როგორ გამდიდრდა „კარფური“?

Web (1)

2024 წელს ტრანსნაციონალურმა კომპანია „კარფურმა“ 94 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი 2.2 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანიის აქტივები – 57 მილიარდი დოლარი, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 12 მილიარდი დოლარია. მსოფლიო მასშტაბით 325 ათასამდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული 15,200 მაღაზიაში. დასაქმებულთა რაოდენობით კომპანია მსოფლიოში 50-ე ადგილზეა. 2000-იან წლებში „კარფური“ მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიან 30 კომპანიაში შედიოდა. 2009 წლის მსოფლიო კრიზისის შემდეგ პოზიციები დათმო, თუმცა დღეს მსოფლიოში შემოსავლების მიხედვით 88-ე ადგილზეა, რაც მაინც მაღალი პოზიციაა. ფრანგულ კომპანიებს შორის მეოთხეა შემოსავლით. თუ მხოლოდ საცალო ვაჭრობის სექტორს ვნახავთ, შემოსავლის მიხედვით მსოფლიოში მე-13 ადგილზეა.

„კარფურის“ პირველი მაღაზია, 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე 1960 წელს საფრანგეთში, ანსის გარეუბანში გაიხსნა. მაღაზია გზაჯვარედინთან მდებარეობდა და სახელი „კარფური“, რომელიც ფრანგულად გზაჯვარედინს ნიშნავს, სწორედ ამიტომ დაერქვა. კომპანიის დამაარსებლები მარსელ ფურნიე, დენი დეფორე და ჟაკ დეფორე არიან, რომლებიც 1958 წლიდან თანამშრომლობდნენ. მათ აშშ-ში საცალო ვაჭრობასთან დაკავშირებული სემინარები ჰქონდათ მოსმენილი.

„კარფურის“ პირველი ჰიპერმარკეტი პარიზთან ახლოს, პატარა ქალაქ სენტ-ჟენევიევ-დე-ბუაში გაიხსნა 1963 წელს. ეს იყო პირველი მაღაზია ევროპაში, სადაც სხვადასხვა განყოფილების მაღაზიები ერთ ჭერქვეშ იყო განლაგებული. მაღაზია 2,500 კვადრატულ მეტრზე განთავსდა. 400 მანქანაზე გათვლილი უფასო პარკინგიც ჰქონდა. ერთ სივრცეში განლაგებული ფართო ასორტიმენტი მაღაზიის ფიქსირებულ ხარჯებს ამცირებდა და პროდუქციის შედარებით იაფად გაყიდვის საშუალებას იძლეოდა. შესაბამისად, ვაჭრობა კარგად მიდიოდა.

1973 წელს „კარფურმა“ პირველი მაღაზია საფრანგეთს გარეთ, ბელგიაში გახსნა. ბელგიას მოჰყვა იტალია და ესპანეთი. 1975 წელს კი „კარფური“ ბრაზილიაში გაიხსნა.

1976 წელს „კარფურმა“ საკუთარი პროდუქციის წარმოებაც დაიწყო. პირველ ეტაპზე ეს იყო ზეთი, რძე, მაკარონი და ნამცხვრები. საკუთარ პროდუქციას მარტივ, თეთრ შეფუთვაში ათავსებდა, ბრენდირების გარეშე. ამ გზით ხარჯებს ზოგავდა და პროდუქციას კიდევ უფრო იაფად აწვდიდა მომხმარებელს.

1981 წელს „კარფურმა“ „პას-ბარათი“ გამოუშვა, რომელიც ერთდროულად იყო საკრედიტო და ქულების დაგროვების ბარათი. სამ წელიწადში ბარათი უკვე 200 ათასზე მეტ მომხმარებელს ჰქონდა.

რადგან საფრანგეთის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა გარკვეულწილად „კარფურის“ ზრდას ზღუდავდა, კომპანია საერთაშორისო ბაზრებით კიდევ უფრო დაინტერესდა. 1982 წელს არგენტინაში გახსნა მაღაზიები, 1989 წელს ტაივანში, 1990 წელს კი აშშ-ში, ფილადელფიაში.

1992 წლიდან „კარფურმა“ მაღალი ხარისხის ორგანული პროდუქტების წარმოება და გაყიდვა დაიწყო, რომლებიც „ბიოს“ ნიშნის ქვეშ გაერთიანდა.

1990-იანი წლებიდან „კარფური“ პოსტსოციალისტური ბლოკის ქვეყნებში შედის, მათ შორის – ჩინეთში.

1999 წელს კომპანიამ სუპერმარკეტების ქსელი „პრომოდისი“ შეიერთა (16 მილიარდ დოლარად) და „ვოლმარტის“ შემდეგ სიდიდით მეორე სუპერმარკეტების ქსელი გახდა. უკვე 9,000 მაღაზია ჰქონდა და 240 ათას ადამიანს ასაქმებდა.

2000 წლიდან „კარფურმა“ ონლაინმაღაზიის განვითარება დაიწყო, სადაც თავიდან 6 ათასამდე პროდუქტი განათავსა.

2005 წლიდან კომპანიამ სხვადასხვა ქვეყანაში უკვე არსებული სუპერმარკეტების შესყიდვა დაიწყო. ამ დროს კომპანიის შემოსავალი 94 მილიარდი დოლარი იყო. კომპანიის შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს – 130 მილიარდ დოლარს 2008 წელს მიაღწია, შემდეგ კი შემოსავლებმა კლება დაიწყო. 2012 წლიდან მისი შემოსავლები 80-100 მილიარდ დოლარს შორის მერყეობს. შემოსავლების კლება გარკვეულწილად კონკურენციის ზრდამ განაპირობა.

„კარფური“ საქართველოში 2012 წელს შემოვიდა და წლიდან წლამდე მისი მაღაზიების ქსელი იზრდება. 2024 წელს საქართველოში „კარფურმა“ 790 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. საქართველოში „კარფურის“ ბრენდს შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“ ფლობს, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაარსებული ამავე დასახელების კომპანიის შვილობილი საწარმოა. 2024 წლის ბოლოს „კარფური“ საქართველოში ამუშავებდა 6 ჰიპერმარკეტს, 19 სუპერმარკეტს და 72 არასპეციალიზებულ მაღაზიას, სადაც ჯამში 2,725 ადამიანი იყო დასაქმებული.

Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

გააზიარე