რუსული გაზით საქართველოს მომარაგება.

სტერეოტიპი 1: ერთმორწმუნეობა

პირველი, ვინც „ერთმორწმუნეობის სტერეოტიპის“ წინააღმდეგ გაილაშქრა, ნიკოლოზ ბარათაშვილი იყო: „სახელმწიფოსა სჯულის ერთობა არარას არგებს, ოდეს თვისება ერთა მის შორის სხვადასხვაობდეს.“ თუ ვინმეს ეყოფა იმის გამბედაობა, რომ რუსი და ქართველი ერების „თვისებათა სხვადასხვაობა“ უგულებელყოს, ამ სტატიის კითხვას ნუღარ გააგრძელებს.

როდესაც შატილს ბომბავს ან გაზს გვიკეტავს, რატომღაც რუსეთს არ ახსენდება, რომ ჩვენც მართლმადიდებლები ვართ. იმ რუსოფილებმა კი, რომლებიც არ სტერეოტიპს მაინც იშველიებენ, გაიხსენონ, რომ სერბიის დაქცევა დიდწილად რუსეთთან ერთმორწმუნეობის მითზე დამყარებულმა პოლიტიკამ განაპირობა.

სტერეოტიპი 2: რუსული კულტურა

საქართველო გარდამავალ ეტაპზე მხოლოდ იმიტომ არ იმყოფება, რომ დასახვეწია კანონმდებლობა ან გასატარებელია რეფორმა ამა თუ იმ სფეროში. ეტაპის „გარდამავლობა“ გამოიხატება იმაშიც, რომ ამ ქვეყნის მცხოვრებთა უმეტესი ნაწილი ნელ-ნელა წყდება მხოლოდ რუსულ წიგნს, ტელევიზიას, ესტრადას. შორს არ არის ის დრო, როცა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ალა პუგაჩოვას მასპინძლობა მხოლოდ უსიამო მოგონებადღა დარჩება. რაც შეეხება დოსტოევსკისა და ტოლსტოის, ალბათ, დადგება დღე, როდესაც ქართველები მათ ინგლისურ, ფრანგულ ან გერმანულ თარგმანში წაიკითხავენ და ამით არც არაფერი დაშავდება. უნდა გავიხსენოთ, რომ ჩვენ შექსპირი, ბალზაკი ან ჰესე რუსულ თარგმანში გვაქვს წაკითხული.

რუსული კულტურის განსაკუთრებულობისა და ქართველთა მასთან განსაკუთრებულად ზიარების სტერეოტიპი ასაზრდოებს ორი – კარგი და ცუდი – რუსეთის მითს. თითქოსდა რუსი პოლიტიკოსები ცუდ რუსეთს განასახიერებენ, ხოლო რუსული კულტურის წარმომადგენლები – კარგს. გაიხსენეთ ჩეჩნეთის ვანდალური აქციის მხარდაჭერა მთელი რუსული საზოგადოების მიერ და მიხვდებით, რომ რუსეთის პოლიტიკას იდეურად სწორედ ჩვენთვის ასე „ახლობელი“ კულტურა ასაზრდოებს.

სტერეოტიპი 3: თანამედროვე ქართული კულტურა (განსაკუთრებით, კინო) საბჭოთა პერიოდში (ანუ რუსული კოლონიალიზმის) პირობებში შეიქმნა

ამ სტერეოტიპს ერთი შესანიშნავი ადამიანის, რუსი ებრაელი ემიგრანტის, მატვეი მალის იგავით ვუპასუხებ. მისი თქმით, საბჭოების არგუმენტი, თითქოს 70 წლის განმავლობაში კავის რუსეთი ატომურ რუსეთად იქცა (რაც საფუძვლებში იმას იმეორებს, რომ თანამედროვე ქართული კულტურა რუსული კოლონიალიზმის პირობებში შეიქმნა), შემდეგ სიტუაციას ჰგავს: ვთქვათ, გამოგვეკიდა იარაღიანი ხალხი და ჩვენ ტყეში შევასწარით; სანამ ისინი (70 წლის განმავლობაში) ტყის პირას გვდარაჯობდნენ, ჩვენ რომ ხის ქერქისგან ქოხის აგება და კენკროვანებისაგან საჭმლის მომზადება ვისწავლოთ და მერე, როცა ეს იარაღიანი მდევარი გაგვეცლება, ის ვიძახოთ, მაგათმა გაიხარონ, ეგენი რომ არა, ვერც ქოხის აგებას ვისწავლიდით და ვერც კენკროვანებისაგან საჭმლის მომზადებასო. იქნებ ტყის გარეთ სრა-სასახლეებს ვაშენებდი?

რატომ გვგონია, რომ რუსეთის გარეშე საქართველოში არაფერი შეიქმნებოდა?

ხელოვნებამდე ჯერ თავისუფლების კულტურის ათვისებაა საჭირო და სანამ შექსპირი ეყოლებოდათ, ინგლისელებმა 3 საუკუნით ადრე „მაგნა კარტა“ მისცეს მსოფლიოს. ჩვენში რუსთაველის გაჩენას ქვეყნის თავისუფლებაში ყოფნის გრძელი პერიოდი და მართლაც რამდენიმესაუკუნოვანი ძალისხმევა უძღოდა წინ.

სტერეოტიპი 4: ჩვენ მაინც აზიელები ვართ

იმის გამო, რომ კავკასიიდან თავისი ფეხის ამოკვეთის გარდაუვალობას გრძნობს, ახლა რუსეთი საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას კი აღარ ცდილობს, არამედ იმის ხაზგასმას, რომ საქართველოს საერთო იმ სივრცესთან, რომლისკენაც მიისწრაფვის, არაფერი აქვს. ხინკლითა და ლუდით მაძღარი ქართველის საყვარელი ფრაზა, რომ „ჩვენ მაინც აზიელები ვართ“, რუსული სტერეოტიპების შემადგენელი ნაწილია. ჩვენი სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი აზიური ავტორიტარიზმის სათავეები სწორედ ამ სიმაძღრიდან და თვითკმაყოფილებიდან იღებს სათავეს. იმას, რომ ქართველი ხინკლითაა გამძღარი, ხოლო სირიელი – ბანანით, არაფერს ცვლის – დღევანდელი დღით ცხოვრება მათი საერთო თვისებაა.

რაც შეეხება დანიელს ან შვედს, იგი მხოლოდ დღევანდელი დღით ვერ იცხოვრებს, რადგან ჩრდილოური ჰავა ხვალინდელ ზამთარზე ფიქრსაც გაიძულებს. ჩვენი მთავრობისათვის კი ზამთარი ყოველთვის „მოულოდნელად“ დგება, თანაც იმდენად „მოულოდნელად“, რომ მომზადებას ვერასდროს ვასწრებთ.

სტერეოტიპი 5: ნეიტრალიტეტი გეოპოლიტიკაში

შემთხვევითი არაა, რომ ამ იდეის მომხრეებად გვევლინებიან თენგიზ კიტოვანი ანდა ჯაბა იოსელიანი. არგუმენტი, რომ რუსეთის ბაზები გავიდეს, მაგრამ NATO-ს ჯარები ნუ შემოვლენ, ისევ და ისევ მოსკოვური რიტორიკის ნაწილია. გავიხსენოთ, რუსეთმა რა ადვილად გაიყვანა ჯარები ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებიდან, მაგრამ რა გააფთრებით ეწინააღმდეგებოდა პოლონეთის, ჩეხეთისა და უნგრეთის NATO-ში გაწევრიანებას.

თუ პანტელეიმონ გიორგაძის მოთხოვნა – „რუსებო! ნუ გაიყვანთ ბაზებს საქართველოდან!“ – საკმაოდ შეთხელებულ სტალინურ თაობაზეა გათვლილი, ნეიტრალიტეტის იდეა უფრო ფართო საზოგადოებაში იდეოლოგიური არევ-დარევის შეტანას ისახავს მიზნად.

რაც შეეხება შვეიცარიას, ჯერ შვეიცარიის მსგავსად მოვაწყოთ ქვეყანა და მერე ვიფიქროთ ნეიტრალიტეტზე, თუ ამის თავი და საშუალება გვექნება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმედი, რომ რუსეთი ჩვენთან ნეიტრალიტეტის პირობებს დაიცავს, დღეს არადამაჯერებელი ჩანს.

სტერეოტიპი 6: ამერიკაც ისეთივე იმპერიაა, როგორც რუსეთი

ამ სტერეოტიპში ყველაზე კარგად ჩანს ყველა დანარჩენი სტერეოტიპის მაცოცხლებელი ელემენტი – გაუნათლებლობა. ასეთი არგუმენტებით როცა მსჯელობ, ან 1215 წლის ინგლისური „მაგნა კარტა“ უნდა გაითვალისწინო, ან 1689 წლის „უფლებათა ბილი“, ან 1776 წლის ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია ანდა 1789 წლის საფრანგეთის ადამიანის უფლებათა დეკლარაცია.

დასავლური აზროვნების ტრადიციას არაფერი აქვს საერთო რუსულ ტოტალიტარულ აზროვნებასთან. დასავლეთში ადამიანის ღირსება უკვე იყო თავისთავადი ფასეულობა თითოეული ქვეყნის შიგნით, სანამ იგი საერთაშორისო საზოგადოებრიობის დაცვის საგანი გახდებოდა. რუსეთს, პირიქით, მხოლოდ საერთაშორისო ვალდებულებები აიძულებს დღესაც, რომ თავის შიგნით ადამიანის ღირსებას და თავისუფლებას პატივი სცეს.

ამერიკის „იმპერიულობა“ მდგომარეობს რუსეთის, სერბიის, საქართველოს ან ერაყის მსგავსი ქვეყნების მთავრობებისათვის ადამიანის უფლებების დაცვის იძულებაში. თუ ვინმეს სურს, რომ პოლიცია, დაცვის ნაცვლად, დღენიადაგ საფრთხეს უქმნიდეს თითოეულ მოქალაქეს, კი ბატონო, იყოს ამერიკა იმპერია, ხოლო დასავლური კულტურა (გაგებული, როგორც ჰოლივუდური პორნოგრაფია) ჩვენი გადამგვარებელი.

საინტერესოა, რომ ჰოლანდიელს ან დანიელს არ ეშინიათ, რომ გერმანია ან საფრანგეთი გადააგვარებთ. მხოლოდ მას, ვინც შიგნიდან ცარიელია და სუფრაზე სადღეგრძელოს წარმოთქმის გარდა დანაწევრებულად ვერ მეტყველებს, შეიძლება ეშინოდეს, რომ ვინმე ან რაიმე გადააგვარებს. ილიას განდეგილის ტრაგედიის მიზეზად მის შიგნით არსებული ბზარი იქცა და არა მწყემსი ქალის მშვენიერება.

სტერეოტიპი 7: თურქეთი ჩაგვყლაპავს

დასავლურ კულტურას დადებითი ელემენტებიც ახლავს თან და თანაც ჩვენი წარსული ევროპისაკენ სწრაფვის ტენდენციასაც ადასტურებს. ამიტომ დასავლეთისაგან მტრის ხატის შექმნა, ცოტა არ იყოს, ძნელია. თუ მაინცდამაინც ჭარბობს კაგებეური ელემენტი, შეგიძლია ამტკიცო, რომ „გევასება ბებერი განათლებული ევროპა და გეზიზღება ინდიელების რეზერვაციაში დამწყვდევი, ბანდიტთა შთამომავალი იანკები“.

აი თურქეთისაგან მტრის ხატის შექმნისათვის კი ბევრი არაფერია საჭირო: ამისათვის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოც საკმარისია. ხოლო თუ მოსაუბრისაგან მოისმენთ იმას, რომ 30-50 წლის მერე თურქეთი, ჩრდილოეთ კავკასია, აზერბაიჯანი, ირანი (სადაც ხელისუფლებაში წმინდა სისხლის სპარსები თურქმენული წარმოშობის მოქალაქეებთან შედარებით თურმე ცოტანი არიან) და შუა აზია ერთად შექმნის საერთო თურქულ სახელმწიფოს და ჩაყლაპავს სომხეთსა და საქართველოს, თქვენ მართლაც წმინდა სისხლის

კაგებეშნიკთან გაქვთ საქმე.

ასეთ არგუმენტაციაზე რომ მხოლოდ გაგეღიმოს, ან ირან-აზერბაიჯანის დაპირისპირებაზე, ან თურქეთის პროევროპულ ორიენტაციაზე ან, ბოლოსდაბოლოს, საერთაშორისო სამართალზე უნდა გსმენოდეს რამე.

საინტერესოა, როცა თურქეთი სანაპირო დაცვის კატარღას გვჩუქნის, იმ კატარღის თურქ კაპიტანს თუ აქვს გაცნობიერებული, რომ პირი მადიანად უნდა გააღოს?

სტერეოტიპი 8: მუსლიმი ჩეჩნები და ქრისტიანი ქართველები

აფხაზეთში ომის გაჩაღებით რუსეთმა მხოლოდ საკუთარ ძმებს კი არ გადაგვკიდა და ტერიტორიული მთლიანობა კი არ დაგვირღვია, არამედ ჩვენში რამდენიმე ისტორიული სტერეოტიპიც გააცოცხლა. საინტერესოა, რომ ჩეჩნეთის ომის ამსახველმა საშინელმა კადრებმაც კი ვერ აღძრა ზოგიერთ ქრისტიან ქართველში ელემენტარული ადამიანური სიბრალული. ხოლო ის ფაქტი, რომ შიდაკავკასიური დაპირისპირება რუსეთის პროვოცირებულია და მის სასარგებლოდ მოქმედებს, ზოგჯერ მაინც არ არის საკმარისი, რომ კაგებეური აზროვნებისგან გავთავისუფლდეთ.

სტერეოტიპი 9: სომეხიჩვენი მთავარი მტერი

ის, რაც უკვე ითქვა ჩეჩნებზე, მით უმეტეს ძალაშია მაშინ, როცა ქართულ-სომხურ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ. ლამისაა საქართველოში მცხოვრებ ყოველ სომეხს აქვს კომპლექსი, რომ ქართველი მასში პოტენციურ მოღალატეს ხედავს. რატომღაც რუსული იმპერიალისტური პოლიტიკით ნაკვებ ამ სტერეოტიპსაც ადვილად ვემორჩილებით და გვავიწყდება, რომ „შეძახილით ხეს ვახმობთ“. თუ სომეხში(ან ნებისმიერ სხვა ეროვნებაში) რაიმე მუხანათურს ვხედავთ, ამას მის ბუნებრივ მდგომარეობად ვთვლით და არ ვუფიქრდებით, რომ სომეხის მხრიდან ყოველგვარ არასასურველ განწყობას (თუ ასეთი არსებობს), პირველ რიგში, ჩვენი მისდამი უნდობლობა კვებავს.

მუდმივად იმის ძახილი, რომ ჯავახეთში რაღაც მოხდება, მხოლოდ იმაზეა გათვლილი, რომ ახალქალაქიდან რუსეთის ბაზა არ გავიდეს.

სტერეოტიპი 10: საქართველო იტანჯება

თუ რიგითი ქართველის ყოველდღიურ მეტყველებას ჩავუკვირდებით, მისი პატრიოტიზმი მხოლოდ წუხილში – „საქართველო იტანჯება“ – გამოიხატება. ეს რუსული იმპერიული აზროვნების გაგრძელებაა, რომ აბსტრაქტულად ვზრუნავთ ქვეყანაზე და არა თითოეულ პიროვნებაზე. მოგეხსენებათ, დღესაც რუსული სამხედრო მანქანა თითოეულ რუს ადამიანს საზარბაზნე ხორცად განიხილავს და არა თავისთავად ღირებულებად. სანამ ამ ქვეყანაში თითოეული ადამიანის ტანჯვა არ შეგვაწუხებს და მხოლოდ სადღეგრძელოში ნათქვამი „საქართველო იტანჯება“-თი შემოვიფარგლებით, მანამდე დაიტანჯება სწორედ ჩვენი ბედკრული საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა.

სტერეოტიპი 11: „კაპიტან გრანტის შვილები

საქართველოს უბედურებაში მხოლოდ სხვა რწმენის (იხ. სტერეოტიპი 1), სხვა კულტურული ტრადიციის (იხ. სტერეოტიპი 2, 3, 4), სხვა ქვეყნის (იხ სტერეოტიპი 5, 6, 7) ან სხვა ეროვნების (იხ. სტერეოტიპი 8, 9) წარმომადგენლებს არ უდგათ ფეხი. მტერი რას დაგვაკლებდა, ციხე რომ შიგნიდან არ ტყდებოდეს. ამიტომ ქვეყანას თავსდამტყდარი ყოველი უბედურება იმ ქართველ უფლებადამცველთა, ჟურნალისტთა, არასამთვრობო ორგანიზაციების ბრალიცაა, რომელთაც უცხოელი მასონები გრანტებით კვებავენ.

საინტერესოა, რომ ქართველს უზარმაზარი კრედიტების (რომელიც ყოველი ჩვენგანის გადასახდელია) შემჭმელი ესა თუ ის მინისტრი იმდენად არ აღიზიანებს (იმიტომ, რომ მის ადგილზე თვითონაც ასე მოიქცეოდა), რამდენადაც ადამიანის უფლებების ესა თუ ის დამცველი, რომლის მიერ მიღებული გრანტი, გაკეთებულ კარგ საქმეებს რომ თავი დავანებოთ, არც არავის აწვება ვალად.

საქმე ისაა, რომ კრედიტის გამფლანგველი არავისგან ითხოვს ცხოვრების წესის შეცვლას, მაშინ როცა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები საზოგადოებას სულ იმას უკიჟინებენ, რომ ცხოვრების მანკიერი წესები ურთიერთობათა ახალი ფორმებით უნდა ჩავანაცვლოთ. ობივატელს ცხოვრების წესის შეცვლად, პირველ რიგში, მცხეთის სალობიეზე ან ველიამინოვის სახინკლეზე უარის თქმა მიაჩნია და მის გაღიზიანებასაც სწორედ ეს იწვევს.

თუ კარგად ჩავუკვირდებით, ჩვენს უმრავლესობას ქართულ თვითმყოფადობად, ძირითადად, სწორედ უანგარიშო ხარჯვა (თანაც არამხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის) და ქართული სუფრა ესახება. არადა ხინკალი ხომ მათაც ძალიან უყვართ, ვისაც საქართველოში ახალი ცხოვრების დამკვიდრება სურს.

სტერეოტიპი 12: ვინ დგას „60 წუთისუკან

ვინ ვის უკან დგას (მათ შორის ინტიმურ ამბავშიც), ამ საზოგადოებას რატომღაც უფრო აინტერესებს, ვიდრე ის, დაიხარჯა თუ არა მიზნობრივად სახელმწიფო ბიუჯეტში გამოყოფილი ესა თუ ის თანხა. ეს კითხვა ყველაზე ხშირად მასმედიის მიმართ დაისმის და მასზე პასუხის გაცემა საბჭოური ცხოვრების წესის გაანალიზებას მოითხოვს.

უანგარო თანადგომა შიშზე და დაბეზღებაზე დამყარებული საზოგადოებისათვის საკმაოდ უცხო ხილი იყო. საბჭოთა დროს ერთი ადამიანი შეიძლება დახმარებოდა მეორეს რაიმე გამორჩენის (ფული, თანამდებობა) მიზნით. ამიტომ ასეთი საზოგადოებისათვის უცხოა სოლიდარობა პრინციპების გამო. მაგალითად, როცა მთელი მედია ერთნაირად აშუქებს მთავრობის უუნარო მოქმედებებს, ამას ცეკას მდივნად ნამუშევარი პრეზიდენტი აღიქვამს, როგორც ვიღაცის მიერ დაგეგმილ ტოტალურ საინფორმაციო შეტევას ხელისუფლებაზე.

თავისუფალი მედიის („60 წუთი“ ამ შემთხვევაში ლაკმუსის ქაღალდის როლს ასრულებს) სიძულვილი ტიპური საბჭოური სტერეოტიპია. თავისუფალი მედია ხომ არ გაძლევს მოსვენებას და ყოველდღიურად ახალ პრობლემას „გაჩეჩებს“. ამით იგი გინგრევს თვითკმაყოფილებისა და სიმაძღრის აურას და გაიძულებს შენვე (და არა ცეკამ ან პრეზიდენტის კანცელარიამ) იზრუნო შენსავე ხვალინდელ დღეზე.

კაგებეური რიტორიკის ნაწილია ფრაზა – რა მნიშვნელობა აქვს, შენ უკან კაგებე იდგება თუ ცერეუ (იხ. სტერეოტიპი გეოპოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე) – რა გულისხმობს „ჰომო სოვეტიკუსის“ ეჭვს, რომ თავისუფალი მედიის უკან სწორედ ცერეუ ან „მოსადი“ დგას. თან ცეკას მდივნად ნამუშევარი პრეზიდენტიც აქვეა თავისი ფრაზით: „გაივსო საქართველო უცხო ქვეყნის აგენტურით“. და თუ მართლაც გაივსო, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი, თუ არა ისევ ცეკას მდივნად ნამუშევარი პრეზიდენტი?

ტესტი საკუთარ თავზე

სტერეოტიპების ჩამოთვლა კიდევ შეიძლება, მაგრამ ვითარების საილუსტრაციოდ ზემოთ მოყვანილიც საკმარისია. ახლა დადგა დრო, ამ სტერეოტიპების მიხედვით საკუთარი თავი შევაფასოთ.

თუ ამ სტერეოტიპებიდან ყველას იზიარებთ, თქვენ, შესაძლოა, იგორ გიორგაძის ადგილსამყოფელიც კი იცოდეთ.

თუ სიმპათია არგუმენტების საკმაოდ დიდ ნაწილზე გებადებათ, მაშინ პანტელეიმონ გიორგაძის პარტიის წევრობა თქვენი გაქანების მაქსიმუმია.

თუ მოყვანილი ფრაზებიდან ზოგიერთს იზიარებთ და თანაც ერთმანეთთან ლოგიკური კავშირის მოძებნა გიჭირთ, გაქვთ შანსი, 2003 წლის არჩევნებში ან მოქალაქეთა კავშირის სიით იყაროთ კენჭი, ან „აღორძინების“.

თუ არცერთი სტერეოტიპი არ არყევს თქვენში დემოკრატიისადმი რწმენას, თქვენ მშვიდი ძილის უფლება ნამდვილად არ გაქვთ: ასეთ უუნარო მთავრობას და რუსეთის მიერ კიდევ ერთხელ დაკაბალებას თქვენ ნამდვილად არ იმსახურებთ.

„რეზონანსი“, 2001 წლის 15 იანვარი

ჩანაწერი აღებულია ზურაბ ჭიაბერაშვილის წიგნიდან „დამოუკიდებელი საქართველო ვარდების რევოლუციამდე“.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin