"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

როგორ გამდიდრდა Tesla?

Artboard 1-1 (1)

ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანია Tesla-მ 2024 წელს 1.8 მლნ ავტომობილი გამოუშვა და 98 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. მოგებამ 7 მლრდ დოლარი შეადგინა. კომპანიის აქტივები – 122 მლრდ დოლარი, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 1.2 ტრილიონი დოლარია. Tesla კაპიტალიზაციით მსოფლიოში მე-8 ადგილზეა. უშუალოდ ავტომწარმოებლებს შორის პირველზეა. დასაქმებული ჰყავს 140 ათასზე მეტი ადამიანი.

Tesla-ს ყველაზე დიდ წილს – 13%-ს – ცნობილი ბიზნესმენი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი და ამჟამად აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი ფლობს.

Tesla Motors-ი 2003 წელს კალიფორნიაში ამერიკელმა ინჟინრებმა მარტინ ებერჰარდმა და მარკ ტარპენინგმა დააარსეს. კომპანიას სახელი ცნობილი ამერიკელი გამომგონებლისა და მეცნიერის, ნიკოლა ტესლას პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც ელექტროენერგიასთან დაკავშირებული აღმოჩენებით უფრო არის ცნობილი. თავიდანვე მათი მიზანი მაღალი ეფექტიანობის მქონე ელექტრობატარეებზე მომუშავე ავტომობილების შექმნა იყო. მათ მალე იან რაიტი შეუერთდათ. 2004 წლიდან მანქანების გამოსაშვებად კაპიტალის მოძიება დაიწყეს და პირველ ინვესტიციად მოზიდული 7.5 მლნ დოლარიდან 6.5 მლნ დოლარი ილონ მასკს ეკუთვნოდა, რომელმაც ამავე დროს კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ადგილი დაიკავა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი (CEO) მარტინ ებერჰარდი გახდა. ამავე წელს მათ გუნდს ჯეფრი შტრობელი შეუერთდა. სწორედ ეს ხუთი ადამიანი მიიჩნევა დღემდე Tesla-ს დამფუძნებლებად.

თავიდან მასკი ძირითადად მანქანების დიზაინის მხრივ იყო ჩართული, თვითონ ქმნიდა მოდელების დიზაინს და 2006-2007 წლებში დიზაინში საერთაშორისო ჯილდოებიც კი მიიღო.

კომპანიის მიზანი თავიდანვე გახდა ფინანსურად ხელმისაწვდომი ხარისხიანი ელექტრომობილის წარმოება, რომელიც სიმძლავრესთან ერთად, ერთი დამუხტვით განვლილი მანძილითაც იქნებოდა გამორჩეული.

2004 წლიდან დაიწყეს კომპანიის პირველი მოდელის სერია „A“-ს წარმოება. 2006 წლიდან კი სერია „B“-ს. 2006 წელს კომპანიამ 40 მლნ დოლარის ინვესტიციები მიიღო „გუგლისა“ და „იბეის“ დამფუძნებლებისგან. თანდათან სხვა ინვესტორებიც დებდნენ ფულს Tesla-ში და 2007 წელს ჯამურმა ინვესტიციებმა 105 მლნ დოლარს მიაღწია.

კომპანიის თავდაპირველმა მოდელებმა ვერ გაამართლა, რადგან ვერ ახერხებდა ერთი დამუხტვით დიდი მანძილის გავლას. პირველი წარმატებული მოდელი 2008 წელს გამოსული Roadster-ი იყო, რომელსაც 250 მილის გავლა შეეძლო და სიმძლავრით სპორტულ ავტომობილებს უახლოვდებოდა. თუმცა ვერ მიიღწა მთავარი მიზანი – ავტომობილს ხელმისაწვდომი ფასი ჰქონოდა. Roadster-ის ფასი 100 000 დოლარიდან იწყებოდა. ასევე, პრობლემა იყო დამუხტვის დრო. სპეციალური დამტენის გამოყენების გარეშე 24-48 საათი სჭირდებოდა. დღეისათვის ეს დრო 30 წუთამდე შემცირდა, მაგრამ საწვავზე მომუშავე ავტომობილების ავზის შევსებისთვის საჭირო დროსთან შედარებით ისევ გაცილებით მეტია.

2008 წლიდან კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი გახდა. 2009 წლის კრიზისის დროს Tesla-ს ძალიან გაუჭირდა, კომპანია გაკოტრების პირას იყო. მშველელად „დაიმლერი“ მოევლინა, რომელმაც კომპანიის 10% იყიდა 50 მლნ დოლარად. 465 მლნ დოლარის სესხი „ტესლამ“ ამერიკის მთავრობისგან მიიღო. 2010 წელს კომპანიამ ნასდაქზე განათავსა აქციები და 226 მლნ დოლარი მოიზიდა.

2011 წელს Tesla-მ ახალი მოდელი Model S გამოუშვა, რომლის ფასი 76 000 დოლარი იყო და მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა წინამორბედის ფასს. Model S საკმაოდ წარმატებული გამოდგა, შემცირებული დამუხტვის დროით და 300-მდე მილის გავლით. ეს იყო ძლიერი მონაცემების მქონე, მაღალი კლასის ავტომობილი. 2012 წლიდან კომპანიამ Roadster-ის წარმოება შეწყვიტა.

2012 წლიდან Tesla-მ უფასო დამუხტვის წერტილები გახსნა სხვადასხვა ქალაქში. 2013 წელს კომპანია მოგებაზე გავიდა და ელემენტების საწარმოებლად ნევადაში გიგაქარხნის მშენებლობა დაიწყო.

2015 წელს კომპანიამ მზის ენერგიის დანადგარების წარმოება დაიწყო საწარმოებისა და ოჯახებისთვის. ასევე გამოუშვა Model X, რომლის ფასი 35 000 დოლარი იყო.

2017 წლიდან კომპანიას სახელი შეუცვალეს და Tesla Motors-ის ნაცვლად Tesla Inc დაარქვეს. 2018 წელს კომპანიის მმართველი რობინ დენჰოლმი გახდა.

2020 წელს საბაზრო ღირებულებით კომპანია ყველაზე ძვირად ღირებული საავტომობილო კომპანია გახდა, როცა მისმა ფასმა 400 მილიარდ დოლარს მიაღწია. მომდევნო 2 წელიწადში კაპიტალიზაცია გასამმაგდა და 1.2 ტრილიონს მიაღწია. ამის შემდეგ, ნახევარგამტარების (ჩიპების) დეფიციტის, უკრაინა-რუსეთის ომისა და ჩინური კომპანიების მხრიდან კონკურენციის ზრდის გამო, Tesla-ს კაპიტალიზაცია 500 მლრდ დოლარამდე შემცირდა. 2024 წლის ნოემბრამდე 800 მლნ დოლარამდე გაიზარდა, შემდეგ 1 თვეში დიდი ნახტომი გააკეთა – 1.4 ტრილიონ დოლარამდე. ეს ძირითადად ამერიკის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებამ განაპირობა, რადგან ილონ მასკი მისი გუნდის წევრია და ამავე დროს, ტრამპის დაპირება ჩინეთისგან ადგილობრივი წარმოების დაცვა იყო.

დღეს Tesla-ს ქარხნებში მანქანებს რობოტები აწყობენ. ყველაზე გაყიდვადი მოდელები Model 3 და Model Y არის. კომპანია 2023 წლიდან ასევე უშვებს Cybertruck-ს, რომელიც 2024 წელს 40 ათასამდე გაიყიდა. მიუხედავად იმისა, რომ საბაზრო კაპიტალიზაციით Tesla ავტომწარმოებელ კომპანიებს შორის პირველია, გამოშვებული ელექტრომობილების რაოდენობით ჩინურმა BYD-მა გადაასწრო 2023 წლიდან.

გააზიარე