"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

როგორ გამდიდრდა პოლონეთი?

2 (14)

პოლონეთის ეკონომიკა 980 მილიარდი აშშ დოლარია და ის სიდიდით მსოფლიოში მე-20 ადგილზეა. ერთი ადამიანის საშუალო წლიური შემოსავალი პოლონეთში 35,000 PPP დოლარამდეა და ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში 38- ადგილზეა.

 

სტატიაში სოციალისტური ბლოკის შემდგომი პერიოდის პოლონეთს განვიხილავთ. მეორე მსოფლიო ომამდე პოლონეთი უფრო მდიდარი იყო, ვიდრე ესპანეთი და საბერძნეთი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოლონეთი სოციალისტურ ბლოკში მოექცა, მისი ეკონომიკა იზრდებოდა, მაგრამ გაცილებით ნელა, ვიდრე ევროპის არასოციალისტური ქვეყნების. 1970-იანი წლებიდან პოლონეთში სტაგნაცია იყო, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 5 ათას დოლარს შეადგენდა და ეს მაჩვენებელი აღარ იზრდებოდა. 1989-1991 წლებში, როგორც ყველა პოსტსოციალისტურ ქვეყანაში, პოლონეთშიც ეკონომიკური კრიზისი დაიწყო. ეკონომიკა 15%-ით შემცირდა, წლიური ინფლაცია 50-60%-ს აღწევდა, უმუშევრობის დონე კი 15%-მდე იყო.

1989 წელს პოლონეთში ეკონომიკური რეფორმები დაიწყო, რომლებიც ძირითადად ფინანსთა მინისტრთან და ამავე დროს პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან ლეშეკ ბალცეროვიჩთან არის დაკავშირებული. მან კრიზისიდან გამოსასვლელად ე.წ. „შოკური თერაპიის“ მეთოდი აირჩია, რაც მტკივნეული რეფორმების სწრაფად გატარებას და სოციალისტური, დაგეგმვითი ეკონომიკის საბაზრო ეკონომიკაზე გადაწყობას ნიშნავდა. „შოკური თერაპიის“ ფარგლებში მთავრობამ „გაყინა“ ინფლაციურად მზარდი ხელფასები, შეწყვიტა ფასების კონტროლი, გადავიდა შედარებით თავისუფალ საგარეო ვაჭრობაზე, შეუწყვიტა სუბსიდიები სახელმწიფო კომპანიებს და ბევრი მათგანის პრივატიზება მოახდინა. გამარტივდა კერძო კომპანიების დაარსება.

რეფორმებს შედეგი მყისიერად არ მოჰყოლია, ეკონომიკამ ზრდა 1992 წლიდან დაიწყო და დღემდე არ შეუწყვეტია, 2008-2009 წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროსაც კი პოლონეთის ეკონომიკა გაიზარდა. 1992-2007 წლების საშუალო ეკონომიკური ზრდა 5% იყო. შემდეგ შედარებით შემცირდა, 2008-2019 წლებში საშუალო ზრდის ტემპი 3.6% იყო. იმის გათვალისწინებით, რომ პოლონეთის მოსახლეობის რიცხოვნობა არ იზრდება, ეკონომიკური ზრდა უკვე 28 წელია, წლიდან წლამდე ზრდის პოლონელების შემოსავალს. ბოლო 20 წლის ინფლაციის საშუალო წლიური დონე 2.1%-ია.

1994 წელს პოლონეთმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა. ამავე წლიდან პოლონური პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე საბაჟო გადასახადის გარეშე შევიდა. ამ პერიოდში პოლონეთის სოფლის მეურნეობა და მრეწველობა უკვე საკმაოდ სწრაფად იზრდება, რასაც იაფი მუშახელი და კარგი ბიზნესგარემო უწყობს ხელს. პოლონეთის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება შემცირდა და თანდათანობით მისი საექსპორტო პროდუქციის 80%-ის მიმღები ევროკავშირი გახდა.

2004 წელს კი პოლონეთი ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდა. ამ დროს პოლონეთში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 6,700 დოლარი იყო, ხოლო უმუშევრობა – 19%. თუმცა რუსეთის გავლენით მიდიოდა პროპაგანდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებით დაკარგავდნენ დამოუკიდებლობას, ასევე, მოხდებოდა აბორტისა და ჰომოსექსუალთა ქორწინების ლეგალიზება, პოლონურ ბაზარს მთლიანად დაიკავებდა ევროკავშირიდან შემოსული იაფი პროდუქტი, მცირე და საშუალო ბიზნესი გაკოტრდებოდა. არცერთი ეს შიში არ გამართლდა, პოლონეთი თავად წყვეტს თავის შიდა პოლიტიკას, ევროკავშირი კი მისთვის ძალიან ხელსაყრელია პროდუქციის, განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციისთვის.

დღეს პოლონეთს თითქმის დაბალანსებული სავაჭრო ბალანსი აქვს. მისი ძირითადი საექსპორტო პროდუქციაა: სურსათი, ტანსაცმელი, ავეჯი, კოსმეტიკა და მანქანა-მოწყობილობები. მთავარი სავაჭრო პარტნიორები კი გერმანია, ჩეხეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი და იტალია არიან.

პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანებას ემიგრაციაც მოჰყვა, 2-მა მლნ-მა ადამიანმა დატოვა პოლონეთი უკეთესი სამსახურის ძიების მიზეზით. ამან პოლონეთში უმუშევრობის დონე შეამცირა და დასაქმებულთა ხელფასი გაზარდა. 2018 წელს უმუშევრობის დონე 4%-მდე იყო. 2019 წელს პოლონეთმა 26 წლამდე დასაქმებულებს საშემოსავლო გადასახადი გაუუქმა, რამაც უმუშევრობის დონე 2.7%-მდე შეამცირა. პოლონეთი ემიგრანტების მიმღები ქვეყანა გახდა და ჭარბი იმიგრაციისგან თავის დაცვა უწევს.

დღეს პოლონეთში იწარმოება თვითმფრინავები, გემები, ავტობუსები, მატარებლები, საბრძოლო იარაღი და ა.შ. ბუნებრივი რესურსების მხრივ პოლონეთი მდიდარია: სპილენძით, ვერცხლით და ქვანახშირით.

პოლონეთში საკმაოდ განვითარებულია საფონდო ბირჟა, სადაც ქვეყნის უმსხვილესი 30 კომპანიაა წარმოდგენილი. პოლონურ კომპანიებს საზღვარგარეთ 150 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია აქვთ განხორციელებული.

გააზიარე