Bloomberg: OpenAI $40-მილიარდიანი დაფინანსების რაუნდის დასრულებასთან ახლოსაა

Bloomberg: OpenAI $40-მილიარდიანი დაფინანსების რაუნდის დასრულებასთან ახლოსაა

ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი OpenAI $40-მილიარდიანი დაფინანსების რაუნდის დასრულებასთან ახლოსაა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. დაფინანსების ახალ რაუნდს იაპონური საინვესტიციო ფირმა SoftBank Group-ი ხელმძღვანელობს, პოტენციურ ინვესტორებს შორის კი არიან: Magnetar Capital-ი, Coatue Management-ი, Founders Fund-ი და Altimeter Capital Management-ი.

კვლევითი ფირმა PitchBook-ის მონაცემებით, ხელოვნური ინტელექტის დეველოპერის უახლესი დაფინანსების რაუნდი ყველა დროის უმსხვილესი გარიგება იქნება. არსებული პროგნოზებით, OpenAI-ის ღირებულება, რომელიც ახლა $157 მილიარდად ფასდება, უნდა გაორმაგდეს. შედეგად, ამერიკული კომპანიის ღირებულება, მოზიდული ფულადი სახსრების ჩათვლით, $300 მილიარდს მიაღწევს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარიგების ფარგლებში, SoftBank-ი კომპანიაში საწყის, $7.5 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. დამატებით კი ინვესტორთა სინდიკატი ამერიკული სტარტაპისთვის $2.5 მილიარდის დაფინანსებას გამოყოფს. წლის ბოლომდე, OpenAI შეთანხმების მეორე ეტაპად $30 მილიარდს მიიღებს – $22.5 მილიარდს SoftBank-სგან, ხოლო $7.5 მილიარდის სინდიკატისგან.

Bloomberg-ის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის სტარტაპის მხრიდან ფულადი სახსრების მოზიდვა ბაზარზე ახალი ჩინური კონკურენტის, DeepSeek-ის გამოჩენას უკავშირდება. სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა კომპანიამ გასულ წელს $3.7 მილიარდის შემოსავალი მიიღო. OpenAI-ის პროგნოზით, წელს მისი შემოსავალი სამჯერ, $12.7 მილიარდამდე, მომავალ წელს კი $29.4 მილიარდამდე გაიზრდება.