ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.

სამართლიანი ომი

Forbes-WEB-22030901

Dulce et decorum est pro patria mori.
Quintus Horatius Flaccus – Odes, III.II.XIII

ტკბილი და მშვენიერია სამშობლოსათვის სიკვდილი.
კვინტუს ჰორაციუს ფლაკუსი – ოდები, III.II.XIII

Mόνο οι νεκροί γνωρίζουν το τέλος του πολέμου.
Πλάτων

მხოლოდ მკვდრებმა ნახეს ომის დასასრული.
პლატონი

ომს ბევრი სახე აქვს. თუ ომი სხვა ქვეყანაშია ან წარსულის საბურველშია გახვეული, მაშინ იგი რომანტიკულია და მიმზიდველიც კი შეიძლება გახდეს. ხოლო თუ ომი აქ და ახლაა, მაშინ მას დენთის, ბენზინის, თამბაქოს, სპირტის, სისხლის და ოფლის სუნი აქვს, ხოლო გემო კი მლაშე, ცრემლის გემო. და არაფერი მასში რომანტიკული და მიმზიდველი აღარ რჩება.

გავიხსენოთ ესქილე, კლასიკური თეატრის ფუძემდებელი, რომელმაც თეატრის ტრაგედია უმაღლეს მწვერვალზე აიტაცა და რომლის სპექტაკლები დღესაც, 2500 წლის შემდეგ, იდგმება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მიუხედავად თავისი დრამატურგიული სიღრმეებისა, მიუხედავად თავისი მნიშვნელოვანი მონაწილეობისა ათენის დემოკრატიაში, მიუხედავად უკვე არსებული ინტელექტუალური დიდებისა, რომელიც მერე საუკუნეებს გასწვდებოდა, ესქილემ მარტო ერთი რამ ისურვა. მან დაიბარა, რომ საფლავის ქვაზე მხოლოდ ის დაეწერათ, რომ იგი მონაწილეობდა  სამშობლოსათვის ომში, მარათონის ბრძოლაში. ომს აქვს რაღაც ენიგმატური. თვით ესქილემაც კი (მართებულად) ჩათვალა, რომ მისი ცხოვრების ყველაზე დიდი მიღწევა სამართლიან ომში ბრძოლა იყო. ახლა კი გავიხსენოთ, თუ რას ნიშნავს სამართლიანი ომი. ამ უკანასკნელის განმარტება ნეტარმა ავგუსტინემ (მე-5 საუკუნე) ჩამოაყალიბა. შემდეგ იგი კიდევ უფრო დაიხვეწა. განსაკუთრებული წვლილი ამ საქმეში შეიტანეს თომა აკვინელმა (მე-13 საუკუნე) და ჰუგო გროციუსმა (მე-17 საუკუნე). მათ ჩამოაყალიბეს სამართლიანი ომის ეთიკურ-ფილოსოფიური კრიტერიუმები, რომლებმაც შემდეგ იურიდიული ფორმები მიიღეს და ეს უკანასკნელები რეალურად დღესაც არის საერთაშორისო სამართლის მიერ განმარტებული სამართლიანი ომის საფუძველი. თავის მხრივ, ცხადია, ნეტარი ავგუსტინე ეყრდნობოდა ახალ აღთქმას: „გეშინოდეს, რადგან ტყუილად როდი ატარებს მახვილს; ის (მთავრობა) ღვთის მსახურია და რისხვით შურისმაძიებელი ბოროტმოქმედზე“ (მოციქულ პავლეს წერილი რომაელთა მიმართ, 13:4).

სამართლიანი ომის ფილოსოფიური და ლეგალური პირობები იყოფა ორ ნაწილად: Jus ad Bellum (უფლება ომისთვის) და Jus in Bello (უფლება ომის დროს). ბოლო დროს დაემატა Jus ex Bello, იგივე Jus Terminato (ომის დამთავრების უფლება), რომელსაც წინამდებარე ბლოგში არ შევეხები. Jus ad Bellum და Jus in Bello შეიძლება ცოტა არქაულადაც კი მოგვეჩვენოს, მაგრამ დღესაც თითქმის ყველა სახელმწიფო ცდილობს თავისი სამხედრო მოქმედება – მათ შორის სიცრუისა და დეზინფორმაციის გამოყენებით – მოათავსოს ზემოხსენებულ პირობების ჩარჩოში. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ყველაზე გავეშებული ოკუპანტიც კი ცდილობს, თავიდან აირიდოს აგრესორის იარლიყი და მსოფლიოს წინაშე პირნათელი წარდგეს.

რა ფილოსოფიურ-ლეგალურ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს Jus ad Bellum?

  • უნდა არსებობდეს სამართლიანი მიზანი – მაგალითად, ომი ატარებს  თავდაცვით ხასიათს და მისი მიზანი გაცხადებულია;
  • ომს უნდა აწარმოებდეს ლეგიტიმური მთავრობა;
  • სამართლიანი განზრახვა – ომის განზრახვა უნდა ემსახურებოდეს ომის გაცხადებულ მიზანს და არა სხვა, დაფარული მიზნების მიღწევას;
  • უნდა არსებობდეს წარმატების მიღწევის გონივრული შანსი;
  • უკანასკნელი საშუალება – ომი შეიძლება დაიწყოს, თუ სრულად ამოიწურა პრობლემის მოგვარების ყველანაირი მშვიდობიანი გზა.

ხოლო Jus in Bello არის უშუალოდ ომის წარმოების ეთიკური, მორალური და ლეგალური კრიტერიუმები:

  • დადებითი დისკრიმინაცია – მოწინააღმდეგე მხარეებმა ყოველთვის მკაფიოდ უნდა გაარჩიონ სამხედრო და სამოქალაქო ობიექტები. სამოქალაქო ობიექტების განადგურება არ შეიძლება;
  • აუცილებლობა – მიზნის განადგურებისას უნდა გამოიყენონ ის საშუალებები, რომლებსაც თანმხლები, გვერდითი განადგურების მინიმალური პოტენცია აქვთ;
  • პროპორციულობა – სამხედრო მიზნის განადგურებისთვის გამოსაყენებელი ძალა შესაძლო მსხვერპლისა და დაზიანების მასშტაბის პროპორციული უნდა იყოს.

ზემოხსენებული პრინციპები საერთაშორისო დოკუმენტებსა და კონვენციებში აისახა და დაკონკრეტდა: მაგალითად, ჟენევის  4 კონვენცია და 2 დამატებითი პროტოკოლი და .აშ.  ამ ბლოგში არ იქნება ხსენებული დოკუმენტების გარჩევა. ფაქტია, რომ ზემოხსენებულ კონვენციებს გაეროს ყველა წევრმა სახელმწიფომ მოაწერა ხელი და ისიც  ფაქტია, რომ ამის შემდეგ Jus ad Bellum-ს და Jus in Bello-ს ძალიან ხშირად არღვევდნენ და არღვევენ.

ბლოგი მინდა დავასრულო ერიხ მარია რემარკის რომანის, „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“, გახსენებით. რემარკი თვითონ იყო ომის ვეტერანი, დაიჭრა კიდეც ფრონტზე და მან ძალიან კარგად იცოდა, თუ რის შესახებ წერდა. ის ერთ-ერთი პირველი მწერალი იყო, ვინც ომს შემოაცალა რომანტიზმის ფენა და მკაფიოდ დაგვანახა, რომ ომი არის გამომფიტავი  შიში და ცხოველური სისასტიკე.

მე, თქვენთან ერთად, მხოლოდ წიგნის ეპიგრაფს და ბოლო აბზაცს გავიხსენებ. რომანი ასე იწყება:

„ეს წიგნი არც ბრალდებაა, არც აღსარება და ყველაზე ნაკლებად კი თავგადასავალი, რადგან სიკვდილი არ არის თავგადასავალი მათთვის, ვინც მის პირისპირ დგას. ეს არის მხოლოდ ამბის მოყოლის მცდელობა კაცების იმ თაობის შესახებ, რომელიც ბომბებს გადარჩენილიც კი, მაინც გაანადგურა ომმა“.

ანუ ეპიგრაფი ირიბად გვეუბნება, რომ სიკვდილი შეიძლება თავგადასავალი იყოს სახლში კომფორტულად მოკალათებული მკითხველისთვის (და მაყურებლისთვის), მაგრამ არა ჯარისკაცისთვის.  ეპიგრაფი აქვე გვეუბნება, რომ ომი არის არა მარტო სიკვდილის მანქანა, არამედ საშინელი ტრანსფორმაციული ძალა, რომელიც სამუდამოდ ამახინჯებს გადარჩენილი ადამიანის ფსიქიკას.

რომანი კი ასე სრულდება:

„პოლი მოკლეს ოქტომბერში, იმ დღეს მთელ ფრონტზე ისეთი სიჩუმე და სიწყნარე იყო, რომ სამხედრო შეტყობინება შემოიფარგლა მხოლოდ ერთი წინადადებით: დასავლეთის ფრონტი უცვლელია“.

ეს არის ომის ზენიტი: კვდება ერთი ადამიანი და მასთან ერთად კვდება ერთი მთლიანი სამყარო და ომის ღმერთისთვის ის სტატისტიკური ერთეულიც კი არ არის – დასავლეთის ფრონტი უცვლელია.

გააზიარე