

Forbes Georgia
როგორ გამდიდრდა შვედეთი?

ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლით შვედეთი მსოფლიოში მე-14 ადგილზეა. შვედეთის მოქალაქეს წელიწადში 58,000 აშშ დოლარის შემოსავალი აქვს, რაც მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით 75,000 დოლარია. შვედეთში 10.6 მლნ ადამიანი ცხოვრობს. მისი ეკონომიკა 620 მილიარდი დოლარია, რაც 2-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ირანის, სადაც 92 მლნ ადამიანი ცხოვრობს და 3-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ნიგერიის, სადაც 240 მლნ ადამიანი ცხოვრობს.
შვედეთის ეკონომიკური განვითარება ხანგრძლივი პროცესის შედეგია. მე-19 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, ქვეყნის ეკონომიკა ფაქტობრივად უწყვეტად იზრდებოდა. მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში შვედეთი ჯერ კიდევ აგრარული ქვეყანა იყო, მოსახლეობის 90% სოფელში ცხოვრობდა და ეკონომიკის მთავარი სექტორი სოფლის მეურნეობა გახლდათ. ეკონომიკა ნელი ტემპით იზრდებოდა, წლიურად საშუალოდ 1.5%-ით. 1840-იანი წლებიდან ქვეყანაში ინდუსტრიალიზაცია დაიწყო, რასაც თან ახლდა მრეწველობაში ინვესტიციების ზრდა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და საერთაშორისო ვაჭრობაში უფრო აქტიურად ჩართვა. ამავე პერიოდში მოსახლეობამ წერა-კითხვის სწავლა მასობრივად დაიწყო. სწავლების პროცესმა ეკლესიებიდან სეკულარულ საჯარო სკოლებში გადაინაცვლა.
ინდუსტრიალიზაცია ექსპორტის ზრდაზე 1850-იანი წლებიდან აისახა. შეიძლება ითქვას, შვედეთმა ვაჭრობაში ნახტომი გააკეთა. ექსპორტის ზრდას კაპიტალის იმპორტი მოჰყვა. ექსპორტიდან შემოსავალს ისიც ზრდიდა, რომ შვედეთის ძირითადი საექსპორტო პროდუქტები – რკინა და ხე გაძვირდა. შვედეთში ევროპის სხვა ქვეყნებიდან ჩავიდნენ ინვესტორები ხის დამმუშავებელი საწარმოების გასახსნელად. შვედეთის საქონლის, შრომისა და კაპიტალის ბაზარი ლიბერალური და რეგიონის ქვეყნებთან საკმაოდ ინტეგრირებული იყო. მთავრობა ძირითადად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ერეოდა.
მე-19 საუკუნის ბოლოს ევროპაში ე.წ. მეორე ინდუსტრიული რევოლუცია დაიწყო, რომლის დროსაც მოთხოვნა უკვე მანქანა-დანადგარებზე, მზა პროდუქციაზე და ზოგადად, ტექნოლოგიურ, ცოდნატევად პროდუქციაზე გაიზარდა. შვედეთმა ცვლილებას ფეხი აუწყო. ეკონომიკა ისევ ლიბერალური რჩებოდა, თუმცა მთავრობა აქტიურად ჩაერთო ქვეყნის ელექტრიფიკაციაში და ელექტროენერგიის გენერაციაში. ამ დროს შვედეთში ინჟინერია უკვე მიმზიდველ სპეციალობად ითვლებოდა და „ტექნოლოგიების სამეფო ინსტიტუტი“ შესაბამის კადრებს ამზადებდა. 1870-1910 წლებში შვედეთის ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 2.3%-ით იზრდებოდა.
შვედეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი ამაღლდა ევროპისთვის ძალიან რთულ პერიოდში 1910-1950 წლებში, ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 2.7%-ით იზრდებოდა. პირველი მსოფლიო ომის დროს შვედეთის საექსპორტო საქონელზე მოთხოვნა გაიზარდა, ქვეყანაში მნიშვნელოვანი თანხები შევიდა, რამაც ქვეყნის შიგნით საპროცენტო განაკვეთები შეამცირა და ბიზნესისა და ინოვაციების განვითარებას შეუწყო ხელი. ამ პერიოდში დაარსდა ისეთი ცნობილი შვედური კომპანიები, როგორებიცაა: „ვოლვო“, „იკეა“, „სააბი“, „ელექტროლუქსი“, „ტეტრა“ და სხვა.
პირველი მსოფლიო ომის მსგავსად, მეორე მსოფლიო ომის დროსაც შვედეთმა ნეიტრალური სტატუსი შეინარჩუნა, თუმცა გერმანიის გავლენის ქვეშ იყო და მას გარკვეულ საქონელს აწვდიდა. ომის ბოლო წელს შვედეთი ებრაელების თავშესაფარი გახდა.
1950-1973 წლები ევროპის ეკონომიკური რენესანსია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეკონომიკამ არა მარტო აღდგენა დაიწყო, არამედ სწრაფად იზრდებოდა, მათ შორის შვედეთის ეკონომიკაც, წლიურად საშუალოდ 4.2%-ით. ამ პერიოდში ყალიბდება ე.წ. „შვედური მოდელი“, რომელიც სოციალური უზრუნველყოფის მაღალი საჯარო პასუხისმგებლობით და ჰუმანური კაპიტალის განვითარებით ხასიათდება. ამ მიდგომას შედეგად მოჰყვა გადასახადების ზრდა და შრომისა და კაპიტალის ბაზრის რეგულირება. თუმცა კომპანიის მოგება მაღალი განაკვეთით მაშინ იბეგრებოდა, თუ მისი განაწილება ხდებოდა, რეინვესტირების შემთხვევაში დაბალი დაბეგვრა რჩებოდა. შვედეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 2.8%-მდე შემცირდა. ამას თან დაერთო „სანავთობო შოკები“ 1970-იან წლებში, რამაც განსაკუთრებით მრეწველობის დარგები დააზარალა. „შვედურმა მოდელმა“ ახალ გამოწვევებს ვერ გაუძლო და 1980-იანი წლებიდან „სოლიდარული სახელფასო პოლიტიკა“ და კაპიტალის ბაზრების რეგულირება შეწყდა, გადასახადების ზღვრული დონეები შემცირდა. შვედეთმა 1990-იანი წლების დასაწყისის ეკონომიკური კრიზისი დაძლია და 1995 წელს ევროკავშირში შევიდა, თუმცა ევროზონას არ შეუერთდა და დღემდე ეროვნულო ვალუტა შვედური კრონია.
მე-20 საუკუნის ბოლოდან შვედეთი ინდუსტრიული ქვეყნიდან პოსტინდუსტრიული ქვეყანა გახდა, ანუ მომსახურების სექტორმა დაიწყო სწრაფად განვითარება. 1995-2007 წლებში შვედეთის ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 3.3%-ით იზრდებოდა, რაც განვითარებული ქვეყნისთვის მისაღები ზრდის ტემპია. 2008-2009 წლების კრიზისის შემდეგ ეკონომიკამ ისევ განაგრძო ზრდა, საშუალოდ 2.5%-ით.
2020 წელს, მიუხედავად იმისა, რომ შვედეთმა პანდემიის შესაჩერებლად მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები არ დააწესა, ეკონომიკა 4.7%-ით შემცირდა. შვედეთის ეკონომიკა საკმაოდ ღიაა, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საგარეო ვაჭრობაზე, ამიტომ პანდემიით გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მასზეც საგრძნობლად აისახა. 2021-2024 წლებში შვედეთის ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 2.1%-ით იზრდებოდა.
2024 წელს შვედეთმა უარი თქვა ნეიტრალურ სტატუსზე და რუსეთისგან გაზრდილი საფრთხის გამო NATO-ში გაწევრიანდა.
დღეს შვედეთს ე.წ. „შერეული ეკონომიკა“ აქვს, საწარმოები ძირითადად კერძო მფლობელობაშია და საბაზრო წესებით მუშაობს, მთავრობა ეროვნული სიმდიდრის მხოლოდ 24%-ს ფლობს, თუმცა, ამავე დროს, მაღალია გადასახადები და, შესაბამისად, მთავრობის ხარჯები. მაღალი ხარჯის მთავარი მიზეზი სოციალური ხარჯებია.
მიუხედავად იმისა, რომ შვედეთში მაღალი გადასახადებია, 2024 წლის ჰერიტიჯის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში მე-12 ადგილზეა (შედარებისთვის, საქართველო 34-ე ადგილზეა). ასეთი მაღალი პოზიცია კერძო საკუთრების კარგად დაცვის, სასამართლოს ეფექტიანობის, დაბალი კორუფციის, ფისკალური სტაბილურობის, საინვესტიციო და ფინანსური თავისუფლების შედეგია.
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა


საქსტატი: შვიდ თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10.3%-ით გაიზარდა

დღეს ზელენსკი ბერლინში კანცლერ მერცს შეხვდება

საქართველოში ქალთა ყველაზე მასშტაბურ სამეწარმეო ექსპოზე რეგისტრაცია დაიწყო

აშშ-ის სახდეპმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ანგარიში გამოაქვეყნა
