„ბრედფილდი“ – „მაკდონალდსი“ საქართველოში 26-მილიონიანი ინვესტიციით პურ-ფუნთუშეულის საწარმოს ხსნის

„ბრედფილდი“ – „მაკდონალდსი“ საქართველოში 26-მილიონიანი ინვესტიციით პურ-ფუნთუშეულის საწარმოს ხსნის

„მაკდონალდსის“ ინვესტიციით საქართველოში პურ-ფუნთუშეულის საწარმო – „ბრედფილდი“ იხსნება. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 26 მლნ ლარია.

„იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ პურის მოხმარების კულტურის განვითარებას საქართველოში, ვნერგავთ მაღალ სტანდარტებს – პურის ცხობის სრულყოფით ვქმნით მაღალი ხარისხის, გემრიელ პროდუქტებს უფრო მეტი ადამიანისთვის“, — აცხადებენ კომპანიაში.

საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტის პურ-ფუნთუშეულის ბრენდი – „ბრედფილდი“ ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი და გეგმავს, მაღალი ხარისხის პროდუქცია აწარმოოს როგორც „მაკდონალდსის“ რეგიონული ქსელისთვის, ასევე ინდივიდუალური მომხმარებლისთვის.

კომპანიაში აცხადებენ, რომ საწარმო ერთგვარი რეგიონული ჰაბი გახდება. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველწლიურად „მაკდონალდსი“ ევროპიდან ფუნთუშების იმპორტისთვის თანხას გამოყოფდა და ახლა ეს თანხა ადგილობრივ ბაზარზე დარჩება.

მათი თქმით, აღნიშნული პროცესი დიდ წვლილს შეიტანს ეკონომიკის გაჯანსაღებასა და სტაბილურობის შენარჩუნებაში. 2022 წლიდან კი „ბრედფილდში“ წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებშიც გავა.

საწარმოში, რომელიც საქართველოში პურის ცხობის ახალ სტანდარტებს აწესებს, დასაწყისისთვის – 30, უახლოეს მომავალში, წარმოების გაფართოებასთან ერთად კი 100 ადამიანი დასაქმდება. აღსანიშნავია ისიც, რომ მათ გადასამზადებლად „მაკდონალდსმა“ საქართველოში ავსტრიელი ექსპერტები მოიწვია. დასაქმებულები ექსპერტების დახმარებით თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ეუფლებიან. მათ შეისწავლეს დანადგარებთან მუშაობის წესები, გაეცნენ სამუშაო პროცესსა და სტანდარტებს.

„ბრედფილდის“ მიზნებს შორის ხორბლის ენდემური ჯიშების გაცოცხლება, პოპულარიზაცია, ამ დარგში თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და ცოდნის გავრცელებაა.

დარგის განვითარების მიზნით კომპანია საგანმანათლებლო პროექტებზე იმუშავებს. ამ კუთხით იგეგმება ქარხნის საგანმანათლებლო ლაბორატორიის შექმნა, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, სტაჟირებისა და სასტიპენდიო პროგრამებით ახალი თაობების წახალისება. ამასთან, საწარმო უნივერსიტეტებთან მჭიდრო კომუნიკაციას გეგმავს. “ჩვენ მოვიწვევთ შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, ისინი გაივლიან სტაჟირებას და დასაქმდებიან საწარმოში, რომელიც „მაკდონალდსის“ უმაღლესი სტანდარტით, SQMS-ითაა სერტიფიცირებული”, — აცხადებენ კომპანიაში.