ბოროტების სათავე: შენელებული ზრდა

ბოროტების სათავე: შენელებული ზრდა

რა თეორია ხსნის შემდეგ ფაქტებს?

• აქციების ღირებულება ბირჟებზე რეკორდულ სიმაღლეებს აღწევს, მაგრამ ამერიკელების 60% ფიქრობს, რომ ქვეყანა რეცესიაშია;

• მყარ უმრავლესობას მოსწონს პრეზიდენტ ობამას გარიგება ირანთან, მაგრამ მხოლოდ მესამედს სჯერა, რომ გარიგება იმუშავებს. ასეთი პოზიცია (მომწონს, მაგრამ ვეჭვობ) ერთდროულად პასიური და ფატალისტურია – შესაძლოა, თვითდესტრუქციულიც კი.

• ფრაზები „ყველა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ და „ყველას შეუძლია წარმატებას მიაღწიოს, თუ საკმარისს იშრომებს“ მემარცხენე პოლიტიკოსების მხრიდან თავდასხმების საბაბი ხდება. დროა, ბოდიში მოიხადოთ, თუ არა და თქვენი რეპუტაციისა და კარიერის აორთქლებას ელოდეთ.

• მარჯვენა ფლანგზე ბიზნესმენი, რომელმაც ოთხჯერ შეიტანა კორპორაციული გაკოტრების განაცხადი (დონალდ ტრამპი), ხმამაღლა აცხადებს, რომ აშშ-ს მდიდარი მომავლისკენ გაუძღვება. ის მოურიდებლად დასცინის ყოფილ სამხედრო ტყვეს, რომელსაც ხუთი წელი აწამებდნენ (ჯონ მაქკეინს). ეს კანდიდატი ამბობს, რომ ქვეყანას კვლავ ძლევამოსილს გახდის… და ის პირველ ადგილზეა გამოკითხვებში.

ქვეყანაში შეშლილობის დროა.

თეორია ამ ყველაფრის უკან? ერთ ახსნას მე შემოგთავაზებთ. ეს უკავშირდება პროდუქტიულობის ზრდის კოლაფსს, რომელიც, თავის მხრივ, შენელებულ ეკონომიკურ ზრდას იწვევს. შედეგები ერისთვის ისეთია, როგორიც ნელი სიკვდილი ჩამოშლილი ოცნებებისა და დაგროვილი იმედგაცრუებისგან.

ფაქტები ჩვენი პროდუქტიულობის სტაგნაციის შესახებ ეჭვს არ იწვევს. წლიური პროდუქტიულობის ზრდის საშუალო მაჩვენებლები პერიოდების მიხედვით ასეთია:

• 1948–2014: 2.4%

• 2002–2014: 2.0%

• 2010–2014: 1.2%

2015-ის შუაგზაზე ჯერ საერთოდ არ მიგვიღწევია რაიმე ზრდისთვის პროდუქტიულობაში.

არის თუ არა შეჩერებული ხელფასების ზრდა? ბევრი ადამიანისთვის, კი. მაგრამ ხელფასები ვერ გაიზრდება, თუ ამის უკან პროდუქტიულობის ზრდა არ დგას. გადაჭრის თუ არა პრობლემას მინიმალური ხელფასის ზრდა? არა. პროდუქტიულობის ზრდის არარსებობის პირობებში, გაზრდილი მინიმალური ხელფასი სხვა გზებით ანაზღაურდება. გადახდის ჯამური შესაძლებლობები თავისით ვერ გაიზრდება, ასე რომ ერთი ადამიანის გაზრდილი ხელფასი მეორე ადამიანის მიერ სრული განაკვეთის კარგვის ხარჯზე მიიღწევა.

ჩვენს თეორიას უნდა დავუმატოთ კიდევ ერთი ილუსტრაცია, თუ რატომაა ამერიკაში შეშლილობის დრო: ეკონომიკური სტაგნაციის გუბეში ყოფნა ადამიანებს ერთმანეთთან აპირისპირებს. როდესაც ზრდა ქრება, ადამიანების ყურადღებას საკუთარი თავის სხვებთან შედარება იპყრობს. ადამიანებს შური იპყრობს და იწყებენ დაჯერებას, რომ წარმატებულები მხოლოდ სხვების გაყვლეფის ხარჯზე არსებობენ. მათ პარანოიდალური პოლიტიკური თეორიები ითრევს და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ხიბლავენ.

ზრდა სიკეთის მომტანი წრეა

ზრდად ეკონომიკაში მოვლენები საკმაოდ განსხვავებულად ვითარდება. ადამიანები კვლავ მიმართავენ შედარებებს, მაგრამ შედარების ობიექტი მათივე პოტენციური მომავალი ხდება. ისინი იყურებიან წინ იმედით და ზოგჯერ ეიფორიულადაც კი. ისინი ქმნიან ახალ ბიზნესებს, აფართოებენ, აჰყავთ თანამშრომლები მოთხოვნის გაჩენამდე და თავადვე ქმნიან მოთხოვნას.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ აშშ- ში პროდუქტიულობის ზრდასთან დაკავშირებით კონტრარგუმენტიც არსებობს: ზოგის აზრით, მთავარი არაა, ჩანს თუ არა ზრდა რიცხვებში. მთავარია, რა ინფორმაციაა ამ რიცხვების უკან. Google-ის მთავარი

ეკონომისტი ჰალ ვარიანი ყურადღებას ტექნოლოგიურ პროგრესზე ამახვილებს, რომელიც დროს გვინახავს, მძიმე შრომის საჭიროებას აქრობს და ფასებს ამცირებს. ეს საზოგადოებრივი სიკეთეებია მაშინაც კი, თუ პროდუქტიულობის ტრადიციულ ინდიკატორებს არ ზრდის.

სხვებს მიაჩნიათ, რომ ჯამური პროდუქტიულობის ზრდის ნელი ტემპი ტექნოლოგიური პროგრესით მოგებულებსა და წაგებულებს შორის დიდ განსხვავებაზე მეტყველებს. თუ იცი, როგორ გამოიყენო ტექნოლოგია გაყიდვების გასაზრდელად, საკუთარი სისწრაფისა და ეფექტიანობისთვის, უფრო პროდუქტიული გახდები. მაგრამ ბევრმა ადამიანმა და კომპანიამ არ იცის, ეს როგორ გააკეთონ. ტექნოლოგია იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ბევრი ჩვენგანისთვის მისტიკური ხდება. სანამ გავერკვევით, ისინი, ვინც ტექნოლოგია პროდუქტიულობის სამსახურში ჩააყენა, უკვე წინ იქნებიან გაჭრილები.

ამ პროცესის საპირისპირო, მოგებული და წაგებული მხარეების არსებობის ნათელი მაგალითია Uber-თან დაკავშირებული ბრძოლები პარიზში, ნიუ-იორკსა და მსოფლიოს ბევრ სხვა წამყვან ქალაქში. Uber-ი, იმ მანქანების გამოყენებით, რომლებსაც არ ფლობს, და მათი დამოუკიდებელი, კონტრაქტორი მძღოლებით, უფრო პროდუქტიულია, ვიდრე ტაქსიების ან ლიმუზინების ნებისმიერი კომპანია. უპირატესობა იმდენად მკვეთრია, რომ ეს უკანასკნელები Uber-ს აფერისტობაში ადანაშაულებენ. და ახლა უკვე პრეზიდენტობის კანდიდატებსაც უწევთ ახსნა, რა პოზიციაზე არიან Uber-თან დაკავშირებით.

პოლიტიკური დისკურსის ცენტრში შემდეგი საკითხი უნდა იყოს: როგორ გავზარდოთ ჯამური პროდუქტიულობა. ამ მხრივ სასარგებლო იქნებოდა უფრო მარტივი და თანაბარი საგადასახადო განაკვეთები. სასარგებლო იქნებოდა ასევე რეგულაციების შემცირება და გამარტივება მცირე ბანკებისთვის, რომლებიც ეკონომიკას არაფრით ემუქრებიან. ორივე ქმედება გაათავისუფლებდა ანტრეპრენიორებს ტვინის გადამტვირთავი ბიუროკრატიული რუტინისგან. გააქტიურდებოდა ახალი ბიზნესების წარმოქმნა, რაც დღევანდელ ეკონომიკას, სამწუხაროდ, აკლია. წაგვადგებოდა ასევე უკეთესი და უფრო პრაქტიკული განათლება ბავშვებისთვის.

პარანოიას და პოლიტიკურ ავანტიურისტებს აყოლა ვერ წაგვადგება.