როგორ გამდიდრდა ისლანდია?

2 (42)

ისლანდიაში ერთი ადამიანის საშუალო წლიური შემოსავალი 90,000 აშშ დოლარია და ამ მაჩვენებლით ისლანდია მსოფლიოში მე-6 ადგილზეა. მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) გათვალისწინებით ისლანდიელის საშუალო წლიური შემოსავალი 81 ათასი დოლარია და ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მე-13 ადგილზეა.

ისლანდიის ფართობი 103 ათასი კვადრატული კილომეტრია, თუმცა ქვეყანაში მხოლოდ 392 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები სიმჭიდროვის დასახლება აქვს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ბუნებრივი პირობები საკმაოდ მძიმეა, ყინვა -35 გრადუსსას კი აღწევს. ამასთან, ჩვეულებრივი მოვლენაა ძლიერი ქარი. ისლანდიის დედაქალაქი რეიკიავიკი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე დედაქალაქია. ასეთ გეოგრაფიულ არეალში მდებარე კუნძულმა მოახერხა და დღეს მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანაა.

ისლანდია ნატოს წევრია 1949 წლიდან, მაგრამ არ არის ევროკავშირის წევრი. ქვეყანა იმდენად მდიდარია, რომ არ მიაჩნიათ საჭიროდ ევროკავშირში შესვლა. თუმცა ის ევროპის ეკონომიკური ზონის წევრია, რაც ევროკავშირის ბაზარზე თავისუფლად შესვლის შესაძლებლობას აძლევს.

კუნძულ ისლანდიაზე ნორვეგიელებმა დასახლება მე-9 საუკუნეში დაიწყეს. შემდეგ ჩავიდნენ შოტლანდიელები და ირლანდიელები. 930 წელს ისლანდიაში პარლამენტი დაარსდა, რომელსაც ალთინგი ჰქვია და ჩვენამდე მოღწეულ პარლამენტებს შორის უძველესია. 1918 წლამდე ისლანდია ნორვეგიის ან დანიის სამეფოში შედიოდა. თავისუფლებისთვის ბრძოლა მე-19 საუკუნეში დაიწყო და 1944 წლიდან ისლანდია სრულიად დამოუკიდებელია.

მე-20 საუკუნემდე ისლანდიის მოსახლეობა მეცხოველეობასა და თევზჭერაზე იყო დამოკიდებული. შეიძლება ითქვას, კუნძული დიდი სოფელი იყო. მოსახლეობის 96% იყო ფერმერი, დღეს კი ფერმერებზე მოსახლეობის 2% მოდის. ამავე დროს ბოლო საუკუნეში მოსახლეობის რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა. ინდუსტრიალიზაცია ჩრდილო-დასავლეთ ევროპისთვის საკმაოდ გვიან, მე-20 საუკუნეში დაიწყო. პირველ რიგში ინდუსტრიალიზაცია შეეხო თევზსაჭერ გემებს, შემოვიდა საწვავის ძრავიანი გემები. თევზჭერით ისლანდია დღესაც გამორჩეული ქვეყანაა და ამ დარგს მის ექსპორტში დიდი წილი უჭირავს.

მე-20 საუკუნის დასაწყისში იწყებენ ისლანდიაში ელექტროენერგიის გამომუშავებას. ენერგეტიკა ეკონომიკის ძლიერი დარგი გახდა, რადგან ქვეყანას შეუძლია სრულად იყოს უზრუნველყოფილი საკუთარი განახლებადი ელექტროენერგიით. ამავე დროს ელექტროენერგიის მოხმარების დონე მაღალია. მათ შორის, საწარმოებიც ძირითადად ელექტროენერგიაზე მუშაობენ.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1948-1951 წლებში „მარშალის გეგმის“ ფარგლებში ისლანდიამ მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება მიიღო აშშ-სგან. ერთ მოსახლეზე განაწილების მიხედვით ყველაზე მეტი დახმარება აშშ-მა სწორედ ისლანდიას გაუწია. აშშ-ისგან დახმარების მიღება „მარშალის გეგმის“ შემდეგაც გაგრძელდა.

1960 წლამდე ისლანდიას საკმაოდ პროტექციონისტური საგარეო ვაჭრობის რეჟიმი ქონდა, 1961 წლიდან კი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრებთან თანდათანობით ნაკლებად ბარიერებიან და ტარიფებიან ვაჭრობაზე გადავიდა. ვაჭრობის გაფართოების მხრივ მნიშვნელოვანი იყო 1994 წელი, როდესაც ისლანდია ევროპის ეკონომიკურ ზონას შეუერთდა და ევროკავშირის ბაზარზე მისი პროდუქცია ტარიფების გარეშე დაუშვეს.

1980-იან წლებამდე ისლანდიის ეკონომიკა დაბალი ტემპით იზრდებოდა. მთავრობამ რამდენიმეჯერ შეცვალა ეკონომიკური პოლიტიკა, მაგრამ დიდი წარმატება არცერთს არ მოჰყოლია. ქვეყანას განსაკუთრებით მძიმე ტვირთად აწვა მაღალი ინფლაცია, რომლის მოთოკვაც 80-იან წლებში შეძლეს. 90-იანი წლები რთულად დაიწყო ჩრდილოეთ ევროპისთვის. ამ დროს ეკონომიკური ვარდნა იყო შვედეთსა და ფინეთში, სხვა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ტემპები კი შემცირდა. ისლანდიის მთავრობამ კრიზისის საპასუხოდ ეკონომიკის დერეგულაციასა და პრივატიზაციას მიმართა. მოგების გადასახადი 50%-დან 18%-მდე შეამცირეს. მემკვიდრეობის გადასახადი თანდათან შემცირდა და გაუქმდა სიმდიდრის გადასახადი. როგორც აღვნიშნეთ, ამას დაემატა ევროპის ეკონომიკურ ზონასთან მიერთება.

რეფორმების შედეგად ისლანდიის ეკონომიკა 1996-2007 წლებში წლიურად საშუალოდ 5.1%-ით იზრდებოდა. 2007 წელს 9.4%-იანი ზრდაც კი ჰქონდა, რაც მომავალ წლებში მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა შეაჩერა. ისლანდიას 1996-2007 წლების გამო „ნორდიკული ვეფხვი“ უწოდეს. ამ პერიოდში ისლანდიაში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 26,000 დოლარიდან 70,000 დოლარამდე გაიზარდა. 2009-2010 წლებში ისლანდიის ეკონომიკა 10%-ით შემცირდა, თუმცა 2013-2019 წლებში საშუალოდ 3.5%-იან ეკონომიკურ ზრდას დაუბრუნდა, რაც მდიდარი ქვეყნისთვის ნორმალური მაჩვენებელია. პანდემიის გამო, 2020 წელს ეკონომიკა 7%-ით შემცირდა. 2021-2023 წლებში კი საშუალოდ 6.5%-ით იზრდებოდა.

ისლანდიას მნიშვნელოვანი შემოსავალი აქვს ტურიზმიდან. იქ წელიწადში 2 მლნ ტურისტზე მეტი ჩადის, რაც მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყნისთვის საკმაოდ ბევრია. ისლანდიაში შესაძლებელია ნახო ჩრდილოეთის ციალი, გეიზერების მდელო (7000-მდე ცხელი წყლის წყარო), ცისფერი ლაგუნა, მსოფლიოს ყველაზე ფართო ცხელი წყლის მდინარე დეიდარტუნგუვერი, ვულკანები, ჩანჩქერები და ა.შ.

გარდა იმისა, რომ ისლანდიას ჩრდილო-დასავლეთ ევროპისთვის ჩვეული ტექნოლოგიური პროგრესი და მომსახურების სექტორის დომინირება ახასიათებს, ქვეყანა გამორჩეულია ქვეყნის ინსტიტუციური მოწყობით, რაც ეკონომიკური განვითარების საფუძველია. დემოკრატიის დონით მსოფლიოში მე-4 ადგილზეა, კორუფციისგან თავისუფლებით მე-10 ადგილზეა, ეკონომიკური თავისუფლებით მე-18 ადგილზეა.

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა