ეროვნული ბანკი მუდამ იყო საქართველოში მმართველი პარტიების განსაკუთრებული ინტერესის საგანი. ერთ-ერთი მოტივი ქვეყნის საფინანსო სისტემაზე პოლიტიკური კონტროლის დაწესების სურვილი გახლდათ. „ქართული ოცნების“ არაფორმალური, ოლიგარქიული მმართველობის პირობებში, ეროვნული ბანკის დამორჩილების ინტერესი ერთიორად გაიზარდა. მმართველი კლანის სამსახურში მისი ჩაყენების პროცესი მეთოდურად ხორციელდებოდა წლების განმავლობაში და, ფაქტობრივად, საბოლოოდ ახლა უნდა დასრულებულიყო. სასამართლო კლანის მსგავსი საფინანსო კლანის ფორმირება მმართველი პარტიის მიზანს წარმოადგენდა. ამ მიზნის მისაღწევად ეროვნული ბანკის საბჭო მორჩილი, ნაცადი, აღმასრულებელი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებით უნდა დაკომპლექტებულიყო. ფაქტობრივად, ამას თითქმის მიაღწიეს, ბოლო აკორდიღა აკლდათ – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე მოქმედი ფინანსთა მინისტრი უნდა დანიშნულიყო. საბედნიეროდ, ჯერჯერობით ეს არ გამოუვიდათ.
მოკლედ გავიხსენოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყნის ფინანსურ სისტემაზე პოლიტიკური კონტროლის დამყარების მცდელობის ეტაპები.
2014 წელი, შეტევა პირველი:
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკის მმართველობის სფეროდან მთავრობის (უშუალოდ პრემიერ-მინისტრის) დაქვემდებარებაში გადაცემა.
ამ გადაწყვეტილებამ ფინანსური მონიტორინგის სამსახური ყველაზე „უჩინარ“ და გაუმჭვირვალე უწყებად აქცია. აგერ უკვე თითქმის ათი წელიწადია, რაც გაქრა მისი ხსენება საჯარო სივრციდან და ეპიზოდურად თუ გამოანათებს ხოლმე, ძირითადად პოლიტიკური შეფერილობის საკითხებთან დაკავშირებით. ასეთი იყო, მაგალითად, ბოლო პერიოდში გახმაურებული ე.წ. „თიბისი ბანკის“ საქმე, როცა ეს სამსახური გამოყენებულ იქნა ბანკის ქართველი დამფუძნებლების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის მიზნით (რასაც შემდეგ ანაკლიის პორტის მშენებლობის გაჩერება მოჰყვა). საპირისპირო მხრიდან დაგვამახსოვრა თავი ამ სამსახურმა (აქაც ეროვნულ ბანკთან ერთად), როცა ხელი დააფარა სკანდალურად ცნობილ „პროგრესბანკს“ (დამფუძნებლები ივანიშვილი-კალაძე-გავრილოვი), რომელიც ფულის მნიშვნელოვანი ოდენობის გათეთრებაში იყო არაერთხელ შემჩნეული და რომლის რუსი და ქართველი დამფუძნებლები ე.წ. პანამის დოსიეშიც არაერთხელ იყვნენ მოხსენიებული. რუსი მეწილის წინააღმდეგ რუსეთშიც მიმდინარეობდა გამოძიება ფულის გათეთრების კუთხით. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ „პროგრესბანკის“ უმტკივნეულო ლიკვიდაციით ეს დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიფარცხა.
ისეთი აპოლიტიკური ინსტიტუტიდან, როგორიც ეროვნული ბანკია, ამ სამსახურის გადასვლამ ისეთ პოლიტიკურ ინსტიტუტში, როგორსაც მთავრობა წარმოადგენს, სერიოზული რისკები წარმოქმნა. აღნიშნული სამსახურის დამოუკიდებლობის შეზღუდვამ მისი მუშაობის ხარისხის გაუარესება გამოიწვია. პრემიერ-მინისტრისადმი მისი დაქვემდებარება რომ ვერ უზრუნველყოფდა ამ სამსახურის მიუკერძოებლობას, ეს მოსაზრება შემდგომ დადასტურდა კიდევაც.
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის სტატუსის დაქვეითება ამ უწყების უფროსის დანიშვნისა და განთავისუფლების წესშიც გამოვლინდა, რასაც, საბოლოო ჯამში, ამ სამსახურის ხელმძღვანელი პირების პრემიერ-მინისტრისადმი მორჩილი და მის მიერ მართული პირებით დაკომპლექტება მოჰყვა.
ნაკლებად დემოკრატიულ ქვეყნებში მსგავსი ინსტიტუციონალური რისკები კიდევ უფრო მწვავედ იჩენს თავს, ხოლო ისეთ ქვეყანაში, როგორიც დღეს საქართველოა, სადაც გაბატონებულია ერთი ოლიგარქის არაფორმალური მმართველობა, ეს რისკები ორმაგდება კიდევაც. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ბიძინა ივანიშვილი და უშულოდ მისი ბიზნესპარტნიორები საკმაო წონით არიან წარმოდგენილნი როგორც ქართულ საბანკო სისტემაში, ასევე ბიზნესსა და მედიაში. გარდა პოლიტიკური ინტერესებისა, მათ პირდაპირი ფინანსური ინტერესებიც აქვთ, რაც ამ კლანს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს სხვებთან შედარებით. ისინი ხელშეუხებლად გრძნობენ თავს საგადასახადო თუ სხვა სახის მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდანაც.
არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც – ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები საბანკო საიდუმლოებაზე დაშვებასაც გულისხმობს. ასეთი უფლება დღეს, ფაქტობრივად, უკვე აქვს მოპოვებული ქვეყნის ყველაზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, პრემიერ-მინისტრს (რომელიც ჩვენს რეალობში ოლიგარქის მიერ არის დანიშნული და ემსახურება მის ფინანსურ და პოლიტიკურ ინტერესებს). ფინანსური ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის მიღება და დამუშავება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას წარმოადგენს, ამიტომ ნაკლებია ამ ინფორმაციის პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენების რისკი. ახლა კი მსგავსი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის, ქვეყანაში არსებული მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში, შეიძლება პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იქნას გამოყენებული.
გარდა ამისა, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დაფინანსებაზე გავლენას არ უნდა ახდენდეს არცერთი პოლიტიკური ძალა (მათ შორის – მთავრობა). ამან შეიძლება მისი საოპერაციო დამოუკიდებლობა შეზღუდოს. ეროვნული ბანკის დაფინანსებიდან საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადასვლამაც შეასუსტა მისი დამოუკიდებლობის ხარისხი და მთავრობაზე დამოკიდებული გახადა იგი.
2015 წელი. შეტევა მეორე:
ეროვნული ბანკისათვის საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევა და საგარეო და შიგა ზეწოლის შედეგად ამ ფუნქციის კვლავ უკან დაბრუნება.
მას შემდეგ, რაც ფინანსური მონიტორინგის სამსახური სათავისოდ დაიგულა, სახელისუფლებო კლანმა ახალი ამოცანა დაისახა მიზნად – ეროვნული ბანკის გამოშიგვნის პროცესის გაგრძელება და საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის დაქვემდებარებიდან გამოყვანა. ამ სისტემაზე პოლიტიკური კონტროლის დამყარების მთელი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ზედამხედველობის სამსახური, ფაქტობრივად, წარმოადგენს „მეგარეგულატორს“, რომელსაც, გარდა კომერციულ ბანკებზე ზედამხედველობის ფუნქციისა, ასევე აქვს ფასიანი ქაღალდების სფეროს, საპენსიო და სადაზღვევო სისტემის ზედამხედველობისა და რეგულირების ფუნქციაც. მსგავსი მცდელობა იყო ჯერ კიდევ 2008 წელს, როდესაც კახა ბენდუქიძის ინიციატივით მოხდა ამ სამსახურის გაყვანა ეროვნული ბანკის დაქვემდებარებიდან, მაგრამ ამ ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა და მალევე მოხდა მისი უკან დაბრუნება. ახლა უკვე „ქართულმა ოცნებამ“ ხელმეორედ მიიტანა იერიში ამ სტრუქტურაზე.
ეს რომ წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა, მათ შორის არც საერთაშორისო საფინანსო და საკრედიტო ინსტიტუტებს. ეროვნული ბანკის შუაზე გაყოფა ფულად- -საკრედიტო და საზედამხედველო ნაწილებად, უპირველეს ყოვლისა, ნაკარნახები იყო მის ყველაზე „რეპრესიულ“ ფუნქციაზე პოლიტიკური კონტროლის დაწესების სურვილით. ეს ნიშნავდა ქვეყნის მთელ საფინანსო სისტემაზე არაფორმალური კონტროლის დამყარებას და მასზე პოლიტიკური წნეხის გაძლიერებას აწ უკვე ეროვნული ბანკიდან გამოყოფილ ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან ერთად.
ეროვნული ბანკისაგან განსხვავებით, რომელსაც აქვს ძლიერი საკონსტიტუციო გარანტიები და მის ხელმძღვანელ პირებს მაღალი იმუნიტეტი აქვთ, მისგან გამოყოფილ საზედამხედველო სამსახურს ჰქონდა გაცილებით დაბალი იურიდიული სტატუსი, ამიტომ მასზე ზემოქმედების მეტი ბერკეტი უჩნდებოდა როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ისე მთავრობას. ეს ფაქტორიც იყო ამ გადაწყვეტილების სიმცდარის მაჩვენებელი.
მმართველი პარტიის ამ ინიციატივას მოჰყვა მძაფრი პროტესტი როგორც ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და ბიზნესის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც. საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს მაშინ ერთობლივი წერილით მიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, მსოფლიო ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა, რაც, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო ფაქტი იყო. „საქართველოს შემთხვევაში, ეროვნული ბანკისთვის საბანკო ზედამხედველობის ჩამორთმევა გონივრულად არ მიიჩნევა“ – ნათქვამი იყო მათ წერილში, რომლითაც მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას, ხელი აეღო ამ მცდარ განზრახვაზე.
მიუხედავად ამისა, მმართველმა ძალამ თავისი მაინც გაიტანა და ეს კანონპროექტი დაამტკიცა. შემდგომ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტოც დაძლია და კანონი მოქმედებაში შევიდა, მაგრამ ეს ისტორია ამით მაინც არ დამთავრებულა. რამდენიმე დღის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ საპარლამენტო ოპოზიციის მიმართვა გაითვალისწინა, მათი სარჩელი წარმოებაში მიიღო და „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ დამტკიცებული კანონის მოქმედება შეაჩერა.
შეიძლება ამ ფაქტის მიხედვით ვინმეს ისეთი შთაბეჭდილება შეჰქმნოდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელი ყოფილიყო თავის გადაწყვეტილებებში და არ იმყოფებოდა პოლიტიკური გავლენის ქვეშ. ეს ასე არ არის. გადაწყვეტილება თავად მმართველი პარტიის მიერ იყო ნაკარნახები, რადგან უნდოდათ, დაჰკვირვებოდნენ, თუ რა რეაქციები შეიძლება მოჰყოლოდა შემდგომ საერთაშორისო საფინანსო და საკრედიტო ორგანიზაციების მხრიდან, მათი რეკომენდაციების უგულებელყოფის გამო. მართლაც, ამ ორგანიზაციების პასუხმაც არ დააყოვნა და საქართველოს მთავრობას შეუჩერდა სავალუტო ფონდის მორიგი ტრანში 280 მილიონი დოლარის ოდენობით. ამას მოჰყვა ასევე ევროკავშირის გრანტის შეჩერება. 2017 წელს, ისე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერაც არ ჰქონდა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული (ელოდებოდა რა მთავრობის მითითებებს), საქართველოს პარლამენტმა თავისივე დამტკიცებული კანონპროექტი გააუქმა. ზედამხედველობის სამსახური, უკვე მეორედ, კვლავ ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დაბრუნდა.
ხელისუფლების მხრიდან უკან დახევის ერთ-ერთი მოტივი ისიც იყო, რომ ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს, ისევე როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს რამდენიმე წევრს, ამოეწურა უფლებამოსილების ვადა და მმართველ პარტიას მიაჩნდა, რომ ბანკის ახალი ხელმძღვანელობის პირობებში შეძლებდნენ მეტი კონტროლის დამყარებას საფინანსო ნაკადებზე, მათ შორის ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნულ ბანკში შენარჩუნების გზითაც და რომ არ ღირდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების გამწვავება, რომელთა მხარდაჭერაზეც მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ქვეყნის ფინანსური სისტემის სიმტკიცე და ლარის სტაბილურობა.
ამით ეროვნული ბანკის მოთვინიერების ისტორია არ დამთავრებულა. ბრძოლა მისი საბოლოოდ დამორჩილებისთვის მიმდინარე წლის დასაწყისში თავიდან განახლდა. ამის მიზეზი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვა გახდა.
ჩვენი დრო. 2023 წელი. შეტევა მესამე:
ეროვნული ბანკის საბჭოში კლანური გადატრიალების მოწყობის მცდელობა და ბრძოლა ეროვნული ბანკის მორჩილი პრეზიდენტის დასანიშნად.
პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო. დაჩქარებულად იმიტომ, რომ ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტის ვადის ამოწურვის შემდეგ და ახალი პრეზიდენტის დანიშვნამდე, ეროვნულ ბანკს ახალ პირველ ვიცე-პრეზიდენტად უნდა მოვლენოდა მმართველი პარტიისათვის სასურველი ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთი წევრი, კერძოდ კი – ყოფილი ეკონომიკის მინისტრი. ამიტომ გაჩნდა მეოთხე ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღების აუცილებლობა. ეს უკანასკნელი ამავე დროს იქნებოდა ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და საჭიროების შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობასაც შეასრულებდა. ამით მმართველმა პარტიამ თადარიგი დაიჭირა და მოსალოდნელი რისკების დაზღვევაზეც იზრუნა. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტი არ წარადგენდა პარლამენტში მთავრობის ფავორიტს, მოქმედ ფინანსთა მინისტრს (რაც ასეც მოხდა) და წარადგენდა სხვა, მთავრობისათვის არასასურველ კანდიდატს (რაც, როგორც ჩანს, ასეც მოხდება), ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ფაქტობრივად განუსაზღვრელი ვადით შეასრულებდა ახალი ვიცე-პრეზიდენტი, ანუ ყოფილი ეკონომიკის მინისტრი.
სალომე ზურაბიშვილმა მათ ეს გეგმები აურია – არ წარადგინა ფინანსთა მინისტრის კანდიდატურა და მოულოდნელად კანონსაც ვეტო დაადო.
ამ კანონპროექტით ეროვნული ბანკის საბჭოს ცხრა წევრიდან ხუთი წევრი აღმასრულებელი, ხოლო ოთხი – არააღმასრულებელი უნდა ყოფილიყო, რითაც ფაქტობრივად უქმდებოდა ეროვნული ბანკის საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი ზედამხედველი ორგანოს, როლი, ვინაიდან საბჭოს წევრების უმრავლესობაში აღმასრულებელი პირები მოგვევლინებოდნენ. ამ გადაწყვეტილებით, სამართლებრივთან ერთად, სერიოზული პოლიტიკური რისკებიც გაჩნდა.
აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტში განხილვისას, საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც განაცხადა, რომ ამ საკანონმდებლო ინიციატივას არ მიიჩნევდა მიზანშეწონილად. ეროვნულმა ბანკმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში, ეროვნული ბანკის მმართველობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილებები ამ ორგანიზაციასთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე არ უნდა მომხდარიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი სამწლიანი პროგრამა შეიძლება შეჩერებულიყო. მალე არც სავალუტო ფონდის პროტესტმაც დაახანა. „საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში ცვლილებების შეტანის მიზნით გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები, რომლებიც ცვლის საქართველოს ეროვნული ბანკის მართვის სტრუქტურას, თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის“, – ნათქვამი იყო საქართველოში სავალუტო ფონდის მისიის განცხადებაში.
როგორც ვხედავთ, ძველი ისტორია აქაც განმეორდა – როგორც მაშინ, ისე ახლაც მმართველი პარტიის მიზანი ეროვნული ბანკის დასუსტება და მასზე პოლიტიკური კონტროლის დამყარება იყო, რომელსაც ადეკვატური პროტესტი მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ.
პროცესები ნაცნობი სცენარით წარიმართა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს ვეტო დაადო. წინა შემთხვევისაგან განსხვავებით, პარლამენტმა ვეტოს დაძლევა არ მოინდომა და ჩასაფრებულის მომლოდინე პოზა დაიკავა, შეეგუა რა მარცხს – მათი აზრით, ალბათ დროებითს.
ვინაიდან პრეზიდენტის მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს ამტკიცებს პარლამენტი, ანუ საპარლამენტო უმრავლესობა, არაა გამორიცხული, რომ ქვეყნის პრეზიდენტს კვლავ ჩაუგდონ მის მიერ წარდგენილი პირები (რაც ერთხელ უკვე მოხდა ორიოდე წლის წინ) და ეროვნული ბანკი პრეზიდენტის გარეშე დარჩეს მთელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ანუ მანამ, სანამ, „ქართული ოცნების“ გათვლებით, სალომე ზურაბიშვილი არ ამოწურავს საპრეზიდენტო ვადას. იმ დროისათვის, სანამ ქვეყანას ახალი პრეზიდენტი მოევლინება, მანამდე საპარლამენტო არჩევნებიც ჩატარდება და არავინ იცის, ეროვნული ბანკის ირგვლივ დატრიალებული მოვლენები როგორ განვითარდება.
ამასობაში სალომე ზურაბიშვილმა მეორე სწორი ნაბიჯიც გადადგა და გამოაცხადა კონკურსი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე, საიდანაც ერთ-ერთი მოიაზრება ეროვნული ბანკის მომავალ პრეზიდენტად.
სამწუხაროდ, ეს კონკურსი წარიმართა მოუმზადებლად და გაუმჭვირვალედ. ის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ კონკურსში, სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ აკმაყოფილებენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატისათვის საჭირო მაღალ სტანდარტებს. გარდა პროფესიონალიზმისა, სავარაუდო კანდიდატს უნდა ჰქონდეს ძლიერი პიროვნული თვისებები, რაც აუცილებელია მასზე მოსალოდნელ ზეწოლასთან გასამკლავებლად.
სალომე ზურაბიშვილს დიდი სიფრთხილე მართებს, რათა წყალში არ ჩაყაროს კარგად წამოწყებული საქმე. არ არის საჭირო სიჩქარე, მშვიდად უნდა განაგრძოს ღირსეული კანდიდატის შერჩევა.
ეროვნული ბანკისათვის ბრძოლის ისტორია, როგორც ცალკე აღებული შემთხვევა, სხვა ცნობილ მოვლენებთან ერთად, თვალნათლივ გვიჩვენებს, თუ რა არის მმართველი პარტიისა და ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანი – ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად! ამას კი ქვეყნის ინტერესები ეწირება.