"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

როგორ გამდიდრდა კრიშტიანუ რონალდუ?

2 (38)

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის, კრიშტიანუ რონალდუს ქონება 600 მლნ დოლარია. კარიერის განმავლობაში რონალდუს მილიარდ დოლარზე მეტი აქვს გამომუშავებული. ბოლო მონაცემებით მისი წლიური შემოსავალი 260 მლნ დოლარია, აქედან 200 მლნ მისი წლიური ხელფასია არაბულ კლუბ „ალ-ნასრში“, ხოლო 60 მლნ-ის შემოსავალი არასპორტული აქტივობებიდან აქვს.

კრიშტიანუ რონალდუ 1985 წლის 5 თებერვალს დაიბადა პორტუგალიის ქალაქ ფუნშალში. მისი სრული სახელი და გვარია კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ. რონალდუს დედა სასტუმროში მუშაობდა მზარეულად, ხოლო მამა – მუნიციპალურ სამსახურში მებაღედ. კრიშტიანუ მათი მეოთხე შვილი იყო. შეიძლება ითქვას, ღარიბ ოჯახში დაიბადა. დედამ მოგვიანებით თქვა, რომ კრიშტიანუზე ფეხმძიმობის დროს აბორტზე ფიქრობდა, რადგან სამი შვილი უკვე ჰყავდა და მატერიალურად მათი აღზრდაც უჭირდა.

რონალდუმ ფეხბურთში ვარჯიში 7 წლის ასაკიდან დაიწყო ადგილობრივ კლუბ „ანდორინაში“, სადაც მამამისი გასახდელების მომწესრიგებლად მუშაობდა. ათი წლის ასაკში „ნაციონალში“ გადავიდა, სადაც ორი წელი იყო და 1997 წლიდან, 12 წლის ასაკში ლისაბონის სპორტინგის ახალგაზრდულ აკადემიას შეუერთდა. 2002 წლიდან, 17 წლისამ უკვე „სპორტინგის“ მთავარი გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი. პორტუგალიის ჩემპიონატში მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშა და 1.1 მლნ დოლარი გამოიმუშავა.

2003 წელს, 18 წლის რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შეიძინა 12.2 მლნ გირვანქა სტერლინგად. რონალდუმ „მანჩესტერში“ 6 წელი ითამაშა, პირველ სეზონში წლიური ხელფასი 10 მლნ დოლარი ჰქონდა, ბოლო სეზონში კი 15 მლნ დოლარი. გარდა ხელფასისა, ის უკვე სოლიდურ შემოსავალს იღებდა სხვადასხვა კომპანიის რეკლამებში მონაწილეობით. პირველი მსხვილი კონტრაქტი (25 მლნ ლარი) „ნაიკმა“ გაუფორმა 2003 წელს. 2006 წლიდან რონალდუს სახედ გამოყენება სხვადასხვა კომპანიამ დაიწყო, ძირითადად ტანსაცმლის, ჰიგიენური საშუალებების და სუნამოების მწარმოებლებმა, ბრენდით – CR7. ყველაზე მეტი შემოსავალი რონალდუს სწორედ ამან მოუტანა – 2006 წლიდან დღემდე 500 მლნ დოლარზე მეტი.

2008 წელს რონალდუ პირველად გახდა წლის საუკეთესო ფეხბურთელი, 2009 წელს კი მადრიდის „რეალმა“ შეიძინა 80 მლნ გირვანქა სტერლინგად. კრიშტიანუმ კარიერაში ყველაზე ხანგრძლივად – 9 წელი – მადრიდის „რეალში“ ითამაშა. საწყის წლებში წლიური ხელფასი 28 მლნ დოლარი ჰქონდა, რაც თანდათან 42 მლნ დოლარამდე გაიზარდა. 2016 წელს „ნაიკმა“ 1-მილიარდდოლარიანი კონტრაქტი გაუფორმა სიცოცხლის ბოლომდე.

2018 წელს რონალდუ „იუვენტუსმა“ შეიძინა 100 მლნ ევროდ, რაც კლუბისთვის სარეკორდო თანხა იყო. „იუვენტუსში“ რონალდუ წლიურად 40 მლნ დოლარამდე ხელფასს იღებდა. 2021 წელს რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდა, „იუვენტუსმა“ ტრანსფერში 45 მლნ ევრო მიიღო. კრიშტიანუს წლიური ხელფასი 40 მლნ დოლარამდე შენარჩუნდა.

2022 წელს 37 წლის რონალდუმ კარიერა საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ნასრში“ გააგრძელა. კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა და ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. „ალნასრი” რონალდუს წლიურად 200 მლნ ევროს უხდის.

რონალდუ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც კარიერაში მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, ის ბევრჯერ იყო წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი. ის ყველაზე პოპულარული სპორტსმენია. ფეისბუკსა და ინსტაგრამზე პირველ ადგილზეა გამომწერების რაოდენობით, ფეისბუკზე 170 მლნ გამომწერი ჰყავს, ხოლო ინსტაგრამზე – 638 მლნ. 2024 წლის 21 აგვისტოს რონალდუმ საკუთარი იუთუბ-არხი გახსნა და 90 წუთში მლნ გამომწერზე ავიდა, რაც რეკორდულად სწრაფი დროა. უკვე 60 მლნ გამომწერი ჰყავს.

გააზიარე