"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

როგორ გამდიდრდა ისრაელი?

2 (56)

ისრაელში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 53 000 აშშ დოლარია და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში მე-19 ადგილზეა. უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: საფრანგეთი, იაპონია, იტალია, ესპანეთი და ა.შ. ისრაელის შემოსავლები ყოველ წელს იზრდება. ისრაელის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 500 მილიარდ დოლარზე მეტია. საკმაოდ მაღალია ისრაელის მოსახლეობის რაოდენობის ზრდის ტემპი, წელიწადში საშუალოდ 2%-ით მატულობს. მოსახლეობის მატების მიუხედავად, ისრაელში ერთ მოსახლეზე შემოსავალი წლიდან წლამდე იზრდება. აშშ დოლარში გამოხატული ერთ მოსახლეზე შემოსავალი ბოლო 30 წელიწადში 3-ჯერ გაიზარდა. ამავე პერიოდში ქვეყნის მოსახლეობის რიცხვი გაორმაგდა და 10 მილიონს მიუახლოვდა. ისრაელის ეკონომიკურ განვითარებას ისიც ხდის საინტერესოს, რომ ქვეყანა, ფაქტობრივად, სულ საომარ მდგომარეობაშია.

ისრაელის განვითრაების ისტორიას მე-19 საუკუნის ბოლოდან დავიწყებთ, როდესაც ოსმალეთის იმპერიაში შემავალ პალესტინაში, ებრაელებმა დასახლება დაიწყეს. პირველი დასახლებების ძირითადი საქმიანობა სოფლის მეურნეობა იყო. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პალესტინა დიდი ბრიტანეთის გავლენის ქვეშ გადავიდა, რომელსაც მოჰყვა “ებრაელი ხალხისთვის, ეროვნული კერის“ შექმნის გადაწყვეტილება. ამ დროს პალესტინაში სულ 60 ათასამდე ებრაელი ცხოვრობდა.

1922-1947 წლებში, 100 ათასობით ებრაელი ემიგრანტი ჩავიდა პალესტინაში, ჩაჰქონდათ კაპიტალი და ხელს უწყობდნენ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას. აღნიშნულ წლებში პალესტინის ებრაული ნაწილის ეკონომიკა, წლიურად საშუალოდ 13%-ით იზრდებოდა, მოსახლეობამ კი 630 ათასს მიაღწია. ებრაელ ხალხთა დასახლებამ ერთ მოსახლეზე შემოსავლით 2.5-ჯერ გაუსწრო პალესტინის არაბულ ნაწილს.

მეორე მსოფლიო ომამდე დღევანდელი ისრაელი ძირითადად სოფლის მეურნეობით გამოირჩეოდა, მაგრამ ომის დროს თანდათან ბრიტანეთისთვის სხვადასხვა საქონლის მიმწოდებელი გახდა, რამაც ინდუსტრიის განვითარებას შეუწყო ხელი.

1947 წელს, გაერომ პალესტინა ორად გაყო – ებრაულ და არაბულ ნაწილებად. 1948 წელს ისრაელმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც მეზობელ არაბულ სახელმწიფოებთან ომის დაწყება მოჰყვა. არაბულმა სახელმწიფოებმა არ ცნეს ისრაელის დამოუკიდებლობა. ისრაელმა შეძლო თავის დაცვა, თუმცა კონფლიქტები დღემდე გრძელდება. 1949 წელს ისრაელი გაეროში მიიღეს.

1950-იანი წლებიდან ისრაელში მიგრანტთა მასობრივი დაბრუნება განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ ნაწილს კაპიტალიც ჩამოჰქონდა, ნაწილი ღარიბი იყო და მთავრობას უხდებოდა დროებითი საცხოვრებლები გამოეყო. ემიგრანტებისთვის მუდმივი საცხოვრებლის და სამუშაო ადგილების უზრუნველყოფა თანდათანობით მოგვარდა. მთავრობამ მოხსნა 1940-იან წლებში დაწესებული ფასების კონტროლი, რომელიც ინფლაციის შესაკავებლად დააწესა. 1950-1965 წლებში ისრაელის ეკონომიკა წელიწადში საშუალოდ 11%-ით იზრდებოდა. ასეთ მაღალ ზრდას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: აშშ-ის დახმარებები და სესხები, გერმანიის მიერ გადახდილი კომპენსაციები, ისრაელის სახელმწიფო ობლიგაციების საზღვარგარეთ გაყიდვა და სხვადასხვა ქვეყნიდან ებრაელი ემიგრანტების მიერ გადმორიცხული ტრანსფერები. კაპიტალის ასეთმა მაღალმა შემოდინებამ მასობრივი საინვესტიციო პროექტების განხორციელება გახადა შესაძლებელი. თანხის ინვესტირება ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდებოდა.

1967-1973 წლებში ისრაელი რამდენიმე ომში იყო ჩართული, მომდევნო წლებში კი ეკონომიკა ისევ ზრდას დაუბრუნდა. ემიგრანტების დაბრუნება გრძელდებოდა, თუმცა ისეთი რაოდენობით აღარ, როგორც დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ წლებში. მასიური დაბრუნება მოხდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც ემიგრანტებს ისრაელში დაბრუნების უფლება მიეცათ. 1990-იან წლებში მილიონზე მეტი ემიგრანტი გადავიდა ისრაელში საცხოვრებლად. ემიგრანტების დაბრუნებას კაპიტალთან და გამოცდილებასთან ერთად, სამშენებლო სექტორის ბუმი მოჰყვა. 2000-იანების დასაწყისში, ისრაელში მცხოვრები ყოველი მე-5 ადამიანი, საბჭოთა კავშირიდან დაბრუნებული ემიგრანტი იყო, რომლებიც სამუშაო გამოცდილებით გამოირჩეოდნენ (განსხვავებით მანამდე დაბრუნებული მიგრანტების ნაწილისგან) და მარტივად ჩაერთნენ ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა სფეროში.

1970-იანი წლებიდან, ისრაელის ეკონომიკის მთავარი წამყვანი დარგი მომსახურება გახდა, ვაჭრობით, ფინანსებით, განათლებით, ჯანდაცვით და ა.შ. მრეწველობაზე ეკონომიკის მეოთხედი მოდიოდა, თუმცა ხდებოდა შიდა განახლება, დაბალტექნოლოგიური დარგები თანდათან მაღალტექნოლოგიურით ჩანაცვლდა, განსაკუთრებით ელექტროტექნიკით.

1940 წლებიდან, მთავრობა საკმაოდ ერეოდა ქვეყნის ეკონომიკაში. 1970-იანი წლებიდან, კი თანდათან მთავრობის როლის შემცირება დაიწყო. 1975 წლიდან, ისრაელმა გამარტივებული ვაჭრობა დაიწყო ევროკავშირთან, 1985 წელს კი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმა აშშ-სთან. 1977 წლიდან, ისრაელი ვალუტის ფიქსირებული კურსიდან მცურავ კურსზე გადავიდა და კაპიტალის მოძრაობაზე შეზღუდვები მოხსნა დაიწყო. 1980-იანი წლების მაღალი ინფლაციის გამო კაპიტალის მოძრაობის ლიბერალიზაცია ნელი ტემპით ხორციელდებოდა.

2000-იანი წლებიდან, ისრაელმა პრიორიტეტი ცალსახად ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას მიანიჭა. მოთხოვნა გაიზარდა მაღალკვალიფიციურ კადრებზე. უნივერსიტეტებში განათლების დონე, განსაკუთრებით ტექნოლოგიური მიმართულებით მნიშვნელოვნად ამაღლდა. დასაქმებულთა შორის მაღალკვალიფიციური შრომის წილით, ისრაელი მსოფლიოში დღესაც გამორჩეულია და მსოფლიოს ტოპ-10 ქვეყანაში ხვდება. მაღალტექნოლოგიური სტარტაპების რაოდენობით ისრაელი მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება. მნიშვნელოვანია, რომ ისრაელში ფილიალები აქვთ: “მაიკროსოფტს“, “ინტელს“, “გუგლს“, “ეფლს“, “ფეისბუქს“ და ა.შ.

2023 წლის ოქტომბერში “ჰამასის“ მიერ ისრაელში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს ისრაელის მორიგ ხანგრძლივ ომში ჩართვა მოჰყვა. თუმცა, 2023 წელს ისრაელის ეკონომიკა 2%-ით გაიზარდა, ხოლო 2024 წელს 1%-ით.

გააზიარე