Forbes Georgia
როგორ გამდიდრდა კვიპროსი?

კვიპროსში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 42,400 დოლარია და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში 28-ე ადგილს იკავებს. მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით (PPP), 65,300 დოლარია და ამ მაჩვენებლითაც მსოფლიოში 35-ე ადგილზეა. კვიპროსის ტერიტორია სიდიდით 9.3 კვადრატული კილომეტრია, ანუ საქართველოს ტერიტორიაზე 7.5-ჯერ პატარაა. კვიპროსში დაახლოებით 900 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
1960 წლამდე კვიპროსი დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კუნძულზე მცხოვრებ ბერძნებს და თურქებს შორის დაპირისპირება გამწვავდა. კუნძული ბერძნულ და თურქულ გავლენის სფეროებად დაიყო. 1974 წელს კვიპროსელების ნაწილმა საბერძნეთთან გაერთიანება მოისურვა, რის საპასუხოდ თურქეთმა სამხედრო ინტერვენცია განახორციელა და კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი დაიკავა. დღემდე კუნძული ორად არის გაყოფილი, სამხრეთში არის კვიპროსის რესპუბლიკა, ხოლო ჩრდილოეთში თურქეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა მხოლოდ თურქეთმა აღიარა, საერთაშორისო საზოგადოება მას კვიპროსის ნაწილად მიიჩნევს.
მიუხედავად შიდა შეიარაღებული დაპირისპირებებისა და ტერიტორიის მესამედზე კონტროლის დაკარგვისა, კვიპროსმა სიღარიბე დაძლია და მსოფლიოს ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდა.
1980-იან წლებამდე კვიპროსი ღარიბი ქვეყანა იყო, რომელიც ძირითადად სოფლის მეურნეობასა და სპილენძის მოპოვებაზე იყო დამოკიდებული. 1960-1973 წლებში გარკვეულ პროგრესს მიაღწია, განსაკუთრებით საგარეო ვაჭრობის განვითარების მხრივ, მაგრამ 1974 წლის თურქეთის შეჭრის შედეგად ეკონომიკა 33%-ით შემცირდა. 1980 წელს ერთ მოსახლეზე შემოსავლით კვიპროსი ღარიბი აფრიკული ქვეყნების დონეზე იყო.
მშვიდობის დამყარების შემდეგ კვიპროსმა სოფლის მეურნეობიდან მომსახურების სექტორზე გადასვლა დაიწყო. 1980-იან წლებში ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 6%-ით იზრდებოდა, რაც იმ დროს ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი იყო მსოფლიოში. კვიპროსმა საერთაშორისო დახმარებებიც მიიღო ინფრასტრუქტურის აღსადგენად. მის განვითარებას ადგილმდებარეობაც უწყობდა ხელს, რადგან ევროპის, აზიისა და აფრიკის სავაჭრო გზებზე მდებარეობს. ძალიან კარგმა კლიმატმა და მდებარეობამ საზღვაო ტურიზმის განვითარება განაპირობა. 1990-იანი წლებიც წარმატებული იყო კვიპროსისთვის. ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 5%-ით იზრდებოდა. ამ პერიოდში გამოსარჩევია კვიპროსის როლის ზრდა ნაოსნობაში. მდებარეობისა და მოქნილი კანონმდებლობის გამო გემების მფლობელმა კომპანიებმა ოფისები კვიპროსში გადაიტანეს. სავაჭრო გემების რაოდენობით (კვიპროსის დროშის ქვეშ ცურვით) კვიპროსი მესამეა ევროპაში, მხოლოდ საბერძნეთსა და პორტუგალიას ჩამორჩება. მსოფლიოში კი მე-10 ადგილზეა.
კვიპროსს სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით კორპორაციული გადასახადების დაბალი განაკვეთები ჰქონდა. ქვეყანა ასევე ფართოდ იყენებდა ორმაგი დაბეგვრის თავიდან არიდების შეთანხმებებს, რაც უცხოური კომპანიებისთვის მიმზიდველი იყო.
სოციალისტური ბლოკისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი მდიდარი რუსისთვის და აღმოსავლეთ ევროპის სხვა მდიდარი ადამიანებისთვის კვიპროსი მიმზიდველი ქვეყანა იყო, პირველ რიგში დაბალი გადასახადების გამო.
1998 წელს კვიპროსმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაიწყო და 2004 წელს მისი წევრი გახდა. ევროკავშირის წევრობამ კიდევ უფრო გაზარდა ინვესტორების ნდობა და უცხოური ივესტიციები. კვიპროსისთვის კაპიტალის, სამუშაო ძალისა და საქონლის მობილობა მნიშვნელოვნად გამარტივდა. 2008 წელს კვიპროსის ვალუტა ევრო გახდა.
2007 წელს კვიპროსმა დაიწყო უცხოელებისთვის მოქალაქეობის მინიჭება, თუ ისინი კვიპროსში, სულ მცირე, 2 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებდნენ. მინიმუმ 300 ათასი ევროს უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში კი ხანგრძლივი ბინადრობის ნებართვის მიღება იყო შესაძლებელი. ამ მიდგომამ მნიშვნელოვნად გაზარდა ინვესტიციები უძრავ ქონებაში. 2020 წელს კვიპროსმა ინვესტიციების მიხედვით მოქალაქეობის მინიჭების პროგრამა შეაჩერა.
2000-2008 წლებში კვიპროსის ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 4.5%-ით იზრდებოდა. 2009 წელს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო 2%-ით შემცირდა. 2012-2014 წლებში საბერძნეთის ეკონომიკურმა კრიზისმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა და ეკონომიკა 10%-ით შემცირდა, თუმცა 2015-დან ზრდას დაუბრუნდა და მომდევნო 6 წლის განმავლობაში საშუალოდ 5.6%-ით იზრდებოდა.
2021 წლიდან კვიპროსში ფინტექების, სტარტაპების და IT-კომპანიების ბუმი იწყება. კვიპროსი ევროკავშირისა და შუა აღმოსავლეთის ტექკომპანიების მინი-ჰაბი ხდება.
რომ შევაჯამოთ, კვიპროსი მდიდარია მისი ბიზნესგარემოს გამო, რაც მრავალ კომპანიასა და ინვესტორს იზიდავს. ეს კი განპირობებულია ბიზნესისთვის ხელსაყრელი კანონმდებლობით, დაბალი მოგების გადასახადით, არ იბეგრება ფასიანი ქაღალდების გაყიდვით მიღებული შემოსავალი, არის ევროკავშირის წევრი, 60-ზე მეტ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული ორმაგი დაბეგვრის აცილების ხელშეკრულება, აქვს კარგი მდებარეობა საზღვაო ვაჭრობისა და ტურიზმისთვის.
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
