ბრძოლა ეროვნული ბანკისთვის

ბრძოლა ეროვნული ბანკისთვის

ეროვნული ბანკი მუდამ იყო საქართველოში მმართველი პარტიების განსაკუთრებუ­ლი ინტერესის საგანი. ერთ-ერთი მოტივი ქვეყნის საფინანსო სისტემაზე პოლიტიკური კონტროლის დაწესების სურვილი გახლდათ. „ქართული ოცნების“ არაფორმალური, ოლიგარქიული მმართველობის პირობებში, ეროვნული ბანკის დამორჩილების ინ­­ტერესი ერთიორად გაიზარდა. მმართველი კლანის სამსახურში მისი ჩაყენების პროცესი მეთოდურად ხორციელდებოდა წლების განმავლობაში და, ფაქ­­ტობრივად, საბოლოოდ ახლა უნდა დასრულებუ­ლიყო. სასამართლო კლანის მსგავსი საფინანსო კლანის ფორმირება მმართველი პარტიის მიზანს წარმოადგენდა. ამ მიზნის მისაღწევად ეროვნული ბანკის საბჭო მორჩილი, ნაცადი, აღმასრულებელი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებით უნდა დაკომპლექტებულიყო. ფაქტობრივად, ამას თითქ­­მის მიაღწიეს, ბოლო აკორდიღა აკლდათ – ეროვნუ­ლი ბანკის პრეზიდენტის პოსტზე მოქმედი ფინანს­­თა მინისტრი უნდა დანიშნულიყო. საბედნიეროდ, ჯერჯერობით ეს არ გამოუვიდათ.

მოკლედ გავიხსენოთ „ქართული ოცნების“ ხე­ლისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყნის ფინანსურ სისტემაზე პოლიტიკური კონტროლის დამყარების მცდელობის ეტაპები.

2014 წელი, შეტევა პირველი:

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახუ­რის ეროვნული ბანკის მმართველობის სფეროდან მთავრობის (უშუალოდ პრემიერ-მინისტრის) დაქვემ­­დებარებაში გადაცემა.

ამ გადაწყვეტილებამ ფინანსური მონიტორინ­­გის სამსახური ყველაზე „უჩინარ“ და გაუმჭვირვალე უწყებად აქცია. აგერ უკვე თითქმის ათი წელიწადია, რაც გაქრა მისი ხსენება საჯარო სივრციდან და ეპიზოდურად თუ გამოანათებს ხოლმე, ძირითადად პოლიტიკური შეფერილობის საკითხებთან დაკავ­­შირებით. ასეთი იყო, მაგალითად, ბოლო პერიოდ­­ში გახმაურებული ე.წ. „თიბისი ბანკის“ საქმე, როცა ეს სამსახური გამოყენებულ იქნა ბანკის ქართველი დამფუძნებლების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის მიზნით (რასაც შემდეგ ანაკლიის პორტის მშენებ­­ლობის გაჩერება მოჰყვა). საპირისპირო მხრიდან დაგვამახსოვრა თავი ამ სამსახურმა (აქაც ეროვნულ ბანკთან ერთად), როცა ხელი დააფარა სკანდალუ­რად ცნობილ „პროგრესბანკს“ (დამფუძნებლები ივანიშვილი-კალაძე-გავრილოვი), რომელიც ფუ­ლის მნიშვნელოვანი ოდენობის გათეთრებაში იყო არაერთხელ შემჩნეული და რომლის რუსი და ქართველი დამფუძნებლები ე.წ. პანამის დოსიეშიც არაერთხელ იყვნენ მოხსენიებული. რუსი მეწილის წინააღმდეგ რუსეთშიც მიმდინარეობდა გამოძიება ფულის გათეთრების კუთხით. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ „პროგრესბანკის“ უმტკივნეულო ლიკვი­დაციით ეს დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიფარცხა.

ისეთი აპოლიტიკური ინსტიტუტიდან, როგორიც ეროვნული ბანკია, ამ სამსახუ­რის გადასვლამ ისეთ პოლიტიკურ ინსტი­ტუტში, როგორსაც მთავრობა წარმოად­­გენს, სერიოზული რისკები წარმოქმნა. აღნიშნული სამსახურის დამოუკიდებლო­ბის შეზღუდვამ მისი მუშაობის ხარისხის გაუარესება გამოიწვია. პრემიერ-მინის­­ტრისადმი მისი დაქვემდებარება რომ ვერ უზრუნველყოფდა ამ სამსახურის მი­უკერძოებლობას, ეს მოსაზრება შემდგომ დადასტურდა კიდევაც.

ფინანსური მონიტორინგის სამსახუ­რის სტატუსის დაქვეითება ამ უწყების უფროსის დანიშვნისა და განთავისუფლე­ბის წესშიც გამოვლინდა, რასაც, საბო­ლოო ჯამში, ამ სამსახურის ხელმძღვა­ნელი პირების პრემიერ-მინისტრისადმი მორჩილი და მის მიერ მართული პირებით დაკომპლექტება მოჰყვა.

ნაკლებად დემოკრატიულ ქვეყნებში მსგავსი ინსტიტუციონალური რისკები კიდევ უფრო მწვავედ იჩენს თავს, ხოლო ისეთ ქვეყანაში, როგორიც დღეს საქარ­­თველოა, სადაც გაბატონებულია ერთი ოლიგარქის არაფორმალური მმართვე­ლობა, ეს რისკები ორმაგდება კიდევაც. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ბიძინა ივანიშვილი და უშულოდ მისი ბიზნეს­­პარტნიორები საკმაო წონით არიან წარ­­მოდგენილნი როგორც ქართულ საბანკო სისტემაში, ასევე ბიზნესსა და მედია­ში. გარდა პოლიტიკური ინტერესებისა, მათ პირდაპირი ფინანსური ინტერესე­ბიც აქვთ, რაც ამ კლანს პრივილეგირე­ბულ მდგომარეობაში აყენებს სხვებ­­თან შედარებით. ისინი ხელშეუხებლად გრძნობენ თავს საგადასახადო თუ სხვა სახის მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდანაც.

არის ერთი მნიშვნელოვანი გარემო­ებაც – ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები საბანკო სა­იდუმლოებაზე დაშვებასაც გულისხმობს. ასეთი უფლება დღეს, ფაქტობრივად, უკვე აქვს მოპოვებული ქვეყნის ყველა­ზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, პრემიერ-მინისტრს (რომელიც ჩვენს რეალობში ოლიგარქის მიერ არის დანიშნული და ემსახურება მის ფინანსურ და პოლიტიკურ ინტერესებს). ფინანსური ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის მიღება და დამუშავება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას წარმოადგენს, ამი­ტომ ნაკლებია ამ ინფორმაციის პოლიტი­კური მიზნებისათვის გამოყენების რისკი. ახლა კი მსგავსი ინფორმაციის ხელმისაწ­­ვდომობა აღმასრულებელი ხელისუფლე­ბისათვის, ქვეყანაში არსებული მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში, შეიძლება პოლიტიკური დევნის ინსტრუ­მენტად იქნას გამოყენებული.

გარდა ამისა, ფინანსური მონიტო­რინგის სამსახურის დაფინანსებაზე გავლენას არ უნდა ახდენდეს არცერთი პოლიტიკური ძალა (მათ შორის – მთავ­­რობა). ამან შეიძლება მისი საოპერაციო დამოუკიდებლობა შეზღუდოს. ეროვნული ბანკის დაფინანსებიდან საბიუჯეტო და­ფინანსებაზე გადასვლამაც შეასუსტა მისი დამოუკიდებლობის ხარისხი და მთავრო­ბაზე დამოკიდებული გახადა იგი.

2015 წელი. შეტევა მეორე:

ეროვნული ბანკისათვის საბანკო ზე­დამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევა და საგარეო და შიგა ზეწოლის შედეგად ამ ფუნქციის კვლავ უკან დაბრუნება.

მას შემდეგ, რაც ფინანსური მონიტო­რინგის სამსახური სათავისოდ დაიგულა, სახელისუფლებო კლანმა ახალი ამოცანა დაისახა მიზნად – ეროვნული ბანკის გა­მოშიგვნის პროცესის გაგრძელება და საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის დაქვემდებარებიდან გამოყვანა. ამ სისტემაზე პოლიტიკური კონტროლის დამყარების მთელი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ზედამხედ­­ველობის სამსახური, ფაქტობრივად, წარმოადგენს „მეგარეგულატორს“, რო­მელსაც, გარდა კომერციულ ბანკებზე ზე­დამხედველობის ფუნქციისა, ასევე აქვს ფასიანი ქაღალდების სფეროს, საპენსიო და სადაზღვევო სისტემის ზედამხედ­­ველობისა და რეგულირების ფუნქციაც. მსგავსი მცდელობა იყო ჯერ კიდევ 2008 წელს, როდესაც კახა ბენდუქიძის ინიცი­ატივით მოხდა ამ სამსახურის გაყვანა ეროვნული ბანკის დაქვემდებარებიდან, მაგრამ ამ ექსპერიმენტმა ვერ გაამართ­­ლა და მალევე მოხდა მისი უკან დაბრუ­ნება. ახლა უკვე „ქართულმა ოცნებამ“ ხელმეორედ მიიტანა იერიში ამ სტრუქ­­ტურაზე.

ეს რომ წმინდა პოლიტიკური გადაწყ­­ვეტილება იყო, ამაში ეჭვი არავის ეპარე­ბოდა, მათ შორის არც საერთაშორისო საფინანსო და საკრედიტო ინსტიტუტებს. ეროვნული ბანკის შუაზე გაყოფა ფულად- -საკრედიტო და საზედამხედველო ნა­წილებად, უპირველეს ყოვლისა, ნაკარ­­ნახები იყო მის ყველაზე „რეპრესიულ“ ფუნქციაზე პოლიტიკური კონტროლის და­წესების სურვილით. ეს ნიშნავდა ქვეყნის მთელ საფინანსო სისტემაზე არაფორმა­ლური კონტროლის დამყარებას და მასზე პოლიტიკური წნეხის გაძლიერებას აწ უკვე ეროვნული ბანკიდან გამოყოფილ ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან ერთად.

ეროვნული ბანკისაგან განსხვავებით, რომელსაც აქვს ძლიერი საკონსტიტუციო გარანტიები და მის ხელმძღვანელ პირებს მაღალი იმუნიტეტი აქვთ, მისგან გამოყო­ფილ საზედამხედველო სამსახურს ჰქონ­­და გაცილებით დაბალი იურიდიული სტა­ტუსი, ამიტომ მასზე ზემოქმედების მეტი ბერკეტი უჩნდებოდა როგორც საპარლა­მენტო უმრავლესობას, ისე მთავრობას. ეს ფაქტორიც იყო ამ გადაწყვეტილების სიმცდარის მაჩვენებელი.

მმართველი პარტიის ამ ინიციატი­ვას მოჰყვა მძაფრი პროტესტი როგორც ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და ბიზნესის, ასევე საერთაშორისო ორ­­განიზაციების მხრიდანაც. საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს მაშინ ერთობლივი წერი­ლით მიმართა საერთაშორისო სავალუ­ტო ფონდმა, მსოფლიო ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა, რაც, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო ფაქტი იყო. „საქართველოს შემთხვევაში, ეროვნული ბანკისთვის საბანკო ზედამ­­ხედველობის ჩამორთმევა გონივრულად არ მიიჩნევა“ – ნათქვამი იყო მათ წერილ­­ში, რომლითაც მოუწოდებდნენ საქარ­­თველოს ხელისუფლებას, ხელი აეღო ამ მცდარ განზრახვაზე.

მიუხედავად ამისა, მმართველმა ძა­ლამ თავისი მაინც გაიტანა და ეს კანონ­­პროექტი დაამტკიცა. შემდგომ, პრეზი­დენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტოც დაძლია და კანონი მოქმედებაში შევიდა, მაგრამ ეს ისტორია ამით მაინც არ დამ­­თავრებულა. რამდენიმე დღის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ საპარ­­ლამენტო ოპოზიციის მიმართვა გაით­­ვალისწინა, მათი სარჩელი წარმოებაში მიიღო და „ქართული ოცნების“ უმრავ­­ლესობის მიერ დამტკიცებული კანონის მოქმედება შეაჩერა.

შეიძლება ამ ფაქტის მიხედვით ვინმეს ისეთი შთაბეჭდილება შეჰქმნოდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დამოუ­კიდებელი ყოფილიყო თავის გადაწყვე­ტილებებში და არ იმყოფებოდა პოლი­ტიკური გავლენის ქვეშ. ეს ასე არ არის. გადაწყვეტილება თავად მმართველი პარტიის მიერ იყო ნაკარნახები, რადგან უნდოდათ, დაჰკვირვებოდნენ, თუ რა რე­აქციები შეიძლება მოჰყოლოდა შემდგომ საერთაშორისო საფინანსო და საკრედი­ტო ორგანიზაციების მხრიდან, მათი რე­კომენდაციების უგულებელყოფის გამო. მართლაც, ამ ორგანიზაციების პასუხმაც არ დააყოვნა და საქართველოს მთავრო­ბას შეუჩერდა სავალუტო ფონდის მორი­გი ტრანში 280 მილიონი დოლარის ოდე­ნობით. ამას მოჰყვა ასევე ევროკავშირის გრანტის შეჩერება. 2017 წელს, ისე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერაც არ ჰქონდა საბოლოო გადაწყვეტილება მი­ღებული (ელოდებოდა რა მთავრობის მი­თითებებს), საქართველოს პარლამენტმა თავისივე დამტკიცებული კანონპროექტი გააუქმა. ზედამხედველობის სამსახური, უკვე მეორედ, კვლავ ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დაბრუნდა.

ხელისუფლების მხრიდან უკან დახე­ვის ერთ-ერთი მოტივი ისიც იყო, რომ ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს, ისევე როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს რამდენიმე წევრს, ამოეწურა უფლებამო­სილების ვადა და მმართველ პარტიას მიაჩნდა, რომ ბანკის ახალი ხელმძღვა­ნელობის პირობებში შეძლებდნენ მეტი კონტროლის დამყარებას საფინანსო ნა­კადებზე, მათ შორის ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნულ ბანკში შენარჩუნების გზითაც და რომ არ ღირდა საერთაშორი­სო ორგანიზაციებთან ურთიერთობების გამწვავება, რომელთა მხარდაჭერაზეც მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ქვეყნის ფინანსური სისტემის სიმტკიცე და ლარის სტაბილურობა.

ამით ეროვნული ბანკის მოთვინი­ერების ისტორია არ დამთავრებულა. ბრძოლა მისი საბოლოოდ დამორჩილე­ბისთვის მიმდინარე წლის დასაწყისში თავიდან განახლდა. ამის მიზეზი ეროვნუ­ლი ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილე­ბის ვადის ამოწურვა გახდა.

ჩვენი დრო. 2023 წელი. შეტევა მესამე:

ეროვნული ბანკის საბჭოში კლანური გადატრიალების მოწყობის მცდელობა და ბრძოლა ეროვნული ბანკის მორჩილი პრეზიდენტის დასანიშნად.

პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქა­რებული წესით მიიღო. დაჩქარებულად იმიტომ, რომ ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტის ვადის ამოწურვის შემდეგ და ახალი პრეზიდენტის დანიშვნამდე, ეროვნულ ბანკს ახალ პირველ ვიცე-პრეზიდენტად უნდა მოვლენოდა მმართველი პარტიისათვის სასურველი ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთი წევრი, კერძოდ კი – ყოფილი ეკონომიკის მინისტრი. ამი­ტომ გაჩნდა მეოთხე ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღების აუცილებლობა. ეს უკა­ნასკნელი ამავე დროს იქნებოდა ეროვ­­ნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და საჭიროების შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობასაც შე­ასრულებდა. ამით მმართველმა პარტიამ თადარიგი დაიჭირა და მოსალოდნელი რისკების დაზღვევაზეც იზრუნა. იმ შემთხ­­ვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტი არ წარადგენდა პარლამენტში მთავ­­რობის ფავორიტს, მოქმედ ფინანსთა მინისტრს (რაც ასეც მოხდა) და წარად­­გენდა სხვა, მთავრობისათვის არასასურ­­ველ კანდიდატს (რაც, როგორც ჩანს, ასეც მოხდება), ეროვნული ბანკის პრეზიდენ­­ტის მოვალეობას ფაქტობრივად განუ­საზღვრელი ვადით შეასრულებდა ახალი ვიცე-პრეზიდენტი, ანუ ყოფილი ეკონომი­კის მინისტრი.

სალომე ზურაბიშვილმა მათ ეს გეგ­­მები აურია – არ წარადგინა ფინანსთა მინისტრის კანდიდატურა და მოულოდნე­ლად კანონსაც ვეტო დაადო.

ამ კანონპროექტით ეროვნული ბან­­კის საბჭოს ცხრა წევრიდან ხუთი წევრი აღმასრულებელი, ხოლო ოთხი – არააღ­­მასრულებელი უნდა ყოფილიყო, რითაც ფაქტობრივად უქმდებოდა ეროვნული ბანკის საბჭოს, როგორც დამოუკიდე­ბელი ზედამხედველი ორგანოს, როლი, ვინაიდან საბჭოს წევრების უმრავლესო­ბაში აღმასრულებელი პირები მოგვევ­­ლინებოდნენ. ამ გადაწყვეტილებით, სამართლებრივთან ერთად, სერიოზული პოლიტიკური რისკებიც გაჩნდა.

აღნიშნული კანონპროექტის პარლა­მენტში განხილვისას, საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც განაცხადა, რომ ამ საკანონმდებლო ინიციატივას არ მიიჩ­­ნევდა მიზანშეწონილად. ეროვნულმა ბანკმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშო­რისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებუ­ლი პროგრამის ფარგლებში, ეროვნული ბანკის მმართველობასთან დაკავშირე­ბული მნიშვნელოვანი ცვლილებები ამ ორგანიზაციასთან წინასწარი კონსულტა­ციების გარეშე არ უნდა მომხდარიყო, წი­ნააღმდეგ შემთხვევაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი სამწლიანი პროგრამა შეიძლება შეჩერე­ბულიყო. მალე არც სავალუტო ფონდის პროტესტმაც დაახანა. „საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში ცვლილებების შეტანის მიზნით გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები, რომლებიც ცვლის საქართველოს ეროვნული ბანკის მართ­­ვის სტრუქტურას, თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის“, – ნათქვამი იყო საქართვე­ლოში სავალუტო ფონდის მისიის განცხა­დებაში.

როგორც ვხედავთ, ძველი ისტო­რია აქაც განმეორდა – როგორც მაშინ, ისე ახლაც მმართველი პარტიის მიზანი ეროვნული ბანკის დასუსტება და მასზე პოლიტიკური კონტროლის დამყარება იყო, რომელსაც ადეკვატური პროტესტი მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ.

პროცესები ნაცნობი სცენარით წარი­მართა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშ­­ვილმა კანონპროექტს ვეტო დაადო. წინა შემთხვევისაგან განსხვავებით, პარლა­მენტმა ვეტოს დაძლევა არ მოინდომა და ჩასაფრებულის მომლოდინე პოზა დაიკავა, შეეგუა რა მარცხს – მათი აზრით, ალბათ დროებითს.

ვინაიდან პრეზიდენტის მიერ პარლა­მენტში დასამტკიცებლად წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს ამტკიცებს პარლამენტი, ანუ საპარლამენტო უმრავლესობა, არაა გამორიცხული, რომ ქვეყნის პრეზიდენტს კვლავ ჩაუგდონ მის მიერ წარდგენილი პირები (რაც ერთხელ უკვე მოხდა ორიო­დე წლის წინ) და ეროვნული ბანკი პრეზი­დენტის გარეშე დარჩეს მთელი წელი­წად-ნახევრის განმავლობაში, ანუ მანამ, სანამ, „ქართული ოცნების“ გათვლებით, სალომე ზურაბიშვილი არ ამოწურავს საპრეზიდენტო ვადას. იმ დროისათვის, სანამ ქვეყანას ახალი პრეზიდენტი მოევ­­ლინება, მანამდე საპარლამენტო არჩევ­­ნებიც ჩატარდება და არავინ იცის, ეროვ­­ნული ბანკის ირგვლივ დატრიალებული მოვლენები როგორ განვითარდება.

ამასობაში სალომე ზურაბიშვილმა მეორე სწორი ნაბიჯიც გადადგა და გა­მოაცხადა კონკურსი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამ­­დებობაზე, საიდანაც ერთ-ერთი მოიაზ­­რება ეროვნული ბანკის მომავალ პრეზი­დენტად.

სამწუხაროდ, ეს კონკურსი წარიმარ­­თა მოუმზადებლად და გაუმჭვირვალედ. ის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ კონკურსში, სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ აკმაყოფილებენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატისათვის სა­ჭირო მაღალ სტანდარტებს. გარდა პრო­ფესიონალიზმისა, სავარაუდო კანდი­დატს უნდა ჰქონდეს ძლიერი პიროვნული თვისებები, რაც აუცილებელია მასზე მოსალოდნელ ზეწოლასთან გასამკლა­ვებლად.

სალომე ზურაბიშვილს დიდი სიფრ­­თხილე მართებს, რათა წყალში არ ჩაყა­როს კარგად წამოწყებული საქმე. არ არის საჭირო სიჩქარე, მშვიდად უნდა განაგრ­­ძოს ღირსეული კანდიდატის შერჩევა.

ეროვნული ბანკისათვის ბრძოლის ის­­ტორია, როგორც ცალკე აღებული შემთხ­­ვევა, სხვა ცნობილ მოვლენებთან ერთად, თვალნათლივ გვიჩვენებს, თუ რა არის მმართველი პარტიისა და ბიძინა ივანიშ­­ვილის მთავარი მიზანი – ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად! ამას კი ქვეყნის ინტერესები ეწირება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *