როგორ გამდიდრდნენ ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი?

გამდიდრდნენ2

„გუგლის“ დამაარსებელი ლარი პეიჯი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში უკვე მე-2 ადგილზეა, ის მხოლოდ ილონ მასკს ჩამორჩება. მისი ბიზნესპარტნიორი სერგეი ბრინი კი რეიტინგში მე-5 ადგილს იკავებს. ლარი პეიჯის ქონება 253 მილიარდ დოლარს აღწევს, სერგეი ბრინის კი – 234 მილიარდ დოლარს. ისინი ერთად კომპანია „ალფაბეტის“ („გუგლის“ მფლობელი კომპანია) 12%-ს ფლობენ, მაგრამ კომპანიაში საარჩევნო ხმის 50%-ზე მეტი აქვთ, მათ მფლობელობაში არსებული აქციების კატეგორიიდან გამომდინარე.

ლარი პეიჯი 1973 წელს აშშ-ში, მიჩიგანის შტატში დაიბადა. დედა ებრაელი ჰყავს. ლარის მშობლები კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტები არიან. მამა მიჩიგანის უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორი იყო. ლარიმ უმაღლესი საბაკალავრო განათლება კომპიუტერულ მეცნიერებებში მიიღო მიჩიგანის უნივერსიტეტში, მაგისტრატურაში სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლობდა იმავე სპეციალობით. სტენფორდშივე მიიღო დოქტორის ხარისხი.

სერგეი ბრინიც 1973 წელს დაიბადა, მოსკოვში. მისი ორივე მშობელი ებრაელი იყო. სერგეის მშობლები მათემატიკოსები იყვნენ. მოგვიანებით მამა მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. 1979 წელს ბრინების ოჯახი პოლონეთში და შემდეგ აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. სერგეიმ ბაკალავრის განათლება მერილენდის უნივერსიტეტში მიიღო კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალობით. შემდეგ სწავლა სტენფორდის უნივერსიტეტში გააგრძელა.

სწორედ სტენფორდის უნივერსიტეტში გაიცნეს ერთმანეთი 1996 წელს დოქტორანტებმა ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა. სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში მომავალ „გუგლზე“ დაიწყეს მუშაობა. მათთან ერთად იყო სკოტ ჰასანიც, რომელმაც „გუგლის“ კოდების უმეტესობა დაწერა, მაგრამ მან ჯერ კიდევ მანამდე დატოვა „გუგლის“ პროექტი, სანამ ის კომპანიად ჩამოყალიბდებოდა.

პირველ ეტაპზე შექმნეს ალგორითმი PageRank-ი, რომელიც ვებსაიტებს შორის ურთიერთკავშირის ანალიტიკის საშუალებას იძლეოდა და ამის საფუძველზე ადგენდა ვებსაიტის მნიშვნელოვნებას. აღნიშნულ ალგორითმზე დაფუძნებულ საძიებო სისტემას BackRub-ი დაარქვეს. 1997 წელს აღნიშნულ საძიებო სისტემას სახელი გადაარქვეს და Google-ი დაარქვეს. ეს სახელი მომდინარეობს სიტყვა Googol-დან, რაც გამოხატავს რიცხვს, რომელიც 1-ის შემდეგ ასი ნულისგან შედგება.

„გუგლის“ საიტი 1997 წელს დარეგისტრირდა, კომპანია კი 1998 წლიდან. კომპანიის რეგისტრაციის და საქმიანობის ადგილი პეიჯისა და ბრინის მეგობრის გარაჟი იყო კალიფორნიაში. კომპანიაში პირველი ინვესტიცია 100 ათასი დოლარის ოდენობით 1998 წელსვე განხორციელდა Sun Microsystems-ის დამფუძნებლის, ენდი ბეხტოლშაიმის მიერ. მას სხვა ინვესტორებიც შემოუერთდნენ, ერთ-ერთი იყო კომპანია „ამაზონი“.

1998 წელს პეიჯმა და ბრინმა ცნობილ კომპანიას, Yahoo-ს შესთავაზეს „გუგლის“ შესყიდვა 1 მლნ დოლარად. Yahoo-მ, რომელიც იმ დროს პირველი იყო საძიებო სისტემით, უარი განაცხადა. 2002 წელს Yahoo-მ მოინდომა „გუგლის“ შესყიდვა, მაგრამ უკვე 5 მილიარდ დოლარამდე დაუფასეს და ვეღარ იყიდა.

1999 წლიდან „გუგლში“ სულ უფრო მეტი ინვესტორი დებს ფულს. „გუგლმა“ რეკლამების გაყიდვა დაიწყო, რომელიც საძიებო სიტყვებთან იყო დაკავშირებული. ეს ამავე დროს სიახლე იყო ინტერნეტინდუსტრიაში. 2003 წელს „გუგლმა“ დიდი ოფისი იქირავა Silicon Graphics-გან, რომელიც 3 წლის შემდეგ შეისყიდა კიდეც 319 მლნ დოლარად. ამ პერიოდში კომპანია და მისი საძიებო სისტემა იმდენად პოპულარული გახდა, რომ ინგლისურ ენაში სიტყვა „გუგლი“, როგორც ზმნა, ისე შემოვიდა. Oxford English Dictionary-ის განმარტებით, ზმნა გუგლი ნიშნავს „გუგლის“ საძიებო სისტემით ინტერნეტში ინფორმაციის მოპოვებას.

2004 წელს „გუგლმა“ აქციების საჯაროდ განთავსება დაიწყო. 20 მლნ-მდე აქცია გამოიტანა გასაყიდად, აქციის ფასი 85 დოლარი იყო. აქციები ონლაინაუქციონით გაიყიდა და „გუგლმა“ სანაცვლოდ 1.7 მილიარდი დოლარი მიიღო. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ კი 23 მილიარდი დოლარი შეადგინა. აღნიშნული ტრანზაქციით პეიჯისა და ბრინის ქონება 10 მილიარდ დოლარს გადასცდა.

2015 წელს კომპანიაში დიდი რეკონსტრუქცია განხორციელდა. დაარსდა კომპანია „ალფაბეტი“ რომელიც გახდა „გუგლის“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების მფლობელი კომპანია. დღეს კომპანია უამრავ პროექტშია ჩართული და შემოსავლებიც სწრაფად ეზრდება.

„ალფაბეტის“ შემოსავალმა 2024 წელს 350 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც მოგება 100 მილიარდი დოლარი იყო. კომპანიის აქტივები 450 მილიარდი დოლარია, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია – 3.7 ტრილიონი დოლარი. ამ მაჩვენებლით მხოლოდ „ენვიდიას“ და „ეფლს“ ჩამორჩება.

სწორედ „ალფაბეტის“ საბაზრო კაპიტალიზაციაზეა დამოკდიებული ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის სიმდიდრე, რადგან დღემდე ამ კომპანიის მსხვილი აქციონერები არიან. ბოლო ერთ წელიწადში „ალფაბეტის“ კაპიტალიზაცია 55%-ით გაიზარდა და შესაბამისად გაიზარდა მისი დამფუძნებლების ქონებაც. ეს ზრდა ძირითადად „გუგლის“ ხელოვნური ინტელექტის Gemini AI-ის პროგრესმა განაპირობა.

2019 წლის ბოლოს ლარი პეიჯმა „ალფაბეტის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა,, ხოლო სერგეი ბრინმა – კომპანიის პრეზიდენტის. თუმცა დირექტორთა საბჭოს წევრებად დარჩნენ. კომპანიის მართვისგან ჩამოშორება მათ სხვა ამბიციურ პროექტებს უკავშირდება. აქტიურად არიან ჩართულები სივრცის შემსწავლელი კომპანიების საქმიანობაში, „მფრინავი მანქანების“ და მაღალტექნოლოგიური თვითმფრინავების შექმნაში.

ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის ცხოვრება ბევრი შრომით და სწავლით მიღწეული წარმატების მაგალითია. თუ ზოგიერთმა მილიარდერმა უნივერსიტეტში სწავლაც კი მიატოვა ადრეულ ეტაპზე მიღწეული წარმატების გამო, პეიჯი და ბრინი 10 წელზე მეტს სწავლობდნენ და თავისი საქმიანობის სფეროში (კომპიუტერულ მეცნიერებებში) დოქტორის ხარისხიც დაიცვეს.

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა