"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

შეიძლება თუ არა პუტინთან მოლაპარაკება?!

ბუკა2 (2)

წინა ცხოვრებაში დიპლომატს და ზოგადად მშვიდობისმოყვარე ადამიანს, წესით, ოპტიმიზმი უნდა მეუფლებოდეს, როდესაც ვკითხულობ ახალ ცნობებს რუსეთთან მოლაპარაკებების შესაძლებლობის შესახებ. თუმცა მეც და იმ ადამიანების უმრავლესობას, ვისაც აქვს კარგი ანალიზის უნარი, ჩემზე უფრო დიდი დიპლომატიური გამოცდილება, ვინც გულწრფელად გულშემატკივრობს უკრაინას და კარგად აცნობიერებს, რა ინტერესები დგას რუსეთის მხრიდან ამ „მოლაპარაკებებისთვის მზაობის“ უკან, პირიქით, გვიჩნდება შინაგანი შფოთვა, ხომ არ შეიძლება, უკრაინაზე ზეწოლა მოხდეს, ხომ არ მოუწევს უკრაინას პოზიციების დათმობა და ასე შემდეგ. ჩვენი წუხილი, მერწმუნეთ, არცთუ უსაფუძვლოა, მაგრამ მისი გაქარწყლების მთავარი წყარო თავად უკრაინელი ხალხია, უკრაინის შეიარაღებული ძალები და მათთან ერთად უკრაინის ხელისუფლება. პრეზიდენტი ზელენსკი არ არის ერთპიროვნული მმართველი და ის არ/ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას მოლაპარაკებებზე და მით უმეტეს რაიმე კომპრომისებზე წასვლასთან დაკავშირებით. იმედის მომცემია, როდესაც მსოფლიოს ლიდერებისგან ვისმენთ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ მხოლოდ უკრაინის ხელისუფლება და უკრაინელი ხალხი გადაწყვეტს, როდის და რა პირობებით იქნება მიზანშეწონილი მოლაპარაკების დაწყება რუსეთთან. ცხადია, ყველა კარგად ხვდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორც უკრაინისთვის, ისე პუტინისთვის და ევროპელი ლიდერებისთვის. გახსოვთ ალბათ რუსეთის უშიშროების საბჭოს (წინასწარ ჩაწერილი) სხდომა, სადაც პატრუშევი, ლავროვი და კიდევ რამდენიმე გამომსვლელი ხაზს უსვამდა აშშ-სთან მოლაპარაკებების მნიშვნელობას და გამიზნულად აკნინებდა ევროპასთან რაიმე კონტაქტების შესაძლებლობას. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის დროს ამერიკელ კოლეგასთან ერთად გაკეთებული განცხადებებიდან კრემლი კვლავ ძირითადად აშშ-ის პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის განცხადებებს გამოეხმაურა, ხოლო მაკრონის მორიგ განცხადებას, რომ ის აპირებს ვლადიმირ პუტინთან ტელეფონით დალაპარაკებას, პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უპასუხა, რომ მისი უფროსის განრიგში არ არის საფრანგეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი.

მართალია, საფრანგეთის პრეზიდენტმა ვაშინგტონში ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავინ აპირებს უკრაინის პოზიციებზე რაიმე ზემოქმედების მოხდენას და რაიმე კომპრომისებზე წასვლის იძულებას, მაგრამ ვიზიტის დასრულების შემდეგ ფრანგული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში მან კვლავ აღნიშნა, რომ ომის შემდგომ უსაფრთხოების არქიტექტურაში აუცილებლად უნდა აისახოს რუსეთის უსაფრთხოების გარანტიები. კერძოდ, გათვალისწინებული უნდა იყოს ის წუხილები, რომლებზეც პუტინი საუბრობდა ომის დაწყებამდე ნატო-ს რუსეთის საზღვრებთან მიახლოებისა და შეიარაღების განლაგების თაობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტს არ გახსენებია პუტინის „სასაზღვრო“ წუხილები, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის კვლავ უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას გულისხმობს რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების გათვალისწინებაში. გასაგებია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს აქვს ლიდერობის ამბიციები; გასაგებია, რომ მას კარგად ესმის: ომის გაჭიანურების შემთხვევაში როგორც მის ქვეყანაში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში საზოგადოება შეიძლება გადაიღალოს ომით და მოსთხოვოს საკუთარ ხელისუფლებებს ომის დასრულებისკენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა! თუმცა გაუგებარია, რატომ განაგრძობს ჯიუტად საფრანგეთის პრეზიდენტი პუტინთან კომუნიკაციის მცდელობას იმ ვითარებაში, როდესაც მეორე მხრიდან ფაქტობრივად ყრუ კედელია და იგნორირების რეჟიმია ჩართული.

საფრანგეთის ლიდერისგან განსხვავებით, გაცილებით უფრო მკაფიო და ჩემთვის პირადად მისაღებია გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის პოზიცია. ის რამდენიმე დღის წინ ესაუბრა ტელეფონით პუტინს და კვლავ დააფიქსირა, რომ რუსული ჯარების გაყვანა უკრაინიდან ნამდვილად შეუწყობდა ხელს დიპლომატიური გზით ომის დასრულებას. ეს გზავნილი ზუსტად ჯდება იმ საერთო ხაზში, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ატარებს. მანაც გამოთქვა მზადყოფნა მოლაპარაკებისთვის იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი სრულად გაიყვანს უკრაინის ტერიტორიიდან ჯარებს. ალბათ პუტინის პასუხი შოლცისადმი ისეთივე იყო, როგორიც პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებაზე: მიმდინარეობს სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რის გამოც შეუძლებელია ჯარების გაყვანა და, შესაბამისად, ასეთ ვითარებაში უკრაინასთან რაიმე მოლაპარაკების დაწყება. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიის რუსეთისადმი წლების განმავლობაში არსებულ პოლიტიკაში 180-გრადუსიანი შემობრუნება მოხდა. გერმანიის პრეზიდენტი შტაინმაიერი ამბობს, რომ ახლა არავითარი აზრი არა აქვს პუტინთან მოლაპარაკებებზე ძალისხმევის ხარჯვას; ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის ყოფილი მრჩეველი კრისტოფ ჰოისგენი კი აცხადებს, რომ უკრაინას აქვს ყველა უფლება, ძალისმიერი გზით დაიბრუნოს ყირიმი. არაფერია მუდმივი ამ ქვეყანაზე.

რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან პრაქტიკულად რამდენიმე კვირაში, ანუ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ რუსეთი ვერც კიევს აიღებდა, ვერც კანონიერ ხელისუფლებას ჩამოაგდებდა და ვერც მით უმეტეს მთელ უკრაინას დაიპყრობდა, გაჩნდა მოლაპარაკების პირველი მცდელობები. შუამავალთა შორის გამორჩეული ლიდერი აღმოჩნდა თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი, რომელმაც, სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, შეძლო უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, აგრეთვე მხარეთა დელეგაციების თურქეთში შეხვედრების ორგანიზება. მაშინ როდესაც რუსული ბომბები ცვიოდა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე, რიცხოვნებით მრავალჯერ აღმატებული რუსული არმია იპყრობდა უკრაინის ტერიტორიებს, დელეგაციებს შორის მიდიოდა მოლაპარაკებები ძალიან კონკრეტულ დოკუმენტზე, მის კონკრეტულ პუნქტებზე და შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობებზე.

მართალია, ეს მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ თურქეთის ლიდერის ძალისხმევამ შემდგომ თვეებში ძალიან კონკრეტული შედეგები გამოიღო. „აზოვსტალის“ გმირი დამცველების, განსაკუთრებით მათი მეთაურების გათავისუფლებამ და ხორბლის დერეფანზე შეთანხმების მიღწევამ რეალურად დაანახა სამყაროს, რომ ერდოღანი ფაქტობრივად ერთადერთი ლიდერია, რომელთანაც  ახერხებს მოლაპარაკებებს პუტინი და მიღწეულ შეთანხმებებსაც კი იცავს. ცალკეული ექსპერტებისა და დიპლომატების შეფასებით, პუტინი პერსონალურად ერდოღანს პატივს სცემს, როგორც სიტყვის კაცს, როგორც „მუჟიკს“ და როგორც მისივე გაგებით მოაზროვნე და მოქმედ ადამიანს.

ცხადია, ერდოღანს არ ამოძრავებს მხოლოდ ომის შეწყვეტის და სიცოცხლეების შენარჩუნების დიდი ჰუმანიტარული მისიის ტვირთი. მას ძალიან კონკრეტული ინტერესები აქვს ამ შუამავლობაში როგორც ეროვნულ, ის პერსონალურ პოლიტიკურ დონეზე. სწორედ ამიტომ ის არ შეუერთდა აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციებს, მაგრამ ამავე დროს არასდროს დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის საკითხი. ასეა თუ ისე, ამ დრომდე ის ნამდვილად რჩება ერთადერთ ლიდერად, ვისთანაც უკრაინის თემაზე კონსულტაციები შესაძლებელია. ერდოღანიც არ იშურებს ძალისხმევას, რომ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის მოლაპარაკების საკითხი დაძრას მკვდარი წერტილიდან. სხვადასხვა საერთაშორისო დონის სამიტებსა და სხვა ტიპის ღონისძიებებზე თურქეთის პრეზიდენტი ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკების იმედი მას ჯერ კიდევ აქვს.

მოლაპარაკებების შესაძლებლობას ჯერ კიდევ ხედავს რომის პაპიც, რომელიც სთავაზობს შუამავლობას უკრაინის პრეზიდენტსა და ვლადიმირ პუტინს. კრემლი მიესალმება ვატიკანის ინიციატივას, მაგრამ აქაც ისრები გადაჰყავს უკრაინაზე და მის პარტნიორებზე.

ზემოთ კი ვისაუბრეთ აშშ-ის პრეზიდენტის პოზიციაზე, მაგრამ საქმე ასე ერთმნიშვნელოვნად არ არის. აშშ-ის შიდა პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რუსეთის ომს უკრაინაში. საზოგადოების მხარდაჭერა კვლავ ძალიან მაღალია, მაგრამ არის განსხვავებული მიდგომებიც როგორც რესპუბლიკელების შიგნით, ისე აშშ-ის ადმინისტრაციაში. მაგალითად, უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველს ჯეიკ სალივანს უფრო მოლაპარაკებების მომხრედ მოიაზრებენ, მეორე მხრივ, რესპუბლიკელმა გავლენიანმა სენატორმა ჯიმ რიშმა თუ უკრაინისთვის „პეტრიოტების“ და საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას მხარი დაუჭირა, მამა-შვილი ტრამპები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ უკრაინისთვის დახმარების გაგრძელების მიზანშეწონილობას და პასუხისმგებლობასაც კი უზიარებენ პრეზიდენტ ზელენსკის ომის თავიდან ვერაცილებაზე.

ბევრი ვისაუბრეთ მოლაპარაკებების ირგვლივ არსებულ პერიპეტიებზე, მაგრამ მთავარია, პასუხი გავცეთ სათაურში გამოტანილ კითხვას: შესაძლებელია თუ არა პუტინთან მოლაპარაკება?! მე შეგნებულად დავასახელე პუტინი და არა რუსეთი. ჩემი აზრით, პუტინთან მოლაპარაკება ყველაფერ იმის შემდგომ, რაც ბოლო 9 თვის განმავლობაში ჩაიდინა მისი ბრძანებით რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე, წარმოუდგენელია. არ მიმაჩნია უტრირებად, როდესაც უკრაინელები და მათი სხვა მხარდამჭერები სვამენ კითხვას: შესაძლებელი იქნებოდა ჰიტლერთან მოლაპარაკება? გარდა ამისა, ყველასთვის ცხადია, რომ პუტინის რეჟიმის ასეთი დაუოკებელი ლტოლვა მოლაპარაკებებისკენ განპირობებულია მხოლოდ ერთი მიზნით: მოითქვას სული, მოიკრიბოს ძალები და კვლავ შეუტიოს უკრაინას.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის კანონმდებლობით აკრძალულია პუტინთან მოლაპარაკებები, პრეზიდენტი ზელენსკიც და მისი ოფიციალური პირებიც ღიად აცხადებენ: მოლაპარაკების დაწყება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გაიყვანს მთელი ქვეყნის ტერიტორიიდან საკუთარ ჯარებს, დაისჯება ყველა დამნაშავე და რუსეთი გადაიხდის რეპარაციებს!

პუტინთან არა, მაგრამ მისი ნებისმიერი გზით შეცვლის შემთხვევაში მოლაპარაკებების საკითხი რეალურად აქტუალური გახდება. მთავარია, რა მდგომარეობა იქნება იმ დროისთვის ფრონტის ხაზებზე, ვინაიდან სწორედ ბრძოლის ველზე გადაწყდება, ვინ იქნება რუსეთის მმართველი და რა პოზიციით მოვა ის მოლაპარაკების მაგიდასთან. ახლა ვარაუდების დონეზე იწყება პირველი ფრთხილი განხილვები, როგორი იქნება, როგორი უნდა იყოს ან როგორად  წარმოგვიდგენია რუსეთი ომის დასრულების შემდეგ – იქნება თუ არა ის ერთიანი, ექნება თუ არა მას ბირთვული იარაღი და ადგილი გაერო-ს მუდმივმოქმედ უშიშროების საბჭოში და ასე შემდეგ. ვიდრე საქმე აქამდე მივა, უფრო ინტენსიურად განიხილება (მათ შორის მოსკოვის პროპაგანდისტულ არხებზეც), შეინარჩუნებს თუ არა რუსეთი ყირიმს. კიევში მიიჩნევენ, რომ უკრაინის ოფიციალური პირები ზაფხულში ყირიმიდან პირდაპირ ჩართვას მოაწყობენ. იმედი მაქვს, ასეც იქნება!

გააზიარე