"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

როგორ გამდიდრდა დანია?

2 (15)

ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლით დანია მსოფლიოში მე-8 ადგილზეა. დანიის მოქალაქეს წელიწადში საშუალოდ 75,000 აშშ დოლარის შემოსავალი აქვს. ქვეყნის ფართობი 43 ათასი კვადრატული კილომეტრია, რაც საქართველოს ტერიტორიაზე 24%-ით მცირეა. თუმცა დანიის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 412 მილიარდი დოლარია, საქართველოს მშპ-ზე 12-ჯერ მეტი. დანიაში 6 მლნ ადამიანი ცხოვრობს.

დანიის ეკონომიკური განვითარება ხანგრძლივი პროცესის შედეგია. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ქვეყნის ეკონომიკა ფაქტობრივად უწყვეტად იზრდებოდა. მის განვითარებაში არ არის ისეთი სწრაფი ეკონომიკური ზრდის ათწლეულები, რასაც შეიძლება „ეკონომიკური სასწაული“ ვუწოდოთ.

პირველ რიგში, დანიას გაუმართლა, რომ ევროპის ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს და მე-16 საუკუნიდან მოყოლებული, მისი მეზობლები ისეთი სწრაფად განვითარებადი ქვეყნები იყვნენ, როგორიც ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთია. თუმცა დანიას უხდებოდა ტერიტორიების დაცვა და მისი ფართობი ბევრჯერ შეიცვალა. დღევანდელი სახელმწიფო საზღვრები 1944 წლიდან მოქმედებს. დანიის სამეფოში დანიის გარდა ფარერის კუნძულები და გრენლანდია შედის.

მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში დანიის ეკონომიკა ძირითადად სოფლის მეურნეობასა და მეთევზეობაზე იყო დამოკიდებული. სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, დანია უფრო გვიანობამდე იყო სოფლის მეურნეობის იმედზე. დანიის სოფლის მეურნეობაში სამუშაო ძალის 2/3 იყო ჩართული და ეკონომიკის 1/5 წილს ქმნიდა, მაგრამ ქვეყნის ექსპორტის 80% სოფლის მეურნეობის ნაწარმზე მოდიოდა.

პირველი მსოფლიო ომის დროს დანიას ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი ჰქონდა და აქედან გამომდინარე ომისგან ზიანის მიყენებას გადაურჩა. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიამ დანიის ოკუპაცია მოახდინა, თუმცა გერმანია ქვეყანას წარმოებისთვის იყენებდა. დეოკუპაციის შემდეგ „მარშალის გეგმის“ ფარგლებში დანიამ მნიშვნელოვანი დახმარება მიიღო ამერიკის შეერთებული შტატებისგან.

დანიაში მრეწველობაში დასაქმებულთა რაოდენობამ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობას პირველად 1950-იან წლებში გადააჭარბა. მისი მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით დანიაში სწრაფი ინდუსტრიალიზაცია არ მომხდარა, თანდათანობით გადაერთო. 1950 წლებში, როდესაც ევროპის ეკონომიკური რენესანსი იყო, დანიის ეკონომიკა შედარებით ნელა იზრდებოდა სოფლის მეურნეობაზე მაღალი დამოკიდებულების გამო.

1957 წლიდან დანია ვაჭრობის ლიბერალიზაციასა და პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციებს იწყებს. პირველი იყო ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (დღევანდელი OECD) გაწევრიანება, რაც ძალიან დაეხმარა სავაჭრო ბაზრების გახსნაში და კაპიტალის მოზიდვაში. მრეწველობის წილი ექსპორტში გაორმაგდა. 1960 წელს დანია ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შეუერთდა, 1961 წელს – ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობას, 1973 წელს კი ევროკავშირში გაერთიანდა. თუმცა მოგვიანებით დანია არ შეუერთდა ევროზონას და ევრო არ მიიღო საკუთარ ვალუტად. დღემდე ეროვნული ვალუტა დანიური კრონაა.

დანია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) დამფუძნებელი წევრია და, შესაბამისად, 1949 წლიდან არის მასში გაერთიანებული.

1960-იანი წლებიდან დანიამ სკანდინავიური ქვეყნებისთვის დამახასიათებელი „კეთილდღეობის სახელმწიფოს“ შექმნა დაიწყო, თუმცა საწყის წლებში განათლების, ჯანდაცვისა და სხვა სახის დახმარებები მხოლოდ ღარიბი მოსახლეობისკენ იყო მიმართული. გაიზარდა საჯარო მმართველობის სექტორი.

1970 წლებიდან დანიის ეკონომიკა სულ უფრო ხდება მომსახურების სექტორზე დამოკიდებული. ფაქტობრივად, სოფლის მეურნეობიდან მომსახურების ეკონომიკაზე ინდუსტრიალიზაციის ეტაპის გარეშე გადავიდა. დღეს დანიის ეკონომიკაში სოფლის მეურნეობას (მეთევზეობის ჩათვლით) – 4.5%, მრეწველობას – 19.1%, ხოლო მომსახურებას 76.4% უჭირავს.

1970-იან და 1990-იან წლებში დანიამ ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის მარაგები აღმოაჩინა და დღეს 37-ე ადგილზეა მსოფლიოში ნავთობის ექსპორტით. წელიწადში დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის ნავთობს მოიპოვებს. აქტიურად იყენებს ქარის ენერგიას. შიდა ენერგომოხმარების 53% ქარის ელექტროსადგურებზე მოდის.

დანია გამოირჩევა მაღალკვალიფიციური, განათლებული სამუშაო ძალით, მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარებით. ცნობილი დანიური ბრენდებია „ლეგო“, „პანდორა“, „ეკო“, „სტიმოროლი“, „კარლსბეგი“, „ნოვო ნორდიკი“ და სხვა.

ბოლო წლებში დანიის ეკონომის ზრდაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა კომპანია „ნოვო ნორდიკმა“, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 300 მილიარდ დოლარზე მეტია და ევროპაში მე-2 ადგილზეა. 2024 წელს „ნოვო ნორდიკმა“ 290 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. კომპანია ფარმაცევტულ პროდუქციას აწარმოებს და ძირითადად დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების წარმოებით გამოირჩევა.

მიუხედავად იმისა, რომ დანიაში გადასახადები გაიზარდა (საგადასახადო ტვირთი ეკონომიკის მიმართ 32%-მდეა), ის შედარებით მსუბუქი რეგულაციებით ბალანსდება. ეკონომიკის თავისუფლების ინდექსში დანია მაღალ პოზიციაზეა, მე-7 ადგილი უჭირავს და ევროპიდან მასზე წინ მხოლოდ შვეიცარია, ირლანდია და ლუქსემბურგია. დანია გამოირჩევა ღია ბაზრებით, ბიზნესის თავისუფლებით, ფისკალური სტაბილურობით, კარგად დაცული საკუთრების უფლებებით, სამართლიანი სასამართლოთი და დაბალი კორუფციით.

გააზიარე