"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
როგორ გამდიდრდა ლატვია?
ლატვიაში ერთი მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 24,200 აშშ დოლარს შეადგენს, რაც მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით 41,700 დოლარს უტოლდება. სიმდიდრით მსოფლიოში 50-ე ადგილზეა. ის ჩამორჩება ლიეტუვას და ესტონეთს, მაგრამ უსწრებს საბერძნეთს, ბულგარეთს, რუსეთს, სერბეთს და ა.შ. – მსოფლიოს 150-მდე ქვეყანას.
ლატვია საბჭოთა კავშირმა 1940 წელს შეიერთა. სოციალისტურ გაერთიანებაში ჩართული ქვეყნის ეკონომიკა ნელი ტემპით იზრდებოდა, თუმცა საბჭოთა კავშირში შემავალ სხვა ქვეყნებთან შედარებით ლატვია (ისევე, როგორც ლიეტუვა და ესტონეთი) უკეთეს მდგომარეობაში იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991-1992 წლებში, ლატვიაში ისეთივე რთული ეკონომიკური მდგომარეობა იყო, როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ეკონომიკა დაახლოებით 30%-ით შემცირდა, ინფლაცია 1000%-ზე მეტი იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის მიუხედავად, ლატვია ეკონომიკურად ისევ რუსეთზე იყო დამოკიდებული, განსაკუთრებით ვაჭრობით.
1990 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ლატვიის ახალმა მთავრობამ მიზნად საბჭოთა ეკონომიკური სისტემის სრული ნგრევა და საბაზრო ეკონომიკის შენება დაისახა. თუმცა, პირველი წლები რთული აღმოჩნდა. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა შეუძლებელი იქნებოდა კერძო საკუთრების გაფართოების გარეშე, ამიტომ ლატვიამ მასიური პრივატიზაციის პროცესი დაიწყო. გაუქმდა სახელმწიფო ბანკები და დარჩა მხოლოდ კერძო ბანკები. 1993 წელს ლატვიამ საკუთარი ვალუტა ლატი შემოიღო მიმოქცევაში. ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ დააფიქსირა, რაც ინფლაციის შემცირებაში დაეხმარა. წლიური ინფლაცია, რომელიც 1000%-ზე მეტი იყო, 1993 წელს 35%-მდე შემცირდა, 1998 უკვე 2% იყო და 2007 წლამდე ორნიშნა რიცხვი აღარ ყოფილა.
ლატვიას ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში დაბალანსებული სახელმწიფო ბიუჯეტი სჭირდებოდა. ბიუჯეტის დეფიციტი ყოველთვის დაბალი იყო, ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ის 18%-ს არ სცდებოდა.
ლატვიამ ეკონომიკის განვითარებისთვის დასავლური კურსი აირჩია, საზღვრები გახსნა კონკურენციისთვის და უცხოური ინვესტიციებისთვის. შემცირდა და, ზოგ შემთხვევაში, გაუქმდა საბაჟო ტარიფები, ექსპორტზე კი ყველანაირი შეზღუდვა მოიხსნა. 1997 წლიდან ლატვიაში უცხოურმა ინვესტიციებმა დაიწყო შემოსვლა, რასაც შემოჰყვა ახალი ცოდნა და ტექნოლოგიები. ეკონომიკურ რეფორმებთან ერთად ლატვიამ მოახერხა კანონის უზენაესობის დამყარება და კორუფციის მაქსიმალურად შეზღუდვა. 2005 წლისთვის ლატვიის ეკონომიკის 70% კერძო სექტორზე მოდიოდა, როცა საბჭოთა კავშირის ბოლო წლებშიც კი კერძო სექტორის წილი უმნიშვნელო იყო.
1997-2007 წლებში, 11 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპი 8% იყო, რამაც ქვეყანა მდიდარ სახელმწიფოებთან დააახლოვა.
1999 წელს ლატვია ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგა, კანდიდატის სტატუსი მიიღო, 2004 წელს კი ევროკავშირის და ნატოს წევრი გახდა. გაწევრიანებამდე ევროკავშირი ლატვიას რეფორმების გატარებაში და ფინანსურად ეხმარებოდა. 2002 წლიდან ლატის კურსი ევროს მიაბა.
1990-იანი წლების რეფორმებმა და ევროკავშირის წევრობამ ლატვიის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ჩაუყარა საფუძველი. ევროკავშირში გაწევრიანებიდან სამ წელში ლატვიის ეკონომიკა 40%-ით გაიზარდა, ერთ მოსახლეზე შემოსავალი კი 6,300 აშშ დოლარიდან, 14,000 დოლარამდე.
გრაფიკი. ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი ლატვიაში, აშშ დოლარი
2008-2010 წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს ლატვიაც დაზარალდა. თუმცა 2010 წლიდან ეკონომიკამ ისევ ზრდა დაიწყო, რაც 2020 წლის კოვიდ-პანდემიამდე გაგრძელდა.
2014 წელს ლატვიის ვალუტა ევრო გახდა, ანუ ევროზონის ქვეყნებს შეუერთდა. კოვიდ-პანდემია და უკრაინა-რუსეთის ომი მძიმედ შეეხო ლატვიას, თუმცა 2021-2024 წლებში ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ნოემბერი 20, 2024
- on ნოემბერი 13, 2024
- on ოქტომბერი 30, 2024
- on ოქტომბერი 30, 2024
- on ოქტომბერი 11, 2024
- on სექტემბერი 27, 2024
- on სექტემბერი 18, 2024
- on სექტემბერი 12, 2024