Kvalifika - მომხმარებელთა ვერიფიკაციისა და იდენტიფიკაციის მარტივი გზა ბიზნესებისთვის | ინტერვიუ გაბრიელ მელივასთან

Kvalifika - მომხმარებელთა ვერიფიკაციისა და იდენტიფიკაციის მარტივი გზა ბიზნესებისთვის | ინტერვიუ გაბრიელ მელივასთან

ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი Kvalifika ბიზნესკომპანიებს მომხმარებლების ვერიფიკაციის პროცესს უმარტივებს და მათ დისტანციურად იდენტიფიცირებაში ეხმარება. აღსანიშნავია, რომ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მსგავსი პლატფორმები განსაკუთრებით პოპულარული კორონავირუსის პანდემიის გამო მომსახურების ონლაინსივრცეში გადატანის შემდეგ გახდა.

2019 წელს დაბადებულმა იდეამ კომპანიებისა და სტარტაპების ხელშემწყობი ორგანიზაციების ყურადღება მალევე მიიპყრო. ამის დასტურად, ახლახან Kvalifika საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, GITA-ს 650.000-ლარიანი საგრანტო პროგრამის გამარჯვებული გახდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ის „თიბისის“ 2021 წლის ბიზნესდაჯილდოების ფინალისტებს შორის მოხვდა  ნომინაციაში „საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის“.

სისტემის მუშაობის პრინციპის უკეთ გასაგებად და მის უპირატესობებზე, ასევე სტარტაპის სამომავლო გეგმების შესახებ Kvalifika-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, გაბრიელ მელივა გვესაუბრება.

გაბრიელ, პირველ რიგში გვითხარით, რა არის Kvalifika? როგორ მუშაობს სისტემა და როდის იგრძენით მისი შექმნის აუცილებლობა?

Kvalifika არის ადამიანის დისტანციური იდენტიფიცირების სერვისი, რომელიც სხვადასხვა ტექნოლოგიას, მათ შორის მანქანურ სწავლებას იყენებს. სისტემაში  ვერიფიკაციის პროცესი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. მათ შორის, პირველი არის პიროვნების ვიზუალური იდენტიფიკაცია. ამ დროს ხელოვნური ინტელექტი იმის დადგენაში გვეხმარება, ნამდვილად არის თუ არა წარმოდგენილი ადამიანი კამერის წინ. მეორე ეტაპი არის პირადობის მოწმობის ან პასპორტის სკანირება. ამ შემთხვევაში ვარკვევთ, რამდენად რეალურია წარმოდგენილი დოკუმენტები.

Kvalifika-ს შექმნის იდეა 2019 წლის შემოდგომაზე გაჩნდა. ამ დროს ერთ-ერთ სალიზინგო კომპანიაში ვმუშაობდი, რომელსაც მსგავსი მომსახურება დასჭირდა. როდესაც სერვისი საქართველოში მოვიძიეთ, აღმოჩნდა რომ მაღალ სტანდარტებს ვერც ერთი შემოთავაზებული პროდუქტი ვერ აკმაყოფილებდა. მაშინ დავინახეთ, რომ ბაზარზე აღნიშნული მომსახურების მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო. სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება გავიზიარეთ და გადავწყვიტეთ, შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც ადგილობრივი რეგულატორისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს უპასუხებდა.

რით განსხვავდება Kvalifika კონკურენტებისგან და რა უპირატესობები აქვს მათთან შედარებით?

კონკურენტები როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ბაზარზეც გვყავს. თავდაპირველად საქართველოში ჩვენი ჩათვლით შვიდი სტარტაპი იყო, რომლებმაც ბიზნესსექტორისთვის აღნიშნული მომსახურების შეთავაზება გადაწყვიტა, თუმცა ამ დროისთვის ასეთი მხოლოდ ორი კომპანია დავრჩით. ერთ-ერთ მათგანთან, Pulsar-თან, რომელიც ჩვენს მსგავს პროდუქტს, Pulsar Verify-ს სთავაზობდა ბაზარს, გავერთიანდით და დღეს მას ერთად ვემსახურებით. ამ გაერთიანებამ გაგვხადა ლიდერები როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონულ ბაზარზე.

რაც შეეხება სხვა კონკურენტებს, მათ შორის უცხოურ კომპანიებს, მათგან იმით განვსხვავდებით, რომ ჩვენს რეგიონზე ვართ მორგებული. ზუსტად ვიცით, აქ ბიზნესსექტორს რა სჭირდება. ჩვენ უბრალოდ კი არ ვიღებთ და ვნერგავთ სისტემის უცხოურ ვარიანტს, არამედ მას ადგილობრივ მოთხოვნებს ვარგებთ. რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროა გარკვეული ცვლილებები, რომელთა განხორციელებაც საკმაოდ ძვირი ჯდება. ასევე ძალიან მორგებულები და სწრაფები ვართ ინტეგრაციის, “support”-ის ნაწილში და ყველანაირად ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებლებს კომფორტი შევუქმნათ.

სისტემაში ინფორმაციის დაცულობასთან დაკავშირებით და უსაფრთხოების შესახებ რას გვეტყვით?

ჩვენთან ინფორმაცია მაღალი სტანდარტებით არის დაცული. ვითვალისწინებთ ISO 27001-ის პრინციპებს. სწორედ აღნიშნული პრინციპების შესაბამისად ხდება სისტემაში მონაცემთა დამუშავება და დაცვა. ამას გარდა, უსაფრთხოების გარანტიის გაცემის საშუალებას ინფრასტრუქტურაც გვაძლევს, რომელიც ტექნოლოგიური თვალსაზრისით ისეა უზრუნველყოფილი, რომ მომხმარებელთა შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურად დაცვა იყოს შესაძლებელი.

რამდენი მომხმარებელი ჰყავს მოცემული დროისთვის Kvalifika-ს? რომელ სფეროში მოღვაწე კომპანიებს წარმოადგენენ ისინი?

ამ დროისთვის მსხვილ და საშუალო ზომის 25-მდე კომპანიას ვემსახურებით. აქედან რვა – ბანკია, რომელთა შორის როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრის წარმომადგენლობები არიან. შემიძლია, დავასახელო Liberty Bank-ი, VTB Bank-ი, Halyk Bank-ი, Pasha Bank-ი, Kredo Bank-ი და სხვა. გარდა ამისა, ჩვენს პროდუქტს იყენებენ ფინტექ, მიკროსაფინანსო, კრიპტო- და გემბლინგკომპანიები. სათამაშო ბიზნესიდან ჩვენს პარტნიორებს შორის გამოვყოფ Europebet-ს, Betlive-სა და Leaderbet-ს.

აქვე, უნდა აღვნიშნო, რომ მოცემული დროისთვის სისტემა ყოველდღიურად დაახლოებით 5 ათასი ადამიანის ვერიფიკაციას უზრუნველყოფს. Kvalifika-ს მიერ უკვე ვერიფიცირებული მომხმარებლების რაოდენობა კი საერთო ჯამში 1 მილიონს აღწევს.

ცოტა ხნის წინ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, GITA-ს 650.000-ლარიანი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები გახდით.  რაში გამოიყენებს Kvalfika მიღებულ თანხას?

GITA-ს გრანტს რეგიონში პოზიციების გამყარებისა და ზრდისთვის გამოვიყენებთ. თანხის დიდი ნაწილი სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე შესვლას და იქ თავის დამკვიდრებას მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ უკვე ვთანამშრომლობთ ერთ-ერთ გერმანულ კომპანიასთან. Kvalifika-ს ასევე იყენებენ ჩვენი რეგიონის ქვეყნების ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. გვინდა, რომ პროდუქტი ამ კომპანიების დამხარებით სხვა რეგიონებსაც შევთავაზოთ.

ამჟამად რაზე მუშაობთ და სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

ამჟამად ჩვენი პროდუქტის დახვეწაზე ვმუშაობთ, რათა სისტემა მომხმარებელთა მოთხოვნებზე კიდევ უფრო მორგებული და მარტივად გამოსაყენებელი გავხადოთ. გარდა ამისა, ვაუმჯობესებთ „end user“-ის მხარეს, რომ უფრო ადვილი იყოს ვერიფიკაციის გავლა.

ამის პარალელურად, ახალი ბაზრების მოკვლევაზე ვმუშაობთ. გეგმაში რეგიონის „დაპყრობა“ და პროდუქტის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შეტანა გვაქვს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *