ბოსნია და ჰერცეგოვინა: საყოველთაო არჩევნების წინასწარი შედეგები და მისი მნიშვნელობა

ბოსნია და ჰერცეგოვინა: საყოველთაო არჩევნების წინასწარი შედეგები და მისი მნიშვნელობა

კვირას ბოსნია და ჰერცეგოვინაში, 1992-95 წლების ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მძიმე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. წინასწარი შედეგებისა და ხმების ნაწილობრივი დათვლის საფუძველზე, არჩევნებში ბოსნიის სამმხრივი ინტერეთნიკური პრეზიდენტობისთვის ბოსნიელი კანდიდატი დენის ბეჩიროვიჩი ლიდერობს.

დათვლილი ბიულეტენების 70%-ით, ეროვნულ და რეგიონულ პარლამენტში სამივე ჯგუფის ნაციონალისტური პარტიები დომინირებენ. როგორც ამ პერიოდისთვის ცნობილი შედეგები ცხადყოფს, პრეზიდიუმში ადგილს, არანაციონალისტი ბოსნიელი და ხორვატი კანდიდატები, პრორუს სერბ ნაციონალისტთან გაიზიარებენ. დენის ბეჩიროვიჩისა და ჟელკო კომშიჩის როლი საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება ევროპაში კრიზისის დროს, რადგან სწორედ საპრეზიდენტო ორგანო, მიუხედავად მისი სიმბოლური დატვირთვისა, წყვეტს ბოსნია და ჰერცეგოვინის საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის საკითხებს. ამ ორ ადამიანს ექნება უმრავლესობა პრეზიდიუმში რუსეთთან და ჩინეთთან კავშირების მხარდამჭერ ჟელკა ცვიანოვიჩის წინააღმდეგ.

ბოსნიელებიდან ბეჩიროვიჩმა, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ (SDP) წევრმა, რომელსაც თერთმეტი ოპოზიციური პარტია უჭერდა მხარს, ბაკირ იზეტბეგოვიჩთან შედარებით ხმების 57% მოიპოვა. ცნობისთვის, იზეტბეგოვიჩმა, რომლის „დემოკრატიული მოქმედების პარტია“ (SDA) 1996 წლის ომის დასრულების შემდგომ ხელისუფლებაშია, საარჩევნო კომისიის მონაცემებით ხმების 37.84% მიიღო და კვირა საღამოს დამარცხებაც აღიარა.

ხორვატებიდან „დემოკრატიული ფრონტის პარტიის“ ლიდერმა, კომშიჩმა, რიგით მეოთხე საპრეზიდენტო ვადით მოიგო არჩევნები და დაამარცხა მეტოქე ნაციონალისტური „ხორვატიის დემოკრატიული კავშირის“ (HDZ) წარმომადგენელი ბორიანა კრიშტო ხმების 53.61%-ით.

ხოლო ბოსნიელი სერბების სეპარატისტთა პრორუსი ლიდერის, მილორად დოდიკის მოკავშირე ჟელკა ცვიანოვიჩი ბოსნიის პრეზიდენტობის სერბი წევრის არჩევნებში, დათვლილი ხმების 52.87%-ს ფლობს.

ამომრჩევლებმა ქვეყნის ახალი კოლექტიური პრეზიდენტობა და კანონმდებლები აირჩიეს, ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე, დამკვიდრებულ ნაციონალისტებსა და ეკონომიკაზე ორიენტირებულ რეფორმისტებს შორის. ბოსნია და ჰერცეგოვინა კი 1990-იანი წლების ომის დასრულების შემდგომ ურთულეს პოლიტიკურ კრიზისს გადის, რაც გამოწვეულია ერთი მხრივ სერბების ხელმძღვანელობის სეპარატისტული პოლიტიკითა და მეორე მხრივ ბოსნიელი ხორვატების მიერ ბლოკადის მუქარით.

ცნობისთვის, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე ქვეყნის სამმხრივი პრეზიდენტობის სერბი, ხორვატი და ბოსნიელი წევრებისთვის ხმის მიცემის უფლება თითქმის 3.4 მილიონ ადამიანს აქვს, რაც ასევე ვრცელდება პარლამენტებზეც, ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე. ბოსნია და ჰერცეგოვინა ორი ავტონომიური რეგიონისგან შედგება: სერბების მიერ დომინირებული სერბთა რესპუბლიკისა და ფედერაციისგან, რომელსაც ბოსნიელები და ხორვატები იზიარებენ და ერთმანეთთან სუსტი ცენტრალური ხელისუფლებით არიან დაკავშირებული. ფედერაცია შემდგომში უკვე ათ კანტონად იყოფა.

მთავარი კანდიდატები

შეგახსენებთ, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინაში აღმასრულებელ ხელისუფლებას სამი წევრისგან (ბოსნიელი, სერბი და ხორვატი) შემდგარი პრეზიდიუმი წარმოადგენს, რომლებიც ერთმანეთს 8 თვეში ერთხელ როტაციის პრინციპით ენაცვლებიან. ცნობისთვის, მიუხედავად პრეზიდენტობის მხოლოდ ცერემონიული და სიმბოლური როლისა, სწორედ მას ეკუთვნის საბოლოო სიტყვა ქვეყნის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაზე.

ბოსნიელი – ეთნიკურ პრეზიდენტობაზე ბოსნიელთა პოსტისთვის მთავარი კანდიდატები „დემოკრატიული მოქმედების პარტიის“ (SDA) ლიდერი ბაკირ იზეტბეგოვიჩი და „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ (SDP) წევრი დენის ბეჩიროვიჩი იყვნენ, რომელსაც მხარს თერთმეტი ოპოზიციური პარტია უჭერდა.

ხორვატი – ხორვატიის პრეზიდენტის წევრის ტიტულისთვის კი „ხორვატიის დემოკრატიული კავშირის“ (HDZ) კანდიდატი ბორიანა კრიშტო იბრძოდა, რომელსაც მეტოქეობას ჟელკო კომშიჩი უწევდა. კომშიჩის კანდიდატურას, მეოთხე ვადით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის, ღიად აპროტესტებდნენ ნაციონალისტური პარტიები HDZ-ის ხელმძღვანელობით.

ანალიტიკოსთა განცხადებით, კომშიჩის ხელახალი გამარჯვების შემთხვევაში, ხორვატმა ნაციონალისტებმა შესაძლოა ფედერაციის მთავრობის ფორმირება დაბლოკონ და ხელი შეუწყონ „რეორგანიზაციას“ იმ რეგიონის, რომელსაც ისინი ბოსნიელებთან ერთად საკუთარი ეთნიკური ადმინისტრაციული ერთეულის შესაქმნელად იზიარებენ.

სერბი – სერბი პრეზიდენტობის წევრი ამომრჩევლებმა სერბთა რესპუბლიკაში აირჩიეს. აქ მთავარი კონკურენტები დოდიკის მოკავშირე ჟელკა ცვიანოვიჩი და ოპოზიციის ლიდერი მირკო შაროვიჩი იყვნენ.

დოდიკის მმართველობის გაგრძელების შემთხვევაში სეპარატისტული ქმედებების გაგრძელების ალბათობა, რაც ძირს უთხრის ბოსნია და ჰერცეგოვინის სახელმწიფოს მთლიანობას, საკმაოდ მაღალია. სწორედ დოდიკი იკავებს ამჟამად პრეზიდიუმის სერბი წევრი პოსტს.

ბოსნია და ჰერცეგოვინის საყოველთაო არჩევნების საერთაშორისო მნიშვნელობა

სერბების, ხორვატებისა და ბოსნიელების დამანგრეველი კონფლიქტიდან თითქმის სამი ათწლეულის შემდეგაც კი, ბოსნია და ჰერცეგოვინა დისფუნქციურ და არასტაბილურ სახელმწიფოდ რჩება. 1995 წლის „დეიტონის ხელშეკრულებით“ დასრულდა ბოსნიის ომი, რომელშიც 100,000 ადამიანი დაიღუპა, საერთაშორისო წარმომადგენელს კი სამშვიდობო დებულების შესრულებაზე ზედამხედველობა დაევალა, ხელისშემშლელი პოლიტიკოსების გათავისუფლებისა და კანონთა დაწესების უფლებამოსილება მიენიჭა.

გერმანელმა პოლიტიკოსმა კრისტიან შმიდტმა, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა 2021 წელს დაიკავა, წელს უკვე ორჯერ გამოიყენა უფლებამოსილება, არჩევნების დაფინანსებისა და მისი სამართლიანობის გაძლიერების მიზნით. საინტერესოა, რომ კენჭისყრის დახურვიდან ერთი საათიც არ იყო გასული, რომ ბოსნიის საერთაშორისო სამშვიდობო ზედამხედველმა საარჩევნო კანონში ცვლილებები, განბლოკვის მექანიზმები და მკაცრი ვადები დააწესა ფედერაციის ფუნქციონირების დასაცავად.

EUFOR-ი, ევროკავშირის სამშვიდობო ძალები, რომელიც ბოსნია და ჰერცეგოვინაში 2004 წლიდანაა განლაგებული, წელს განსაკუთრებით გაძლიერდა. მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად წარმოქმნილი არასტაბილურობაა, რომელიც შესაძლოა, დასავლეთ ბალკანეთში გავრცელდეს. მარტივი მისახვედრია, რომ ამის მიზეზი სწორედ დოდიკია, ამჟამინდელი სერბი პრეზიდენტი, რომელიც პრეზიდენტ პუტინის დაუფარავი მხარდამჭერია.