"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

ტანკები წყვეტს ყველაფერს?!

საიზი2

სათაურის წაკითხვის დროს ბევრს გაგახსენდებათ კომუნისტების დროინდელი გამონათქვამი „კადრები წყვეტს ყველაფერს“. ახლა არ დავიწყებ ამ გამოთქმის სისწორე/სიცრუეზე საუბარს. ამ ბლოგის მიზანია, გავაანალიზოთ, უკრაინაში ბრძოლის ველზე წყვეტს თუ არა ყველაფერს ტანკები.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, როდესაც შეიტყო ტანკების გადმოცემის თაობაზე მათი გადაწყვეტილების შესახებ, დასავლელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა და აქვე დასძინა: „გადამწყვეტი მათი რაოდენობა და მოწოდების ვადები იქნება“. მას შემდეგ, რაც გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოაცხადა უკრაინისთვის გერმანული „ლეოპარდების“ გადაცემის შესახებ, ხოლო რამდენიმე საათში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მსოფლიოს ამცნო უკრაინისთვის ამერიკული „აბრამსის“ ტანკების გადაცემის გადაწყვეტილება, დაიწყო აქტიური მსჯელობა მათ საერთო რაოდენობასა და მიწოდების ვადებზე. ცხადია, მიწოდების ვადებთან ერთად გასათვალისწინებელია უკრაინული ეკიპაჟების მომზადება დასავლური ტანკების სრულფასოვნად ათვისებისთვის. ერთ-ერთმა უკრაინელმა სამხედრომ „ფაინენშლ ტაიმსთან“ ინტერვიუში რუსული ტანკიდან დასავლურზე გადასვლა 50-იანი წლების მანქანიდან „პორშეზე“ გადაჯდომას შეადარა. ნამდვილად კარგი შედარებაა და არ უნდა გვქონდეს ილუზიები, რომ ხვალ, ზეგ ან მაზეგ უკრაინის თავდაცვით თუ შემტევ რიგებში ერთბაშად გამოჩნდება დაპირებული 321 დასავლური ტანკი (სავარაუდოდ, მათი რაოდენობა 400-მდეც ავა და გადააჭარბებს კიდეც)! თუმცა  გასულმა 11 თვემ ყველა დაარწმუნა, რომ უკრაინელი სამხედროები ძალიან კარგად და სწრაფად ითვისებენ დასავლურ ტექნიკას, იქნება ეს „ჰაიმარსი“, „ნასამსი“, „ცეზარი“ თუ „პანცერჰაუბიცა“. ასე რომ, რამდენიმე დღეში არა, მაგრამ რამდენიმე კვირაში ნამდვილად უნდა ველოდოთ „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკებს უკრაინელთა რიგებში. შედარებით გვიან გამოჩნდება „აბრამსები“, ვინაიდან მათ ათვისებასთან, მომსახურებასა და საწვავით მომარაგებასთან დაკავშირებით ცალკე გამოწვევები არსებობს. ექსპერტთა უმეტესობა ფიქრობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო ერთგვარი ბიძგი/გარანტია გერმანიის კანცლერისთვის ამ ნაბიჯის გადასადგმელად.

ოფიციალური მოსკოვისა და რუსული პროპაგანდისტული მანქანის ისტერიული რეაქციების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ტანკების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებამ ძალიან სერიოზულად შეაშფოთა კრემლის პატრონი. ამ ტანკების გარეშეც ერთ დროს მსოფლიო არმიების რეიტინგებში მეორე ნომრად დასახელებულმა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ვერ შეძლეს გასული წლის 24 თებერვლის შემდეგ ერთი საოლქო ცენტრის დაპყრობა/შენარჩუნება, დაკარგეს პირველ თვეებში დაპყრობილი ტერიტორიების დიდი  ნაწილი და ახლაც ფრონტის მნიშვნელოვან მონაკვეთებზე თავდაცვაში არიან გამაგრებული და შიშობენ, რომ უკრაინის მასშტაბური შეტევის შემთხვევაში კიდევ ბევრი სტრატეგიული ტერიტორიიდან მოუწევთ „სტრატეგიული უკანდახევა“ და „კეთილი ნების“ დემონსტრირება.

სწორედ ამიტომ, ტანკების გადმოცემის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა საუბრები რუსეთის მხრიდან მასშტაბურ შეტევაზე, თანაც შედარებით შემჭიდროებულ ვადებში. ვიცით რა რუსების დამოკიდებულება თარიღებისადმი, ბევრი, მათ შორის უკრაინის ოფიციალური პირებიც ვარაუდობენ, რომ ეს შეტევა 24 თებერვლამდე განხორციელდება, რათა ფართომასშტაბიანი აგრესიის ერთი წლისთავი აღინიშნოს რაიმე ხელმოსაკიდი გამარჯვებით. ცხადია, ამ მომენტისთვის დასავლური ტანკები ნამდვილად ვერ იქნება უკრაინელთა განკარგულებაში და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მათ გარეშე მოუწევთ რუსეთის საოკუპაციო ჯარებთან გამკლავება. თუ გავითვალისწინებთ, რომ 250 ათასი მობილიზებულიდან დაახლოებით ნახევარი რუსეთს ჯერ კიდევ წვრთნის რეჟიმში ჰყავს და სწორედ ახლა შეიძლება, რომ გადაისროლოს ფრონტზე, ბრძოლები მართლაც მძიმე იქნება.

ახლაც ცალკეულ მონაკვეთებზე, განსაკუთრებით კი ბახმუტის მიმართულებაზე სერიოზული შეტაკებები მიმდინარეობს. უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებით რეგულარული არმიის ნაწილებისგან, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დანაყოფები, პუტინის ყოფილი პირადი მზარეულის, პრიგოჟინის ხელმძღვანელობით, მასიურ იერიშებს ახორციელებენ უკრაინელთა პოზიციებზე და ცალკეული პუნქტების ოკუპაციასაც ახერხებენ. ისინი ამ შედეგებს ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად იღებენ. თუმცა არც მათი მსჯავრდებულებისგან დაკომპლექტებული შენაერთების რესურსია ამოუწურავი. ბოლო მონაცემებით, დაქირავებული 50 ათასი მსჯავრდებულიდან, სოლედართან და ბახმუტთან მიმდინარე ბრძოლების შემდეგ ვაგნერს 10 ათასი ყოფილი „ზეკი“ დარჩა. ექსპერტთა შეფასებით, პრიგოჟინი უფრთხილდება თავის გამოცდილ დაქირავებულ მებრძოლებს და საზარბაზნე ხორცად სწორედ ყოფილ მსჯავრდებულებს იყენებს. მნიშვნელოვანია ერთი გარემოებაც: გავლენების მოპოვებისთვის ბრძოლაში ურთიერთდაპირისპირება სულ უფრო მწვავდება და ეს აუცილებლად საომარ მოქმედებებზეც აისახება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, უკრაინას უახლოესი ორი თვის განმავლობაში მათთანაც დასავლური ტანკების გარეშე მოუწევს გამკლავება. თუმცა ექსპერტულ წრეებში ისმის შეკითხვა: იქნება თუ არა ეს ტანკები გარდატეხის შემტანი, ანუ ეგრეთ წოდებული „გეიმჩეინჯერი“ რუსეთ-უკრაინის ომში? მათი უმრავლესობა თანხმდება, რომ დასავლური ტანკების გამოჩენა იქნება მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი უკრაინის რუსეთზე გამარჯვებისთვის. მათ ათვისებაზე უკვე მოგახსენეთ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოწოდებული ტანკების სრულფასოვანი ინტეგრაცია მოხდეს საერთო სისტემაში, რათა სახმელეთო ჯარებთან, ავიაციასა და არტილერიასთან ერთად მათი ბრძოლა ეფექტიანი იყოს. ჯავშანმანქანები მართლაც მოთხოვნილ რაოდენობაზე ორჯერ მეტი ექნება უკრაინას, თანაც საუკეთესო მოდელები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია შეტევის განხორციელებისთვის. არტილერიაც მეტ-ნაკლებად უკვე სასურველ რაოდენობას აღწევს, მაგრამ ავიაციის საკითხის გადაწყვეტაა მნიშვნელოვანი. რამდენიმე თვის წინ ამერიკის შეერთებული შტატების 4-ვარსკვლავიანი თადარიგის ადმირალი სტავრიდისი თავის სტატიაში წერდა, რომ რა რაოდენობითაც არ უნდა მიაწოდოს დასავლეთმა უკრაინას შეიარაღება ხმელეთზე, გადამწყვეტი ჰაერში რუსების უპირატესობის განეიტრალება იქნებაო. ამ აზრზეა ყველა წამყვანი სამხედრო და უსაფრთხოების ექსპერტი.

ტანკების შესახებ ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ უკრაინის ხელმძღვანელობამ დაუყოვნებლივ წამოსწია წინა პლანზე ავიაციისა და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადმოცემის საკითხი. სურათი მეორდება – ცენტრალური ევროპის ქვეყნები აცხადებენ, რომ მზად არიან, დაუყოვნებლივ დაიწყონ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამერიკულ ფ-16-ზე. დასავლეთ ევროპის ქვეყნები, პირველ რიგში კი გერმანია აცხადებს, რომ დახმარება არ შეწყდება, მაგრამ ეს არ იქნება გერმანული თვითმფრინავები. აშშ-ში ეს საკითხი აქტიურად განიხილება. კერძოდ, ავტორიტეტული გამოცემა „პოლიტიკო“, პენტაგონის წყაროებზე დაყრდნობით გვაუწყებს, რომ გავლენიანი სამხედროები მხარს უჭერენ უკრაინისთვის ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას. ასევე ცოტა ხნის წინ იყო აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის განცხადებაც, რომ უკრაინასთან აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემის თაობაზე.

თუკი შეიძლება, ლოგიკურად მივიჩნიოთ ომის პირველ კვირებსა და თვეებში დასავლეთის თავშეკავება უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების თაობაზე, რაც აიხსნებოდა იმით, რომ არ იყვნენ დარწმუნებული უკრაინის შესაძლებლობებში, ხოლო შემდგომ რუსეთთან ესკალაციის თავიდან აცილებას ცდილობდნენ, ტანკების გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების შემდეგ მართლაც გაუგებარია, რატომ უნდა ფერხდებოდეს უფრო ძლიერი შეტევითი შეიარაღების მიწოდებაზე გადაწყვეტილების მიღება. რუსეთში ისედაც დიდი ხანია, ყველა ოფიციალური პირი, პუტინის განცხადებების კვალდაკვალ იმას ამტკიცებს, რომ რუსეთი ებრძვის არა უკრაინელებს, არამედ ნატო-ს და კიდევ 20-ზე მეტ ქვეყანას (რამშტაინის ფორმატში გაერთიანებულია 50-ზე მეტი ქვეყანა). ტანკების გადაცემა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მართლაც იყო გარდამტეხი. ასე რომ, წარმოუდგენელია, ამის შემდეგ ბოლომდე არ მიიყვანოს საქმე კოლექტიურმა დასავლეთმა და არ მიაწოდოს ყველა საჭირო შეიარაღება უკრაინას. უბრალოდ, ისევ და ისევ დროს და რაოდენობას ნამდვილად ექნება არსებითი მნიშვნელობა.

ამდენად, შეგვიძლია სათაურში გამოტანილი კითხვის პასუხად ასეთ ფორმულირებაზე შევთანხმდეთ: ტანკები არ წყვეტს ყველაფერს, მაგრამ ტანკების მოწოდების გადაწყვეტილება ისტორიული იყო და ის უკრაინის გამარჯვებას მნიშვნელოვნად დააჩქარებს.

გააზიარე