"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

საქართველო დემოკრატიის რეიტინგში

ბესოს ბლოგი Size N2

დემოკრატიის ინდექსში საქართველო 91-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

დემოკრატიის დონის მიხედვით ქვეყნების რეიტინგი Economist Intelligence Unit-ის მიერ მომზადებული დემოკრატიის ინდექსით დგება. Economist Intelligence Unit-ი გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Economist-ის კვლევითი და ანალიტიკური განყოფილებაა.

დემოკრატიის ინდექსი 2006 წლიდან ქვეყნდება და მასში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა თანდათან იზრდება. ბოლო, 2020 წლის, დემოკრატიის ინდექსმა 167 ქვეყანა მოიცვა.

დემოკრატიის დონე საარჩევნო პროცესისა და პლურალიზმის, მთავრობის ფუნქციონირების, პოლიტიკური მონაწილეობის, პოლიტიკური კულტურისა და სამოქალაქო თავისუფლების მიხედვით არის განსაზღვრული. აღნიშნული 5 კომპონენტი 60 კითხვას მოიცავს. ამ 60 კითხვით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტარდება.

ინდექსში დემოკრატიის მაქსიმალური ქულა 10-ია, ხოლო მინიმალური – 0. კვლევის შედეგად ქვეყნები 4 ჯგუფად იყოფიან: სრულად დემოკრატიული (8-დან 10 ქულამდე), ხარვეზით დემოკრატიული (6-დან 8 ქულამდე), ჰიბრიდული რეჟიმები (4-დან 6 ქულამდე) და ავტორიტარული რეჟიმები (4 ქულამდე).

საქართველო დემოკრატიის ინდექსში

2021 წლის იანვარში 2020 წლის დემოკრატიის ინდექსი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით, საქართველო 5.31 ქულით, დემოკრატიის დონით 167 ქვეყანას შორის 91-ე ადგილზეა. ბოლო წელს საქართველოს ქულა 0.11-ით შემცირდა და 2 ადგილით ჩამოქვეითდა. ამჟამად საქართველო რეიტინგში ლიბერიასა და ნეპალს შორის არის. საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა – 5.95 2013 წელს ჰქონდა და რეიტინგში 78-ე ადგილი ეკავა. 2014-2015 წლებში მისი ქულა ცოტათი შემცირდა, მაგრამ 2016-2017 წლებში 5.93-მდე დაიზარდა. 2018 წელს საქართველოს ქულა მკვეთრად შემცირდა, 0.43-ით და 10 საფეხურით ჩამოქვეითდა, 79-ე ადგილიდან 89-ე ადგილამდე. 2019 წლის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის დონის ასეთი მკვეთრი ვარდნის მიზეზი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკაზე დიდი გავლენა და ასევე, ივანიშვილის გავლენით მთავრობის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ჩარევა იყო, როდესაც 600 000 მოქალაქეს ვალების ჩამოწერას დაჰპირდნენ. ამ გადაწყვეტილებამ მთავრობა, ოპოზიციასთან შედარებით, მნიშვნელოვან უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენა.

საქართველოს დემოკრატიის ქულის კლება 2019-2020 წლებშიც გაგრძელდა და ჰიბრიდული რეჟიმის მქონე ქვეყნებშია 5.31 ქულით. 2017 წლის შემდეგ სულ უფრო შორდება დემოკრატიულ ქვეყნებს.

Economist Intelligence Unit-ი ჰიბრიდულ რეჟიმს შემდეგნაირად განმარტავს: არჩევნები ტარდება ხარვეზებით, რაც აფერხებს არჩევნების თავისუფლებასა და სამართლიანობას. მთავრობის მხრიდან ზეწოლაა ოპოზიციაზე. სერიოზული სისუსტეებია პოლიტიკურ კულტურასა და მთავრობის მუშაობაში. გავრცელებულია კორუფცია და კანონის უზენაესობა სუსტია. სამოქალაქო საზოგადოება სუსტია.  ხდება  ჟურნალისტების შევიწროება და სასამართლო არ არის დამოუკიდებელი.

ინდექსის კომპონენტების მიხედვით საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა მთავრობის ფუნქციონირებაში აქვს – 3.57, ხოლო ყველაზე მაღალი – 7.83 საარჩევნო პროცესსა და პლურალიზმში აქვს. 3.75 ქულა აქვს პოლიტიკურ კულტურაში, 5.29 – სამოქალაქო თავისუფლებაში და 6.11 – პოლიტიკურ მონაწილეობაში.

2020 წელს საქართველოს ქულა პოლიტიკური კულტურისა და სამოქალაქო თავისუფლების კომპონენტებში შემცირდა, რამაც რეიტინგში საქართველოს 2 პოზიციით ჩამოქვეითება განაპირობა.

წყარო: Economist Intelligence Unit
წყარო: Economist Intelligence Unit

დემოკრატიის  ყველაზე მაღალი დონის მქონე ქვეყნები

დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა დანიაა, რომელსაც 10-დან 9.81 ქულა აქვს. დანიას საარჩევნო პროცესსა და პლურალიზმში, პოლიტიკურ მონაწილეობასა და პოლიტიკურ კულტურაში მაქსიმალური 10-10 ქულა აქვს. მეორე ადგილზე ისლანდიაა 9.37 ქულით, ხოლო მესამეზე –  შვედეთი 9.26 ქულით.

დემოკრატიის დონით ტოპ-10-ში 3 არაევროპული ქვეყანა ხვდება: ახალი ზელანდია, კანადა და ავსტრალია.

საქართველოს მეზობლებიდან სომხეთი უსწრებს, რომელიც 89-ე ადგილზეა. თურქეთი 104-ე ადგილზეა, რუსეთი 124-ეზე, ხოლო აზერბაიჯანი 146-ეზე.

რეიტინგში ბოლო ადგილზე ჩრდილოეთი კორეაა 1.08 ქულით, შემდეგ მოდიან კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა.

დემოკრატიის დონით ლიდერი ტოპ-10 ქვეყანა

 

ქვეყანა

ქულა

1

ნორვეგია

9.81

2

ისლანდია

9.37

3

შვედეთი

9.26

4

ახალი ზელანდია

9.25

5

კანადა

9.24

6

ფინეთი

9.20

7

დანია

9.15

8

ირლანდია

9.05

9

ავსტრალია

8.96

10

ნიდერლანდები

8.96

წყარო: Economist Intelligence Unit

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა