ზურაბ ჭიაბერაშვილი ქართველი პოლიტიკოსი, დიპლომატი და პუბლიცისტია. ის ასევე გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

სიკვდილი კენჭისყრით

სიკვდილი კენჭისყრით

მწარე რეალობა რომ არ იყოს, 11 სექტემბრის კადრებს სემუელ ჰანტინგტონი თეორეტიკოსის მშვიდი ღიმილით შეხედავდა ტელეეკრანზე. მის მიერ ნაწინასწარმეტყველები ცივილიზაციათა ჯახი, რომელიც თითქოსდა ცივილიზაციათა ტერიტორიული შეხების წერტილებში უნდა გათამაშებულიყო, გათამაშდა ცივილიზაციათა ვირტუალური გადაკვეთის წერტილში – ნიუ-იორკში.

გატაცებული 4 თვითმფრინავიდან საშინელი ნგრევა და უზარმაზარი მსხვერპლი მოჰყვა მხოლოდ სამს. მსოფლიო საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში იყვნენ „ამერიკან ეარლაინზის“ 2 და „იუნაითედ ეარლაინზის“ 1 თვითმფრინავი. მათგან ორი ნიუ–ირკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს შეასკდა, ხოლო მესამის სამიზნე ვაშინგტონში პენტაგონის შენობა აღმოჩნდა. მეოთხე თვითმფრინავი, რომელიც პირველი თვითმფრინავის შეჯახებიდან საათი და 25 წუთის შემდეგ, 11 სექტემბრის 10:10 საათზე დაენარცხა პენსილვანიის მიწას ქალაქ პიტსბურგის სამხრეთით, თითქოს ყველამ მიივიწყა.

19 სექტემბერს შეერთებული შტატების სენატი გმირული და ღირსეული საქციელისათვის კონგრესის ოქროს მედლით (პირველად იგიჯორჯ ვაშინგტონს ერგო 1776 წელს) აჯილდოვებს სწორედ მეოთხე, „იუნაითედ ეარლაინზის“ 93-ე რეისის შემსრულებელი თვითმფრინავის ეკიპაჟსა და მგზავრებს. „მათ გააცნობიერეს, რომ ისინი იმყოფებოდნენ თვითმფრინავში, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ათასობით უდანაშაულო ამერიკელს, ამერიკის ძირითად ინსტიტუტებს და ამერიკულ დემოკრატიას. მათ უარი თქვეს საკუთარ სიცოცხლეზე და ყველა ღონე იხმარეს, რომ თვითმფრინავი იარაღად არ ქცეულიყო გამტაცებლების ხელში“, – ნათქვამია კონგრესის დადგენილებაში.

მგზავრების მიერ ახლობლებთან დარეკილი ზარებიდან ირკვევა, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში უკვე მომხდარი აფეთქებების შესახებ. ერთ-ერთმა მგზავრმა, თომას ბარნეტმა დაურეკა მეუღლეს: „ვიცი, რომ ყველანი ვკვდებით, მაგრამ ვაპირებთ, რაღაც ვიღონოთ. მიყვარხარ“. დღეს უკვე გამოძიებას აქვს საკმარისი მასალა, ამტკიცოს, რომ მგზავრთა ნაწილი კაბინაში შეიჭრა და ტერორისტებთან ბრძოლაში თვითმფრინავის ძირს დანარცხებას მიაღწია.

თითქოს ყველაფერი ნათელია, მაგრამ ამ ამბავში არის ერთი დეტალი, რომელიც შესაძლოა, უფრო მეტად გახდეს მსჯელობის საგანი, ვიდრე დასავლეთის ცივილიზაციური ჯახი მაჰმადიანურ სამყაროსთან. სანამ გამტაცებლებთან კაბინაში შეიჭრებოდნენ, თვითმფრoნავის მგზავრებმა კენჭი უყარეს ამ გადაწყვეტილებას. ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი ამერიკელმა მოქალაქეებმა არ უღალატეს დემოკრატიულ პროცედურებს და ხმის უმრავლესობით გადაწყვიტეს, როგორ მოქცეულიყვნენ.

შესაძლოა, არ გაგიკვირდეს მგზავრების გმირული საქციელი, მაგრამ გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ მათი გმირობა იყო არა რაღაც სპონტანური საქციელი, არამედ რაციონალურ გათვლაზე დამყარებული. თვითმფრინავში გამართული კენჭისყრით რიგითმა ამერიკელებმა დაამტკიცეს, რომ მათი საკუთარი დემოკრატიისა მართლაც რელიგიურად სჯერათ. მოდით ვიკითხოთ: ვისში უფრო ღრმა იყო ღვთის რწმენა და სიყვარული – უბრალო ამერიკელებში, რომლებმაც სხვების გადასარჩენად საკუთარი თავი გასწირეს, თუ ტერორისტებში, რომელთა რელიგიური ფანატიზმი მხოლოდ სხვისი სიძულვილით იკვებება?

1999 წლის თებერვალში დელიში გამართულ კონფერენციაზე „მსოფლიო მოძრაობა დემოკრატიისათვის“ ნობელის პრემიის ლაურეატმა ეკონომიკაში ამარტია სენმა წარმოთქვა სიტყვა, რომელიც საფუძვლად დაედო მის ცნობილ ესეს „დემოკრატია, როგორ უნივერსალური ფასეულობა“. (ქართულად ეს ესე დაბეჭდილია მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ალმანახის „საზოგადოება და პოლიტიკა“ მე-3 ნომერში).

ამარტია სენი ამბობს: „პოლიტიკური თავისუფლება, ზოგადად, ადამიანის თავისუფლების უშუალო შემადგენელი ნაწილია და პოლიტიკური თუ სამოქალაქო უფლებების გამოყენება პირდაპირ კავშირშია პიროვნების, როგორც სოციალური არსების კეთილდღეობასთან“. ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ: ღირსებასთანაც!

განა ვინმე უარყოფს, რომ ტაილანდელსა თუ ქართველს, ნიგერიელსა თუ ავღანელს ღირსების გრძნობა გააჩნია ან კეთილდღეობისაკენ სწრაფვის უნარი დაჰკარგვია. მაგრამ დავფიქრდეთ: მშვიდობიან პერიოდში ჩვენი პოლიტიკური თუ სამოქალაქო უფლებებისადმი აგდებული დამოკიდებულებით უარს ხომ არ ვამბობთ, რომ საკუთარი სიმამაცე, გმირობა და ღირსების გრძნობა კრიტიკული სიტუაციებისათვის გამოვაწრთოთ? დემოკრატიული პროცედურების უგულებელყოფა ხომ არ გვიჩლუნგებს უნარებს, სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხები ჩვენი და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლის გაცნობიერებით გადავწყვიტოთ?

მოვუსმინოთ ისევ ამარტია სენს: „პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების გამოყენება მშვენიერი იარაღია ზოგადად ეკონომიკური და სოციალური უბედურებების თავიდან ასაცილებლად. თუ საქმე კარგად მიდის და ყველაფერი საათივითაა აწყობილი, დემოკრატიის ეს ბერკეტი შესაძლოა არც არავის გაახსენდეს. …დემოკრატიის დამცავი ფუნქციის მოშლა სწორედ ექსტრემალური საჭიროების დროს ჩნდება ყველაზე მწარედ“.

ამ აზრით, ამერიკამ დაამტკიცა, რომ დემოკრატიის დამცავი ფუნქცია მას არ მოშლია. მან ეს დაამტკიცა უფრო ადრე, ვიდრე ქვეყნის პრეზიდენტი ხალხს მიმართავდა, ვიდრე საბრძოლო თვითმფრინავები საჰაერო პატრულირებას დაიწყებდნენ, ვიდრე ნიუ-იორკის მერი მანჰეტენის სამხრეთში სამაშველო სამუშაოებს დაიწყებდა. ამ ფუნქციამ იმუშავა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩამოსანგრევად განწირული ცათამბჯენების კიბეებზე სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად მეხანძრეები და პოლიციელები არბოდნენ; ამ ფუნქციამ იმუშავა „იუნაითედ ეარლაინზის“ 93-ე რეისის ბორტზეც, როცა რიგითმა ამერიკელებმა სიკვდილიც საკუთარი კენჭისყრით მიიღეს.

P.S. მართალია, არა იმ დოზით, მაგრამ დღეს საქართველო ასევე ექსტრემალურ სიტუაციაში იმყოფება, როცა რუსეთისა და საკუთარი კორუმპირებული ხელისუფლების წყალობით შეიძლება წამოვეგოთ პროვოკაციას – დაიწყოს ომი აფხაზეთში. ისევ ამარტია სენი: „ქვეყანას კი არ მოეთხოვება მზადყოფნა დემოკრატიის მისაღებად, არამედ სწორედ დემოკრატიის მეშვეობით აღწევს ამ მდგომარეობას“.

და სწორედ ამ მომენტში ვისაკლისებთ ჩვენში დემოკრატიის არარსებობას, როცა ვგრძნობთ უძლურებას, შევცვალოთ საკუთარი ქვეყნის მთავრობა. და შესაძლოა, ჩვენც ავირჩიოთ სიკვდილი, მაგრამ არა კენჭისყრით, არამედ სწორედ კენჭისყრის არარსებობის გამო.

 

წერილი პირველად ჟურნალ „არილის“ 2001 წლის ოქტომბრის ნომერში დაიბეჭდა.

ჩანაწერი აღებულია ზურაბ ჭიაბერაშვილის წიგნიდან „დამოუკიდებელი საქართველო ვარდების რევოლუციამდე“.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin