საცხოვრებელი ადგილის სწორი განაშენიანება

Forbes-WEB-22070503

ქალაქის გამართულად ფუნქციონირების საფუძველი მის სწორ განაშენიანებაშია, სადაც ყველაფერი წინასწარი დაგეგმვის საფუძველზე ხორციელდება. გადასაადგილებელი ტერიტორიები, საცხოვრებელი შენობები, საზოგადო და კომერციული სივრცეები, დაბალი განაშენიანება და ეკოლოგია – ჩვენთან ეს ყოველივე გამოწვევაა, რადგან განვითარება და მშენებლობა, ხშირ შემთხვევაში, კოლექტიურ ინტერესებზე არ დგას, ეს კი იმ რეალობას იწვევს, რომლის შეცვლასაც დღეს ვცდილობთ, ერთად ან ცალ-ცალკე.

სიტყვა „შენება“ ოპტიმიზმთან ასოცირდება. ახალი მშენებლობა, ახალი განაშენიანება, ახალი საცხოვრებელი… ცალკეულ შემთხვევებში, განსაკუთრებით იქ, სადაც სიცარიელეა, აშენება და სიცოცხლე ნამდვილად დადებითი მოვლენაა. ქვეყნები და ქალაქები განაშენიანების წყალობით შეიქმნა. ეს ყოველივე ქმნიდა კომფორტს და ხალხმრავალ ადგილებს, რაც თავისთავად ადამიანისთვის მიმზიდველი იყო. საბოლოოდ, იმდენი და იმდენად ვაშენეთ, რომ დღეს სივრცითი ადგილების პრობლემა დგას. ხედს ნაცრისფერი კორპუსი ფარავს, ცას ბეტონის კედელი ეფარება, მიწას… მიწას ძნელად თუ მოვნახავთ ქალაქში, ის ასფალტის საფარის ქვეშ არის მოქცეული.

წარსულის ოპტიმიზმი აწმყოს განუყრელ პრობლემად იქცა. ქალაქის ძირითადი ტერიტორია დიდმა შენობებმა დაიკავა. ჩვენით მოვახერხეთ ის, რომ ერთი დიდი ბეტონის ლაბირინთი შევქმენით. დღეს ეს არ მოგვწონს. მიზეზი ვიცით, პრობლემა ცხადია. ჩვენ კი ამ რეალობიდან თავის დაღწევა გვიწევს.

განაშენიანების ხარვეზს ხშირად საჭიროებაზე მორგებული რეალობით ვამართლებთ. როგორც წესი, თავდაპირველი არასწორი დაგეგმარება ან შემდგომ განხორციელებული ნაბიჯები ხდება იმის მიზეზი, რაც საბოლოოდ ობიექტური უკმაყოფილების განცდას გვიჩენს. მიშენება, მონგრევა, ცვლილება…

შეიქმნა ქალაქი, სადაც ადგილი ყველასთვისაა, მაგრამ ვერავინ პოულობს ადგილს.

დღევანდელ რეალობაში მრავალ სამოსახლო ადგილს ვხვდებით, სადაც დასახლების სიმჭიდროვე ძალიან მაღალ ნიშნულზე დგას. ასეთი ტიპის საცხოვრებელი უბნები  დიდ როლს თამაშობს ქალაქის ცხოვრების ტემპის შენელებაში. კორპუსები, გარაჟები, მანქანები…

თბილისის ინფრასტრუქტურული რესურსი ძირითადად დაფუძნებულია ძველ, ადრეულ გეგმარებაზე. შესაბამისად; ქუჩები, სახლები, ტროტუარები არ არის დიდი მასშტაბის დატვირთვაზე გათვლილი. მოსახლეობა გაზრდილია, შენობები დამატებულია, თავისუფალი სივრცეები აღარ არის. იქ, სადაც ადრე ფაეტონი, შემდეგ კი ასეულობით მანქანა გადაადგილდებოდა, დღეს ათიათასობით მანქანა მოძრაობს. ძირითადი ქუჩების სიგანე კი იგივეა. ეს ყოველივე საგრძნობლად აფერხებს გადაადგილებას, ზრდის სიმჭიდროვეს და საბოლოო ჯამში ვიღებთ რეალობას, რომელიც არ მოგვწონს, მიუღებელია. ხმაური, ბინძური ჰაერი, საცობი…

ყველა ვთანხმდებით, რომ პრობლემები, რომლებიც ჩვენს რეალობაში სერიოზული გამოწვევაა, მიხედვას საჭიროებს. ჩვენი უახლესი ურბანული მემკვიდრეობა არ გამოდგება საცხოვრებელი განაშენიანების კარგ მაგალითად, შესაბამისად, არსებული სიტუაციის მიბაძვა მხოლოდ გაუარესებისკენ არის მიმართული. ფანჯრები, კედლები, ბეტონი…

საცხოვრებელი ადგილის განაშენიანების ფორმები განსხვავებულია მდებარეობის, არსებული მდგომარეობის და მოსახლეობის სიმჭიდროვიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე აუცილებელი სტანდარტი;

ზონირება – ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია განაშენიანების სწორი ფორმისათვის, სადაც წინასწარ განსაზღვრული პარამეტრებით დგინდება საზღვრები და თემატური სივრცეები. მაგალითად: საცხოვრებელი სივრცე, სარეკრეაციო სივრცე, კომერციული სივრცე და სხვა. მსგავსი გეგმარება, როგორც წესი, პროექტის დასაწყისშივე ყალიბდება და წარმოადგენს უცვლელობის მყარ გარანტიას. იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე სახის ცვლილება  გადაუდებელ აუცილებლობად იქცევა, ეს მხოლოდ მოსახლეობის ინტერესებისა და საერთო საცხოვრებელი სივრცის კეთილდღეობისაკენ უნდა იყოს მიმართული.

სივრცითი დაგეგმარება – განსაზღვრავს კონკრეტულ სივრცეებს, რომელთაც ფუნქციური დატვირთვა აქვთ. ხშირად გამოიყენება მწვანე განაშენიანებით დატვირთული სამშენებლო პროექტების განსახორციელებლად, რომლის მიზანი, საზოგადოებრივ და საცხოვრებელ სივრცეებთან ერთად, ბუნებრივი ლანდშაფტისა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ხელშეუხებლობაა. მეტიც, ასეთი ტიპის საცხოვრებელი ადგილები უმეტესად მიმართულია ჯანსაღი გარემოსა და რეკრეაციული ზონების მოწყობისაკენ. სწორედ ეს არის ის ძირითადი ნიშანი, რომელიც კონკრეტულ საცხოვრებელ ადგილს განასხვავებს ქალაქის სტანდარტული ტიპის საცხოვრებელი ადგილისაგან.

გარემოსდაცვითი დაგეგმარება – ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ურბანული პრობლემების თავიდან ასაცილებელ, წინასწარი დაცვის მექანიზმად შეიძლება ჩაითვალოს.  გარემოსდაცვითი დაგეგმვა, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ისეთი სივრცის შექმნაზეა მიმართული, რომელიც მოსახლეობას დაცულ საცხოვრებელ პირობებს სთავაზობს. ამგვარი ტიპის დაგეგმარება წინასწარ ითვალისწინებს ყველა შესაძლო რისკს, როგორიცაა: ჰაერის დაბინძურება, ხმაური, წყალდიდობის ალბათობა, მიწის ეროზია და სხვა. ამავდროულად გარემოსდაცვითი დაგეგმარების ფუნქციაა ადამიანის ჰარმონიული ცხოვრების ხელშეუხებლობა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ეკოლოგიური და ბუნებრივი პროცესებით.

საცხოვრებელი სივრცის ცალკეული გეგმარება ქაოსური განაშენიანების ალტერნატივად გამოიყენება, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ცალკეული გეგმარება არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც არსებული მდგომარეობის პრევენცია.

თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის სწორ განაშენიანებას აღიარებული კრიტერიუმები აქვს. პირველი, რაც ნებისმიერი დასახლებისათვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ეს არის ჯანსაღი გარემოს შექმნა. ეს უკანასკნელი, შეიძლება ითქვას, უმთავრესი გამოწვევაა თანამედროვე ქალაქებისთვის, განსაკუთრებით – ჩვენი დედაქალაქისათვის. ჯანსაღ გარემოსთან ერთად, წამყვანი ფუნქცია აკისრია ინფრასტრუქტურას, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს საცხოვრებელი ადგილის შერჩევისას.

ხელმისაწვდომობა და კომფორტი – ეს ორი საკითხი არათუ სასურველ, არამედ შეუცვლელ მოცემულობად ჩამოყალიბდა თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში. დიდი ხანია, რაც სახლი განსაზღვრავს არათუ ცხოვრების წესს, არამედ ცხოვრების სტილსაც.

გააზიარე