

Forbes Georgia
როგორ გამდიდრდა ავსტრია?

ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლით ავსტრია მსოფლიოში მე-13 ადგილზეა. ავსტრიის მოქალაქეს წელიწადში საშუალოდ 58,000 აშშ დოლარის შემოსავალი აქვს. მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) გათვალისწინებით, ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 74,000 დოლარია. ავსტრიის ტერიტორია 84 კვადრატული კილომეტრია (საქართველოზე 20%-ით მეტი), თუმცა ქვეყანაში 9 მლნ ადამიანი ცხოვრობს და მისი ეკონომიკა 534 მილიარდი დოლარია.
ავსტრიის რესპუბლიკა 1918 წლიდან, ავსტრია-უნგრეთის მონარქიის დაშლის შემდეგ არსებობს. ამ დროს ავსტრია ძალიან იყო დაზარალებული პირველი მსოფლიო ომის გამო. ამ დროს ავსტრიის ეკონომიკა ძირითადად აგრარული სექტორი და მცირე მრეწველობა იყო. 1919 წლიდან ავსტრიაში მაღალი ინფლაცია დაიწყო, ავსტრიული კრონა სწრაფად კარგავდა მსყიდველობით უნარს. 1922 წელს ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად ავსტრიას სესხი გამოუყო ერთა ლიგამ. 1925 წელს ნდობადაკარგული კრონა ავსტრიამ შილინგით ჩაანაცვლა, რომელიც 2002 წლამდე იყო ავსტრიის ეროვნული ვალუტა. 10 ათასი კრონა გადაიცვალა 1 შილინგში.
1925-1929 წლებში ავსტრიაში ეკონომიკური სიტუაცია გამოსწორდა და ეკონომიკამ ზრდა დაიწყო. თუმცა 1929 წელს მსოფლიო ფინანსური კრიზისი დაიწყო („დიდი დეპრესია“), რომელმაც ავსტრიაც მნიშვნელოვნად დააზარალა. 1934 წელს ავსტრიაში სამოქალაქო ომი იყო. ქვეყნის ეკონომიკურად და პოლიტიკურად დასუსტების შედეგად 1938 წელს ხელისუფლებაში ავსტრიელი ნაცისტები მოვიდნენ და ავსტრია ნაცისტურ გერმანიასთან გაერთიანდა (ანშლუსი). ავსტრიაში დაბადებული ადოლფ ჰიტლერი მიიჩნევდა, რომ მისი სამშობლოს ადგილი დიდ გერმანულ რაიხში იყო.
მე-2 მსოფლიო ომში ავსტრიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. 1945-1955 წლებში ავსტრია მოკავშირეების ოკუპაციის ქვეშ მოექცა და ქვეყანაში მათი ჯარები განთავსდა. 1955 წლის 26 ოქტომბერს მოკავშირეების ჯარებმა ქვეყანა დატოვა და ავსტრიის დამოუკიდებლობა აღდგა, თუმცა მას ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, რომელსაც დღემდე იცავს. ამავე წელს ავსტრია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ევროპის საბჭოს წევრი გახდა.
1948-1952 წლებში ავსტრიამ ეკონომიკის აღსადგენად აშშ-სგან „მარშალის გეგმის“ ფარგლებში 678 მლნ დოლარის დახმარება მიიღო. ამავე დროს ავსტრია ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (დღევანდელი OECD) გაერთიანდა. „მარშალის გეგმით“ მიღებული ფული ავსტრიამ მრეწველობის, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენაზე დახარჯა.
ავსტრიის ეკონომიკის სწრაფი ზრდა 1955 წლის შემდეგ დაიწყო და 1950-იანი წლების ბოლოს და 1960-იან წლებში მისი ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 5%-ით იზრდებოდა. ეკონომიკური ბუმი 1973 წელს დაწყებულმა „სანავთობო შოკმა“ შეაჩერა, რომელიც 1979 წელსაც განმეორდა. 1980 წლიდან ავსტრიის ეკონომიკის ზრდის ტემპი შენელებული იყო (საშუალო ზრდის ტემპი 2.3%), მაგრამ 2009 წლამდე კლება არცერთ წელს აღარ ჰქონია.
ავსტრიის ეკონომიკური განვითარება დაეფუძნა „სოციალურ თანამშრომლობას“, რაც მთავრობის, დამსაქმებლებისა და დასაქმებულების მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობდა. ამ მიდგომამ ბიზნესს და სამუშაო ძალას შორის სერიოზული კონფლიქტების არსებობა გამორიცხა და ეკონომიკური განვითარებისთვის მდგრადი გარემო შეიქმნა. 1950-1960-იან წლებში ავსტრია ორიენტირებული იყო მანუფაქტურისა და მრეწველობის სექტორის განვითარებაზე, რაც სწრაფად ქმნიდა სამუშაო ადგილებს და ზრდიდა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს.
ქვეყნის ეკონომიკა „თავისუფალი ბაზრის“ პრინციპზე მოეწყო, თუმცა შემუშავდა ძლიერი სოციალური დაცვის მექანიზმები. აქედან გამომდინარე, ეკონომიკურ პროგრესს ქვეყნის მთელი მოსახლეობა გრძნობდა.
ავსტრია განათლების დონით და მეცნიერებით არც მე-2 მსოფლიო ომამდე ჩამორჩებოდა მნიშვნელოვნად დასავლეთ ევროპას. შესაბამისად, განათლებული კვალიფიციური სამუშაო ძალა დიდ როლს თამაშობდა ავსტრიის ეკონომიკურ განვითარებაში. ავსტრიაში ქარხნები აქვს გახსნილი ისეთ დიდ კომპანიებს, როგორიცაა BMW და „სიმენსი“.
1995 წელს ავსტრია ევროკავშირის წევრი გახდა, რის შედეგადაც მის პროდუქციას სრული წვდომა მიეცა დამატებით 300 მლნ მომხმარებელზე. ავსტრიული შილინგი ევროთი 2002 წელს ჩანაცვლდა.
ავსტრია მიმზიდველია ტურისტებისთვის. წელიწადში 30 მლნ ტურისტზე მეტი ჩადის, რასაც ქვეყნისთვის 20 მილიარდ დოლარამდე შემოსავალი მოაქვს. ქვეყანა გამორჩეულია ღირსშესანიშნავი ადგილებით, კულტურული ღონისძიებებით და ზამთრის კურორტებით.
დღეს ავსტრიის ეკონომიკის 69% მომსახურების სექტორზე მოდის, 29% – მრეწველობაზე, ხოლო 2% – სოფლის მეურნეობაზე. გამორჩეულია მმართველობითი ინსტიტუტების განვითარებით და განათლების დონით. დემოკრატიით, საკუთრების დაცვით და დაბალი კორუფციით მსოფლიოს ტოპ-20 ქვეყანაში შედის. ავსტრიაში დღეს უკიდურეს სიღარიბეში არავინ ცხოვრობს.
რომ შევაჯამოთ, ავსტრიის სიმდიდრის მთავარი მიზეზები გამართული მმართველობითი ინსტიტუტები, მდებარეობა, კვალიფიციური სამუშაო ძალა და პოლიტიკური სტაბილურობაა.
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა


მარკ ცუკერბერგის ქონება ერთ დღეში $28.4 მილიარდით გაიზარდა

აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფები ძალაში დღეიდან შედის | განახლებული სია

მცდელობა, ძიება და შრომა აუცილებლად მოიტანს წარმატებას – დავით ეგოიანი, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი

ნიკორა ტრეიდის 120 მლნ ლარის ობლიგაციების პროგრამა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, სრულად განთავსდა
