Bloom Music - ახალი სიტყვა ქართულ მუსიკაში | ინტერვიუ ჯაბა შავიშვილთან

Bloom Music - ახალი სიტყვა ქართულ მუსიკაში | ინტერვიუ ჯაბა შავიშვილთან

არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ქართული მუსიკალური ინდუსტრია, რომელმაც თავისუფლების სურნელი პირველად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ შეიგრძნო, ჯერ კიდევ რთულ მდგომარეობაშია. სხვადასხვა ჟანრის მუსიკაზე მომუშავე ენთუზიაზმით აღვსილი ნიჭიერი მუსიკოსები ახლაც არიან – ტალანტის ნაკლებობა, ალბათ, ყველაზე უმნიშვნელო პრობლემაა.

საქმე ისაა, რომ მუსიკალური ინდუსტრია მხოლოდ მუსიკოსებისაგან როდი შედგება: წარმატებულ ინდუსტრიას მუსიკოსები, მათი მენეჯერები, მსმენელები და ის უამრავი უჩინარი ადამიანი ქმნის, რომელთა შრომის გარეშე საქმე ადგილიდან არ დაიძვრებოდა. მუსიკა შოუცაა და ბიზნესიც, უფრო ფართოდ კი, ის გართობის ინდუსტრიის ნაწილია და მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ წარმატება სწორედ ამ ორი მიმართულების სინერგიაშია – განვითარება ამ ორი მსოფლმხედველობის, ხელოვნებისა და ბიზნესის გადაკვეთაზე წარმოიშვება.

ცოტა ხნის წინ საქართველოში არტისტმენეჯმენტის კომპანია Bloom Music-ი დაარსდა, რომლის უკან მდგომი ადამიანების მთავარი მიზანი სწორედაც რომ ნიჭიერი ქართველი მუსიკოსების წინ წამოწევაა, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. Bloom Music-ში სჯერათ, რომ მუსიკოსებისათვის ყოველდღიური, ხელოვნებასთან არდაკავშირებელი პროცესების გამარტივებით მათი ნიჭის განვითარება შეიძლება, რაც, თავისთავად, საქართველოს მუსიკალურ ინდუსტრიას დასავლურ სტანდარტებთან კიდევ უფრო მიაახლოებს.

კომპანიის მიზნისა და ხედვის, მისი პირველი წარმატებული პროექტის, შოუსა და ბიზნესის ურთიერთობისა და ზოგადად, არტისტმენეჯმენტის შესახებ Bloom Music-ის თანადამფუძნებელს, ჯაბა შავიშვილს ვესაუბრეთ.

ჯაბა, მოდი, ყველაზე რთული შეკითხვით დავიწყოთ: რა არის Bloom Music-ი? რა მიმართულებებს აერთიანებს თქვენი ბიზნესი?

Bloom Music-ი ქართული მუსიკალური კომპანიაა, რომელიც რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს, მათ შორის არტისტმენეჯმენტს, მუსიკალური ღონისძიებების მენეჯმენტს, მუსიკალური პროექტების მენეჯმენტსა და მის ციფრულ დისტრიბუციას. კომპანია მუსიკის მოყვარულმა და ამ სფეროში სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილმა სამმა ადამიანმა დავაარსეთ. მირო კულულაშვილი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი იურისტია საქართველოში მუსიკალური ინდუსტრიის განხრით, რომელსაც არტისტმენეჯმენტის კუთხითაც უმუშავია. თევდორე მაყაშვილი კი, წლების განმავლობაში, რამდენიმე ცნობილი ლოკალური მუსიკალური ბენდის არტისტმენეჯერი გახლდათ და თან, გამოცდილება ღონისძიებების მენეჯმენტშიც დაუგროვდა. მე კი ჯაბა შავიშვილი ვარ, მუსიკის ჟურნალისტი და მარკეტერი.

ბოლო დროს რა მოხდა ქართულ მუსიკალურ სფეროში ისეთი, რამაც მუსიკალური მენეჯმენტის კომპანიის შექმნისაკენ გიბიძგათ?

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქართული მუსიკალური ინდუსტრია საკმაოდ წინ წავიდა, გაჩნდნენ სხვადასხვა ტიპის აგენტები და მოქმედი სუბიექტები, რაც პროცესების ჯანსაღი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. თუმცა ეს ყველაფერი არასაკმარისია, რადგან ადგილობრივი მუსიკალური სცენის კომერციალიზაცია დღეს მაინც ძალიან რთულია. Bloom Music-იც სწორედ ამ მიზნით შეიქმნა – გვსურს, ადგილობრივ სცენაზე ისეთი ჯაჭვი შევქმნათ, რომელიც მუსიკოსებს და ამ ინდუსტრიაში მოქმედ სხვა სუბიექტებს კომერციალიზაციის ეფექტიანობის გაზრდაში დაეხმარება.

რა მდგომარეობაა ბაზარზე? გყავთ თუ არა პირდაპირი კონკურენტები?

ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე კონკურენციაზე საუბარი ზედმეტია, რადგან ქართული მუსიკალური ინდუსტრია ჯერ კიდევ ჩანასახის მდგომარეობაში იმყოფება. დარწმუნებული ვარ, რომ გვყავს და გვეყოლება პარტნიორები, რომლებთან ერთადაც ამ კულტურის ადგილობრივად წინ წამოსაწევად ძალისხმევას არ დავიშურებთ და დავეხმარებით როგორც ერთმანეთს, ასევე მუსიკოსებს. ამგვარი კოლაბორაციებით, საბოლოო ჯამში, ყველა მივიღებთ სარგებელს.

თქვენი აზრით, რა ურთიერთკავშირი არსებობს შოუსა და ბიზნესს შორის და რა მდგომარეობაშია ერთიცა და მეორეც დღევანდელ საქართველოში?

საქართველოშიც და უცხოეთშიც, შოუსა და ბიზნესს – გართობის ინდუსტრია აერთიანებს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია რამდენიმე ათეულობით მილიარდს ითვლის. მუსიკა ამ სფეროს ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომელიც, თავის მხრივ, აერთიანებს როგორც ლაივშოუებსა და ციფრულ დისტრიბუციას, ასევე ფიზიკურ მედიუმზე გამოსულ რელიზებსა და კიდევ არაერთ მიმართულებას.

დღეს მუსიკა ცალკე მდგომი დისციპლინა აღარ არის – შოუცა და ბიზნესიც ერთმანეთზე არის გადაჯაჭვული. ამას თან ერთვის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი პლატფორმები, რომელთაც, თავის მხრივ, საკმაოდ დიდი ბიზნესგათვლები აქვს. მუსიკა ბიზნესის ისეთივე განხრაა, როგორიც  ხელოვნების. წარმოუდგენელია, რომ დღეს ცნობილ პოპ თუ სხვა მუსიკალური ჟანრის ვარსკვლავებს იგივე მწვერვალები დაეპყროთ, მათ უკან მთელი ინდუსტრიის ჩარხი რომ არ მდგარიყო, მისთვის დამახასიათებელი მონსტრული სტრუქტურით.

საბჭოთა საქართველოში მუსიკის ინდუსტრიას, სხვა ყველა ინდუსტრიის მსგავსად, სახელმწიფო ცენტრალიზებულად მართავდა – ამის ნარჩენები დღემდე არის შემორჩენილი, ე.წ. „ესტრადის“ სახით. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს ინდუსტრია, მცირე ნაბიჯებით და ნელ-ნელა, დასავლურ სტანდარტებთან მიიწევს. თუმცა, ამ განხრით, სახელმწიფოს როლი ჯერ კიდევ საკმაოდ დიდია.

წლების განმავლობაში ამ სფეროს ცალკე ბიზნესად აღქმა – საკმაოდ რთული იყო, რადგან მომხმარებელთა კულტურა ჩვენთან არასაკმარისად არის განვითარებული, რომ არაფერი ვთქვათ საჭირო ინფრასტრუქტურაზე, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ქალაქში თუ არსებობს. ჩვენი, Bloom Music-ის სურვილი გახლავთ, რომ წლებთან ერთად, ეს სფერო შემოსავლიანი გახდეს და სუბიექტებს დამოუკიდებელ, სტაბილურ ბიზნესად ჩამოყალიბების საშუალება მიეცეს.

მოგვიყევით Bloom Music-ის სადებიუტო პროექტის შესახებ, რომელიც ქართული მუსიკის გაციფრულებას ისახავდა მიზნად.

ბოლო ოც წელიწადში ქართულმა მუსიკალურმა ინდუსტრიამ სახე იცვალა –  ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად, შეიცვალა მუსიკის შექმნის პროცესი, განვითარდა გზები, რომლითაც მუსიკა თითოეული მსმენელის ყურამდე აღწევს და ზოგადად, დაიხვეწა მუსიკალური პროდუქტის მოხმარების კულტურა. ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს – ამ მიმართულებით ცვლილებებს ყოველწლიურად ვხედავთ.

Bloom Music-მა დაინახა, რომ ამ მიმართულებით საქართველოში ინფორმაციის ნაკლებობა შეინიშნება, რაც ხელს უშლის ადგილობრივი მუსიკალური სცენის ადაპტაციას ამ ცვლილებებთან. ჩვენ მუსიკოსების საჭიროებებსაც ვხვდებით: ისინი ხომ ყველა სიახლეს ვერ დააკვირდებიან, რადგან მათი ძირითადი საქმე – შემოქმედებაა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენი გამოცდილება გაგვეერთიანებინა და ქართული მუსიკალური ბაზრისთვის მუსიკის ციფრული დისტრიბუციის სერვისი შეგვეთავაზებინა.

დღეს ციფრულ პლატფორმებზე (Spotify, Apple Music, Amazon Music, Deezer და სხვ.) მოხვედრა ყველა მუსიკოსისთვის განვითარების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს ახალ აუდიტორიაზე გასვლის შესაძლებლობაა, რომელიც, ამასთანავე, შემოსავლის მიღების მშვენიერი საშუალებაა. ჩვენ ამერიკის ერთ-ერთ წამყვან ციფრულ აგრეგატორთან, Symphonic Music-თან ვთანამშრომლობთ – საქართველოში მათი ექსკლუზიური წარმომადგენელი სწორედაც რომ Bloom Music-ია. Symphonic Music-ის დახმარებით, ქართული მუსიკალური პროდუქტის 50-ზე მეტ მუსიკალურ პლატფორმაზე მოსახვედრად, ქართველ მუსიკოსებს განსაკუთრებულ და, შეიძლება ითქვას, უნიკალურ პირობებს ვთავაზობთ. მუსიკოსებს, რომელთაც ჩვენთან თანამშრომლობა სურთ, შეუძლიათ მოგვმართონ ჩვენს ფეისბუკ-გვერდზე.

რა შედეგი გამოიღო ამ პროექტმა?

თავდაპირველად, წამყვან სტრიმინგსივრცეებში 30-ზე მეტი ქართული მუსიკალური პროექტის 300-ზე მეტი კომპოზიცია განვათავსეთ – ეს სერვისი ჩვენთან დღესაც აქტიურია. ამ პლატფორმებზე მოსახვედრად მუსიკოსები წინასწარ არაფერს იხდიან – სერვისის სანაცვლოდ, მუსიკოსები პლატფორმებიდან სამომავლოდ შეგროვებული შემოსავლიდან მცირე წილს გვიზიარებენ, რაც ქართული ბაზრისთვის განსაკუთრებული შემოთავაზებაა.

მოდი, Bloom Music-ის კიდევ ერთი მიმართულება, არტისტმენეჯმენტი მიმოვიხილოთ. რა სიახლეებს სთავაზობთ ქართველ არტისტებს და რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

დასავლურ ქვეყნებში არტისტმენეჯმენტი უკვე რამდენიმე ათწლეულს ითვლის – ის მუსიკალური ინდუსტრიის ფუნდამენტია. არტისტმენეჯერის მთავარი მოვალეობაა, სამუშაო პროცესი უზრუნველყოს ისე, რომ მუსიკოსს შესაძლებლობა მიეცეს, მაქსიმალურად მეტი ყურადღება საკუთარ შემოქმედებას დაუთმოს.

ვინაიდან ქართული მუსიკალური ინდუსტრია განვითარების საწყის ეტაპზეა, ეს მიმართულებაც მხოლოდ ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს. დღეს ჩვენს სცენაზე არიან სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლები, რომელთაც მიაღწიეს იმ დონეს, როცა არტისტ-მენეჯერები სჭირდებათ, რომლებიც მათ იმიჯზე, მარკეტინგზე, მედიასთან ურთიერთობაზე, კონცერტების მენეჯმენტსა და ზოგადად, კარიერის დაგეგმვაზე იზრუნებენ. შეიძლება ითქვას, რომ არტისტმენეჯერების სახით, ბენდს, ფაქტობრივად, ახალი წევრები ემატებიან, რომლებიც მუსიკალური საქმიანობის ნაცვლად, სხვა ტიპის საქმეებით დაკავდებიან, რითაც არტისტს საშუალებას მისცემენ, საკუთარი ენერგია მთლიანად მუსიკალური პროცესისკენ მიმართოს.

რა თვისებები გამოარჩევს კარგ არტისტმენეჯერს – ცუდისგან?

არტისტმენეჯერს, პირველ რიგში, მუსიკა უნდა უყვარდეს და ამ სფეროში მხოლოდ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით არ უნდა იყოს. მას უნდა სჯეროდეს არტისტის და იმ საბოლოო პროდუქტის, რომელსაც მისი გუნდი არტისტთან ერთად შექმნის – ამ რწმენის გარეშე არაფერი გამოვა. არტისტმენეჯერი უნდა იყოს ორგანიზებული, მოტივირებული და უნდა ეცადოს, რომ მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს, რათა მუსიკალური პროდუქტი განავითაროს და ის მაქსიმალურად მეტი მსმენელის ყურამდე მიიტანს.

პირველი არტისტი, რომლის მენეჯმენტი Bloom Music-მა ითავა – ერეკლე დეისაძეა. რატომ ერეკლე?

ერეკლე ქართული მუსიკალური სცენის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, აი, უკვე ათ წელზე მეტია. შეიძლება ითქვას, რომ ერეკლე – ქართული ახალგაზრდობის ხმაა, ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით: მის სიმღერებს რადიკალურად განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანები უსმენენ და მღერიან კიდეც.

მუსიკოსის განვითარებასთან ერთად, ჩნდება არტისტმენეჯერის საჭიროებაც, რათა მუსიკოსმა მარკეტინგული, სამართლებრივი და სხვა ტიპის საქმიანობა ამ სფეროებში გამოცდილ ადამიანებს მიანდოს. ეს საჭიროება ჩვენ ერეკლესთან ერთად დავინახეთ, მომავლის ხედვაც საერთო გვაქვს და, ვფიქრობ, ბევრსაც მივაღწევთ. ჰოდა,  რაც მთავარია,  ჩვენ ერეკლეს მუსიკის გვჯერა და მის მთავარ სათქმელსაც ვიზიარებთ.

ღონისძიებების ორგანიზება, ე.წ. „ივენთმენეჯმენტი“ Bloom Music-ის კიდევ ერთი მიმართულებაა. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ამ ინდუსტრიამ განსაკუთრებით იზარალა. როგორ შეაფასებთ ამ კრიზისს და როდისთვის ელოდებით მდგომარეობის გამოსწორებას?

ეს მსოფლიო მასშტაბის კრიზისია, რომლიდან ამოსვლას, სხვადასხვა გარემოსთან ადაპტაციის გზით, მუსიკალური ინდუსტრია ორი წლის განმავლობაში ცდილობდა. ფაქტია, რომ მრავალმილიარდიანი ბრუნვის მქონე ინდუსტრია, საკმაოდ მოკლე დროში, კორონავირუსმა თითქმის მიწასთან გაასწორა, რადგან მუსიკოსების შემოსავლის ძირითადი ნაწილი ლაივშოუებზე მოდიოდა.

პანდემიის დაწყებიდან ლამის ორი წელი გავიდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავდაპირველ მდგომარეობასთან დასაბრუნებლად პირველ ნაბიჯებს მსოფლიო მხოლოდ ახლა დგამს. თუმცა, ვფიქრობ, აღნიშნული კრიზისი ინდუსტრიაში ჩართულ სუბიექტებს იმ პრობლემის გადახარშვაში დაეხმარება, რომელთაც ამ პერიოდში წააწყდნენ.

კრიზისი მხოლოდ მუსიკალურ ინდუსტრიაში ვერ დამთავრდება – ეს ზოგადსაკაცობრიო კრიზისია და მუსიკალური სცენა მისი ერთ-ერთი ნაწილია. ამ კრიზისის დამარცხება ვაქცინაციასა და წესების დაცვაზე არის დამოკიდებული. ვფიქრობთ, მომავალ წელს ცოცხალ ღონისძიებებს აქტიურად ჩავატარებთ, თუნდაც შესაბამისი წესების დაცვით.

ჯაბა, არჩეული აქვს თუ არა Bloom Music-ს მუსიკის კონკრეტული მიმართულება, თუ თქვენ ნებისმიერ ჟანრში მომუშავე ქართველ არტისტებთან ითანამშრომლებთ?

როგორც უკვე აღვნიშნე, განსხვავებული სერვისები გვაქვს: ციფრულ დისტრიბუციას, მაგალითად, ყველას ვთავაზობთ, მიუხედავად მათი ცნობადობისა და მუსიკალური სტილისა. რაც შეეხება მუსიკალურ მენეჯმენტს, ცხადია, რომ ამ სერვისის გაწევის შესაძლებლობა, პირველ რიგში, თავად მუსიკოსმა უნდა მოგვცეს – მის პროდუქტს კომერციალიზაციის პოტენციალი უნდა ჰქონდეს.

ამ ეტაპზე, ე.წ. „roster“-ში ორი მუსიკალური პროექტი გვყავს: ერეკლე დეისაძე და პოპულარული ქართული ალტერნატიული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი Killages. ჩვენ ამ ადამიანების მუსიკა გვიყვარს და მათი წარმატების გვჯერა. თუმცა, ქართულ სცენაზე კიდევ ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვხვდება და ცხადია, რომ სამომავლოდ არც მათთან თანამშრომლობას გამოვრიცხავთ.

რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

პირველ რიგში, ერეკლე დეისაძის ახალი ალბომის პრეზენტაციისთვის ვემზადებით- 25 დეკემბრიდან ალბომი სახელწოდებით „ამ ენით ამენ“, ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე იქნება ხელმისაწვდომი. 2022 წლის დასაწყისში კონცერტის ჩატარებას ვაპირებთ და თან აქტიურად ვავითარებთ დისტრიბუციის მიმართულებას და ვგეგმავთ, რომ მუსიკოსებში სტრიმინგპლატფორმების შესახებ ცნობადობა მაქსიმალურად ავამაღლოთ. ისე კი, იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალი წელი საშუალებას მოგვცემს სხვადასხვა პროცესებში უფრო აქტიურად ჩავერთოთ და ადგილობრივი სცენის წარმატებაზე ერთად ვიზრუნოთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *