Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

როგორ გამდიდრდა “ლენოვო“?

lenovo-gianfranco-lanci-retiras-750x400

„ლენოვო“ „ჰუავეის“ შემდეგ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჩინური კომპანიაა ტექნიკის წარმოების სექტორში. 2019 წელს „ლენოვომ“ 51 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი 800 მლნ დოლარი შეადგინა. კომპანიის აქტივები 32 მილიარდი დოლარი, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 15 მილიარდი დოლარია. დასაქმებული ჰყავს 63 ათასი ადამიანი. „ლენოვოს“ 31%-ის მფლობელი  ჩინური საინვესტიციო კომპანია Legend Holdings-ია, რომელიც, თავის მხრივ, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის შვილობილი კომპანიაა.

1978 წლიდან ჩინეთის „ეკონომიკური სასწაული“ დაიწყო, რისი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ჩინეთში კერძო ბიზნესის დაშვება იყო. 1980-იანი წლებიდან ჩინეთს უკვე ამბიცია გაუჩნდა, დროს ჩამორჩენილი და დაბალგანვითარებული ტელეკომუნიკაციის სექტორის მოდერნიზაცია დაეწყო. ჩინელ მეცნიერებს დაევალათ, პირველ რიგში სატელეფონო ტექნოლოგიების განვითარებაზე ემუშავათ. ამ პერიოდში უკვე დაშვებული იყო დასავლურ ბიზნესთან თანამშრომლობა და ჩინელი მეცნიერები აქტიურად ეცნობოდნენ იაპონურ, ამერიკულ და ევროპულ ტექნოლოგიებს.

კომპანია „ლენოვო“ 1984 წელს დაფუძნდა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში. მისი დამფუძნებელი ინჟინერი ლიუ ჩუანჟია, რომელმაც კომპანია ათ გამოცდილ მეცნიერ-ინჟინერთან ერთად დააარსა. ისინი, ამავე დროს,  ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრები იყვნენ. საწყისი კაპიტალი 200,000 იუანი (დაახლოებით 25,000 დოლარი) ჰქონდა. თავიდან კომპანიას New Technology Development Company დაარქვეს, შემდეგ Legend-ი, ხოლო „ლენოვო“, 2003 წლიდან ჰქვია. სიტყვა „ლენოვო“ წინა სახელის Legend-ის პირველი ორი ასოდან (Le) და ლათინური სიტყვა „Novo“-სგან (რაც ახალს ნიშნავს) მიიღეს.

„ლენოვო“ გამორჩეულია იმით, რომ ერთ-ერთი პირველი ჩინური კომპანია იყო, რომელმაც 1988 წელს თანამშრომლების დიდი ნაწილი საჯარო კონკურსით (ტესტირებებითა და გასაუბრებებით) აიყვანა. მათ შორის იყო კომპანიის ახლანდელი მმართველი (CEO) იან იუანქინი.

კომპანია თავიდან ტელევიზორებსა და ელექტროსაათებს აწარმოებდა, თუმცა არც ისე წარმატებულად. 1990 წლიდან მისი მთავარი სამიზნე კომპიუტერების წარმოება გახდა. პირველ რიგში „ლენოვომ“ დაიწყო IBM-ის კომპიუტერების ადაპტაცია ჩინურ იეროგლიფებთან მუშაობისთვის. 1993 წელს კომპანიამ პირველი ჩინური პერსონალური კომპიუტერი 586 PC გამოუშვა.

1994 წელს „ლენოვომ“ აქციები გაყიდა ჰონკონგის საფონდო ბირჟაზე, საიდანაც 30 მლნ დოლარი მოიზიდა. 1996 წელს ის ლიდერი გახდა ჩინეთში კომპიუტერების გაყიდვით, თან საკუთარი ბრენდის ლეპტოპების წარმოება დაიწყო. 1998 წელს ჩინეთის კომპიუტერების ბაზრის 43% დაიკავა, ერთ წელიწადში მილიონზე მეტი კომპიუტერი გაყიდა. 1999 წელს, როდესაც აღმოსავლეთ აზიაში ფინანსური კრიზისი დაიწყო, მან ჩინეთზეც იქონია გავლენა, „ლენოვომ“ 2.4 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

სწრაფად მზარდ ჩინეთის ეკონომიკაში დიდი ჩინური კომპანიებიც სწრაფად ვითარდებოდნენ. 2005 წელს „ლენოვომ“ კომპიუტერების მწარმოებელი მთავარი ამერიკული კომპანიის IBM-ის პერსონალური კომპიუტერების ბიზნესი შეისყიდა. გარიგება „ლენოვოს“ 1.8 მილიარდ დოლარამდე დაუჯდა. 2006 წლიდან „ლენოვო“ მსოფლიოში მესამე ადგილზე გადავიდა კომპიუტერების წარმოებით და გაყიდვით, ის მხოლოდ Dell-ს და Hewlett-Packard-ს ჩამორჩებოდა. სანაცვლოდ IBM-მა „ლენოვოს“ 19% შეისყიდა, თუმცა 2008 წლის ფინანსური კრიზისის გამო ეს წილი დათმო. 2006 წელს „ლენოვომ“ 14 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

2010 წლიდან „ლენოვომ“ სმარტფონებისა და აიპედების წარმოება დაიწყო. მისი პირველი სმარტფონი იყო LePhone-ი. 2011 წელს  იაპონური კომპანია NEC-ი და გერმნული კომპანია Medion-ი, შეისყიდა, რითაც მისი გაყიდვები იაპონიასა და ევროპაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2011 წელს 22 მილიარდ დოლარამდე შემოსავალი მიიღო. 2013 წელს კომპიუტერების წარმოებით მსოფლიოში პირველ ადგილზე გადავიდა, თუმცა 2019 წელს მე-4 ადგილზე იყო.

2014 წელს „ლენოვომ“ IBM-ის სერვერების წარმოების განყოფილებაც შეისყიდა 2.3 მილიარდ დოლარად, რამაც ორ კომპანიას შორის ალიანსი გააძლიერა. ამავე წელს, Google-სგან ტელეფონების მწარმოებელი კომპანია “მოტოროლა“ შეიძინა 2.9 მილიარდ დოლარად. ამ წელს კომპანიამ 39 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. 2017 წელს იაპონურ Fujitsu-სთან ერთად დააარსა ახალი შვილობილი კომპანია.

მართალია, 2013-2015 წლების მსგავსად „ლენოვო“ პერსონალური კომპიუტერების გაყიდვით პირველ ადგილზე აღარ არის მსოფლიოში, მაგრამ ე.წ. სუპერკომპიუტერების  წარმოებით პირველ ადგილზეა. დღეს საწარმოები მსოფლიოს 28 ქვეყანაში აქვს. მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელსაც დაახლოებით 2019 წლის ფინანსურ შედეგებზე გავიდა.

გააზიარე