"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
როგორ გამდიდრდა კომპანია „ექსონმობილი“?
„ექსონმობილი“ შემოსავლების მიხედვით მსოფლიოში მე-13 ადგილზეა. ნავთობის მიმწოდებელ კომპანიებს შორის კი მე-2 ადგილზეა, მხოლოდ ჩინურ Petrochemical Corporation-ს ჩამორჩება. 2023 წელს მისმა შემოსავალმა 345 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2011 წელს კომპანიის შემოსავალი 486 მილიარდ დოლარსაც აღწევდა და მომდევნო წლებში ნავთობის გაიაფების გამო შემცირდა. „ექსონმობილის“ აქტივები 376 მილიარდი, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 532 მილიარდი დოლარია. კაპიტალიზაციით მსოფლიოში მე-17 ადგილზეა. დასაქმებული ჰყავს 61,500 ადამიანი.
„ექსონმობილის“ ისტორია 1866 წელს იწყება, როდესაც მეთიუ ევინგმა და ჰირამ ბონდ ევერესტმა ნავთობის მომპოვებელი კომპანია Vacuum Oil Company დააარსეს. 1879 წელს Vacuum Oil Company ჯონ როკფელერის „სტანდარდ ოილმა“ შეისყიდა.
1911 წელს ანტიტრასტული კანონმდებლობიდან გამომდინარე „სტანდარდ ოილს“ 34 კომპანიად დაშლა მოუწია და მისგან გამოყოფილმა ორმა კომპანიამ Jersey Standard-მა და Mobil Oil Corporation-მა ცალ-ცალკე გააგრძელეს საქმიანობა. 1972 წელს Jersey Standard-ს სახელი შეეცვალა და Exxon Corporation-ი დაერქვა. 1999 წელს კი Exxon Corporation-ი და Mobil Oil Corporation-ი ისევ გაერთიანდნენ და ასე მივიღეთ დღევანდელი კომპანია „ექსონმობილი“.
1920-იან წლებიდან ნავთობის მოხმარება სწრაფად იზრდებოდა, შესაბამისად, ნავთობკომპანიების შემოსავალიც იმატებდა. Jersey Standard-ი ბაზარზე სხვადასხვა ახალი ნავთობპროდუქტის შემოტანით გამოირჩეოდა. 1930 წელს Jersey Standard-მა მსხვილი კომპანია Humble Oil-ი შეისყიდა და მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი გახდა.
1948 წელს Jersey Standard-მა ნავთობის მოპოვება საუდის არაბეთში დაიწყო, 1959 წელს კი ლიბიაში. 1960-იან წლებში კომპანია ატომური ენერგიის წარმოების სექტორშიც შევიდა. 1969 წელს შვილობილი კომპანია Jersey Nuclear Company დააარსა.
პარალელურად, სწრაფად იზრდებოდა Mobil Oil Corporation-იც. 1974 წელს გამოუშვა დღესაც მაღალი პოპულარობის მქონე ლუბრიკანტი – Mobil 1.
1973 წელს, როდესაც აშშ-ს და ევროპის ქვეყნებს არაბულმა ქვეყნებმა ნავთობის მიწოდებაზე ემბარგო დაუწესა, „ექსონმა“ და „მობილმა“ ნავთობის მოპოვების სამუშაოები ჩრდილოეთის ზღვაში, მექსიკის ყურეში, აზიასა და აფრიკაში გააფართოვეს. 1973 წელს ნავთობის ფასი 3-ჯერ გაიზარდა, რამაც ნავთობკომპანიების შემოსავალი მნიშვნელოვნად გაზარდა. 1979 წელს მეორე „სანავთობო შოკის“ დროს ნავთობის ფასი კიდევ რამდენიმეჯერ გაიზარდა.
1996 წელს „ექსონმა“ ნავთობის მოპოვება რუსეთშიც დაიწყო. 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო კომპანიამ რუსეთში მოპოვება სრულად შეწყვიტა.
1999 წელს, როდესაც „ექსონი“ და „მობილი“ გაერთიანდნენ, ყველაზე მსხვილი ნავთობკომპანია შეიქმნა, თუმცა დღეს ჩინურ Petrochemical Corporation-ს და საუდის არაბეთის Saudi Aramco-ს ჩამორჩება.
2000-იანი წლები მსოფლიოში ეკონომიკური ბუმით დაიწყო, რაც ნავთობზე მოთხოვნას და ფასს ზრდიდა. 2008 წელს „ექსონმობილის“ შემოსავალმა 477 მილიარდი დოლარი შეადგინა, მიუხედავად იმისა, რომ 2007 წელს ვენესუელის მთავრობამ კომპანიის აქტივების ექსპროპრიაცია განახორციელა.
2009 წელს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, რის შედეგადაც, „ექსონმობილის“ შემოსავალი 310 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. 2010-2015 წლებში, წლიური შემოსავალი ისევ გადასცდა 400 მილიარდ დოლარს, თუმცა 2015-2016 წლებში ნავთობის ფასის შემცირების გამო, წლიური შემოსავალი 208 მილიარდ დოლარამდე შეუმცირდა.
2006-2016 წლებში „ექსონმობილს“ რექს ტილერსონი ხელმძღვანელობდა, რომელმაც 2016 წლის ბოლოს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დაიკავა.
2017-2019 წლებში კომპანიის შემოსავლები გაიზარდა, მაგრამ 2020 წელს კოვიდ პანდემია დაიწყო, რამაც ნავთობკომპანიები მნიშვნელოვნად დააზარალა. 2020 წელს „ექსონმობილის“ შემოსავალი 181 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, თუმცა 2021 წლიდან სწრაფად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ რუსეთში საქმიანობა შეაჩერა, სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით აშშ-ში და გაიანაში ნავთობის მოპოვება გაზარდა.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ნოემბერი 20, 2024
- on ნოემბერი 13, 2024
- on ოქტომბერი 30, 2024
- on ოქტომბერი 30, 2024
- on ოქტომბერი 11, 2024
- on სექტემბერი 27, 2024
- on სექტემბერი 18, 2024
- on სექტემბერი 12, 2024