Forbes Georgia
როგორ გამდიდრდა „სტარბაქსი“?

ცნობილი გახდა, რომ 2026 წლის გაზაფხულზე საქართველოში ამერიკული კომპანია „სტარბაქსი“ შემოდის, რომელსაც წარმატების საინტერესო გზა აქვს განვლილი.
„სტარბაქსი“ ქსელური რესტორნების კომპანიებს შორის შემოსავლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. 2025 წელს 37 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი 2 მილიარდი დოლარი შეადგინა. რესტორნების (ე.წ. Coffee shop-ების) რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა, მხოლოდ ჩინურ Mixue Ice Cream & Tea-ს და „მაკდონალდსს“ ჩამორჩება. კომპანიის აქტივები 32 მილიარდი, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 95 მილიარდი დოლარია. კაპიტალიზაციით მის სექტორში მხოლოდ „მაკდონალდსს“ ჩამორჩება. დასაქმებული ჰყავს 381 ათასი ადამიანი.
„სტარბაქსს“ უკავშირებენ ამერიკაში ყავის სმის კულტურის ცვლილებას. იაფი, სახლის საბაზისო სასმელი მშვიდ გარემოში მისართმევ, პრემიუმ-სასმელად აქცია. კომპანია დღეს მრავალფეროვან ყავის მენიუსთან და ძლიერ ბრენდულ ნიშნებთან ასოცირდება. სწორედ ეს გარემოება არის მისი წარმატების მთავარი მიზეზი.
პირველი „სტარბაქსი“ 1971 წლის 30 მარტს აშშ-ში, ქალაქ სიეტლში გაიხსნა. ის სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის სამმა სტუდენტმა დააარსა: ინგლისურის მასწავლებელმა ჯერი ბოლდუინმა, ისტორიკოსმა ზევ სიგლმა და მწერალმა გორდონ ბოუკერმა. მათი მიზანი მაღალი ხარისხის ყავის მარცვლების გაყიდვა იყო. მარცვლების მოხალვის ტექნოლოგიის შესასწავლად ამ სფეროში მოღვაწე ბიზნესმენს, ალფრედ პიტს მიმართეს.
დამფუძნებლებს, განსაკუთრებით გორდონ ბოუკერს, რომელსაც პარალელურად სარეკლამო კომპანიაც ჰქონდა, უნდოდა, რომ კომპანიის სახელი აუცილებლად „ST“-ზე დაწყებულიყო. საბოლოოდ, არჩევანი ჰერმან მელვილის რომანის „მობი დიკის“ პერსონაჟის სახელზე, „Starbuck“-ზე შეაჩერეს.
1976 წლამდე „სტარბაქსი“ მხოლოდ ყავის მარცვლებს ყიდდა. თავიდან ყავას ალფრედ პიტისგან ყიდულობდა, შემდეგ კი უშუალოდ ფერმერებისგან. 1981 წელს „სტარბაქსს“ უკვე ხუთი მაღაზია ჰქონდა გახსნილი. მომზადებული ყავის გაყიდვა კომპანიამ 1986 წლიდან დაიწყო, თავიდან მხოლოდ ესპრესოს ყიდდა.
კომპანიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჰოვარდ შულცმა, რომელიც 1987 წელს „სტარბაქსის“ მარკეტინგის განყოფილების მმართველი გახდა. შულცს თავად ჰქონდა ყავახანების ქსელი და ინვესტორების დახმარებით „სტარბაქსიც“ შეისყიდა. შემდეგ ყავახანების ქსელი „სტარბაქსს“ შეუერთა და ერთ კომპანიად აქცია. ამ გზით, ყავის მაღაზია „სტარბაქსი“ სწრაფად გადაიქცა ქსელური რესტორნების კომპანიად. მას 1987 წლიდან აქვს ცნობილი მწვანე ლოგო, რომელიც შემდეგ რამდენიმეჯერ შეიცვალა, მაგრამ 1987 წლის ლოგოს მსგავსია.
1987 წელს „სტარბაქსის“ წლიური შემოსავალი 1.3 მლნ დოლარი იყო, მას 17 სარეალიზაციო ობიექტი ჰქონდა. 1992 წელს კომპანიამ ნიუ-იორკის ბირჟაზე გაყიდა აქციები. ამ დროს უკვე 140 ობიექტი და 74 მლნ დოლარის წლიური შემოსავალი ჰქონდა. აქციების გაყიდვიდან მიღებული ფულით „სტარბაქსმა“ რესტორნების რაოდენობა გააორმაგა.
საზღვარგარეთ „სტარბაქსმა“ ყავის გაყიდვა 1984 წელს, იტალიაში დაიწყო. პირველი ობიექტები კი აშშ-ის გარეთ იაპონიასა და სინგაპურში გახსნა 1996 წელს. 1997 წელს ფილიპინებში შევიდა, 1998 წელს – ინგლისში, მალაიზიაში, ტაივანში, ტაილანდსა და ახალ ზელანდიაში, 1999 წლიდან კი – ჩინეთში. „სტარბაქსის“ ძირითადი სამიზნე ბაზარი აშშ, ინგლისი და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები იყო. 2001 წლიდან კი ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში დაიწყო გაფართოება. ლათინურ ამერიკაში – კერძოდ, მექსიკაში – პირველი ობიექტი 2002 წელს გახსნა. 2003 წელს მსოფლიო მასშტაბით 20 ათასი „სტარბაქსი“ იყო გახსნილი.
1997 წელს „სტარბაქსი“ პირველი კომპანია იყო აშშ-ში, რომელმაც მცენარეული (სოიას) რძით დამზადებული ყავა შესთავაზა მომხმარებლებს. 2015 წლიდან კი ქოქოსისა და ნუშის რძესაც იყენებს. 2008 წლიდან დაბალკალორიულ, შაქრის შემცვლელი დამატკბობლებით მომზადებულ ყავასაც ყიდის.
„სტარბაქსმა“ მობილური ტელეფონის აპლიკაციით ყავის შეკვეთის სერვისი ჯერ კიდევ 2013 წელს დანერგა.
საერთაშორისო გაფართოების შედეგად კომპანიის შემოსავლები სწრაფად იზრდებოდა და 2003 წელს 4 მილიარდ დოლარს გადასცდა, მომდევნო სამ წელიწადში კი გაორმაგდა. 2007 წელს „სტარბაქსი“ რუსეთში შევიდა. 2008 წელს კომპანიის შემოსავალი 10 მილიარდ დოლარს გადასცდა. „სტარბაქსმა“ მცირე და საშუალო ზომის კონკურენტი კომპანიების შესყიდვა დაიწყო. მომავალ ექვს წელიწადში კომპანიის შემოსავალი გაორმაგდა და 2016 წელს 21 მილიარდს გადასცდა, მომდევნო სამ წელიწადში კი კიდევ 25%-ით გაიზარდა.
2014 წელს „სტარბაქსი“ საქართველოს მეზობელ ქვეყანაში, აზერბაიჯანში შევიდა.
2019 წელს გახსნა ყველაზე დიდი მაღაზია-რესტორანი ჩიკაგოში, სადაც 200 ადამიანია დასაქმებული.
2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო „სტარბაქსმა“ რუსეთში მუშაობა შეაჩერა და რესტორნები გაყიდა. რესტორნები ცნობილმა რუსმა რეპერმა ტიმატიმ იყიდა და Stars Coffee დაარქვა.
ჰოვარდ შულცმა „სტარბაქსის“ აღმასრულებელი დირექტორის პოსტი 2022 წლის ოქტომბერში დატოვა, რომელიც 1987 წლიდან ეკავა. მისი ქონება 3 მილიარდ დოლარზე მეტია.
დღეს „სტარბაქსს“ მსოფლიოს 87 ქვეყანაში 41 ათასამდე მაღაზია-რესტორანი აქვს. ძირითადად ამერიკის ორივე კონტინენტზე, ევროპასა და აღმოსავლეთ აზიაშია წარმოდგენილი. აფრიკის კონტინენტზე მხოლოდ ოთხ ქვეყანაში აქვს რესტორნები.
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
