ბრძენი ქართველი ერი. განათლების პრობლემა ქვეყანაში

ბრძენი ქართველი ერი. განათლების პრობლემა ქვეყანაში

ამბობენ, განათლების დონის მაჩვენებელი ქვეყნის წარმატებისა და განვითარების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორიაო. რამდენადაც განათლებულია ერი, იმდენად წარმატებულია თითოეული ქვეყანა და პირიქით. განათლებული ხალხები ქმნიან ძლიერ ინსტიტუტებს, რომლებზეც, თავის მხრივ, ფუძნდება ძლიერი სახელმწიფო.

სანამ უშუალოდ კონკრეტულ ციფრებზე გადავალთ და იმ მონაცემებზე ვისაუბრებთ, რომლებიც ქვეყანაში განათლების დონის კუთხით ფიქსირდება, ცოტათი უკან დავიხიოთ და რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა გავიხსენოთ.

არ ვიცი, ამისთვის მადლობა ვის უნდა გადავუხადო, შესაძლოა, სამადლობელიც არაფერია, მაგრამ, ფაქტია, რომ სწორედ იმ თაობას მივეკუთვნები, რომელმაც საბჭოთა პერიოდში დაბადებაც მოასწრო, მისი დანგრევით გამოწვეული საზეიმო განწყობაც გაიზიარა (ბავშვურად, მაგრამ მაინც), 90-იანი წლებიც გამოიარა, ბევრი ომიც ნახა და დღემდე მოვიდა. ვინმესთვის შესაძლოა ზედმეტად პათეტიკურად ჟღერს, თუმცა ასეა. ჩვენს მეხსიერებაში იმდენი შავი თარიღი დაილექა, რომ ვინ მოთვლის. მოკლედ, ამ თემაზე ბევრის წერა შეიძლება, თუმცა ეს ყველაფერი ისტორიული რაკურსისთვის თვალის გადასავლებად არ მიხსენებია, უბრალოდ იმის ხაზგასმა მინდა, რომ საშუალო სკოლაში (მაშინ ჯერ კიდევ ასე იწოდებოდა) სწავლა ზუსტად იმ შავბნელ პერიოდში მომიწია, ჩვენი დედები რომ ამბობდნენ: „ისეთი დროა, ფეხი რომ გარეთ დაგრჩეს, იმასაც მოგაჭრიანო“. ეს ყველაფერი თავისთავად ისახებოდა ქვეყნის განვითარებაზე, თითქმის ბოლომდე იყო მოშლილი ყველა სახელმწიფო სტრუქტურა თუ ინსტიტუტი. ამ მხრივ გამონაკლისი არც განათლების სისტემა ყოფილა. სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩემი სასკოლო ცხოვრებიდან ბევრი ისეთი ეპიზოდი მახსენდება, რომლებზეც, წესით, სულაც არ უნდა გვეცინა, მაგრამ ვიცინოდით, არ უნდა მიგვეღო, მაგრამ ვიღებდით, ვითმენდით და ვითავისებდით. საბოლოო ჯამში კი ძირგამომპალ სტრუქტურამდე მივდიოდით, რასაც ქვეყნის განათლების სისტემა ერქვა. მასწავლებლების მხრიდან არასათანადო დამოკიდებულებას რომ თავი დავანებოთ, კლასში დასაჯდომად და გაკვეთილის მოსასმენად პირობებიც არ იყო მაინცდამაინც სახარბიელო. ჩვენი თაობისთვის არც ზამთრობით გათოშილი სახეები და ფონდის ფული იყო უცხო, რომლითაც, როგორც წესი, გაყინული კედლებისა და სხეულების გასათბობად შეშასა და ნავთს ვიმარაგებდით. რთული იყო სასწავლო განწყობის შენარჩუნება – მასწავლებლები, რომლებიც, ფაქტობრივად, ანაზღაურების გარეშე მუშაობდნენ, მოტივაციას იყვნენ მოკლებულები და გამუდმებით საათზე იყურებოდნენ, რომ როგორმე ეს მტანჯველი 45 წუთი გასულიყო და იმ კატორღისგან გათავისუფლებულიყვნენ, რასაც ჩვენთვის განათლების მოცემა ერქვა. ცხადია, იყვნენ გამონაკლისებიც, რომელთა გაკვეთილზე ჯდომაც და მოსმენა ერთი სიამოვნება იყო, თუმცა ამგვარი პედაგოგების რაოდენობა საკმაოდ მცირე იყო და დღეს მათი გახსენებაც ჭირს, რადგან ზოგის სახელი ეძლევა მივიწყებას, ზოგის გვარი, ზოგის კი გამოსახულებაც ქრება მეხსიერებიდან.

მახსოვს, ბაშვობაში ყველა იმაზე ფიქრობდა, მომავალში ვინ რა პროფესიას აირჩევდა. ვარიანტები ბევრი იყო, მაგრამ არასდროს გვავიწყდებოდა ის ლეგენდები, რომლებიც უნივერსიტეტში ჩაბარებასთან ასოცირდებოდა. არავისთვის იყო უცხო, რომ ე.წ. „სტავკები“ ფაკულტეტებისა და პროფესიების მიხედვით განისაზღვრებოდა. მოკლედ, თუკი მამიკოს ჯიბე საჭირო ზომისა და წონის იყო, სტუდენტობა ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გარანტირებული გქონდა.

ასეთი იყო იმ წლების პრაქტიკა, ვიდრე 2003 წელს ვარდების რევოლუციის შემდეგ, ახალმა მთავრობამ განათლების რეფორმა ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად არ აქცია. უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში კორუფციის აღმოფხვრის მიზნით სისტემური რეფორმა განხორციელდა. დაინერგა ერთიანი ეროვნული გამოცდები, რამაც, მიუხედავად უამრავი კრიტიკისა, დროს გაუძლო და დღესაც ეფექტიანად მუშაობს. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს მიღწეულ ამ შედეგს თითქმის ყველა სათანადოდ აფასებს და არავინ უარყოფს, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძირეული ცვლილება, რომელმაც უამრავ აბიტურიენტს შესაძლებლობა მისცა, რომ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის მანდატი სწორედ საკუთარი ცოდნის საფუძველზე მოეპოვებინა.

წლების განმავლობაში განათლების სისტემის გაუმჯობესების მიზნით ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი გამოიყო, სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში უამრავ სტუდენტს შესაძლებლობა მიეცა, სწავლა უცხოეთში გაეგრძელებინა და იქაური გამოცდილება მიეღო. დაფინანსდა როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. ცვლილებები შეეხო საჯარო სკოლებსაც. პედაგოგებისათვის ამოქმედდა სხვადასხვა წამახალისებელი პროგრამა. ეტაპობრივად მოხდა სახელფასო სისტემის ცვლილებაც. თუმცა აღნიშნული საკმარისი არ აღმოჩნდა და პრობლემა პრობლემად დარჩა. ქვეყანაში განათლების დონის მაჩვენებელი არცთუ ისე სახარბიელოა. ბოლო კვლევების მიხედვით, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით ჩატარდა, 15 წლამდე ასაკის მოზარდების განათლების დონით ერთ-ერთ ბოლო ადგილზე ვართ.

მოდი, აღნიშნული დეტალურად მიმოვიხილოთ.

ბოლო კვლევა, რომელიც ქვეყანაში 15 წლამდე ასაკის მოზარდების უნარების დონეს იკვლევდა, 2011 წელს გამოქვეყნდა. ეს გახლავთ OECD-ის (Organization for Economic Co-operation and Development) მოსწავლეების საერთაშორისო შეფასების პროგრამა PISA (Programme for International Student Assessment). აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოზარდები წაკითხულის გააზრებაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გამოიცადნენ.

PISA მიზნად ისახავს იმ უნარებისა და ცოდნის გამოვლენას, რომლებიც საზოგადოების სრულფასოვანი წევრობისთვის არის აუცილებელი. გარდა ამისა, ის კვლევაში მონაწილე ქვეყნების მთავრობებისათვის ერთგვარი გზამკვლევის ფუნქციას ასრულებს, რათა მათ ისეთი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა მისცენ, რომელიც განათლების კუთხით არსებულ შედეგებს გამოასწორებს და სისტემას უფრო ეფექტიანს გახდის. აღნიშნულ კვლევას რეგულარული ხასიათი აქვს და ის სამ წელიწადში ერთხელ ტარდება.

PISA-ს მიერ განხორციელებული კვლევის მიგნებების მიხედვით, ფოკუსირება ხდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: რამდენად კარგად არიან მოზარდები მზად სამომავლო გამოწვევებისთვის, რამდენად შეუძლიათ მათ იდეების ეფექტურად წარმოჩენა, რა უნარებს ფლობენ ისინი საზოგადოებაში სწრაფი ადაპტირებისათვის, რამდენად თანასწორია განათლება ქვეყანაში, ან მის ფარგლებს გარეთ და ა.შ.

თავდაპირველად (2009 წელს) აღნიშნულ კვლევაში 64-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი კვლევას კიდევ 10 ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის იყო საქართველოც. დანარჩენი 64 ქვეყნისაგან განსხვავებით, აღნიშულ 10 ქვეყანაში კვლევა 2009 წლის ნაცვლად 2010 წელს ჩატარდა და საბოლოო ანგარიშის სახით შედეგები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2011 წელს გამოქვეყნდა.

10 დამატებითი ქვეყნიდან, კვლევის ფარგლებში ტესტირება 46 000 მოსწავლეს ჩაუტარდა. უფრო დეტალურად კი 15 წლამდე მოზარდებში ზოგადი განათლების დონის გამოსავლენად ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველოს შედეგები ასე გამოიყურება:

  • კითხვითი უნარების მიხედვით, რაც წაკითხული ტექსტის გააზრებას გულისხმობს, საქართველო 374 ქულით 74 ქვეყნას შორის ბოლოდან მერვე ადგილს იკავებს და საბოლოო მაჩვენებლის მიხედვით, ისეთი ქვეყნების კატეგორიაში ხვდება, როგორიცაა: ყატარი, პერუ და პანამა. წაკითხულის გააზრების უნარი საქართველოში მოსწავლეების მხოლოდ 38%-ს აქვს, რაც უტოლდება ან აღემატება შესაბამის საბაზისო მოთხოვნას. შესაბამისად, მოსწავლეების უმრავლესობის უნარები საბაზისო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს;
  • მათემატიკური უნარების კუთხით, საქართველოს 74 ქვეყანას შორის 379 ქულით, ბოლოდან მესამე ადგილი უკავია და რამდენიმე ქულით უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ალბანეთი, ტუნისი, ინდონეზია, ყატარი, პერუ, პანამა და ა.შ. კვლევის შედეგების მიხედვით, მათემატიკური უნარების საბაზისო დონე ქართველი მოზარდების მხოლოდ 31%-ს აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ, სტატისტიკის თვალსაზრისით, გოგონებისა და ბიჭების მათემატიკურ შესაძლებლობებს შორის რაიმე ტიპის განსხვავება არ ფიქსირდება;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საქართველო 373 ქულით ბოლოდან მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მიმართულებით საბაზისო უნარები ქართველი მოსწავლეების 34%-ს აქვს და, სტატისტიკური მონაცემებით, გოგონებისა და ბიჭების შესაძლებლობებს შორის 19-ქულიანი სხვაობა გოგონების სასარგებლოდ ფიქსირდება.

რაც შეეხება ევროპის მასშტაბით დაფიქსირებულ შედეგებს, საქართველო 15 წლამდე ასაკის მოზარდების კითხვითი უნარების მიხედვით ბოლო ადგილზეა, მათემატიკური კომპონენტის მიხედვით მხოლოდ 12 ქულით უსწრებს აზერბაიჯანს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 12 ქულით სჯობნის ალბანეთს და საბოლოო შედეგის სახით ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს ევროპაში.

აღნიშნული შედეგების ფონზე საინტერესოა ის მაჩვენებლებიც, რომლებიც საჯარო სკოლების პედაგოგების სერტიფიცირების შედეგად ვლინდებოდა. პედაგოგთა ბოლო სასერტიფიკაციო გამოცდა 2013 წელს ჩატარდა. გამოცდისთვის 26 000-ზე მეტი პედაგოგი დარეგისტრირდა, მათი 17-18% გამოცდაზე არ გამოცხადდა. ტესტირების შედეგად შემდეგი სურათი დაფიქსირდა: მათემატიკაში სავალდებულო 60%-იანი ბარიერი პედაგოგთა 86%-მა ვერ გადალახა, ქიმიაში – 91%-მა, ფიზიკაში – 96%-მა, ბიოლოგიაში – 77%-მა, სამოქალაქო განათლებაში – 83%-მა, სახვით ხელოვნებაში – 74%-მა. ბევრი ამას მასწავლებლის სახელფასო სისტემას უკავშირებს და ამბობს, რომ არასათანადო ანაზღაურების გამო პედაგოგების დაინტერესება და მოტივაცია დაბალია და შედეგიც შესაბამისია, მათი დიდი ნაწილი მინიმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. მოცემული მომენტისათვის საჯარო სკოლის პედაგოგის საბაზო ხელფასის მაქსიმალური ოდენობა 305 ლარს შეადგენს. ამას ემატება სხვადასხვა ტიპის დანამატი, რომელიც პედაგოგებისთვის შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით გაიცემა.

საინტერესოა, რა ვითარებაა მასწავლებლების ხელფასების თვალსაზრისით სხვადასხვა ქვეყანაში. მიმოვიხილოთ რამდენიმე მათგანი. პოლონეთში პედაგოგის საშუალო ხელფასი 800 ამერიკულ დოლარს შეადგენს. გერმანიაში მასწავლებლის საშუალო ხელფასი 4600 დოლარს აღწევს, ბრიტანეთში საშუალო დონის პედაგოგის ხელფასი 2092 გირვანქა სტერლინგს უტოლდება, რაც 3500 აშშ დოლარის ეკვივალენტურია, თურქეთში – 100 აშშ დოლარი, სომხეთში – 370 აშშ დოლარი, აზერბაიჯანში კი 269 მანათი, რაც დაახლოებით 344 ამერიკული დოლარის ეკვივალენტია.

აღსანიშნავია დირექტორების სერტიფიცირების კონკურსიც, რომელიც 2005 წლიდან მოყოლებული, ეტაპობრივად თითქმის ყოველ წელს ტარდებოდა. დღეისთვის საქართველოს მასშტაბით არსებული 2084 სკოლიდან სერტიფიცირებული და შესაბამისი წესის მიხედვით დანიშნული დირექტორი მხოლოდ 7 საჯარო სკოლაშია. საჯარო სკოლების დირექტორების სერტიფიცირების ერთ-ერთი ბოლო კონკურსი 2013 წლის 25 ივლისს დაიწყო და 26 დეკემბერს დასრულდა. კონკურსში მონაწილეობა 3107-მა კანდიდატმა მიიღო, მათგან ტესტირებით დადგენილი ბარიერი 1617-მა გადალახა. მთლიანად სერტიფიცირების ეტაპი კი 981- მა კანდიდატმა გაიარა. შედეგად, 2014 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ხელახალი კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილე 1738 კანდიდატიდან ტესტირებით დადგენილი ბარიერი 584-მა კანდიდატმა გადალახა, მთლიანად სერტიფიცირების ეტაპი კი წარმატებით 327-მა მათგანმა გაიარა. რაც იმაზე მიუთითებს, რომ სერტიფიცირების თითქმის ყველა ეტაპზე, დირექტორობის კანდიდატების ნახევარზე მეტი შესაბამის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით, საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისთვის დირექტორობის კანდიდატების წარდგენა უახლოეს მომავალში მოხდება.

მიღებული სურათი ასეთია: 15 წლამდე მოსწავლეების უმრავლესობა წაკითხულის გააზრებაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებეში საბაზისო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. პედაგოგების დიდი ნაწილი საკუთარ საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ვერ სცდება, დირექტორების უმეტესობას კი სასკოლო პროცესის მართვისთვის სათანადო შესაძლებლობები არ გააჩნია.

ამ მხრივ იმედის მომცემი არც უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებია. ფაქტია, მათი უმეტესი ნაწილი კონკურენციას ვერ უძლებს. ქვეყნის შიგნით მიღებული აკადემიური ხარისხი დასაქმების ბაზარზე არცთუ ისე გაყიდვადია. პრიორიტეტი უცხოურ დიპლომს ენიჭება და ქვეყნის ფარგლებს მიღმა მიღებული განათლება დამსაქმებელთა მხრიდან ნელ-ნელა მთავარ მოთხოვნადაც კი ყალიბდება.

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, ნათელია, რომ ქვეყანა განათლების პრობლემის წინაშე დგას, რომლის გადაჭრაც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად უნდა იყოს ქცეული. აუცილებელია მნიშვნელოვანი და ძირეული ღონისძიებების გატარება, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ სათანადო განათლების მიღებისა და მიღებული ცოდნის შემდგომი რეალიზების შესაძლებლობა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისათვის.

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის სექტემბრის ნომერში)