Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

როგორ გამდიდრდა “მიცუბიში“?

62328_58386_956_500_jpg

“მიცუბიში“ ერთ-ერთი უძველესი იაპონური კომპანიაა, მისი ისტორია უკვე 151 წელს ითვლის. დღეს ის მსხვილი კონგლომერატია, რომელიც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ოპერირებს. მისი წლიური შემოსავალი 160 მილიარდი აშშ დოლარია, აქტივები კი 110 მილიარდ დოლარამდეა. დასაქმებული ჰყავს 100 ათასზე მეტი ადამიანი. კონგლომერატი Mitsubishi Corporation-ი ბევრ კომპანიას აერთიანებს საავტომობილო, საფინანსო, ენერგეტიკული, ქიმიური და კვების მრეწველობის სექტორებიდან. სტატიაში ძირითადად “მიცუბიშის“ საავტომობილო ბიზნესზე, Mitsubishi Motors-ზე მოვყვებით.

1870 წელს იაპონელმა ფინანსისტმა იატარო ივასაკიმ სატრანსპორტო კომპანია დააარსა, რომელიც ძირითადად გემებით ტვირთის გადატანის მომსახურებით იყო დაკავებული. კომპანიას თავიდან Tsukomo Shokai დაარქვა, 1873 წელს სახელი შეუცვალა და Mitsubishi Shokai დაარქვა. “Shokai“ პირველს ნიშნავს, “mitsu“ – სამს, ხოლო “hishi“ (bishi) წყლის სამყურა მცენარეს, რომელსაც ალმასის ფორმა აქვს და ამიტომ არის დღესაც „მიცუბიშის“ ლოგოზე სამი რომბის ფორმის ფიგურა გამოსახული.

1881 წლიდან კომპანიამ ქვანახშირის მოპოვებაც დაიწყო. შემდეგ შევიდა სადაზღვევო და საფინანსო სექტორებშიც, რაც მე-20 საუკუნის დასაწყისში გემების მშენებლობით გაგრძელდა. ის გახდა უმსხვილესი იაპონური კომპანია, ე.წ. „კაირაცუ“.

ავტომობილების წარმოება “მიცუბიშიმ“ 1917 წლიდან დაიწყო, როდესაც Mitsubishi Model A გამოუშვა, თუმცა ავტოწარმოება კომპანიისთვის მნიშვნელოვანი მიმართულება არ იყო. 1920 წელს თვითმფრინავებისა და მისი დეტალების წარმოება დაიწყო. ჩამოყალიბდა ახალი შვილობილი კომპანია Mitsubishi Heavy Industries-ი, რომელიც იმ დროს იაპონიაში ყველაზე მსხვილი კერძო კომპანია იყო.

მეორე მსოფლიო ომის დროს “მიცუბიშის“ ყველა ქარხანა საბრძოლო ავტომობილების, გემების, თვითმფრინავებისა და იარაღის წარმოებაზე გადაერთო. ომის შემდეგ, ამერიკული ოკუპაციის დროს, 1949 წლამდე „მიცუბიში“ არ მუშაობდა. შემდეგ კი მცირე კომპანიებად დაშალეს. 1952 წლამდე ამ კომპანიებს ერთმანეთთან თანამშრომლობა ეკრძალებოდათ. 1952 წელს კორეის ომი დაიწყო და ამერიკას იაპონია ინდუსტრიულ ბაზად სჭირდებოდა, ამიტომ დაუშვა უკვე დანაწევრებული კომპანიების კვლავ გაერთიანება. “მიცუბიშიმ“ სატვირთო ავტომობილებისა და სამგზავრო ავტობუსების წარმოება დაიწყო. 1957 წელს ათასზე მეტი ავტობუსი გაიტანა ექსპორტზე.

1960-იან წლებში იაპონიაში ეკონომიკური ბუმი იყო, მოსახლეობის დიდ ნაწილს შეეძლო ავტომობილის შეძენა, ამიტომ “მიცუბიშის“ მთავარი პრიორიტეტი მსუბუქი ავტომობილების მასობრივი წარმოება გახდა. 1960 წელს გამოუშვა Mitsubishi 500, რომელსაც მასებისთვის ხელმისაწვდომი პირველი იაპონური ავტომობილი უწოდეს. 1965-ში Mitsubishi Colt 800 გამოუშვა. 1969 წლიდან უფრო მაღალი კლასის ავტომობილების – Galant-ის წარმოება დაიწყო. 1970 წელს უკვე იმდენ ავტომობილს აწარმოებდა, რომ Mitsubishi Heavy Industries-ს გამოეყო საავტომობილო განყოფილება და ახალი კომპანია Mitsubishi Motors Corporation-ი დაარსდა, რომელსაც დღეს Mitsubishi Motors-ი ჰქვია, წელიწადში მილიონ ერთეულზე მეტ ავტომობილს აწარმოებს, წლიური შემოსავალი კი 24 მილიარდ აშშ დოლარამდე აქვს. დასაქმებული ჰყავს 30 ათასამდე ადამიანი.

1971 წელს „მიცუბიშიმ“ ამერიკულ „კრაისლერთან“ დაიწყო თანამშრომლობა. “კრაისლერმა“ “მიცუბიშის“ 15% იყიდა და “მიცუბიშის“ ავტომობილების ამერიკაში გატანა და გაყიდვა დაიწყო. კომპანია ამ დროს წლიურად 250 ათას ავტომობილს აწარმოებდა.

1982 წლიდან დაიწყო ცნობილი ყველგანმავალი მოდელის – “პაჯეროს“ წარმოება. 1983 წელს “პაჯერომ“ პარიზი-დაკარის მარათონული რბოლა მოიგო, რითაც მალევე გაითქვა სახელი. ეს ტურნირი შემდეგაც რამდენიმეჯერ მოიგო. 1986 წელს ჩინურ კომპანიასთან Liuzhou Automotive-თან თანამშრომლობით ჩინეთში დაიწყო ავტომობილების აწყობა და გაყიდვა. 1988 წელს ტოკიოს საფონდო ბირჟაზე აქციების გაყიდვა დაიწყო. ის გახლდათ ბოლო იაპონური საავტომობილო კომპანია, რომელიც კერძო დახურული ტიპის იყო და აქციებს არ უშვებდა. 1995 წელს პირველი ევროპული ქარხანა გახსნა ჰოლანდიაში.

2000-იანი წლებიდან “მიცუბიშიმ“ ერთდროულად რამდენიმე წამყვან კომპანიასთან დაიწყო თანამშრომლობა, ესენია “დაიმლერ-ბენცი“, “ფოლკსვაგენი“, “სუზუკი“, “ვოლვო“, “ჰიუნდაი“ და “ნისანი“. “ნისანმა“ “მიცუბიშის“ წილიც შეისყიდა და დღემდე 34%-ია მფლობელია. 11% აქვს Mitsubishi Heavy Industries-ს.

„მიცუბიშიმ“ ელექტროავტომობილების  წარმოება 1993 წლიდან დაიწყო Tokyo Electric Power Company-სთან თანამშრომლობით. ჰიბრიდული ავტომობილი 1995 წელს გამოუშვა. 2007 წლიდან დაიწყო ელექტრომობილ i-MiEV-ს წარმოება. 2015 წელს იაპონიაში 1200-მდე ელექტროდამტენი მოაწყო.

დღეს “მიცუბიშის“ მანქანების ყველაზე დიდი ბაზარი ინდონეზიაა, სადაც 2019 წელს 147 ათასამდე ავტომობილი გაყიდა, შემდეგ მოდის ჩინეთი და აშშ, იაპონია მე-4 ადგილზეა. იაპონიაში კომპანია მის მიერ წარმოებული ავტომობილების 10%-ს ყიდის.

გააზიარე