"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

როგორ გამდიდრდა VISA?

visa-credit-debit-cards-bloomberg-1200

ფინანსური მომსახურების კომპანია Visa Inc-ი ყველაზე მეტად პლასტიკური ბარათებით არის ცნობილი. VISA მდიდარი, მაღალშემოსავლიანი კომპანიაა, რომელმაც 2019 წელს 23 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც მოგება 3 მილიარდ დოლარამდე იყო. კომპანიის აქტივები – 73 მილიარდი დოლარი, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 462 მილიარდი დოლარია. კაპიტალიზაციით ის მსოფლიოში მე-14 ადგილზეა. დასაქმებული ჰყავს 20 ათასამდე ადამიანი.

VISA-ს ისტორია 1958 წელს იწყება, როდესაც „ამერიკის ბანკმა“ საკრედიტო ბარათების – BankAmericard-ის გამოშვება დაიწყო. ეს იყო პირველი ზოგადი დანიშნულების მოხმარების საკრედიტო ბარათი, ქაღალდის ბარათის ფორმით, რომლის ლიმიტი $300 იყო. საკრედიტო ბარათის პროგრამა აშშ-ში საშუალო კლასის მომხმარებლისთვის და მცირე და საშუალო სავაჭრო ობიექტებისთვის იყო განკუთვნილი. პროგრამა მოგებიანი 1961 წლიდან გახდა.

1966 წლიდან „ამერიკის ბანკმა“ საკრედიტო ბარათების გამოშვების ლიცენზიის მიყიდვა ამერიკის სხვა ბანკებისთვის დაიწყო, რისი ერთ-ერთი მიზეზი ბაზარზე კონკურენტის – Master Charge-ის (ახლანდელი Mastercard-ი) გამოჩენა იყო. 1960-იანი წლებისBankAmericard-ის ბოლო გამოშვება კანადაში, საფრანგეთში, ინგლისში, ესპანეთსა და იაპონიაშიც დაიწყეს, ოღონდ განსხვავებული სახელებით. ამერიკაში BankAmericard-ის ლიცენზიის მფლობელმა ბანკებმა ასოციაცია შექმნეს და National BankAmericard Inc-ი  დააარსეს. 1970 წელს 1400-მდე ბანკი იყენებდა BankAmericard-ს. 1972 წელს უკვე 15 ქვეყნის ბანკებს ჰქონდა მიღებული ბარათების გამოშვების ლიცენზია. 1973 წელს National BankAmericard-მა შემოიღო ელექტრონული ავტორიზაციის პირველი სისტემა, რომელსაც ელექტრონული კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემა მოჰყვა. 1975 წელს პირველი სადებეტო ბარათი გამოვიდა.

1974 წელს შეიქმნა International Bankcard Company (IBANCO), რომელსაც ეროვნული პროგრამების მართვა საერთაშორისო დონეზე უნდა განეხორციელებინა.  1976 წელს IBANCO-ს გადაწყვეტილებით, ეროვნულ დონეზე გამოშვებული BankAmericard-ის სხვადასხვა დასახელება ერთ საერთო სახელში – VISA-ში გაერთიანდა. National BankAmericard Inc-ი გახდა Visa USA, ხოლო IBANCO – Visa International-ი.

სიტყვა „VISA“ კომპანიის ხელმძღვანელმა დი ჰოკმა შეარჩია. მისი აზრით, ამ სიტყვას ყველა ქვეყანაში იცნობენ (სამოგზაურო ვიზის გამო) – ის  მარტივად დასამახსოვრებელი და წარმოსათქმელია. კომპანიას მოგზაურობასთან არა მხოლოდ სახელი აკავშირებდა: 1979 წელს VISA-ს პირველი სამოგზაურო ჩეკები ოთხ ვალუტაში გამოიცა.

1983 წელს VISA-ს საბანკო ავტომატების (ბანკომატების) ქსელი შეიქმნა, რომლითაც მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში შეეძლო თანხის განაღდება. 1986 წელს VISA-მ მრავალვალუტიანი (21 ვალუტა) კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემა შექმნა. 1994 წელს Interlink-ი შეისყიდა, რომლის მეშვეობით მომავალში ონლაინ საბანკო მომსახურების მიწოდება გახადა შესაძლებელი. 1995 წელს კი პირველი ჩიპიანი ბარათი გამოუშვა, რომელიც თავსებადი იყო გადახდის ტერმინალებთან.

1997 წელს VISA-ს ბარათებით ტრილიონ დოლარზე მეტი ჯამური ღირებულების ტრანზაქცია განხორციელდა. 2001 წელს მისი გამოშვებული ბარათების რაოდენობამ მილიარდს მიაღწია. 2006 წელს კი VISA-ს ბარათებით უკვე 4 ტრილიონ დოლარზე მეტის ტრანზაქცია შესრულდა, თუმცა კომპანიის წლიური შემოსავალი ჯერ მხოლოდ 3 მილიარდ დოლარამდე იყო. 2007 წელს შეიქმნა კომპანიის ის სტრუქტურა, რომლითაც დღეს მუშაობს და დაერქვა ამჟამინდელი სახელი Visa Inc-ი.

2008 წელს VISA-მ, იმ დროისთვის ამერიკის ისტორიაში აქციების განთავსების (Initial Public Offering) ყველაზე მსხვილი შეთავაზება გააკეთა და 18 მილიარდი დოლარი მოიზიდა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან. ამავე წელს კომპანიამ მობილური ტელეფონებით გადახდის სისტემა შექმნა.

2016 წელს Visa Inc-მა Visa Europe-ი შეისყიდა. 2006-დან 2019 წლამდე კომპანიის შემოსავლები ყოველწლიურად იზრდებოდა და საშუალოდ 5 წელიწადში ორმაგდებოდა. 2020 წლის წინასწარი მონაცემებით, Visa Inc-ის შემოსავლები 1 მილიარდი დოლარით შემცირდა და 22 მილიარდი შეადგინა.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა