BMW-ის ამბიციური გეგმა 2030 წლისთვის

BMW-ის ამბიციური გეგმა 2030 წლისთვის

საერთაშორისოდ ცნობილი გერმანული ავტომობილების კორპორაცია BMW-ს 2030 წლისთვის ამბიციური გეგმა აქვს დასახული. კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის, ოლივერ ციპსეს განცხადებით, BMW-ის ელექტრომობილების წარმოება გაფართოვდება, ვინაიდან კორპორაციას აქვს შესაძლებლობა, კონკურენცია გაუწიოს Tesla Inc–ს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის მონაცემების მიხედვით, ელექტრომობილების საერთაშორისო ბაზრის 16%-იან წილს Tesla Inc–ი ფლობს. შესაბამისად, ელექტრომობილების წარმოების გლობალური ლიდერიც ის გახლავთ.

ოლივერ ციპსე აცხადებს, რომ BMW-მ სათანადო დრო შეარჩია ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლისთვის. ევროპასა და ჩინეთში ავტომწარმოებლები CO2-ის ემისიის შესამცირებლად იბრძვიან. BMW-ის გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის კორპორაციის გაყიდვების ნახევარი სწორედ ელექტრომობილები იქნება.

მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სამშაბათს, BMW-მ აშშ-ის კომპანია Livent-თან $335 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტს მოაწერა ხელი. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია Livent-ი გერმანიის ავტომწარმოებელს 2022 წლიდან უზრუნველყოფს ლითიუმით.

ოლივერ ციპსე აღნიშნავს, რომ Volkswagen-მაც შეიმუშავა საკუთარი ელექტრომობილების პლატფორმა. ასევე, მომავალ თვეში Mercedes-Benz-ი წარმოადგენს ახალ მოდელებს, თუმცა BMW-ის მოდელების განსაკუთრებულობა მათ განსხვავებულ სტილში მდგომარეობს. „თუ გადავხედავთ ელექტრომობილების წარმოების ბაზარს, ვნახავთ, რომ მანქანები ერთმანეთს ჰგავს“, – თქვა ციპსემ.

კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, გონივრული გზა ელექტრომობილების წარმოებაა. „ჩვენ დიდი მომავალი გვაქვს, გავიზრდებით და გავფართოვდებით“, – აცხადებს ოლივერ ციპსე.