საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და მკვლევარი

საბერძნეთის 2023 წლის საპარლამენტო არჩევნები

დავლიანიძე 2

21 მაისს საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა, 40.79% „ახალმა დემოკრატიამ” მოიპოვა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნები მარტივი, და არა გაძლიერებული, პროპორციული სისტემის გამოყენებით ჩატარდა, აღნიშნულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ბონუსის სახით დამატებით 50 მანდატი ვეღარ მიიღო და დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირება ვერ მოახერხა.

საბერძნეთის საკანონმდებლო ორგანო 300 წევრისგან შედგება. საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებისთვის 151 მანდატის მოპოვებაა საჭირო.

1990 წლიდან საბერძნეთი გაძლიერებული პროპორციული წარმომადგენლობის სისტემას იყენებდა, რომლითაც არჩევნებში ყველაზე მეტი ხმის მქონე პარტია ბონუსის სახით დამატებით 50 მანდატს იღებს.

მაგალითისთვის, 2012 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნებში „ახალმა დემოკრატიამ“ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან შედარებით ყველაზე მეტი ხმა – 18.85% მოიპოვა და როგორც პირველ ადგილზე გასულმა გაერთიანებამ, დამატებით 50 მანდატი მიიღო. გაძლიერებული პროპორციული სისტემის ფარგლებში „ახალმა დემოკრატიამ“ არა 18.85%-ის პროპორციული 58 მანდატი, არამედ 108 მანდატი მოიპოვა.

ორი საარჩევნო კანონი

საბერძნეთის ორი ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტია – „ახალი დემოკრატია“ და „სირიზა“ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული იდეოლოგიისა და საარჩევნო პროგრამის გარდა, ამომრჩეველს სრულიად განსხვავებულ საარჩევნო სისტემასა და ხელისუფლების ტიპს სთავაზობენ.

„ახალი დემოკრატია“ მხარს უჭერს საბონუსე სისტემის გამოყენებას, რომელიც ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოყალიბების შესაძლებლობას იძლევა, ხოლო „სირიზა“ ბონუს-სისტემის გაუქმებას ემხრობა და კოალიციური მთავრობის ფორმირებისკენ იხრება.

საარჩევნო კანონი, რომლითაც 21 მაისის კენჭისყრა ჩატარდა, 2016 წელს „სირიზას“ და „დამოუკიდებელი ბერძნების“ კოალიციურმა მთავრობამ მიიღო.

2020 წლის იანვარში, ხელისუფლების სათავეში მყოფმა „ახალმა დემოკრატიამ“ საარჩევნო კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც, პარტია, რომელიც ამომრჩეველთა ხმების 25%-ს მოიპოვებს, ბონუსის სახით დამატებით 20 მანდატს იღებს. 40%-ის მოპოვების შემთხვევაში – 50 მანდატს, ხოლო დარჩენილი მანდატების რაოდენობა პარტიებზე, რომლებიც 3%-იან საარჩევნო ზღვარს გადალახავენ, პროპორციულად გადანაწილდება.

საბერძნეთის კონსტიტუციით, საარჩევნო კანონში შეტანილი ცვლილებები ძალაში მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ შედის, შესაბამისად, 21 მაისის კენჭისყრა „სირიზას“ და „დამოუკიდებელი ბერძნების“ მიერ მიღებული საარჩევნო კანონით ჩატარდა, ხოლო 25 ივნისის არჩევნები „ახალი დემოკრატიის“ მიერ მიღებული საარჩევნო კანონით გაიმართება.

რადგან 21 მაისის კენჭისყრის შემდეგ არჩევნებში პირველ სამ ადგილას გასულმა პარტიებმა, „ახალმა დემოკრატიამ“, „სირიზამ“ და „პანელინისტურმა სოციალისტურმა მოძრაობამ” სამი დღის ვადაში კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ მოახერხეს, საბერძნეთის პარლამენტი დაშლილად გამოცხადდა და 25 ივნისს საბერძნეთის საკანონმდებლო ორგანოს ხელახალი არჩევნები დაინიშნა.

21 მაისის კენჭისყრის შედეგები

რეგისტრირებული 9 810 040 ამომრჩევლიდან 21 მაისს არჩევნებში მონაწილეობა 61.1%-მა მიიღო და 3%-იანი ზღვარი ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა:

„ახალი დემოკრატია“ – 40.79%

მთავარი მემარჯვენე ცენტრისტული პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც 1974 წელს კონსტანტინოს კარამანლისმა შექმნა. „ახალი დემოკრატია“ ხელისუფლების სათავეში 1974-1981, 1989-1993, 2004-2009, 2013-2015, 2019-2023 წლებში იმყოფებოდა. ამჟამად, მისი მთავარი დაპირება უცხოური ინვესტიციების ზრდა, გადასახადებისა და უმუშევრობის შემცირებაა. კირიაკოს მიცოტაკისმა, რომელმაც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2019 წელს დაიკავა, მკვეთრად პროევროპული ორიენტაციითა და ტექნოკრატიული მმართველობით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო არენაზე, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვა. ამას გარდა, მას დადებითად აფასებენ Covid-19-ის პანდემიის ეფექტიანი მართვისა და ეკონომიკური გარემოს გაჯანსაღებისთვის.

„რადიკალური მემარცხენეების კოალიცია – სირიზა“ – 20.07%

„სირიზა“ 2004 წელს მემარცხენე პოლიტიკური პარტიების კოალიციად, ხოლო 2012 წელს პოლიტიკურ პარტიად დაფუძნდა. 2015-2019 წლებში ხელისუფლების სათავეში „დამოუკიდებელ ბერძნებთან – ANEL“ ერთად იმყოფებოდა.

„სირიზას“ მთელი წინასაარჩევნო კამპანია საშუალო კლასის პრობლემებზე, საიმიგრაციო პოლიტიკაზე, ფარული მოსმენების სკანდალსა და სარკინიგზო ავარიაზე იყო აგებული.

„სირიზას“ ლიდერი, ალექსის ციპრასი აცხადებს, რომ 2015-2019 წლებში ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში კრედიტორების მხრიდან არსებული მკაცრი ზედამხედველობისა და წნეხის გამო ამბიციური პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის შესაძლებლობა არ ჰქონდა და, შესაბამისად, საბერძნეთის მოქალაქეებს 25 ივნისს კიდევ ერთი შანსის მიცემას სთხოვს.

„პანელინისტური სოციალისტური მოძრაობა – PASOK-KINAL” – 11.46%

საბერძნეთის 1967-1974 წლების სამხედრო ხუნტის დასრულების შემდეგ, „პანელინისტური სოციალისტური მოძრაობა – PASOK” ანდრეას პაპანდრეუმ დააარსა. 2012 წლამდე საბერძნეთში ყველაზე დიდ მემარცხენე პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენდა, თუმცა ფინანსური კრიზისის შემდეგ მოსახლეობის მხარდაჭერა დაკარგა.

ამჟამად ამომრჩეველს მერიტოკრატიას, ძლიერ ეროვნულ ჯანდაცვასა და გამჭვირვალე მმართველობას ჰპირდება.

„საბერძნეთის კომუნისტური პარტია – KKE“ – 7.23%

1918 წელს შეიქმნა, როგორც საბერძნეთის სოციალისტური მუშათა პარტია, ხოლო 1924 წლიდან კომუნისტური პარტია ეწოდა. 1936 წელს აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება აიკრძალა და მას პოლიტიკური საქმიანობის უფლება 1967-1974 წლების სამხედრო ხუნტის დაცემის შემდეგ მიეცა.

1989 წელს სამთავრობო კოალიციის წევრი გახდა, რომელიც 1991 წელს დატოვა და მას შემდეგ ოპოზიციაში იმყოფება.

„კომუნისტური პარტია“ მხარს უჭერს ეკონომიკის ნაციონალიზაციას, უფასო ჯანდაცვას და ეწინააღმდეგება საბერძნეთის აშშ-სთან, ევროპის კავშირსა და ნატო-სთან მჭიდრო ინტეგრაციას.

„Greek Solution – EL“ – 4.45%

ულტრანაციონალისტური პოლიტიკური პარტია „Greek Solution – EL“ 2016 წელს ჟურნალისტმა და „პოპულარული მართლმადიდებლური ყრილობის“ ყოფილმა წევრმა, კირიაკოს ველოპულოსმა შექმნა. აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება მხარს უჭერს ეკონომიკის ნაციონალიზაციას და საბერძნეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვას. ღიად ეწინააღმდეგება საბერძნეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის 2018 წელს დადებულ პრესპის შეთანხმებას, რომელმაც ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი ისტორიული დავა გადაჭრა.

„Greek Solution-ს“ პოლიტიკური სიმპათია აქვს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისა და მისი პარტიის, „ფიდეშის“ მიმართ. ამას გარდა, მხარს უჭერს ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას.

რას ირჩევენ საბერძნეთის მოქალაქეები?

2009-2015 წლებში საბერძნეთში, უმწვავესი ფინანსური კრიზისის ფონზე, ექვსი მთავრობა შეიცვალა, ხუთი ვადამდელი არჩევნები და ევროზონის დატოვებასთან დაკავშირებული რეფერენდუმი ჩატარდა.

2015 წელს დაუსრულებელი ეკონომიკური პრობლემებით, კორუფციით, ნეპოტიზმით, უმუშევრობით და ა.შ. გადაღლილმა ამომრჩეველმა, ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებების იმედით, მხარი არა ტრადიციულ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საბერძნეთში ათწლეულებია, დომინირებენ, არამედ პოპულისტურ გაერთიანება „სირიზას“ დაუჭირა.

ხელისუფლების სათავეში „სირიზას“ ყოფნის პერიოდში საბერძნეთის მდგომარეობა არა თუ გაუმჯობესდა, არამედ მკვეთრად გაუარესდა, შესაბამისად, მოსახლეობის მოლოდინი არ გამართლდა და 2019 წელს საარჩევნო ყუთებთან მისულმა ამომრჩეველმა ხმა ისევ „ახალ დემოკრატიას“ მისცა.

როდესაც 2019 წელს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, „ახალი დემოკრატიის“ ლიდერი, კირიაკოს მიცოტაკისი გახდა, როგორც საბერძნეთის მოქალაქეებს, ისე საერთაშორისო პარტნიორებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ ხელისუფლების სათავეში მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოცდილების მქონე პარტიის პირობებში მწვავე ეკონომიკური პრობლემები და არასტაბილური პოლიტიკური ვითარება წარსულს ჩაჰბარდებოდა, თუმცა მალევე მმართველი პარტია ისეთი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, როგორიც COVID-19-ის პანდემია, ხმელთაშუა ზღვის სადავო წყლებში აღმოჩენილ ნავთობთან და ბუნებრივ აირთან დაკავშირებით თურქეთთან უთანხმოება და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის შედეგად გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისია.

კრიზისებთან გამკლავებასთან ერთად, „ახალმა დემოკრატიამ“ საბერძნეთის გლობალური მდგომარეობის გაუმჯობესებაც მოახერხა. „სირიზას“ ხელისუფლების სათავეში ყოფნის პერიოდში გადატანილი ეკონომიკური კოლაფსის შემდეგ, 2022 წელს „Economist-მა“ საბერძნეთი 5 ინდიკატორის მიხედვით (მშპ, სამომხმარებლო ფასები, ინფლაციის მაჩვენებელი, საფონდო ბირჟაზე აქციების ფასი, სახელმწიფო ვალის მშპ-სთან ფარდობა) „ეკონომიკის ტოპ-შემსრულებლად“ დაასახელა. ამას გარდა, 2022 წელს ათენმა განაცხადა, რომ ვადაზე ადრე შეძლებდა ევროზონის ქვეყნებისთვის პირველი დახმარების პროგრამის ფარგლებში მიღებული 2, 7 მილიარდი ევროს დაფარვას.

შესაძლებელია ითქვას, რომ 21 მაისის არჩევნები, რომელიც ყველაზე მეტი ხმის მქონე პარტიისთვის დამატებით ბონუს-მანდატების მინიჭებას არ ითვალისწინებდა, ერთი მხრივ, მოსახლეობისთვის ზოგადი პროტესტის გამოხატვის საშუალება, ხოლო მეორე მხრივ, პოლიტიკური პარტიებისთვის, ამომრჩეველთა დამოკიდებულებისა და განწყობილების გაგების შესაძლებლობა იყო.

2022 წლის ფარული მოსმენების სკანდალისა და 2023 წლის თებერვლის სარკინიგზო ავარიის მიუხედავად, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, „ახალმა დემოკრატიამ“ 21 მაისს ყველაზე მეტი ხმის მოპოვება შეძლო, რადგან უპრეცედენტო კრიზისებთან ეფექტიანად გამკლავების გამო, მოსახლეობას მის მიმართ ნდობა აქვს.

საზოგადოებრივი აზრის ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, ბერძენ ამომრჩეველს ყველაზე მეტად მაღალი ინფლაცია, დაბალი შემოსავალი და უმუშევრობა აწუხებს. ამას გარდა, ისეთი საგარეო პოლიტიკური გამოწვევების ფონზე, როგორიც ათენი-ანკარის უთანხმოება და რუსეთ-უკრაინის ომია, მოსახლეობის უმრავლესობას ხელისუფლების სათავეში კრიზისების მართვის გამოცდილების მქონე პოლიტიკური ძალის ხილვა სურს.

2023 წლის 21 მაისის კენჭისყრამ ცხადყო, რომ თუ 2015 წელს საბერძნეთის მოქალაქეებმა უკეთესი მომავლის იმედით ხმა ცვლილებებს მისცეს, 2019 და 2023 წელს ამომრჩეველთა უმრავლესობისთვის პრიორიტეტი სტაბილურობაა.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა