"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

უკრაინის ბლიცკრიგი ნატო-ში გაწევრიანებისთვის

პეტრ2

2022 წლის 30 სექტემბერს კიდევ ბევრჯერ გაიხსენებენ ისტორიკოსები, პოლიტიკოსები, დიპლომატები და ექსპერტები! ერთსა და იმავე დღეს, რამდენიმე საათის შუალედით ჩვენ ვიხილეთ ორი განსხვავებული სამყაროს ორი ლიდერის მიმართვა. ერთი – ბოროტების იმპერიის ლიდერი ვლადიმირ პუტინი – წარდგა საკუთარ მონა-სპათა წინაშე და ვიდრე ტერიტორიების მიერთების კიდევ ერთ ფიქციას გააფორმებდა, მორიგი, ვითომ იდეოლოგიური, ვითომ პატრიოტული, ვითომ ზეგლობალური გზავნილებით… სევდიან თვლემამდე მიიყვანა დარბაზი. ტვიტერზე შემხვდა და ძალიან მომეწონა კრემლის გეორგიევსკის დარბაზის ფოტოს დასათაურება: „ჰააგის ტრიბუნალის სასამართლოს დამნაშავეთა მოსაცდელი ოთახი“ – ამაზე ზუსტად ვერავინ აღწერა. რაც მთავარია, დარბაზში მსხდომთა გამომეტყველებიდანაც იმავე განცდების დაჭერა იყო შესაძლებელი.

თავისუფლებისთვის ბრძოლის მსოფლიო სიმბოლოდ აღიარებული უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარლამენტის თავმჯდომარე სტეფანჩუკთან და პრემიერ-მინისტრ შმიჰალთან ერთად დემოკრატიული მსოფლიოს წინაშე წარდგა განაცხადით ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების დაჩქარებული წესით მიღების თაობაზე. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ომის დაწყებიდან 100-ით 0-ს უგებს უკრაინა რუსეთს „პიარულად“, ისეთივე ფილიგრანული „იპონი“ (ძიუდოში პირწმინდად გამარჯვების ილეთი) ჩაუტარა მსახიობმა ზელენსკიმ ძიუდოისტ პუტინს 30 სექტემბერს. პუტინის გამოსვლას მსოფლიოც ელოდებოდა, ვინაიდან თუკი ცნობილი იყო, რომ პუტინი ტერიტორიების ფიქტიური ანექსიის ქაღალდს აწერდა ხელს, სამაგიეროდ უცნობი იყო, კიდევ რას იტყოდა მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი. მაგალითად, გამოაცხადებდა თუ არა საყოველთაო მობილიზაციას, ან მისცემდა თუ არა უკრაინას ულტიმატუმის სახით რაიმე დროს „რუსეთის ტერიტორიების“ დასატოვებლად, რას იტყოდა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე და ასე შემდეგ. პირველი ინტრიგა გაჩნდა, როდესაც პუტინის გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე დაანონსდა ნატო-ს გენერალური მდივნის ბრიფინგი უკრაინის დროით საღამოს 7 საათზე. ინტრიგას ის გარემოებაც ამძაფრებდა, რომ ბრიფინგის თემა უცნობი იყო. ამასობაში უკრაინის პრეზიდენტმა თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს სხდომა დანიშნა. არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები იმ მომენტისთვის პრაქტიკულად შესულები იყვნენ დონეცკის რაიონის ძალიან მნიშვნელოვან, ქალაქური ტიპის სარკინიგზო-საკვანძო დასახლება ლიმანში. მოკლედ, ჰაერში დიდი ინტრიგა ტრიალებდა. ცეცხლი უკვამლოდ არ არსებობსო, ნათქვამია. ცოტა ხანში აღარავის ახსოვდა პუტინის სრულიად უსაგნო საუბარი სატანისტების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე, ვინაიდან ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანების მოთხოვნას. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მან აქვე ისაუბრა გაწევრიანებამდე უსაფრთხოების გარანტიების მიღების აუცილებლობაზე, რომელიც შემუშავდა ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის რასმუსენისა და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ერმაკის თაოსნობით.

ჩემთვის პირადად ეჭვგარეშეა, რომ ამ განაცხადის გაკეთების თაობაზე წინასწარი კონსულტაციები წარიმართა უკრაინასა და მის ნატოელ პარტნიორებს შორის. ეს დაადასტურა კიდეც მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა პოდოლიაკმა. იმის მოლოდინი ნამდვილად არ იყო, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი გამოვიდოდა და განაცხადებდა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და სიხარულით ვიღებთ უკრაინას ნატო-ში (ელემენტარულად ამის უფლებამოსილებაც არ ჰქონდა). მან თქვა ის, რაც არის რეალობა: ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას სჭირდება კონსენსუსი, მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ის, რაც სტოლტენბერგმა არ თქვა და რის შეთხზვასაც ცდილობდნენ რუსეთის  პროპაგანდისტული არხები. სავსებით შესაძლებელი იყო, რომ სხვა ვითარებაში ნატო-ს გენერალურ მდივანს განეცხადებინა (ყოფილა ასეთებიც), რომ ნატო აქტიურად თანამშრომლობს უკრაინასთან, მაგრამ ჯერ არ არის მზად მის გაწევრიანებაზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამჯერად, საბედნიეროდ და საყურადღებოდ, ეს არ მოხდა. აგრეთვე, თუკი მოსალოდნელი იყო, რომ კანადამ, პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, მომენტალურად დაუჭირეს მხარი უკრაინის პრეზიდენტის განაცხადს, სასიამოვნოდ გასაკვირი იყო, რომ გერმანიის თავდაცვის მინისტრი მიესალმა უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივას და ისიც შემოიფარგლა მხოლოდ იმით, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იქნება კონსენსუსი. ალბათ დამეთანხმებით, რომ თუ ვინმესგან არ გაგვიკვირდებოდა პირდაპირი ხისტი უარი, ეს გერმანიის ოფიციალური პირი იქნებოდა.

მაშ, რაშია საქმე? ნუთუ გატყდა ნავსი? თუ ეს მხოლოდ პუტინის მიერ ანექსიის ფიქციაზე ხელმოწერის პასუხი იყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან? თუ ეს იყო რეაქცია პუტინის ბირთვულ შანტაჟზე, ანუ თუ განაგრძობ შანტაჟს, ჩვენ მივიღებთ უკრაინას ნატო-ში იმ მდგომარეობით, როგორიც არის ახლა და შემდეგ საქმე გექნება ალიანსის ბირთვულ შესაძლებლობებთან? ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ჩემი მოკრძალებული აზრით, ყველა ამ კითხვას აქვს დადებითი პასუხი და მნიშვნელობა საბოლოო ჯამში უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით.

ვფიქრობ, რომ 30 სექტემბერს უკრაინამ დაიკავა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლაცდარმი ნატო-ში გაწევრიანებისთვის. შეგახსენებთ, რომ მომავალი წლის ზაფხულში ნატო-ს სამიტი ვილნიუსში გაიმართება. მაგ დროისთვის ვითარება უკრაინაში მნიშვნელოვნად განსხვავებული უნდა იყოს. მაგალითად, ცნობილი ამერიკელი გენერალი, ევროპაში ნატოს ჯარების ყოფილი სარდალი ბენ ჰოჯესი მიიჩნევს, რომ გაზაფხულისთვის უკრაინელები ყირიმის გათავისუფლებასაც კი შეძლებენ. ასეთივე გეგმები აქვთ უკრაინის ხელისუფლების მაღალი რანგის სამხედრო და პოლიტიკურ წარმომადგენლებს. ასე რომ, გაზაფხულამდე ბევრი რამ შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს უკრაინაშიც, რუსეთშიც, ნატო-შიც და მთელ მსოფლიოშიც. შეიძლება ეს ჩემს ხმამაღლა გამოხატულ სურვილებად უფრო მოგეჩვენოთ, ვიდრე რეალობად, მაგრამ იზიუმისა და ლიმანის ოპერაციების შემდეგ, ამერიკული ლენდ-ლიზის პროგრამის ამოქმედების გათვალისწინებით, სულაც არ გამოიყურება ეს ყოველივე სუბიექტური ადამიანის ფანტაზიად.

რაც შეეხება რუსეთს, მის ელიტას ჯერ იზიუმსა და ხარკოვის მიმართულებაზე ელვისებური თავლაფდასხმა არ ჰქონდათ მონელებული, რომ ლიმანის „ტრაგედია“ დაეწიათ. თან, ეს მოხდა რამდენიმე საათში მას მერე, რაც პუტინმა ოთხ კოლაბორანტთან ერთად შეძახილებით „რუსეთი, რუსეთი“ აღნიშნა დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის რუსეთთან „მიერთება“. ამასთან დაკავშირებითაც ბევრი მხიარული სათაური შეგხვდებოდათ. ფაქტია, რომ ლიმანი მართლაც შევიდა გინესის რეკორდების სპეციალურ სიაში, როგორც ტერიტორიული სუბიექტი, რომელიც ანექსიიდან რამდენიმე საათში დაუბრუნდა საკუთარ ქვეყანას. ასეთი ტემპებით მარცხი ისედაც დემორალიზებულ რუსეთის მოსახლეობაზე, განსაკუთრებით კი სანგრებში მსხდომ გამოცდილ ჯარისკაცებზე და მათთან ერთად ახლად მობილიზებულ, გამოუცდელ საზარბაზნე ხორცზე ძალიან სერიოზულ ფსიქოლოგიურ გავლენას მოახდენს. ამას ისიც ემატება, რომ სააშკარაოზე გამოვიდა დაპირისპირება რუსეთის სამხედრო-ჩეკისტურ-ბანდიტურ ელიტებს შიგნით. ურთიერთბრალდებები ყოველ ახალ მარცხთან ერთად კიდევ უფრო მწვავე გახდება, ხოლო საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის არმიის სრული ჩამოშლა დაჩქარდება. ჯერჯერობით ვერავინ ბედავს ხმამაღლა თქმას, მაგრამ ყველამ იცის მის გარემოცვაში (და ჩუმად ჩურჩულებენ დასავლურ სამსახურებთან ), რომ ბოლო თვეებია, პუტინი უშუალოდ იღებს გადაწყვეტილებებს და სტრატეგიულ-ტაქტიკური სამხედრო ამოცანების შესრულების ბრძანებებსაც თავად გასცემს. ისტორიამ კარგად იცის, რას ნიშნავს ეს. ვფიქრობ, ტყუილად არ ავლებენ პარალელს პუტინსა და ბოლო პერიოდის ჰიტლერს შორის.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბედის ირონიით, უკრაინის ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შანსები საკმაოდ გაიზარდა 2021 წლის 17 დეკემბრის შემდეგ. ეს ის თარიღია, როდესაც ვლადიმირ პუტინმა ულტიმატუმი წამოუყენა აშშ-სა და ნატო-ს, რომელთა შორის უპირველესი უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება იყო.

მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა. ნატო-ც ფართოვდება, უკრაინაც თანამედროვე სტანდარტებით შეიარაღდება და სრულიად ლოგიკური იქნება, რომ, როდესაც ის რუსეთს დაამარცხებს, ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანდება!

გააზიარე