ბლოქსი კრწანისი - პროექტი თიბისის მხარდაჭერით

ბლოქსი კრწანისი - პროექტი თიბისის მხარდაჭერით

დეველოპერული კომპანია BLOX-ი კრწანისში გრანდიოზული პროექტის განხორციელებას იწყებს. საშუალო და პრემიუმ სეგმენტზე მომუშავე კომპანია აქცენტს საცხოვრებელი კომპლექსის მშვიდ და ეკომეგობრულ გარემოში განაშენიანებაზე აკეთებს. პანდემიის პროცესში დაწყებულ იდეას მხარს თიბისი უჭერს. BLOX-ის გეგმებში სხვა არაერთი პროექტიც შედის. კომპანია რეგიონებსა და ქვეყნის გარეთ გაფართოების სტრატეგიაზეც მუშაობს. უფრო მეტს სამომავლო გეგმებისა და უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციებზე კომპანიის დირექტორის დიმიტრი გოხელაშვილისგან გავიგებთ.

მიმდინარე წელი ახალი, გრანდიოზული პროექტის დაანონსებით დაიწყეთ. კერძოდ, კრწანისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში აპირებთ ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას. მოგვიყევით პროექტის შესახებ.

ახალი პროექტი კრწანისში ყოფილი შვეიცარიის საელჩოს ტერიტორიაზე ხორციელდება. მოგეხსენებათ, კრწანისი „დიპლომატიური“ უბანია – მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი საელჩო და სხვა ისეთი დაწესებულებაა განთავსებული, რაც უსაფრთხო, მშვიდი და დაცული განაშენიანების შექმნის შესაძლებლობას გვაძლევს.

პროექტში 50-მილიონლარიანი ინვესტიცია განხორციელდა, რომელიც სრულად მიმართულია ეკომეგობრული და მყუდრო განაშენიანების შექმნაზე.

შიდა ტერიტორიაზე მოეწყობა გასართობი თუ მოსასვენებელი სივრცეები, დაცული საბავშვო მოედანი და მრავალფეროვანი, დახვეწილი სარეკრეაციო ზონები, სპეციფიკური ნარგავებით. კომპლექსს 24/7-ზე დაცვის სამსახური და კონსიერჟი მოემსახურება.  BLOX-ის ეს პროექტი სრულად გათვლილია მობინადრის სიმშვიდის, უსაფრთხოების და მყუდრო გარემოს შექმნაზე. სწორედ ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანიც.

პანდემიის პირობებში, მით უმეტეს მაშინ, როდესაც თბილისში დეველოპერული ბაზარი მზარდია, რა გახდა საფუძველი იმისა, რომ მსგავსი პროექტის განხორციელება დაიწყეთ?

პანდემიის დროს კიდევ უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ადამიანებისთვის საცხოვრებელმა სახლმა. ეს არის ადგილი, სადაც აუცილებელია, იყოს სიმშვიდე, სიმყუდროვე, შესაფერისი გარემო როგორც მუშაობისთვის, ასევე დასვენებისა და გართობისთვის. შესაბამისად, აუცილებელი გახდა საცხოვრებელი ტერიტორიის გარშემო ისეთი სივრცეების მოწყობა, სადაც მცხოვრებელს საშუალება ექნება, განიტვირთოს სუფთა ჰაერზე, ივარჯიშოს, ათამაშოს ბავშვები, თუ ასეირნოს მისი ოთხფეხა მეგობრები. სწორედ ამ მოთხოვნებზეა მორგებული კრწანისის განაშენიანებაც. პროცესში თიბისის მხარდაჭერა მივიღეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩანაფიქრის განხორციელებისთვის.

ეს არ ყოფილა თქვენი და თიბისის თანამშრომლობის პირველი შემთხვევა…

დიახ, თიბისისთან, როგორც ერთ-ერთ წამყვან ბანკთან საქართველოში, ჩვენი კომპანია დაარსების დღიდან თანამშრომლობს. აღსანიშნავია, რომ თიბისი BLOX-ს პანდემიის დროს განსაკუთრებულად დაუდგა გვერდში და დღეისათვის არაერთი პროექტის პარტნიორია. მათთან თანამშრომლობა ძალიან კომფორტულია. ჩვენთვის ისინი სანდო პარტნიორები არიან და ასევე ჩვენც მათთვის. ამას ის განაპირობებს, რომ ჩვენ ყველა პროექტი, რომელიც დავიწყეთ, ბოლომდე მივიყვანეთ. გარდა ამისა, მომხმარებელში კმაყოფილების ძალიან მაღალი მაჩვენებელი გვაქვს.

თიბისი კაპიტალის მონაცემებით, 2022 წლის 1-27 იანვრის პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების ზრდა სტაბილურია და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 32%-ით აჭარბებს. თქვენ როგორც დედაქალაქში წარმოდგენილი დეველოპერი, რა ტენდენციებს ელოდებით მიმდინარე წელს მოთხოვნის კუთხით?

უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდა მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება. ამ მაჩვენებლებში დიდი წილი კერძო სახლებსაც აქვს. ზოგადად, უძრავი ქონება გარკვეულწილად დეპოზიტების ალტერნატიულ გზად იქცა და დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ინვესტიციაა. ამასთან, პანდემიის პირობებში უძრავმა ქონებამ უფრო მნიშვნელოვანი როლი შეიძინა. შესაბამისად, უძრავ ქონებაზე მოთხოვნის უფრო მეტად ზრდაა მოსალოდნელი. თუმცა, მოთხოვნა იზრდება საცხოვრებელ ედონებზეც, რის შეთავაზებასაც ბაზარზე წარმოდგენილი ყველა დეველოპერი ვერ ახერხებს – დამატებითი კომფორტის შესაქმნელად, ბაზარზე სპეციფიკური მოთხოვნები გაჩნდა.

კომერციულ უძრავ ქონებაზეც მინდა გკითხოთ, ვიცით, რომ BLOX-ი ამ მიმართულებითაც ოპერირებს. თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, გაზრდილი მიწოდება და შემცირებული მოთხოვნა ოფისებზე კიდევ უფრო გაზრდის ვაკანტურობას, რომელიც 2022 და 2023 წელს 25%-ს გადააჭარბებს. როგორია თქვენი მოლოდინი ამ მიმართულებით?

ვფიქრობთ, კომერციული უძრავი ქონების მოთხოვნა-მიწოდების მაჩვენებლები ძველ ნიშნულს დაახლოებით 2024 წლიდან დაუბრუნდება, თუმცა ოფისებზე მოთხოვნის კიდევ ზრდა შემდეგ პერიოდზე ნაკლებად მოსალოდნელია, იქიდან გამომდინარე, რომ სამუშაო პროცესები თუ ვაჭრობა უფრო და უფრო მეტად გადადის დისტანციურ და ციფრულ მოდელზე. ამიტომაც კომერციულ უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდას არ ველოდებით. ჩვენ გვაქვს რამდენიმე კომერციული პროექტი როგორც თბილისში, ისე რეგიონებში და განვიხილავთ ამ ობიექტებისთვის სხვა დანიშნულების მიცემასაც.

რამდენად შეიცვალა უძრავი ქონების ფასები BLOX-ში ბოლო ორ წელიწადში და რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს მომხმარებელს მიმდინარე წლის ბოლომდე?

პანდემიის პერიოდში უძრავი ქონების ფასები მთელ ბაზარზე გაიზარდა. ეს გამოწვეულია მსოფლიო მასშტაბით გაძვირებული სამშენებლო მასალებისა და ტრანსპორტირების საფასურის ზრდით. მოსალოდნელია უძრავი ქონების ღირებულების კიდევ გაზრდა. რაც შეეხება უშუალოდ BLOX-ში ფასების მოსალოდნელ ცვლილებას, ეს დამოკიდებული იქნება სამშენებლო მასალების ფასების ცვლილებაზე. მომწოდებლებისგან ინფორმაცია მოგვივიდა გასული წლის ბოლოს, რომ მინიმუმ 10-15%-ით გაიზრდებოდა ფასი, ეს ტენდენცია მართლაც უკვე შეინიშნება. ვფიქრობთ, რომ პირველ კვარტალში 10%-ით მაინც მოგვიწევს ფასების მატება.

რაც შეეხება სამშენებლო ნებართვებს, გასულ წელს ადგილობრივმა თვითმმართველობებმა 7.4 მილიონი კვადრატული მეტრის ახალი უძრავი ქონებისთვის გასცეს სამშენებლო ნებართვები, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით 43%-ით არის გაზრდილი. ეს ბუნებრივია ზრდის კონკურენციას დეველოპერულ ბაზარზე. რა არის BLOX-ის კონკურენტული უპირატესობა?

ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ნებართვებთან შესაბამისობაში განხორციელებული მშენებლობა და დასრულების უტყუარი გარანტია. ძირითადი კონკურენტული უპირატესობა BLOX-ის სანდოობის მაღალი მაჩვენებელია. ამას ამყარებს ის ფაქტი, რომ კომპანიის დასრულებული პროექტების ექსპლუატაციაში მიღება უმოკლეს ვადებში ხდება. ასევე, ის რომ პროექტი სრულად დაფინანსებულია და არ არის დამოკიდებული გაყიდვებიდან მიღებულ შემოსავალზე. მაგალითისთვის, კრწანისის პროექტში მთლიანად დავასრულეთ შენობის კარკასის მშენებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ დავაანონსეთ გაყიდვები. ამასთან, კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე მორგებული ინდივიდუალური პირობებით.

ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა, ასევე, სწორად შერჩეული ადგილმდებარეობები ქალაქის მასშტაბით. ყურადღება ექცევა საჭირო სივრცეებთან ხელმისაწვდომობას, უსაფრთხო და დაცული ტერიტორიის შექმნის საშუალებას, გამწვანებული ტერიტორიის მოწყობის შესაძლებლობას.

თითოეული პროექტის არქიტექტურა განსაკუთრებული და თანამედროვეა – ვთანამშრომლობთ ისეთ არქიტექტორებთან, როგორიცაა „ხმალაძე არქიტექტორები“, „მულტივერს არქიტექტურა“ და სხვა. კომპლექსისა თუ ბინების გეგმარება ოპტიმალურადაა მორგებული მომხმარებლის საჭიროებებზე.

BLOX 2016 წლიდან ძირითადად საშუალო და პრემიუმ ტიპის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზეა წარმოდგენილი. როგორია თქვენი შემდგომი განვითარების გეგმა? აპირებთ თუ არა რეგიონებში აქტიურად გასვლას?

BLOX-ს აქვს მიმდინარე და დასრულებული კომერციული პროექტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. დეველოპმენტის ნაწილში უახლოეს გეგმებშია რეგიონებში გასვლა და პირველ ეტაპზე გეზი აჭარის რეგიონისკენ გვაქვს.

სამომავლოდ გვსურს ქვეყნის გარეთაც გავიდეთ. ამ ეტაპზე პროექტირებაში ვართ ჩართული სლოვაკეთში ერთ-ერთ განაშენიანების პროექტში. შესაძლოა ინვესტიციაც განვახორციელოთ თავად პროექტის განხორციელებაში. საერთო ჯამში, დაახლოებით $200-მილიონიანი პროექტია და ჩვენი წილი რამდენი იქნება, ჯერ არ ვიცით. მოგვიანებით მომხმარებელს უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვდით ამ პროექტზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *