ჰაერში ნახშირორჟანგის დონე ყველა დროის მაქსიმუმზეა

ჰაერში ნახშირორჟანგის დონე ყველა დროის მაქსიმუმზეა

აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ თვეს ჰაერში ნახშირორჟანგის დონემ ყველა დროის მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი არა მხოლოდ მაქსიმუმზეა, არამედ რეკორდული სიჩქარითაც იზრდება. ეს კი კლიმატის ცვლილების პროცესს კიდევ უფრო შეუქცევადს ხდის.

ჰაერის დაბინძურების მარეგულირებელი ორგანოს მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საზომი ინდექსის სამი ერთეულითაა გაზრდილი. ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ამ მაჩვენებლით ზრდა წლიურ ჭრილში მეოთხე ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

ამჟამად არსებული ტენდენცია ინდუსტრიამდელ ეპოქაში არსებულ დაბინძურებაზე 50%-ით მაღალია. საინტერესო კი ისაა, რომ სახელმწიფოთა მცდელობების მიუხედავად, შეამცირონ გამონაბოლქვის გამოყოფა ინდუსტრიულ დონეზე, დაბინძურების მაჩვენებელი კვლავ დიდი სისწრაფით იზრდება.

შესაბამისად, როგორც ჩანს, დიდი სახელმწიფოების ძალისხმევა კლიმატის ცვლილების პროცესის შესაფერხებლად საკმარისი არაა და უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს.