"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

როგორ გამდიდრდა იაპონია?

როგორ გამდიდრდა იაპონია?

იაპონია ეკონომიკის სიდიდით მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

იაპონელები წელიწადში 5 ტრილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელს და მომსახურებას ქმნიან, ჩამორჩებიან მხოლოდ აშშ-ს და ჩინეთს. ქვეყანაში 126 მლნ ადამიანი ცხოვრობს. ერთი მოქალაქის საშუალო წლიური შემოსავალი 44 000 აშშ დოლარია. ამ მაჩვენებლით მსოლფიოში 24-ე ადგილზეა და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, საუდის არაბეთი და სხვა. ქვეყანაში რომ მაღალი კეთილდღეობაა, ისიც მოწმობს, რომ იაპონელები სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით (84 წელი) პირველ ადგილზე არიან მსოფლიოში.

იაპონიის სწრაფი ეკონომიკური განვითარება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო. 1945 წელს ის იყო ომში დამარცხებული, დაბომბილი, დემორალიზებული, ეკონომკურ კრიზისში მყოფი ქვეყანა, რომლის სამუშაო ძალის ნახევარი სოფლის მეურნეობაში იყო დასაქმებული.

1950-1973 წლებში იაპონიის ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 9.2%-ით იზრდებოდა, რასაც მოგვიანებით “იაპონიის ეკონომიკური სასწაული” უწოდეს. ასეთი მაღალ ზრდის ტემპში ყველაზე დიდი წვლილი ტექნოლოგიურ პროგრესს შეჰქონდა. 1970 წელს იაპონიის ეკონომიკა სიდიდით მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩებოდა, გადაასწრო საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს.

1945-1952 წლებში იაპონია აშშ-ის ოკუპაციის ქვეშ იყო. ქვეყნის დე ფაქტო მმართველი ამერიკელი გენერალი მაკარტური იყო, რომელმაც დიდი როლი ითამაშა იაპონიის სახელმწიფო და ეკონომიკის აღდგენაში. პირველ რიგში, დაიწყო მსხვილი კონგლომერატების, ე.წ. “ზაიბაცუების” დაშლა, რომლებიც გარკვეული ფეოდალური გადმონაშთები იყო. სასოფლო-სამეურნეო მიწების ორ-მესამედს „ლენდლორდები“ ფლობდნენ, რომლებიც აიძულეს მცირე მიწებად გაეყიდათ გლეხებზე.

აშშ-ს მიზანი იაპონიის დემილიტარიზაცია და დემოკრატიზაცია იყო. იმპერატორის უფლებები მაქსიმალურად შეიზღუდა. მთავრობას პასუხისმგებლობა დაეკისრა არჩეული ეროვნული პარლამენტის წინაშე და არა იმპერატორის. 1952 წელს აშშ-მა იაპონიის ოკუპაცია შეწყვიტა.

1949 წელს იაპონიამ მონეტარული რეფორმა გაატარა, ინფლაცია შეამცირა, იენი კი ფიქსირებული კურსით დოლარს მიაბა, რომელიც 1973 წლამდე შენარჩუნდა. დაბალინფლაციური მყარი ვალუტა ეკონომიკური წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო.

იაპონიის ეკონომიკას ძალიან დაეხმა 1950-1953 წლების კორეის ომი. იაპონია იყო აშშ-ის მოკავშირე, რომელიც ომში სამხრეთ კორეას ეხმარებოდა. აშშ პროდუქციას იაპონიისგან ყიდულობდა. ქვეყნის ექსპორტი 70%-ით გაზაირდა. ასევე, რადგან იაპონიისგან აშშ ტექნიკას ყიდულობდა, ბევრმა დასავლურმა კომპანიამ იაპონიაში დაიწყო ინვესტიციების ჩადება, რასაც ტექნოლოგიების შედინებაც მოჰყვა. მანამდე იაპონია ტექნოლოგიური განვითარებით აშშ-ს და ევროპას მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა.

იაპონია არ იყო გამორჩეული გამომგონებლობით და საკუთარი, ახალი ტექნოლოგიების შექმნით. ის სხვა ქვეყნებიდან შემოსულ ტექნოლოგიებზე აწყობდა წარმოებას და ზოგ შემთხვევაში, იმაზე უკეთეს შედეგებს დებდა, ვიდრე ტექნოლოგიების შექმნელ ქვეყნებს ჰქონდათ. ამასთან, დასავლეთისგან დემილიტარიზაციის მოთხოვნა, იაპონიას ემხარებოდა თავისი რესურსები საყოფაცხოვრებო ტექნიკის და სატრანსპორტო საშუალებების წარმოებაში მიემართა.

არ გვექნებოდა იაპონური სასწაული, რომ არა იაპონელი ხალხის მენტალობა. ეს იყო და არის შრომისმოყვარე, მაღალი სამუშაო დისციპლინის მქონე ხალხი. მათთვის პატიოსნად, კარგად მუშაობა ღირსების საქმეა. განსაკუთრებული ღირსეული დამოკიდებულებაა მაღალი რანგის მენეჯერებსა და დაბალი რგოლის მუშებს შორისაც კი. იაპონიაში დამსაქმებლები დასაქმებულებს ხშირად სიცოცხლის ბოლომდე კონტრაქტებს უფორმებენ. დასაქმებულები კომპანიას თავის ოჯახად აღიქვამენ. გარანტირებული სამუშაო კი არ აზარმაცებთ, პირიქით, შრომის სურვილს და უნარს მატებთ.

იაპონელები გამოირჩევიან ფულის დაზოგვის უნარით. 1940-იანი წლების ბოლოს და 1950-იან წლებშიც კი, როდესაც ჯერ ისევ სიღარიბეში ცხოვრობდნენ, ახერხებდნენ შემოსავლის მეხუთედი მაინც დაეზოგათ. დანაზოგებს კომერციულ ბანკებში ან კომპანიების ფასიან ქაღალდებში დებდნენ, რაც შიდა ინვესტირებას ზრდიდა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას აჩქარებდა. 1949 წლიდან უწყვეტად ფუნქციონირებს ტოკიოს საფონდო ბირჟა, რომელიც კაპიტალიზაციის (5.7 ტრილიონი დოლარი) მიხედვით, ნიუ-იორკის და ნასდაქის შემდეგ მესამეა მსოფლიოში.

დღეს იაპონიის ეკონომიკის 69% მომსახურების სექტორზე მოდის, 30%-მდე მრეწველობაზე და მხოლოდ 1.2% სოფლის მეურნეობაზე. ეკონომიკურმა სასწაულმა სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები მრეწველობაში და მომსახურების სექტორში გადმოიყვანა. ბუნებრივია, ეს შედეგი განათლების დონის ზრდის გარეშე არ დადგებოდა. 1950-იანი წლებიდან ყველა იაპონელი სწავლობდა სკოლაში. გაიზარდა უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის წილი. პოპულარული იყო ტექნოლოგიური მიმართულებები, რადგან აქ მეტი შანსი იყო დასაქმების.

საბოლოო ჯამში, იაპონიამ მართლა სასწაული შეძლო, პოლიტიკურად და ეკონომიკურად გაკოტრებული ქვეყანა 25 წელიწადში მსოფლიოს რიგით მეორე ეკონომიკა გახდა აშშ-ს შემდეგ.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა