ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ, 2030 წლისთვის, ტყეების გაჩეხის აღმოსაფხვრელად სტრატეგია წარადგინა. ლულას და ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრ მარინა სილვას მიერ შემუშავებული „ამაზონის ტყის განადგურების კონტროლისა და პრევენციის სამოქმედო გეგმა“ გარემოს დაცვის საერთაშორისო დაპირების ნაწილია.
ახალი გეგმის მიხედვით, ტყეების უკანონო გაჩეხის კონტროლისა და პრევენციისთვის, ბრაზილია თანამედროვე ტექნოლოგიებს გამოიყენებს. სტრატეგია, უკანონო ჭრისა და მოპოვების იდენტიფიცირებისთვის, სატელიტური გამოსახულების გამოყენების ზრდას ითვალისწინებს. ამავდროულად კი, ამაზონის ტროპიკულ ტყეებში არასანქცირებული ოპერაციებისგან მიღებული ფულის ნაკადის გასაკონტროლებლად, ფინანსური დაზვერვის შემცველი სამთავრობო მონაცემთა ბაზები შეიქმნება.
გარდა ამისა, გეგმის პირობების შესაბამისად, ხისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოშობის იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც შესაძლოა დაუცველი ან ექსპლუატირებული ეკოსისტემებიდან იყოს მიღებული, სპეციალური სისტემა დაინერგება. დამატებით კი, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ახალი სტრატეგიის ფარგლებში, მიწების საკუთრების სტანდარტიზაცია და მდგრადი სოფლის მეურნეობისა და სხვა „მწვანე“ საქმიანობების წახალისებაც იგეგმება.
„წლების განმავლობაში გარემო პრივილეგირებული უმცირესობებისთვის საკუთარი მოგების მისაღებად დაბრკოლებად აღიქმებოდა, თუმცა ბრაზილიამ შეძლო და დაიბრუნა წამყვანი როლი კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა ლულამ Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომლის ადრესატიც დიდი ალბათობით მისი წინამორბედი, ჟაირ ბოლსონარუ გახლავთ .
პარალელურად კი ბრაზილიის პრეზიდენტმა მდიდარ ქვეყნებს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით საუკუნეების განმავლობაში ტყეების განადგურების საკითხში, მოქმედებისკენ მოუწოდა.