როგორ გამდიდრდა ურუგვაი?

4% - 2025-07-17T105703.365

ურუგვაი სამხრეთ ამერიკაში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, მას მხოლოდ გაიანა უსწრებს. ათი წლის წინ გაიანაში ნავთობის დიდი საბადო აღმოაჩინეს, რამაც ქვეყანა სწრაფად გაამდიდრა. ურუგვაი კი არ არის ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებული, სიმდიდრის დღევანდელ დონეს ეკონომიკური განვითარებით მიაღწია. ურუგვაი გამორჩეულია დემოკრატიის დონით. დემოკრატიის ინდექსში მე-15 ადგილზეა და ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორებიცაა: ავსტრია, საფრანგეთი, ბელგია, ჩეხეთი, ესტონეთი და სხვა დასავლური ქვეყნები.

ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლით ურუგვაი მსოფლიოში 50-ე ადგილზეა. ურუგვაის მოქალაქეს წელიწადში 22,700 აშშ დოლარის შემოსავალი აქვს (საქართველოს მოქალაქეზე 2.5-ჯერ მეტი). უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რუმინეთსა და ბულგარეთს, დაახლოებით ლატვიისა და უნგრეთის დონეზეა. ქვეყნის მოსახლეობა 3.5 მლნ ადამიანია.

მე-16 საუკუნის დასაწყისში ურუგვაი პორტუგალიის კოლონია გახდა. მე-17 საუკუნიდან ესპანეთის ხელში გადავიდა. დამოუკიდებლობა 1828 წელს მოიპოვა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ურუგვაიში მარქსისტული რეჟიმის დამყარების მცდელობა იყო, მაგრამ არ გამოვიდა. თუმცა 1984 წლამდე ქვეყანა დიქტატურული მმართველობის ქვეშ მოექცა, ბოლო 40 წელი კი დემოკრატიულად ვითარდება. დიქტატურის პერიოდში შემცირდა გადასახადები, განხორციელდა სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია, ეკონომიკის დერეგულირება, თუმცა რეჟიმი იმდენად რეპრესიული იყო, რომ ამას მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგები არ მოუტანია. რეჟიმის დასასრული ეკონომიკურმა კრიზისმა განაპირობა, 1982-1984 წლებში ეკონომიკა 29%-ით შემცირდა.

1985 წლიდან განხორციელებული რეფორმებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმები იყო, რაც საკუთრების დაცვას, სამართლის უზენაესობასა და მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურებოდა. ყურადღება მიექცა საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაციას, ქვეყნის ფისკალურ სიჯანსაღეს და ფინანსური სექტორის რეფორმას. 1986 წლიდან 1995 წლამდე ეკონომიკა 50%-ით გაიზარდა.

1930-იან წლებამდე ურუგვაის ეკონომიკის ძირითადი სექტორი სოფლის მეურნეობა იყო, რაც მომდევნო 20 წელიწადში ინდუსტრიამ ჩაანაცვლა. ინდუსტრიალიზაციას თან ახლა ურბანიზაცია. დღეს ქვეყნის მოსახლეობის 90% ქალაქში ცხოვრობს. თუმცა ურუგვაი დღემდე ძლიერია სოფლის მეურნეობით. მისი სოფლის მეურნეობა ექსპორტზე არის ორიენტირებული, ქვეყანა ხორცის, შალისა და ტყავის მსხვილი ექსპორტიორია.

1980-იანი წლებიდან ურუგვაის პოლიტიკურ ცვლილებებს ეკონომიკური ცვლილებებიც მოჰყვა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროპული ინვესტიციები. ურუგვაი თანდათან ფინანსური, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის ჰაბი გახდა. განათლების სექტორის დონის ამაღლებამ ქვეყანას მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალა მისცა.

მიუხედავად იმისა, რომ ურუგვაი სწორ გზაზე იდგა, პერიოდულად მასზეც აისახებოდა მისი ორი დიდი მეზობლის – ბრაზილიისა და არგენტინის ეკონომიკური კრიზისები, რომლებიც ამ ქვეყნებს მრავლად ჰქონდათ ბოლო ათწლეულებში. ამ მხრივ ურუგვაის არ გაუმართლა. 1990-იანი წლების ბოლოს ბრაზილიისა და არგენტინის კრიზისის გამო ურუგვაის ეკონომიკა 10%-ით შემცირდა.

2004-დან 2019 წლამდე ურუგვაის ეკონომიკა უწყვეტად იზრდებოდა და შედეგად გაორმაგდა. 2008-2009 წლებშიც არ შემცირებულა ეკონომიკა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი იყო. 2020-ში პანდემიის გამო შემცირდა 7%-ით, 2021-2024 წლებში კი საშუალოდ 4%-ით იზრდებოდა.

2000-იანი წლებიდან ურუგვაის ეკონომიკაში გაძლიერდა ისეთი დარგები, როგორიცაა ტურიზმი, ლოგისტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ენერგეტიკა. ურუგვაის ელექტროენერგიის მოხმარებაში 95% განახლებადი ელექტროენერგიაა.

ქვეყნის წარმატებაში უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით ის პოპულიზმში, მაღალ ინფლაციასა და კორუფციაში არ არის ჩაფლული. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინდექსით კორუფციის დაბალი დონით მსოფლიოში მე-13 ადგილზეა. უსწრებს გერმანიას, ავსტრიას, ინგლისს, საფრანგეთს და სხვა განვითარებულ დასავლურ ქვეყნებს. ურუგვაიში არის სამართლის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო, პრესის თავისუფლება, ტარდება თავისუფალი არჩევნები. მნიშვნელოვანი ინვესტიციებია განხორციელებული განათლებისა და ჯანდაცვის სექტორში. ამავე დროს ურუგვაი ძალიან ღარიბია ბუნებრივი რესურსებით და გარშემო მის სამეზობლოში პერმანენტული ეკონომიკური კრიზისებია. თუმცა მისი ძირითადი სავაჭრო პარტნიორები მაინც მეზობლები არიან. ურუგვაის მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვს ევროკავშირთან, აშშ-თან და ჩინეთთანაც, რაც საგარეო ვაჭრობასა და ქვეყნის ეკონომიკურ ჰაბად ქცევაში მნიშვნელოვნად ეხმარება.

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა