სარედაქციო ბლოგპოსტები | + posts

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

საქართველო იმპორტზე დამოკიდებულების რეიტინგში

საქართველო იმპორტზე დამოკიდებულების რეიტინგში

საქონლისა და მომსახურების იმპორტზე დამოკიდებულების რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 31-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

საქონლის იმპორტი მოიცავს ქვეყნის გარეთ წარმოებული პროდუქციის შემოტანას, რომლის აღრიცხვაც საბაჟო საზღვრის გადმოკვეთისას ხდება. შედარებით რთული აღსარიცხია მომსახურების იმპორტი, რადგან ამ შემთხვევაში აუცილებელი არ არის, მომსახურებამ საზღვარი გადმოკვეთოს. შეიძლება საქართველოს მოქალაქე საზღვარგარეთ იმყოფებოდეს და იქ მიიღოს მომსახურება, მაგალითად, განათლება მიიღოს ან იმკურნალოს, რაც მომსახურების იმპორტად ითვლება.

ტრადიციულად, როცა სიტყვა „იმპორტი“ ან „ექსპორტი“ გვესმის, საქონლის იმპორტი ან ექსპორტი იგულისხმება, მაგრამ დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში მომსახურების ექსპორტ-იმპორტიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. დღეს მსოფლიო ეკონომიკის 65%-მდე მომსახურების სექტორზე მოდის.

იმპორტის სტატისტიკას, როგორც ნომინალურ რიცხვებში, ასევე ეკონომიკასთან, მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ-თან) მიმართებით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია აქვეყნებს. იმპორტის მოცულობის მშპ-თან ფარდობა გვაჩვენებს, თუ რამდენად არის ქვეყანა დამოკიდებული იმპორტზე, ანუ რა წილი უჭირავს იმპორტირებული საქონლისა და მომსახურების მოხმარებას ეკონომიკაში.

თუ ქვეყანა იმპორტზე ძალიან არის დამოკიდებული, მაგრამ ექსპორტიც მაღალი აქვს, ამაში საგანგაშო არაფერია, პირიქით, დღეს ბევრი მდიდარი, განვითარებული ქვეყანა გამოირჩევა იმპორტზე მაღალი დამოკიდებულებით. იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება მაშინ არის საფრთხის შემცველი, როდესაც ქვეყანა საგარეო ვალების აღებით აფინანსებს იმპორტის შეძენას.

საქართველო მთავრობის ვალის რეიტინგში

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2019 წელს საქონლისა და მომსახურების იმპორტზე დამოკიდებულებით  საქართველო 155 ქვეყანას შორის 31-ე ადგილზე იყო. საქართველოზე მეტად იმპორტზე 30 ქვეყანა იყო დამოკიდებული. 2019 წელს საქართველოში იმპორტირებულმა საქონლისა და მომსახურების ღირებულებამ 11 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მშპ-ის 63.8%-ს შეადგენს. 2020 წლის სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ჯერჯერობით რანჟირებული არ არის. არც 2019 წელი მოიცავს ყველა ქვეყანას. 2018 წლისთვის 176 ქვეყნის მონაცემია ცნობილი და მათ შორის საქართველო 45-ე ადგილს იკავებდა, იმპორტი მშპ-ის მიმართ 61.2% იყო.

2019 წელს საქართველოს იმპორტში საქონელმა 8.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო მომსახურებამ – 2.4 მილიარდი. 2020 წელს საქონლის იმპორტი 7.5 მილიარდამდე შემცირდა, ხოლო მომსახურების – 1.4 მილიარდამდე. მომსახურების იმპორტში საქართველო ყველაზე მეტს სატრანსპორტო მომსახურებაში იხდის, დაახლოებით მილიარდ დოლარს. საქონლის იმპორტში კი ყველაზე დიდი წილი – 9.5% – მსუბუქ ავტომობილებს უჭირავს (2020 წლის მიხედვით), 6.7% მოდის სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებზე, 6.2% – ნავთობზე.

 საქართველოს საქონლისა და მომსახურების იმპორტი მშპ-ის მიმართ 2013-2020 წლებში

წყარო: მსოფლიო ბანკი

ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული იმპორტზე

მსოფლიო ბანკის მიხედვით, მსოფლიოში ყველზე მეტად იმპორტზე ლუქსემბურგია დამოკიდებული, რომელიც უმდიდრესი ქვეყანაა. მომდევნო სამ ადგილსაც მდიდარი ქვეყნები, სინგაპური, მალტა და ირლანდია იკავებენ. თუმცა  ტოპ-10-ში უღარიბესი ქვეყანა სომალი და შედარებით ღარიბი ქვეყნები – ვიეტნამი, ლიბერია და ლესოტოც ხვდებიან. მდიდარი ქვეყნების შემთხვევაში იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება ეკონომიკაში სპეციალიზაციის მაღალი დონით არის გამოწვეული, ანუ იმპორტთან ერთად ექსპორტიც მაღალია. ღარიბ ქვეყნებში კი შიდა წარმოების განუვითარებლობის გამო არის იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შემდეგი სიტუაციაა: სომხეთის საქონლისა და მომსახურების იმპორტი მშპ-ის 54.5%-ია, აზერბაიჯანის – 36.9%, თურქეთის – 29.9% და რუსეთის – 20.8%.

2019 წლის მონაცემებით, მსოფლიოში იმპორტზე ყველაზე ნაკლებად სუდანი იყო დამოკიდებული – 9%-ით. შემდეგ მოდის თურქმენეთი 12.5%-ით. იმპორტზე დამოკიდებულება დაბალია აშშ-შიც – 14.6%. ნომინალურ გამოსახულებაში აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა, წლიურად 2 ტრილიონ დოლარზე მეტი ღირებულების იმპორტს ახორციელებს, მაგრამ რადგან მისი ეკონომიკა 23 ტრილიონ დოლარამდეა, იმპორტი ეკონომიკის მიმართ დაბალი გამოდის.

საქონლისა და მომსახურების იმპორტზე ყველაზე მეტად დამოკიდებული ქვეყნები, 2019 წელი

 

ქვეყანა

მშპ-ის მიმართ, %

1

ლუქსემბურგი

173

2

სინგაპური

146

3

მალტა

130

4

ირლანდია

112

5

სომალი

111

6

ვიეტნამი

104

7

ლიბერია

99

8

ლესოტო

94

9

სლოვაკეთი

92

10

სეიშელის კუნძულები

91

წყარო: მსოფლიო ბანკი

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

ავტორის სხვა მასალა