Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

როგორ გამდიდრდა სლოვენია?

2 (53)

სლოვენიაში ერთი მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 34 500 აშშ დოლარს შეადგენს, რაც მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით 55 700 დოლარს უტოლდება. სიმდიდრით მსოფლიოში 32-ე ადგილზეა და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა იაპონია, ჩეხეთი, ესტონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი და სხვა. სლოვენია ტერიტორიით საქართველოზე 3-ჯერ პატარა ქვეყანაა, მისი ფართობი 20 ათასი კვადრატული კილომეტრია, თუმცა მისი ეკონომიკა საქართველოს ეკონომიკაზე 2-ჯერ დიდია. სლოვენიაში 2.1 მლნ ადამიანი ცხოვრობს. ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიდან ყველაზე მდიდარია.

1918 წლამდე სლოვენია ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში შედიოდა. 1918 წლიდან სერბების, სლოვენებისა და ხორვატების სამეფოში გაერთიანდა, რაც 1929 წელს დამოუკიდებლობის სრული დაკარგვით დასრულდა, გაერთიანებას კი იუგოსლავია ეწოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სლოვენია სოციალისტური იუგოსლავიის ნაწილად დარჩა. დამოუკიდებლობა იუგოსლავიის დაშლის შედეგად, 1991 წელს მოიპოვა. ყოფილი იუგოსლავიის სხვა ქვეყნებთან შედარებით, სლოვენიას ომი იუგოსლავიასთან მხოლოდ ათ დღეს გაგრძელდა და აქედან გამომდინარე, ქვეყანა ნაკლებად დაზარალდა.

1992 წელს სლოვენიაში ერთი მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 9600 დოლარი იყო. ყოფილი სოციალისტური ბლოკის ქვეყნებიდან ის ყველაზე კარგ ეკონომიკურ მდგომარეობაში იყო.

დამოუკიდებელ სლოვენიაში ეკონომიკური რეფორმები 5 მიმართულებით წარიმართა: 1. მონეტარული დამოუკიდებლობა; 2. მაკროეკონომიკური სტაბილურობა; 3. წაგებიანი კომპანიების რესტრუქტურიზაცია; 4. კომერციული საბანკო სექტორის განვითარება და 5. პრივატიზაცია.

დამოუკიდებლობის მოპოვებისა და სოციალისტური ბლოკის დაშლის შემდეგ სლოვენიამ სოციალისტური ეკონომიკური სისტემის დასავლურ საბაზრო ეკონომიკაზე გადაწყობა დაიწყო. 1991 წელსვე ქვეყანამ საკუთარი ეროვნული ვალუტა სლოვენიური ტოლარი გაუშვა მიმოქცევაში და პირველი პოსტსოციალისტური ქვეყანა იყო, რომელმაც მონეტარული დამოუკიდებლობა მოიპოვა.

სლოვენიამ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებით შეძლო, არ ჰქონია მაღალი ინფლაცია და რეცესია, მსგავსად ბევრი ყოფილი სოციალისტური ქვეყნისა.

პრივატიზაცია სწრაფი და მასშტაბური არ ყოფილა, შედარებით ნელა მიმდინარეობდა. ასევე მნიშვნელოვანი იყო საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაცია და ევროპის ქვეყნებთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება.

1993-2003 წლებში სლოვენიის ეკონომიკა საშუალოდ 4%-ით იზრდებოდა. ეს არ არის მაღალი ზრდა, მაგრამ ქვეყანაში, რომელიც 1991 წელს ყველაზე მდიდარი იყო აღმოსავლეთ ევროპაში და რომელმაც სტაბილური, უწყვეტი საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპი შეინარჩუნა, 2003 წლისთვის ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 15 000 დოლარს გადასცდა.

1995 წელს სლოვენია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას შეუერთდა, ანუ ის ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრია, რამაც საგარეო ბაზრებზე წვდომა მნიშვნელოვნად გაუმარტივა.

1997 წელს სლოვენიამ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმა. 1993-1996 წლებში სლოვენიის ექსპორტი წლიურად საშუალოდ 3%-ით იზრდებოდა, 1997-2003 წლებში კი საშუალო წლიური ზრდის ტემპი 9%-მდე გაიზარდა.

1997 წელს სლოვენიამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიც მიიღო. 1998 წლიდან კი მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდა, რომელიც 2002 წელს დასრულდა და 2004 წლის 1 მაისს სლოვენია ევროკავშირის წევრი გახდა, 2007 წლის 1 იანვრიდან კი ევროზონას შეუერთდა, ანუ მისი ვალუტა ევრო გახდა.

2004-2008 წლებში სლოვენიის ეკონომიკის საშუალო წლიური ზრდის ტემპი 5% იყო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ დროს სლოვენია უკვე აღარ იყო ღარიბი ქვეყანა, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა კარგი მიღწევა იყო. აღნიშნულ 5 წელიწადში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 15 000 დოლარიდან 28 000 დოლარამდე გაიზარდა.

2009 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი სლოვენიასაც შეეხო, მისი ეკონომიკა 8%-ით შემცირდა. სტაბილური ზრდა (წლიურად საშუალოდ 4%-მდე) 2013 წლიდან დაიწყო და 2020 წლამდე, პანდემიამდე გაგრძელდა.

სლოვენიაში კარგად არის განვითარებული როგორც პირველადი დარგები (სოფლის მეურნეობა და მრეწველობა), ისე მომსახურების სექტორი. სლოვენიას ნაყოფიერი ნიადაგი და ხელსაყრელი კლიმატი აქვს სოფლის მეურნეობისთვის, რასაც ეფექტიანად იყენებს. თუმცა, როგორც მდიდარ ქვეყნებს ახასიათებთ, სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში მცირეა (2.5%). განვითარებულ სოფლის მეურნეობაზე ისიც მიანიშნებს, რომ ერთ ფერმერზე საშუალოდ 6 ჰექტარამდე მიწა მოდის (საქართველოში 1.3 ჰექტარამდეა).

მრეწველობაში მაღალ ტექნოლოგიებს იყენებს. ქვეყნის წამყვანი კომპანიაა „გორენიე“, რომელსაც წლიური შემოსავალი მილიარდ ევროზე მეტი აქვს. სლოვენიას აქვს მაღალი დონის ჯანდაცვისა და განათლების სექტორი.

სლოვენიის მაღალგანვითარებულ საფინანსო სექტორზე მიანიშნებს ლუბლიანის საფონდო ბირჟა, რომლის ჯამური კაპიტალიზაცია 50 მილიარდი ევროა, ანუ 50 მილიარდი ევროს ჯამური ღირებულების ფასიანი ქაღალდებია ბირჟაზე განთავსებული.

გააზიარე